№ას-639-2024
14 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ი-ჩ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ.ი-ჩ–ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინაააღმდეგე მხარე), პირგასამტეხლოს სახით - 4000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ სარჩელი მოპასუხე გ–ის მიმართ, 2022 წლის 13 იანვრის №2022-1/22 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 13 იანვარს დაიდო №2022-1/22 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა კარტრიჯების დამუხტვა და ტექნიკური მომსახურება დანართი №1-ის პრეისკურანტის მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 02 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 40000 ლარს. ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან და მოქმედებს 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით.
4.2.2022 წლის 24 იანვარს, მოპასუხეს გაეგზავნა შეკვეთა შემდეგი კარტრიჯების მომსახურებაზე: HP 85 A – 5 ცალი, HP 83 A – 11 ცალი, HP 12 A – 1 ცალი, 59X – 8 ცალი, HP 05 A – 8 ცალი, Xpess MLT-D115L – 14 ცალი, HP 33 A; 34 A – 6 ცალი.
4.3.2022 წლის 31 იანვარს, მოპასუხეს გაეგზავნა შეკვეთა შემდეგი კარტრიჯების მომსახურებაზე: Pantum p210 – 3 ცალი, HP 283 – 4 ცალი, HP 285 – 4 ცალი.
4.4.2022 წლის 01 თებერვალს, მოპასუხეს გაეგზავნა შეკვეთა შემდეგი კარტრიჯების მომსახურებაზე: 280A - ერთი ცალი, 505A 6 ცალი, 33 A-34 A – 1 ცალი, D115 L – 7 ცალი, 259 X – 3 ცალი, 283 A – 13 ცალი, 285 A – 7 ცალი.
4.5.2022 წლის 02 თებერვლისა და 04 თებერვლის წერილებით, გ.ი–მა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აცნობა, რომ მომსახურების გაწევის პერიოდში, შემსყიდველის მიერ გადაცემული კარტრიჯის მოდელები და მახასიათებლები არ შეესაბამება ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მონაცემებს. პრეისკურანტის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულია კარტრიჯი Xpess MLT D115L მოდელის დამუხტვა აღდგენა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად კარტრიჯი Xpess MLT-D115L-ს და არის თავსებადი მოდელი MLT-D115L/SEE, პრეისკურანტის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულია კარტრიჯის მოდელის - Pantum P2500 ის, კარტრიჯის - PA- 210, კარტრიჯის - CF259X დამუხტვა, ჩიპის შეცვლით და დოლურის შეცვლა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად Pantum P2500-ის, კარტრიჯის - PA- 210, კარტრიჯის - CF259X-ს და არის ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელები. პრეისკურანტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია 17A;19A კარტრიჯის მოდელის დამუხტვა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად 17 A; 19A-ს და არის თავსებადი CF217A. პრეისკურანტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია HP 33A; 34A კარტრიჯის მოდელის დამუხტვა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად HP 33A; B4A-ს და არის თავსებადი მოდელი drum unit CF234A, მოდელი - CF233, მოდელი - CF233A; პრეისკურანტის 1-ლი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია კარტრიჯის მოდელი - HP-12A; 15A; 35; 36A; 49A; 78A; 85A; 05A; FX10; 92A; 80A; 83A; Canon 725 starter; EP-27 Canon 712 დამუხტვა, დოლურის შეცვლა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად HP-12A; 15A; 35A; 36A; 49A; 78A; 85A; 05A; FX10; 92A; 80A; 83A; Canon 725 starter; EP-27, Canon 712 მოდელებს და არის სხვადასხვა მწარმოებლის, ღირებულების, მოცულობის და თავსებადი კარტრიჯის მოდელები.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულის გამო ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მოდელების მომსახურება. ამასთან, შემკვეთის მიერ გადმოცემული კარტრიჯები არის არასწორი ტრანსპორტირებით და არასწორი მომსახურებით დაზიანებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველის მიერ უნდა იქნას გადმოცემული კონკრეტულად სატენდერო დოკუმენტაციითა (პრეისკურანტი) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოდელები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდება: თავსებადი, მსგავსი ან/და მიახლოებითი მოდელებზე მომსახურების გაწევა.
4.6.2022 წლის 23 მაისის წერილით, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოსარჩელის სტრუქტურული ერთეულების - თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის და გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის მოთხოვნების შესასრულებლად, დამატებით განუსაზღვრა შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადა.
