Facebook Twitter

¹ბს-1070-1023(2კ-07) 13 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ქუთაისის მერიისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 1 მაისს ე. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ხელფასის გადაანგარიშების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისის მერის 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹193 განკარგულებით ე. ქ-ე დაინიშნა ..... სამსახურის უფროსად. 2003 წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ქ. ქუთაისის მერის 2004 წლის 27 თებერვლის ¹31 განკარგულებით მას მიეცა კუთვნილი შვებულება 2004 წლის 1 მარტიდან 45 კალენდარული დღე. კუთვნილი შვებულებიდან დაბრუნდა 2004 წლის 15 აპრილს. ამავე რიცხვიდან იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მისი დროებით შრომისუნარიანობის პერიოდში, ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა ..... სამსახური, რაზეც ქ. ქუთაისის მერის 2004 წლის 17 ივლისის ¹290 განკარგულებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია. კომისიას, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, არ უმსჯელია მის საკითხზე.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილებით გადაწყდა ..... სამსახურის ლიკვიდაცია, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო. მოსარჩელის მოსაზრებით, მერიას უნდა გამოეცა ადმინისტრაციული აქტი სამსახურიდან მისი გათავისუფლების თაობაზე და იგი უნდა განხორციელებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 93-ე, 96-ე, 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების დაცვით. აღნიშნული კანონის 108-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად ყოველი ვადაგაცილებული დღისათვის ხელფასის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო ქუთაისის მერის 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹193 განკარგულებით.

მოსარჩელის მითითებით, 2001 წლის 21 ოქტომბერს მერიის მიერ შეძენილი იქნა მაღლივი სახლების გადახურვისათვის 30 000 კვ.მ-ზე 135000 კგ. წონის მასალა. აღნიშნული მასალის ჩამოცლისა და შენახვისათვის მან გადაიხადა 980 ლარი, რაც მერიას მისთვის არ აუნაზღაურებია.

გამომდინარე იქიდან, რომ მერიამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაწყვიტა სამსახურებრივი ურთიერთობის დარეგულირების საკითხი (გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, საბოლოო ანგარიშსწორება, შრომის წიგნაკის გამოცემა), მან ვერ გამოიყენა ერთ-ერთი შპს-ის მიერ შემოთავაზებული წინადადება მაღალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების თაობაზე. ბოლოს გაირკვა, რომ მისი შრომის წიგნაკი კადრების სამსახურში ვერ მოიძებნა. მოსარჩელის განმარტებით, მან შრომის წიგნაკი მერიას ჩააბარა 1993 წელს, რის შემდეგაც იგი არ გამოუყენებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიას დავალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; ხელფასის გაანგარიშება კონკრეტული დღისათვის არსებული საშტატო განრიგით განსაზღვრული ტარიფით, ქ. ქუთაისის მერიის 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹ 193 განკარგულების შესაბამისად. ასევე მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 980 ლარის ანაზღაურება და შრომის წიგნაკის დუბლიკატის გაცემა.

მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი ცნო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაწილში, ხოლო თანხის ანაზღაურების ნაწილში მოითხოვა სარჩელის უარყოფა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. ქუთაისის მერიას დაევალა გამოეცა ადმინისტრაციული აქტი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ე. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ქ. ქუთაისის მერიას ასევე დაევალა ხელფასის გაანგარიშება კონკრეტული დღისათვის არსებული საშტატო განრიგით განსაზღვრული ტარიფით, ქუთაისის მერიის 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹193 განკარგულების შესაბამისად; ქ. ქუთაისის მერიას ე. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 980 ლარის გადახდა; ასევე, მოპასუხეს დაევალა ე. ქ-ის შრომის წიგნაკის დუბლიკატის გაცემა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹ 193 განკარგულებით ე. ქ-ე დაინიშნა ქ. ქუთაისის ..... სამსახურის უფროსად, მერის უფლებამოსილების ვადით, მაშინ მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საკრებულოს აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგებოდა მერის მოადგილეების, აპარატის უფროსისა და, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელებისაგან. ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმჟამინდელ ქალაქის მერს _ ნ. ფ-ს თანხმობა მიეცა ქალაქის მთავრობის წევრთა კანდიდატურების დანიშვნაზე და შესაბამისად, როგორც მაშინდელი სამსახურის უფროსები, ასევე ე. ქ-ეც დაინიშნა მთავრობის წევრად. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 23 აპრილის ¹176 დადგენილებით, ქ. ქუთაისის საკრებულომ ცნობად მიიღო ქ. ქუთაისის მერის ნ. ფ-ის განცხადება თანამდებობიდან გადადგომისა და უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: ,,მერის თანამდებობიდან გადადგომა ან გათავისუფლება იწვევს შესაბამისად მთავრობის გადადგომას”. აპელანტის განმარტებით, მითითებული ნორმის საფუძველზე, ე. ქ-ე როგორც იმდროინდელი მთავრობის წევრი ჩაითვალა გადამდგარად.

