Facebook Twitter

საქმე №ა-654-შ-21-2025 10 აპრილი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ხ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის ოლქის, ქალაქ პოლოცკის რაიონული სასამართლოს 09.04.2004 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2-471-2004) პირის ქმედუუნაროდ აღიარების თობაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის ოლქის, ქალაქ პოლოცკის რაიონული სასამართლოს 09.04.2004 წლის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") დაკმაყოფილდა გ.ა. ასული ხ–ვას განცხადება და გ.ხ. ძე ხ–ვი (დაბადებული 14.01.1957 წელს, ქ. თბილისი, საქართველო, მცხოვრები მისამართზე: ქ. პოლოცკი, .......) ფსიქიკური დაავადების გამო ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ.

2. ა.ხ–ვმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შუამდგომლობის ავტორი“) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ იგი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 21.04.2004 წელს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 04.03.2025 წლის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს მიეცა 5 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის (შემდეგში მოხსენიებული, როგორც "მინსკის კონვენცია") 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე: სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს). მინსკის კონვენციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის იუსტიციის დაწესებულების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათის მიხედვით არ მოითხოვენ აღსრულებას, აღიარებულია სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, პირველი პუნქტის დებულებები ეხება მეურვეობისა და მზრუნველობის შესახებ გადაწყვეტილებებსაც, ასევე გადაწყვეტილებებს ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, გამოტანილთ დაწესებულებების მიერ, რომლებიც კომპეტენტურნი არიან იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, ვის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

8. დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ.ა. ასული ხ–ვას განცხადება და გ.ხ. ძე ხ–ვი (დაბადებული 14.01.1957 წელს, ქ. თბილისი, საქართველო, მცხოვრები მისამართზე: ქ. პოლოცკი, ...........) ფსიქიკური დაავადების გამო ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე განსაზღვრული არ არის.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2025 წლის განჩინებით შუამდგომლობაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს მიეცა 5 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად. განჩინების თანახმად, შუამდგომლობის ავტორს უნდა წარმოედგინა: ა) უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი; ბ) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ ა.ხ–ვი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნულია ქმედუუნაროდ ცნობილი პირის - გ.ხ. ძე ხ–ვის კანონიერ წარმომადგენლად - მეურვედ. ანუ წარმოსადგენი იყო დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა შუამდგომლობის ავტორის უფლებამოსილება, ემოქმედა სამეურვეო პირის ინტერესებში და მოეთხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, როცა პირის ქმედუუნაროდ ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების ცნობას ითხოვს მეურვე: სუსგ Nას-ა-2812-შ-76-2023, 30.10.2023წ.; სუსგ Nა-4315-შ-130-2019, 22.01.2020; Nა-5065-შ-155-2019, 02.03.2020წ.; Nა-4575-შ-131-2023, 28.09.2023წ.; Nა-420-შ-13-2024, 07.03.2024წ.; Nა-5707-შ-175-2023, 23.07.2024წ.).

10. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, 07.04.2025 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის ოლქის, ქალაქ პოლოცკის რაიონული სასამართლოს 09.04.2004 წლის გადაწყვეტილებისა და მისი ქართულ ენაზე თარგმანის დამოწმებული ასლები. რაც შეეხება მეურვეობის საკითხს, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, გ. ხ–ვის მეურვედ დანიშნულია და დღემდე ამ სტატუსს ინარჩუნებს სახელმწიფო დაწესებულების, მაქსიმოვსკის სოციალური პანსიონატი „ს–ის“ დირექტორი ბელარუსის რესპუბლიკის საქორწინო და საოჯახო კოდექსის 169-ე მუხლის საფუძველზე.

11. ამდენად, დაწესებული ხარვეზი შევსებულია ნაწილობრივ, კერძოდ, წარმოდგენილია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი. რაც შეეხება დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდება შუამდგომლობის ავტორის დანიშვნა სამეურვეო პირის კანონიერ წარმომადგენლად, წარმოდგენილი არ არის. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა შუამდგომლობის ავტორის უფლებამოსილებას, იმოქმედოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინტერესებში, შუამდგომლობას არ ერთვის არც შუამდგომლობის ავტორის ქმედუუნაროდ ცნობილ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, შუამდგომლობის ავტორი არ არის პირი, რომლის განცხადების დაკმაყოფილების ფარგლებშიც მოხდა გ.ხ. ძე ხ–ვის ქმედუუნაროდ ცნობა.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ხ–ვის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის ოლქის, ქალაქ პოლოცკის რაიონული სასამართლოს 09.04.2004 წლის გადაწყვეტილების (საქმე N2-471-2004) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თამარ ზამბახიძე