4.7.2022 წლის 01 ივნისის წერილით, გ.ი–მა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აცნობა, რომ მომსახურების გაწევის პერიოდში, შემსყიდველის მიერ გადაცემული კარტრიჯის მოდელები და მახასიათებლები არ შეესაბამება ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მონაცემებს. პრეისკურანტის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულია კარტრიჯი Xpess MLT-D115L მოდელის დამუხტვა აღდგენა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად კარტრიჯი Xpess MLT-D115L-ს და არის თავსებადი მოდელი MLT-D115L/SEE, პრეისკურანტის მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულია კარტრიჯის მოდელის - Pantum P2500 ის, კარტრიჯის - PA- 210, კარტრიჯის - CF259X დამუხტვა, ჩიპის შეცვლით და დოლურის შეცვლა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად Pantum P2500 ის, კარტრიჯის - PA- 210, კარტრიჯის - CF259X-ს და არის ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელები. პრეისკურანტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულია 17A;19A კარტრიჯის მოდელის დამუხტვა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად 17 A; 19A-ს და არის თავსებადი CF217A. პრეისკურანტის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია HP 33A; 34A კარტრიჯის მოდელის დამუხტვა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად HP 33A; B4A-ს და არის თავსებადი მოდელი drum unit CF234A, მოდელი - CF233, მოდელი - CF233A; პრეისკურანტის 1-ლი და მე-2ე პუნქტით გათვალისწინებულია კარტრიჯის მოდელი - HP-12A; 15A; 35; 36A; 49A; 78A; 85A; 05A; FX10; 92A; 80A; 83A; Canon 725 starter; EP-27 Canon 712 დამუხტვა, დოლურის შეცვლა, ხოლო შემსყიდველის მიერ გადმოცემული მოდელი არ შეესაბამება კონკრეტულად HP-12A; 15A; 35A; 36A; 49A; 78A; 85A; 05A; FX10; 92A; 80A; 83A; Canon 725 starter; EP-27, Canon 712 მოდელებს და არის სხვადასხვა მწარმოებლის, ღირებულების, მოცულობის და თავსებადი კარტრიჯის მოდელები.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულის გამო ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მოდელების მომსახურება, ამასთან შემკვეთის მიერ გადმოცემული კარტრიჯები არის არასწორი ტრანსპორტირებით და არასწორი მომსახურებით დაზიანებული. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველის მიერ უნდა იქნას გადმოცემული კონკრეტულად სატენდერო დოკუმენტაციითა (პრეისკურანტი) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოდელები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდება: თავსებადი, მსგავსი ან/და მიახლოებითი მოდელებზე მომსახურების გაწევა.
4.8.სსიპ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 2022 წლის 03 აგვისტოს, მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - სახელშეკრულებო ფასის 10%-ის ოდენობით გადახდის თაობაზე.
4.9.მოსარჩელემ 2022 წლის 23 აგვისტოს მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე.
4.10. სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2022 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, მოპასუხე შავ სიაში არ დარეგისტრირდა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.მოსარჩელე ჯეროვნად არ ასრულებდა მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
5.2.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება:
6.1.პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის უარი ვალდებულების შესრულებაზე მართლზომიერი იყო, რაც მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავდა. პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი სანქცია, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენდა, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მენარდეს, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება ვალდებულების დარღვევად ვერ შეერაცხებოდა, რადგან ამ შედეგის დადგომაში თავად კრედიტორს მიუძღვოდა ბრალი; შემკვეთმა იმგვარად დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რომ სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის ფარგლებში, მენარდის მიერ სამუშაოს შესრულების დაყოვნება ან/და მასზე უარის თქმა მართლდებოდა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
8. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
8.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 მარტის განჩინებით, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამატეხლოს დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე 629-ე, მუხლებიდან გამომდინარეობდა.
9.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის, 2022 წლის 13 იანვარს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების ფაქტობრივ- სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
9.3. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.5 პუნქტზე (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით) და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.
9.4. მოპასუხე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით მკაფიოდ იყო განსაზღვრული დასამუხტი კარტრიჯების ჩამონათვალი, მოსარჩელე კი, ითხოვდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი კარტრიჯების დამუხტვას, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.
9.5. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, 2022 წლის 02 თებერვლისა და 04 თებერვლის წერილებზე, რომლითაც გ.ი–მა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აცნობა, რომ მომსახურების გაწევის პერიოდში, შემსყიდველის მიერ გადაცემული კარტრიჯის მოდელები და მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მონაცემებს. წერილებში ასევე აღნიშნული იყო, რომ აღნიშნულის გამო ვერ ხერხდებოდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მოდელების მომსახურება; ამასთან, შემკვეთის მიერ გადმოცემული კარტრიჯები იყო დაზიანებული არასწორი ტრანსპორტირებისა და არასწორი მომსახურების გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემსყიდველის მიერ უნდა ყოფილიყო გადმოცემული კონკრეტულად სატენდერო დოკუმენტაციითა (პრეისკურანტი) და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოდელები; წინააღმდეგ შემთხვევაში, თავსებად, მსგავს ან/და მიახლოებით მოდელებზე, მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდებოდა მომსახურების გაწევა.