აპელანტის მითითებით, მერია ეთანხმება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემას მაგრამ არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, არამედ ახალი აქტის გამოცემის გზით, რომელიც დაადასტურებს ე. ქ-ის, როგორც მთავრობის წევრის გადადგომის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სახელფასო დავალიანების გაანგარიშება უნდა მოხდეს მთავრობის წევრისა და სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადამდგარად ჩათვლის მომენტიდან. უსაფუძვლოა ასევე ქ. ქუთაისის მერიისათვის 980 ლარის დაკისრებაც, ვინაიდან აღნიშნული ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს, რა დროსაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საკრებულოს 2004 წლის ¹ 184 დადგენილებას, რომელშიც მითითებულია შესასრულებელი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ე. ქ-თვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ქუთაისის მერიის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულებისა და ქუთაისის მერიის მიერ კონკრეტული დღისათვის არსებული საშტატო განრიგით განსაზღვრული ტარიფით ხელფასის გაანგარიშების მოხდენის ნაწილში. ე. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის მერიას დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ქ-ის, როგორც ..... სამსახურის უფროსის 2004 წლის 20 მაისიდან გათავისუფლების თაობაზე ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილების საფუძველზე. ქუთაისის მერიას დაევალა ე. ქ-ის ხელფასის გაანგარიშება 2004 წლის 20 მაისისათვის .... სამსახურის უფროსის საშტატო განრიგით არსებული ხელფასის მიხედვით; ქუთაისის მერიისათვის ე. ქ-ის სასარგებლოდ 980 ლარის გადახდისა და შრომის წიგნაკის დუბლიკატის გაცემის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ 2004 წლისათვის მოქმედი ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-10 მუხლის მიხედვით ე. ქ-ე იყო მთავრობის წევრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულებით არის საჯარო მოხელე. აქედან გამომდინარე, მოცემული დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხასიათისაა.

ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 23 აპრილის ¹176 დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული ქუთაისის მერის _ ნ. ფ-ის განცხადება თანამდებობიდან გადადგომისა და უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით, გამგებლის (მერიის) თანამდებობიდან გადადგომა ან გათავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის (მთავრობის) გადადგომას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ქ-ე მთავრობის წევრობიდან გადამდგარად ითვლება 2004 წლის 23 აპრილიდან. ამასთან, იგი იყო სამსახურის უფროსი. ეს სამსახური ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ქ-ე გათავისუფლებულად ითვლება 2004 წლის 20 მაისიდან, როგორც ეს მოხდა ენერგეტიკისა და წყალთა მეურნეობის სამსახურის ლიკვიდაციის გამო, ამ სამსახურის უფროსის, თ. ყ-ის, გათავისუფლების შემთხვევაში.

ამდენად, ქუთაისის მერიამ უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ქ-ის, როგორც ..... სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ 2004 წლის 20 მაისიდან, ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილების საფუძველზე.

ამის შესაბამისად, ე. ქ-თან სახელფასო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 2004 წლის 20 მაისის მომენტისათვის საბინაო საკითხებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის საშტატო განრიგით არსებული ხელფასის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ხელფასის გაანგარიშება უნდა მოხდეს მოცემული კონკრეტული დღისათვის არსებული საშტატო განრიგით განსაზღვრული ტარიფით, რადგან ხელფასის გაცემა წყდება მოხელის გათავისუფლებისას, ხოლო ე. ქ-ის გათავისუფლება სათანადო წესით დღემდე არ მომხდარა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 110-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით, ამიტომ ქუთაისის მერიამ ე. ქ-ის გათავისუფლების აქტი უნდა გამოსცეს ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილების საფუძველზე, რომლითაც ლიკვიდირებულ იქნა ეს სამსახური, რომლის უფროსიც მოსარჩელე იყო. ამ სამსახურის უფროსისათვის 2004 წლის 19 მაისის მდგომარეობით არსებული საშტატო განრიგით უნდა მოხდეს ხელფასის გაანგარიშება და არა კონკრეტული დღისათვის არსებული საშტატო განრიგით განსაზღვრული ტარიფით, რადგან 2004 წლის 19 მაისის შემდეგ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა მოსარჩელე.

რაც შეეხება ე. ქ-ის მოთხოვნას 980 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 24 თებერვლის ¹151 დადგენილებით ცნობად იქნა მიღებული, რომ დანართი ¹1 წარმოადგენს 2003 წლის სტიქიისაგან დაზიანებული და ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ნუსხას, რომელთა მობინადრეებზეც სახურავის შესაკეთებლად გაცემულია გადასახური მასალა (ბიკროსტი), საერთო ღირებულებით 92 200 ლარი.

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელემ გადაიხადა მერიის მიერ შეძენილი მაღლივი სახლების გადახურვის მასალა. მოწმეთა ჩვენებით, თანხა მუშებს მისცა მოსარჩელემ.

ე. ქ-ის მიერ 980 ლარის გადახდა დასტურდება ასევე ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 24 თებერვლის ¹151 დადგენილებით და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლისადმი მერიის აპარატის უფროსის მოადგილისა და იურიდიული სამსახურის უფროსის წერილით.

სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის მიხედვით, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.

ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 24 თებერვლის ¹151 დადგენილებით, ცნობად იქნა მიღებული, რომ დანართი ¹1 წარმოადგენს 2003 წელს სტიქიისაგან დაზარალებული და ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ნუსხას, რომელთა მობინადრეებზეც სახურავის შესაკეთებლად გაცემულია გადასახური მასალა (ბიკროსტი), საერთო ღირებულებით 92 200 ლარი.

მასალის ქალაქში ჩამოტანა სადავო არ არის. ამ პერიოდისათვის მასალის გადმოზიდვისთვის თანხა მუშებისათვის მერიიდან არ გაცემულა. იგი გადაიხადა ე. ქ-ემ. მაშასადმე, სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ეს ხარჯები აუცილებლობით იყო გამოწვეული. შესაბამისად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არსებობს ამ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ქუთაისის მერიამ და ე. ქ-ემ.

კასატორი ქ. ქუთაისის მერია საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2003 წლის ოქტომბერში საბინაო სამსახურს ავარიული სახლების შესაკეთებლად გადაეცა 30 000 კვ.მ ბიკროსტი, რომლის გადმოტვირთვისათვის, სასაწყობო მეურნეობაში განთავსებისა და შენახვისათვის დაიხარჯა 980 ლარი. საქმის მასალებში არ მოიძებნება ადმინისტრაციული აქტი, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული თანხის ე. ქ-ეზე გაცემის ვალდებულებას, რაც ადმინისტრაციული პალატის მიერ არ იქნა გაზიარებული.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 973-ე მუხლი, ვინაიდან ე. ქ-ე არ უნდა ჩაითვალოს სამუშაოების შემსრულებლად, გამომდინარე იქიდან, რომ თანხის გადახდის დავალდებულება მას ზემდგომიდან არ მიუღია. ასევე არასწორია ამავე კოდექსის 974-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება, ვინაიდან, ,,შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესს", ხოლო ქალაქის მერიიდან და საკრებულოდან თანხის გაცემის ვალდებულება ე. ქ-ეზე არ ყოფილა, შესაბამისად, არ არსებობს არც სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების ქ. ქუთაისის მერიისათვის ე. ქ-ის სასარგებლოდ 980 ლარის გადახდის ნაწილში გაუქმებასა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

მეორე კასატორი ე. ქ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2002 წლის 11 ოქტომბრიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მერიის .... სამსახურის უფროსად. საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, 2004 წლის აპრილში, გადადგა ქალაქის მერი ნ. ფ-ი, რაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იწვევს მთავრობის გადადგომას, რომლის წევრიც თვითონაც იყო. მთავრობის წევრების მიმართ გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თანამდებობიდან მათი გათავისუფლების თაობაზე, ხოლო მის მიმართ აღნიშნული აქტი დღემდე არ გამოცემულა.

ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა ქუთაისის ...... სამსახური, რომლის უფროსადაც მუშაობდა და რაზეც ქ. ქუთაისის მერის განკარგულებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, მაგრამ კომისიას მისი სამსახურუიდან გათავისუფლების თაობაზე არ უმსჯელია. რის შესახებაც მან რამოდენიმეჯერ მიმართა ქ. ქუთაისის მერიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს.

კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაში კანონიერად არის მითითებული, რომ ე. ქ-ის გათავისუფლება სათანადო წესით დღემდე არ მომხდარა და მოპასუხემ (მერიამ) უნდა გამოსცეს აქტი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც, ბუნებრივია, უკუქცევითი ძალა არ ექნება.

ადმინისტრაციული აქტის გამოცემის აუცილებლობა გაიზიარა და აღიარა სააპელაციო სასამართლომაც, რომლის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიას დაევალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტით და საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილების საფუძველზე, სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სამსახურიდან ე. ქ-ის გათავისუფლების შესახებ.

კასატორის განმარტებით, საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილებამ განსაზღვრა ...... სამსახურის ლიკვიდაცია, რომლის დროსაც აუცილებელია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომელთა წერილობით გაფრთხილება და სალიკვიდაციო კომისიის შექმნა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში გაფორმდა ქალაქის მერის 2004 წლის 17 ივნისის ¹290 განკარგულებით.

სალიკვიდაციო კომისიამ უნდა მოამზადოს სალიკვიდაციო აქტი და სამსახურის გამყოფი ბალანსი.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფორმდეს თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება, მეორე პუნქტის თანახმად, შრომის წიგნაკში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი და თანამშრომლებისათვის ამ დოკუმენტის ჩაბარება, რაც განხორციელდა 2004 წლის 23 ივნისს.

გარდა ამისა, სამსახურის ლიკვიდაცია მოითხოვს სხვა კანონქვემდებარე ინსტრუქციებით გათვალისწინებული პროცედურების შესრულებას, რაც მთავარია, სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების სამართალმემკვიდრე სამსახურისათვის ჩაბარებას, ამასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, რომლის ღირებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში 60 6578 532 ლარს შეადგენდა.

აღნიშნული სამუშაოების ძირითადი შემსრულებელი და უპირველესი მატერიალურად პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსია. სამსახურის საბოლოო ლიკვიდაციამდე მისი გათავისუფლება კანონით აკრძალული და წარმოუდგენელია. იგი, სათანადო წესით, სამსახურიდან თავისუფლდება მას შემდეგ, რაც კოლეგიალური ორგანო (ქალაქის მთავრობა) ან ქალაქის მერი ადმინისტრაციული აქტით რეგისტრაციაში გაატარებს და დაამტკიცებს სალიკვიდაციო აქტს, ლიკვიდირებული სამსახურის გამყოფ ბალანსსა და სამსახურის ბალანსზე რიცხულ უძრავ-მოძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტს.

ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამსახურის ლიკვიდაციის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქუთაისის საკრებულოს 2004 წლის 19 მაისის ¹200 დადგენილება გამოქვეყნდა 2004 წლის 25 მაისს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ე.ი. სამსახურიდან მისი გათავისუფლების დღედ სააპელაციო სასამართლოს მიერ დასახელებული 2004 წლის 20 მაისი, უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულის გამო, 2004 წლის 20 მაისს ე. ქ-ის გათავისუფლება, როცა პროცედურულად გაფორმებული და ძალაში შესულიც კი არ იყო საკრებულოს სხდომაზე განხილული და დამტკიცებული სამსახურის ლიკვიდაციის დადგენილების პროექტი, არარეალური და კანონსაწინააღმდეგოა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოსაგან განსხვავებით, არ გაითვალისწინა და უგულებელყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რომელთა მიხედვით, სამსახურის ლიკვიდაციისას მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოხელეს (ე. ქ-ეს) ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის.

კასატორის განმარტებით, ასევე დარღვეულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, სამსახურის ლიკვიდაციისას მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან და 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მისი სამსახურიდან გათავისუფლება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით გაფორმებული არ არის.

,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე სამსახურიდან გათავისუფლებული არ არის, აღნიშნული განხორციელდება, როცა გაფორმდება ქალაქის მერიის შესაბამისი განკარგულება, მისი განთავისუფლების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მერიას დაევალა შრომის წიგნაკის დუბლიკატის გაცემა. ,,შრომის კანონთა კოდექსის" 98-ე მუხლის შესაბამისად კი, ,,ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებისას, მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი გაცდენის დროისათვის".

კასატორის განმარტებით, ,,შრომის კანონთა კოდექსი" მოქმედებდა 2004 წელს და იგი ძალადაკარგულად გამოცხადდა ორი წლის შემდეგ, 2006 წლის ივნისიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის ბრძანებულებით, ხოლო ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით მან ქუთაისის მერიას მიმართა 2005 წლის 20 ოქტომბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, როდესაც მან მერიას დაავალა შრომის წიგნაკის გაცემა, პარალელურად უნდა მოეხდინა იძულებით გაცდენილი დღეებისათვის ხელფასის ანაზღაურებაც.

ასევე ურთიერთსაწინააღმდეგოა სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მესამე აბზაცები.

პირველი აბზაცით გაუქმებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის მიხედვით მერიამ ხელფასის გაანგარიშება უნდა მოახდინოს კონკრეტული დღისათვის არსებული საშტატო განრიგით განსაზღვრული ტარიფით, ქუთაისის მერის 2002 წლის 11 ოქტომბრის ¹193 განკარგულების შესაბამისად. მესამე აბზაცით კი ავალებს ქუთაისის მერიას ხელფასის გაანგარიშება მოახდინოს 2004 წლის 20 მაისისათვის საბინაო საკითხებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის საშტატო განრიგით არსებული ხელფასის მიხედვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მერიისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ქ. ქუთაისის მერიისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 8 იანვარს ქ. ქუთაისის მერიამ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ე. ქ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2008 წლის 22 იანვარს საკასაციო საჩივარზე მოსაზრება წარმოადგინა ე. ქ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. ქუთაისის მერიისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. ქუთაისის მერიისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ქ. ქუთაისის მერიისა და ე. ქ-ის საკასაციო საჩივრებს განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.