9.6. ასევე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ 2022 წლის 24 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე, მოპასუხე შავ სიაში არ დარეგისტრირდა. სააგენტოს განმარტებით, მიმწოდებელს მხოლოდ იმ ვალდებულებების შესრულება ევალებოდა, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, მხოლოდ იმ კარტრიჯებზე ევალებოდა მომსახურების გაწევა, რომელთა დასახელებებიც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებითა და პრეისკურიანტით. თუკი შემსყიდველ ორგანიზაციას სურდა მსგავსი ტიპის კარტრიჯებზე მომსახურების გაწევა, მაშინ მას თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა სატენდერო დოკუმენტაციაში გაეთვალისწინებინა შესაბამისი მოთხოვნა, რაც არ განხორციელებულა. სააგენტომ დაადგინა, რომ სახეზე არ იყო მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი.
9.7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არსებობის დადასტურების ვალდებულება აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა. ამასთან, ვერ მიუთითა გონივრული მიზეზი, რომელიც მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებდა, კერძოდ ის, რომ მის მიერ ხდებოდა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასამუხტი კარტრიჯების მიწოდება. აპელანტი ამ გარემოების სამტკიცებლად მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარის ახსნა-განმარტება კი, თუკი იგი სხვა უფრო რელევანტური და წონადი მტკიცებულებით გამყარებული არ იყო, სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედებოდა.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლო - სახელშეკრულებო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4000 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ი/მ გ.ი-ჩ–ს შორის, 2022 წლის 13 იანვარს გაფორმებული №2022-1/22 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებს წარმოადგენს. ის სამართლებრივი შედეგი კი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს.
20. სსკ-ის 417-ე მუხლის (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. იგი წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, დასახელებული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. ჯორბენაძე ს., საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
21. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება).
22. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული წინაპირობებიდან ორი, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა; კერძოდ, უდავოა, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების გამოყენებაზე მხარეები შეთანხმდნენ წერილობით (სსკ-ის 418.2 მუხლი), რამეთუ დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 13 იანვარს გაფორმებული №2022-1/22 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას, ამავე შეთანხმების 10.5 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო უზრუნველყოფდა, რომლის ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით განისაზღვრა. სასარჩელო მოთხოვნის, მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი შესაგებლის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების მესამე სამართლებრივი წინაპირობის არსებობა, კერძოდ, სახეზე იყო თუ არა მენარდის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევის ფაქტი, რამეთუ მოპასუხე იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი კარტრიჯების დამუხტვას, რაც მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.
23. სადავო საკითხთან მიმართებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ შემსყიდველი თავად არ ასრულებდა ჯეროვნად მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას - ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კარტრიჯების მიწოდების ნაწილში, რამაც ხელი შეუშალა მოპასუხეს (მენარდეს) ჯეროვნად გაეწია მომსახურება. აღნიშნული დასკვნა დაემყარა საქმეში წარმოდგენილ განკუთვნად მტკიცებულებებს (2022 წლის 24 იანვრის მოთხოვნა (ს/ფ 102); 2022 წლის 31 იანვრის მოთხოვნა (ს/ფ 103); 2022 წლის 01 თებერვლის მოთხოვნა (ს/ფ 101); 2022 წლის 02 თებერვლის და 04 თებერვლის წერილები (ს/ფ 58-75); 2022 წლის 23 მაისის მოთხოვნა (ს/ფ 76-77); 2022 წლის 01 ივნისის წერილი (ს/ფ 78-93); 2022 წლის 23 აგვისტოს მოთხოვნა მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე (ს/ფ 96); სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 24 ნოემბრის განკარგულება (ს/ფ 104-107)), რომელთა ურთიერთშეჯერების შედეგად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინეს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ჯეროვნად შეუსრულებლობაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვოდა. აღსანიშნავია, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისა და გამოტანილი დასკვნის სისწორე/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
24. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დანაწესისა და იმ გარემოების გათვალისწიებით, რომ ნარდობა, იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარეს უწესებს გარკვეულ ვალდებულებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შემსყიდველს მენარდისათვის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კარტრიჯების მიწოდების ვალდებულება ეკისრებოდა. ამ ნაწილში კი, მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით ვერ შეძლო. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მისი მხრიდან ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კარტრიჯების მიწოდების მიუხედავად, მოპასუხემ მომსახურება არ გაუწია. ამ გარემოების სამტკიცებლად მოსარჩელეს სასამართლოსთვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარმოედგინა, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, როგორც სააპელაციო პალატამაც აღნიშნა, მარტოოდენ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი განმარტება არ განიხილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არაა სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს (იხ.: სუსგ.-ები №ას-851-2021, 24 ნოემბერი, 2021 წელი; ას-1604-2023, 13 ივნისი 2024 წელი).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც კასატორის მხრიდან სადავო არ გამხდარა და შესაბამისი კონტრარგუმენტების წარმოდგენის გზით, ვერ იქნა გაქარწყლებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაცია მასზედ, რომ შედეგის დადგომაში თავად კრედიტორს მიუძღვოდა ბრალი, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე (იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა) და 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) მუხლების საფუძველზე, მართებულად მიიჩნევს დასკვნას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს“ (211328703) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N20270, გადახდის თარიღი 05.07.2024წ.) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე