№ას-1245-2024
13 თებერვალი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – შპს „ს–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „იუსტიციის სახლი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მეორე კასატორი – სსიპ „იუსტიციის სახლი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ო“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), პირგასამტეხლოს გადახდა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს–ომ“ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სსიპ იუსტიციის სახლის (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მიმართ, 140000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე სსიპ იუსტიციის სახლმა წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო.
3. სსიპ იუსტიციის სახლმა შპს „ს–ოს“ მიმართ, შეგებებული სარჩელი წარადგინა პირგასამტეხლოს სახით - 14000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს „ს–ომ“, შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ს–ოს“ სარჩელი სსიპ იუსტიციის სახლის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სსიპ იუსტიციის სახლს შპს „ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 105000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შპს „ს–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სსიპ იუსტიციის სახლს შპს „ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3150 ლარის ანაზღაურება; სსიპ იუსტიციის სახლის შეგებებული სარჩელი შპს „ს–ოს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ს–ოს“ სსიპ იუსტიციის სახლის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3500 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სსიპ იუსტიციის სახლის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „ს–ოს“ სსიპ იუსტიციის სახლის სასარგებლოდ დაეკისრა შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარის ანაზღაურება.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელე შპს „ს–ომ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო, სსიპ იუსტიციის სახლმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით, შპს „ს–ოსა“ და სსიპ იუსტიციის სახლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1.სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ს–ოს“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული საუშაოს ღირებულების ანაზღაურება, რისთვისაც მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ჯეროვანი შესრულების ფაქტის დადასტურება. სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს, სსიპ იუსტიციის სახლსა (შემკვეთი) და შპს „ს–ოს“ (მენარდე) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის შენობა-ნაგებობის გაგრილება-ვენტილაციის სისტემების მდგომარეობის კვლევის, ნაკადების რეგულირების და ხარვეზების პროექტირების მომსახურება. უდავოდ დადგენილი იყო ისიც, რომ მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი 1-ის (ტექნიკური დავალება), დანართი 2-ის (ფასების ცხრილი) და დანართი 3-ის (მომსახურების გეგმა გრაფიკი) შესაბამისად. ამასთან, შესასრულებელი სამუშაო გაყოფილი იყო ორ ნაწილად, კერძოდ: პირველი ეტაპი მოიცავდა შენობაში არსებული ფაქტიური თბური ბალანსის დადგენასა და არსებული სავენტილაციო, გათბობისა და გაგრილების სისტემების პროექტის შედგენას, ხოლო, სამუშაოს მეორე ეტაპი მოიცავდა პირველი ეტაპით მიღებული შედეგების შედარება-გაანალიზებით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის საპროექტო/ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას. ასევე, დადგენილი იყო, რომ მომსახურების ანაზღაურება სამუშაოს თითოეული ეტაპისთვის განსაზღვრული იყო ინდივიდუალურად, კერძოდ ნარდობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტით, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 140000 ლარს, ხოლო ფასების ცხრილის (დანართი 2) თანახმად, პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 105000 ლარს, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების - 35000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თითოეული ეტაპით განსაზღვრული სამუშაოს ჯეროვანი შესრულების საკითხი ცალ–ცალკე შეაფასა.
8.2. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები ჯეროვნად შეასრულა. პალატის დასკვნა დაემყარა შემდეგ გარემოებებს:
8.3. დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, მენარდემ შემკვეთს წარუდგინა პირველი ეტაპის სამუშაოს ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია. 2019 წლის 24 იანვარს, შემკვეთის მიერ შედგა ინსპექტირების აქტი, რომელიც შენიშვნებიანად, მენარდეს 5 თებერვალს ჩაბარდა. აქვე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2019 წლის 25 თებერვალს; პირველი ეტაპის სამუშაობის თაობაზე შენიშვნები კი, შემკვეთმა მენარდეს ჩააბარა ე.წ. №3 ალბომის ჩაბარებიდან ორი თვის შემდეგ, ისიც მენარდის არაერთი მოთხოვნის შედეგად. პალატამ აღნიშნა, რომ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მითითებისას, შემკვეთი ყურადღებას არ ამახვილებდა მენარდის მხრიდან, რაიმე ფორმით ვადის დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, ზემოხსენებული გარემოება მოცემულ შემთხვევაში, რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთების საფუძველს არ წარმოადგენდა. ინსპექტირების აქტის შესაბამისად, გამოთქმული იყო შენიშვნები გათვლებთან დაკავშირებით; მითითებული იყო, რომ ხალხის რაოდენობა არასწორად იყო დათვლილი. ასევე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 10 ოთახის შესწავლის შედეგად, შემკვეთმა გამოავლინა მისი აზრით, შეუსაბამობები, მათ შორის, ვიტრაჟის ზომებთან დაკავშირებით და ბოლოს, ცალკე პუნქტად იყო მოცემული პირველი ეტაპის მესამე ალბომში წარდგენილი შენობის სიტუაციური ნახაზის შესწავლისას გამოვლენილი შეუსაბამობები. 2019 წლის 25 თებერვლის წერილით, მენარდემ შემკვეთს მეორე ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ნაწილთან ერთად წარუდგინა შესწორებული სიტუაციური ნახაზები „ალბომი 3“. წერილი შემკვეთს 2019 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა. მენარდემ ასევე მოამზადა პასუხი ინსპექტირების აქტით გამოვლენილ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, მათ შორის, შენიშვნების რა ნაწილი იქნა გაზიარებული და გამოსწორებული, ხოლო იმ შენიშვნებზე, რაც მენარდის აზრით, არ იყო გამოსასწორებელი, მითითებული იყო განმარტებები. აღნიშნული პასუხის თანახმად, ირკვეოდა, რომ მენარდემ გაითვალისწინა და გაასწორა შენიშვნები, რაც ეხებოდა ალბომის დანომვრას, ასევე ცალკეული შესასწავლი ობიექტის მდებარეობის იდენტიფიცირების შეუძლებლობას; ასევე, მენარდემ სრულად გაითვალისწინა და გამოასწორა შემკვეთის მიერ სიტუაციურ ნახაზებში გამოვლენილი შეუსაბამობები. შემკვეთის იმ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სახლში დასაქმებული იყო 360 და არა 400 ადამიანი, მენარდემ განმარტა, რომ გათვლებში გათვალისწინებული იყო გარკვეული მარაგები. იუსტიციის სახლში საათობრივად მყოფ ადამიანებთან დაკავშირებულ შენიშვნაზე, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავდა, მენარდემ განმარტა, რომ 2400 ადამიანი იყო მუდმივი, ბაზისური მოცემულობა, რომელიც მიღებული იყო დაკვირვების პროცესში დიდი სივრცის იატაკიდან გამომდინარე. 2400 მუდმივი სიდიდე იყო და არ მრავლდებოდა სამუშაო საათებზე. ანალოგიურად, დასაბუთებული იყო სხვა პასუხები შემკვეთის შენიშვნებზე.
8.4. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შესწორებული №3 ალბომისა და შენიშვნების თაობაზე მიცემული განმარტებების შესახებ, შემკვეთს რაიმე დამატებითი პრეტენზია მხარეთა ურთიერთობის ფარგლებში არ დაუფიქსირებია. შემკვეთმა მენარდის მიერ შესრულებული და შესწორებული პირველი ეტაპის სამუშაო მიიღო, ჰქონდა შესაძლებლობა რომ გადაემოწმებინა მისი ხარისხი და ნაკლის კვლავ გამოვლენის შემთხვევაში, განეცხადებინა აღნიშნული მენარდისთვის, რაც შემკვეთს არ გაუკეთებია. აქვე, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლზე (თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო) და მიუთითა იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემკვეთმა გარკვეული ხარვეზები აღმოაჩინა თავდაპირველად წარდგენილ №3 ალბომში, რაზეც შენიშვნები გაუგზავნა მენარდეს. აღნიშნულის შემდგომ, შემკვეთმა შესწორებული №3 ალბომი ჩაიბარა ისე, რომ არანაირი დამატებითი შენიშვნა, ან პრეტენზია არ განუცხადებია; შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ–ის 652-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესწორებული №3 ალბომი კვლავ ხარვეზიანი იყო, შემკვეთმა დაკარგა აღნიშნულ ნაკლზე მითითებისა და თანმდევი მოთხოვნების დაყენების უფლება.
8.5. პალატამ მოპასუხის არგუმენტებთან მიმართებით აღნიშნა, რომ შემკვეთმა წარმოადგინა მენარდის დამხმარე პირების სახელზე დაშვებული საშვების შესახებ ინფორმაცია, საიდანაც დასტურდებოდა, რომ გ.მ–მა და ე.მ–მა საშვის მეშვეობით, თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში 13 ვიზიტი განახორციელეს. შემკვეთის განმარტებით, სამუშაო ძალიან მოცულობითი იყო და ჯეროვნად შესასრულებლად, მხოლოდ 13 ვიზიტი საკმარისი არ იქნებოდა.
8.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ.მ–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა პროექტირებაზე. პროფესიულად ჰქონდა შეხება შპს „ს–ოსთან“. შპს „ს–ოს“ უნდა გაეკეთებინა პროექტი იუსტიციის სახლის ჰაერის მიწოდების არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. მის მოვალეობაში შედიოდა გაეკეთებინა შენობის აღწერა, უნდა შემოევლო ოთახები, გაეკეთებინა ოთახების ნუმერაცია და აღეწერა, თუ რამდენი ადამიანი იყო ოთახში. ს.ბ–ძემ მისცა ნახაზი, რომელიც ადგილზე უნდა გადაემოწმებინა - ოთახების ნუმერაცია ემთხვეოდა თუ არა ნახაზს. მაგალითად, ოთახში შეიძლება ემუშავა ერთ ადამიანს, მაგრამ იქ კიდევ იყო სკამი, რომელზეც სტუმარი შეიძლებოდა დამჯდარიყო და მასაც სჭირდებოდა ჰაერი. ამიტომ, გათვლისას აიღო მაქსიმალური რაოდენობა - მაქსიმალურად რამდენი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ცალკეულ ოთახში. მთელი შენობა შემოიარა და გადაიღო სურათები. უნდა აღეწერა ოთახებში ადამიანების რაოდენობა, სამუშაო ტექნიკა, მერე შეამოწმა რა მოწყობილობები იყო ოთახში (მაგ. კასეტური კონდიციონერები, ცხაურები). სურათები გადაუღო ჭერზე ცხაურებს და კასეტურ კონდიციონერებს (ფანკოილები). ეს გადავიდა პირველ ალბომში. იყო გარკვეული შენიშვნები, რის გამოც, ხელმეორედ გაიარა შენობის ნაწილი და გასწორებული მონაცემები მიაწოდა მენარდეს. შესაბამისად, დაკორექტირდა ნახაზები. შესწორებული მონაცემები გადასცა ე.მ–ს, რომელიც მუშაობდა პროექტზე. შემკვეთის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ აღწერას მარტო ახორციელებდა. ბატონმა ს–მა და ი–იმ გადასცეს შენობის ნახაზები. მან ასევე შეამოწმა, თუ როგორ იყო შეკიდული ჭერში ტექნიკა. შეამოწმა მოდელები. ერთნაირი ტიპის იყო და ყველგან არ შეუმოწმებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პრობლემები ჰქონდა ოთახებში შესვლაზე. 1-2 დღე მოანდომა ოთახების ნუმერაციების შედარებას. იმყოფებოდა ყველა ოთახში. იყო ისეთი შემთხვევა, რომ პირველ მისვლაზე იყო ერთი დიდი ოთახი, დაახლოებით 1 კვირის შემდეგ რომ მივიდა, დახვდა გატიხრული და ეს ინფორმაცია მიაწოდა ე.მ–ს. რამდენჯერმე, რამდენიმე ადგილას ჩამოხსნეს ჭერი ს.ბ–ძესთან ერთად.
8.7. მოწმე ე.მ–მა განმარტა, რომ არის ინჟინერი, პროექტანტი და მუშაობს ფრილანსერად კერძო შეკვეთებზე. ბატონ ს–თან თანამშრომლობს დაახლოებით 10 წელია. იუსტიციის სახლსაც არაერთი პროექტი გაუკეთა. მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, ადგილზე შემოწმდა რა სისტემები იყო, აღწერა და დაიტანა ნახაზზე. იყო გარკვეული შენიშვნები, რაზეც გაეცა პასუხი. მეორე ეტაპის ფარგლებში, აღიწერა რა პრობლემები იყო და შედგა გადაწყვეტის პროექტი. პირველი ეტაპის ფარგლებში, მუშაობდნენ გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების აღწერაზე; ადგილზე მივიდნენ, გაეცნენ რა სისტემები იყო განთავსებული; სად, რა, როგორ გადიოდა, რა სიმძლავრეები იყო და ეს ყველაფერი აღწერეს. იუსტიციის სახლის პროექტებს იცნობდნენ მანამდეც. ჰქონდა იუსტიციის სახლის საინჟინრო ნახაზები. იუსტიციის სახლის ორივე პროექტი ჰქონდათ და რა სისტემა იყო, დაახლოებით იცოდნენ, რის გამოც, უფრო სწრაფად და მარტივად შეასრულეს დავალება. ასევე, მანამდეც მოამზადა სხვა პროექტები, რომლის ფარგლებში გადაცემული მასალები ჰქონდა და მაშინაც ჰქონდა შიდა სისტემებთან შეხება. პროექტები, რომლებიც მანამდე ჰქონდათ, ადგილზე შეადარეს და შეაჯერეს. იდგა ორი გათბობა-გაგრილების დანადგარი, რომელიც არასაკმარისია და რეალურად კიდევ ერთი ასეთივე დანადგარი სჭირდებოდათ. სისტემაში გაკეთებული იყო ისე, რომ ჰაერი შემოდიოდა და აღარ გადიოდა. გაწოვის სისტემა იუსტიციის სახლს საერთოდ აკლდა. ჰაერი არ მოძრაობდა. მათ ასევე ჰქონდათ შენობის არქიტექტურული გეგმარება, რომელიც ადგილზე გადამოწმდა. აღიწერა სისტემა და შენობის რეალური მდგომარეობა, შედგა თბური ბალანსი. აღწერეს დანადგარები, რაოდენობები, სიმძლავრეები, დაჯამდა და აღმოჩნდა, რომ დანადგარების რაოდენობა უფრო დიდი იყო ვიდრე გარე აგრეგატი, რომელიც მათ ემსახურებოდა. სისტემის დაბალანსება საერთოდ არ ხდებოდა. უზარმაზარი ქსელი იყო და რეგულირება არ ხდებოდა, ფიზიკურად არ იყო მარეგულირებელი სარქველები. ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ გაწოვის სისტემა არ ჰქონდა შენობას. შენიშვნები რაც ჰქონდათ კი გაითვალისწინეს, მაგრამ ეს საბოლოდ არაფერს იძლეოდა. ისეთი შენიშვნები იყო, ვიზუალურად რაც მარტივად დაინახეს. შემკვეთის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში ადგილზე გადამოწმდა დანადგარები, ქსელი, სად რა გადის, რაზე იყო მიერთებული, შემოწმდა სიმძლავრეები. ერთ შემთხვევაში მივიდა ღამის 12 საათის შემდეგ და დარჩა საკმაოდ დიდი ხანი. ჭერში ავიდა და ნახა ყველაფერი. მის ხელთ არსებული პროექტები შეადარა არსებულ მდგომარეობას, რაც ემთხვეოდა დატოვა, რაც არ ემთხვეოდა გადაიხაზა და გასწორდა. პროექტები გამოიყენეს იმიტომ, რომ საქმე გაიმარტივეს. მომზადდა რეალური ნახაზი. დანადგარები რაც იყო, ყველა იყო ერთნაირი ტიპის.
8.8. მოწმე ვ.ფ–ის განმარტებით, მას ევალებოდა მენარდესთან დადებული ხელშეკრულების კონტროლი. მენარდემ გაიმარჯვა ტენდერში და უნდა შეესრულებინა პროექტი. პირველი ეტაპით, უნდა აღეწერა არსებული მდგომარეობა და მეორე ეტაპით, წარმოედგინა პრობლემის გადაჭრის პროექტი. მან ვერ შეასრულა დავალება. პირველი ეტაპის ფარგლებში წარმოდგენილ ალბომში არ იყო არც მოდინებითი ჰაერსატარების, არც ცხაურების შესახებ ინფორმაცია. წარმოდგენილი ალბომების ვიზუალური განხილვისას, არ ემთხვეოდა განლაგება ოთახების, ცხაურებისა და ჰაერსატარების. შენიშვნები არ გამოსწორებულა. ეს პროექტი ღირდა 140000 იმიტომ, რომ ყველა ღიობში, ყველა მიუვალ ადგილზე უნდა შეეხედათ, მათ შორის, ჭერი უნდა ამოეჭრათ და აღედგინათ კიდეც. 10 ვიზიტი საკმარისი არ იქნებოდა და ამ სამუშაოს 2-3 ადამიანი ვერ შეასრულებდა. 2-3 ოთახის დათვალიერება მართლა განხორციელდა. საშვებს თავად უშვებდა, ამიტომ, მის გარეშე ვერ ნახავდნენ ტერიტორიას. ძველი ნახაზები არ ყოფილა გადაცემული შემკვეთისგან. მათ არ ჰქონდათ შენობის ნახაზები (18.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:42:11, 12:47:58, 12:50:00). მოსარჩელის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ სახურავზე ერთად იყვნენ ასულები შესამოწმებლად - დანადგარების განთავსება შესაძლებელი იყო თუ არა ჭერში. შეიძლება მანამდეც იყო ასული (18.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:54:58). მოწმის განმარტებით, ხელშეკრულებაში არ ეწერა, საჭიროების შემთხვევაში - ჭერის ამოჭრა და დაფარვა, მაგრამ სხვანაირად ეს სამუშაო ვერ განხორციელდებოდა (18.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:59:33). მოწმემ განმარტა, რომ თავად და სამმა თანამშრომელმა დაათვალიერა და გადაამოწმა ადგილზე წარმოდგენილი ალბომები. მათემატიკურ ანგარიშებსა და კვლევებში, მათ „ცხვირი არ ჩაუყვიათ“. მათ გადაამოწმეს მხოლოდ ის, რაც ჩანდა დათვალიერებით. ყველაზე თვალსაჩინო იყო ის, რომ არ ემთხვეოდა მოდინებითი ჰაერსატარების რაოდენობა და მდებარეობა (18.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 13:02). კორექტირებული ალბომი რაც წარმოადგინეს, არ იკითხებოდა, დაბეჭდილი იყო დაბალი ხარისხით. ელექტრონული ვერსია არ წარმოადგინეს. ამასთან დაკავშირებით, მენარდეს აცნობა თუ არა, არ ახსოვს (18.12.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 13:05:27). შემკვეთისა და მოწმის იმ განმარტებასთან დაკავშირებით, რომ საშვი მხოლოდ 10-ჯერ იქნა დაშვებული, შესაბამისად, მეტი ვიზიტი ვერ განხორციელდებოდა, მენარდემ განმარტა, რომ იუსტიციის სახლის საერთო სივრცის დათვალიერებისთვის, მათ საშვი არ სჭირდებოდათ, რაც სასამართლომაც გაიზიარა.
8.9. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მენარდემ დაადასტურა პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ფაქტი. სადავო არ იყო, რომ 2018 წლის 03 დეკემბერს წარდგენილი სამუშაოების თაობაზე შენიშვნები მენარდეს 05 თებერვალს ჩაბარდა. შემკვეთის მიერ მოწვეულმა მოწმემ თავად განმარტა, რომ გაანგარიშებებში არ ჩარეულან და მათთვის ძირითადი იყო ის შეუსაბამობები, რაც ეხებოდა ოთახების განლაგებების, ობიექტების რაოდენობისა და მდებარეობის ცდომილებებს. ეს შენიშვნები ინსპექტირების აქტში მოცემული იყო ოთხივე სართულის სიტუაციური ნახაზის შესწავლისას გამოვლენილი შეუსაბამობების ქვეშ. მენარდის მიერ წარდგენილი განმარტების შესაბამისად, მან გაითვალისწინა მთელი რიგი შენიშვნები, ხოლო იმ შენიშვნებზე, რაც არ იქნა გაზიარებული, გაცემული იყო დასაბუთებული პასუხი. რაც მთავარი იყო, შესწორებული სიტუაციური ნახაზები („ალბომი 3“) შემკვეთს 2019 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა. საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ შემკვეთმა შეისწავლა ალბომი და დაადგინა, რომ ის კვლავ შეუსაბამობაში იყო რეალურ ვითარებასთან და სხვა. ზოგადად ამ ალბომზე შემკვეთს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს, მათ შორის, არც ის უცნობებია მენარდისთვის, რომ ის არ იკითხებოდა. სხდომაზე ზეპირ განმარტებას კი, სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევდა. გარდა იმისა, რაც აღნიშნულ საკითხზე პალატამ ზემოთ მიუთითა, დამატებით აღსანიშნავი იყო, რომ შესრულებული სამუშაოს ნაკლის მტკიცების ტვირთი შემკვეთს ეკისრებოდა, რაც მას შესაბამისი, ვალიდური მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა განეხორციელებინა. განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ შპს „ს–ოს“ მიერ სარჩელის აღძვრამდე შემკვეთს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა დაფიქსირებული შესწორებულ №3 ალბომთან მიმართებით, მას არც საქმის განხილვის პროცესში ჰქონდა წარმოდგენილი რაიმე წონადი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მენარდეს ნაკლი არ გამოუსწორებია და შესრულება კვლავ ხარვეზიანი იყო. პალატამ ისევ მიუთითა სსკ–ის 652–ე მუხლზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესწორებული №3 ალბომი კვლავ ნაკლიანი იყო, გამომდინარე იქედან, რომ მენარდემ სამუშაო მიიღო პრეტენზიის დაფიქსირების გარეშე, მას წაერთვა ნაკლიდან გამომდინარე რაიმე მოთხოვნის უფლება.
8.10. რაც შეეხება შემკვეთის იმ პრეტენზიას, რომ მენარდეს ადგილზე დათვალიერებით უნდა შეედგინა რეალური სურათის ამსახველი ნახაზები და არ უნდა გამოეყენებინა ძველი ნახაზები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამებოდა, სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ძველი ნახაზის გამოყენება და ამ გზით, საქმის გამარტივება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას არ ნიშნავდა. მენარდის და მისი მოწმეების განმარტებით, სამუშაოების შესრულებისას ნახაზები შედარდა არსებულ ვითარებასთან და რაც არ შეესაბამებოდა რეალობას, გასწორდა. დამატებით პალატამ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მენარდე გადამოწმების გარეშე, პირდაპირ ძველ ნახაზებს გადასცემდა შემკვეთს, როგორც შესრულებულ სამუშაოს, მაშინ შემკვეთის პრეტენზია სრულებით ლოგიკური და გასაზიარებელი იქნებოდა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ძველი ნახაზების გამოყენება მოხდა სამუშაოს შესრულებისას, როგორც პროცესის გამარტივების საშუალება და აღნიშნული ვერ იქნებოდა განხილული არაკეთილსინდისიერ ქმედებად, ან სახელშეკრულებო ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევად მენარდის მხრიდან.
8.11. სააპელაციო პალატამ ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა მოპასუხის იმ არგუმენტზე, რომ პირველი ეტაპის სამუშაო მიღებულად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან მხარეთა შორის არ იყო გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღება–ჩაბარების აქტი. პალატამ განმარტა, რომ აქტის გაფორმება წარმოადგენდა მხარის ნებაზე დამოკიდებულ ქმედებას, რასაც ვერ დაეყრდნობოდა სასამართლო სადავო ფაქტის შეფასებისას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ შესწორებული სიტუაციური ნახაზი შემკვეთს ფიზიკურად ჩაბარდა და რაიმე შენიშვნა აღნიშნულთან დაკავშირებით დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად ის გარემოება, რომ მხარეთა შორის მიღება–ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, გავლენას ვერ იქონიებდა სამუშაოს მიღების ფაქტზე. პალატის მოსაზრებით, არ იყო გასაზიარებელი მოპასუხის ის არგუმენტი, რომ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უარი ნიშნავდა შესრულების ნაკლის თაობაზე პრეტენზიის დაფიქსირებას, ვინაიდან შესრულებული სამუშაოს ნაკლის თაობაზე მენარდისთვის შეტყობინება წარმოადგენდა შემკვეთის აქტიური ქმედების შედეგს, რაც მოიცავდა მითითებას კონკრეტულ ნაკლზე და თანმდევ მოთხოვნას, რაც შეიძლებოდა გამოხატულიყო ნაკლის გამოსწორებაში, საზღაურის შემცირებაში და ა.შ.; ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტის არარსებობა ვერ იქნებოდა მიჩნეული შემკვეთის მხრიდან ნაკლის თაობაზე პრეტენზიის დაფიქსირებად.
8.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ, როგორც მენარდემ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შეძლო დაედასტურებინა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღრული პირველი ეტაპის სამუშაოები მას ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული და შემკვეთს მიღებული ჰქონდა შესრულება რაიმე პრეტენზიის დაფიქსირების გარეშე. შესაბამისად, წარმოშობილი იყო სსკ–ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემკვეთის ვალდებულება საზღაურის გადახდის თაობაზე, რაც შეადგენდა 105000 ლარს და რომლის გადახდაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართებულად დაეკისრა მოპასუხეს.
8.13. რაც შეეხება სამუშაოების მე–2 ეტაპს, სააპელაციო პალატამ ამ შემთხვევაშიც, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა. პალატის დასკვნა დაემყარა შემდეგ გარემოებებს:
8.14. დადგენილი იყო, რომ ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს მეორე ეტაპი მოიცავდა პირველი ეტაპით მიღებული შედეგების შედარება-გაანალიზებით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის საპროექტო/ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას. მენარდეს უნდა შეემოწმებინა შენობაში არსებული დანადგარების პარამეტრების შესაბამისობა თბოენერგეტიკული გაანგარიშებით მოთხოვნილ პარამეტრებთან, რის საფუძველზეც, უნდა შეედგინა ინსტალაციის ხარვეზების დეტალური ჩამონათვალი, შეემოწმებინა ცალკეული სათავსოების მიხედვით არსებული მოწყობილობის პარამეტრების შესაბამისობა თბოენერგეტიკული გაანგარიშებით მოთხოვნილ პარამეტრებთან და შეედგინა ინსტალაციის ხარვეზების დეტალური ჩამონათვალი; მიღებული შედეგების საფუძველზე, გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მენარდეს უნდა შეედგინა ტექნიკური დოკუმენტაცია; საპროექტო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა პროექტირება არსებული სისტემების მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით. პროექტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სავენტილაციო სისტემების გარე ჰაერმიმღებების (4 ერთეულის) მდებარეობის ცვლილება ნული ნიშნულიდან გადახურვის ნიშნულამდე არსებული საკომუნიკაციო არხების (შახტების) გამოყენებით; ასევე, კვამლის გამწოვი სავენტილაციო სისტემის მოწყობა სარდაფში. სადავო არც ის იყო, რომ 2019 წლის 26 თებერვალს, მენარდის მიერ წარდგენილი პროექტი არ ითვალისწინებდა გარე ჰაერმიმღებების გადატანას გადახურვის ნიშნულში და ჰაერის მიწოდება-გაწოვის სისტემის მოწყობას უკვე არსებული შახტების გამოყენებით. ამის ნაცვლად, მენარდის მიერ შეთავაზებული პროექტი ითვალისწინებდა არსებული გარე ჰაერმიმღებების აწევას 3-მეტრიანი შუშის კოლონის მეშვეობით და არსებული მილსადენების მეშვეობით ჰაერის მიწოდების უზრუნველყოფას.
8.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ ერთი მხრივ, შემკვეთი აცხადებდა პრეტენზიას შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე მის მოთხოვნებთან, ხოლო მენარდე აცხადებდა, რომ შემკვეთის მოთხოვნის შესრულება შეუძლებელი იყო და მის მიერ წარდგენილი პროექტი უფრო ოპტიმალური იყო. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა–განმარტებებით უდავოდ დადგენილი იყო, რომ მენარდემ არ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულების პირობა, რომ პროექტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სავენტილაციო სისტემების გარე ჰაერმიმღებების (4 ერთეულის) მდებარეობის ცვლილება ნული ნიშნულიდან გადახურვის ნიშნულამდე არსებული საკომუნიკაციო არხების (შახტების) გამოყენებით და ამის ნაცვლად, შემკვეთს წარუდგინა პრობლემის სხვაგვარი გადაჭრის გზა. პალატის განმარტებით, მენარდეს პირველ რიგში უნდა დაედასტურებინა, რომ შემკვეთის მითითების შესრულება შეუძლებელი იყო, რაც მას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. მხარეთა განმარტებით, დანადგარები განთავსებული იყო სარდაფში. შემკვეთის მოთხოვნა გულისხმობდა ჰაერმიმღებების განთავსებას სახურავზე და დანადგარებისათვის ჰაერის მიწოდებას, ასევე, გაწოვას არსებულ შახტებში ჰაერსატარების განთავსებით, ანუ, შახტაში უნდა განთავსებულიყო ორი მილი. მოსარჩელის განმარტებით, შახტების ზომების გათვალისწინებით, ეს შეუძლებელი იყო, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, თავად მენარდის განმარტებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო არსებული შახტების გაფართოების შემთხვევაში, რაც მას შემკვეთისათვის არ შეუთავაზებია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შემკვეთის მითითებების შესრულების შეუძლებლობის მტკიცებისას, მენარდე ეყრდნობოდა მხოლოდ საკუთარ ახსნა–განმარტებას, რაც საკითხის სადავოობისას, ვერ იქნება მიჩნეული ვალიდურ მტკიცებულებად მენარდის პოზიციის გაზიარებისთვის. ამ გარემოებას ემატებოდა ისიც, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე, მენარდემ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები დააფიქსირა, კერძოდ, ერთი მხრივ, ამტკიცებდა ჰაერმიმღები მილების სახურავის ნიშნულზე გადატანის შეუძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აცხადებდა, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იყო ამ პირობის შესრულება, თუმცა იგი მოითხოვდა ბევრად მეტ დანახარჯს, ვიდრე მენარდის მიერ შეთავაზებული პროექტი. შესაბამისად, დგინდებოდა, რომ გარდა რაიმე მტკიცებულების არარსებობისა, თავად მენარდეც ორაზროვნად აფიქსირებდა პოზიციას სახელშეკრულებო პირობის შესრულების შესაძებლობაზე, რაც მისი პოზიციის უარყოფის საფუძველი იყო.
8.16. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მენარდე მიუთითებდა წარდგენილი პროექტის სატენდერო წინადადებასთან შესაბამისობაზე, სახეცვლილების მიუხედავად. ამის დასადასტურებლად, ის მიუთითებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასკვნა ამ გარემოებას არ ადასტურებდა. დასკვნის თანახმად, პროექტი აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს და ეძლეოდა რეკომენდაცია რეალიზაციისათვის. ეს გარემოება კი, საერთოდ არ იყო სადავო. დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვეოდა, რომ ექსპერტს არ შეუსწავლია პროექტის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებასთან და ექსპერტმა იხელმძღვანელა პროექტის განმარტებითი ბარათით, რომლის შინაარსი სასამართლოსათვის უცნობი იყო. დამატებით პალატამ მიუთითა, რომ ის ფაქტი, რომ მენარდემ შემკვეთს ხელშეკრულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პროექტი მოუმზადა, ცალსახა იყო და სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს აფასებდა და თავის მხრივ, არ შეიცავდა რაიმე მითითებას ჰაერმიმღები მილების სახურავის ნიშნულზე გადატანის შეუძლებლობაზე, ვერ იქნებოდა მიჩნეული რელევანტურ მტკიცებულებად წინამდებარე დავის გადაწყვეტისთვის.
8.17. დამატებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა მენარდის ინფორმირებულობაზე; კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ შემკვეთის მოთხოვნათა შესრულება შეუძლებელი იყო, აღნიშნული მაინც ვერ წარმოუშობდა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან აღნიშნული მენარდისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ცნობილი უნდა ყოფილიყო. დადგენილი იყო, რომ სავენტილაციო სისტემების გარე ჰაერმიმღებების (4 ერთეულის) მდებარეობის ცვლილება ნული ნიშნულიდან გადახურვის ნიშნულამდე, წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მენარდის მიერ, მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს აუცილებელ პირობას, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული იყო როგორც სატენდერო პირობებით, ასევე შემდგომში გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით. აქედან გამომდინარეობდა დასკვნაც, რომ მენარდისთვის აღნიშნული პირობის თაობაზე, ტენდერში მონაწილეობის მიღებამდეც უნდა ყოფილიყო ცნობილი. მოსარჩელე აცხადებდა, რომ მითითების შესრულების შეუძლებლობა შემდგომ გამოვლინდა, რაც არ გაიზიარა სასამართლომ, რამეთუ ტენდერის გამოცხადებისას შემსყიდველმა სარეკომენდაციოდ მიუთითა, რომ სამუშაოების დაწყებამდე სასურველი იყო მიმწოდებელი ადგილზე გასცნობოდა ვითარებას, რისი შესრულების შემთხვევაშიც, მენარდე ხელშეკრულების გაფორმებამდე გამოავლენდა მისი შესრულების შეუძლებლობის ფაქტს. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულებისას, მენარდემ გამოიყენა შენობის ძველი ნახაზები, რაც თავის მხრივ, მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მენარდისთვის იმთავითვე ცნობილი იყო შენობის სისტემების მოწყობა და ის წინაღობები, რაზეც მოსარჩელე მიუთითებდა, შემდგომში არ აღმოჩენილა. გარდა ამისა, საქმის განხილვის პროცესში, მოსარჩელემ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას არ გასცნობია ტექნიკური დავალების მოთხოვნებს, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ შემკვეთის მოთხოვნებს თავიდანვე რომ გასცნობოდა, არ დასთანხმდებოდა სამუშაოს შესრულებას. აქედან გამომდინარეობდა ის დასკვნა, რომ მენარდე საკუთარი რისკის ფარგლებში შევიდა ნარდობის ხელშეკრულებაში და დათანხმდა სამუშაოს იმ პირობებით შესრულებას, რასაც ითხოვდა შემკვეთი. ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა ობიექტურ გარემოებათა ცვლილება, მენარდე ვერ მოსთხოვდა შემკვეთს სახელშეკრულებო პირობათა შეუსაბამო სამუშაოს მიღებასა და ანაზღაურების გაცემას.
8.18. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, დამკვეთმა განსაზღვრა მისთვის შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი. მას სურდა კონკრეტული პროექტის მიღება და დამკვეთი არ იყო ვალდებული, მიეღო შესრულება, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულს, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს პროექტი უფრო ოპტიმალური და ეკონომიური, ვიდრე ის რაც თავად შეუკვეთა. დამატებით, პალატამ განმარტა, რომ მაშინ, როდესაც მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა შემკვეთის მოთხოვნებს, შემკვეთს ვერ დაეკისრებოდა იმის მტკიცების ტვირთი, თუ რატომ აცხადებდა უარს განსხვავებული შესრულების მიღებაზე და რას ეფუძნებოდა მისი თავდაპირველი მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის ის არგუმენტები, რომ მის მიერ შედგენილი პროექტი მოითხოვდა ნაკლებ დანახარჯებს, იყო უფრო ეფექტური და საბოლოოდ, უფრო ოპტიმალური, ვერ აქცევდა შესრულებულ სამუშაოს ხელშეკრულების შესაბამისად და ვერ წარმოშობდა შემკვეთის ვალდებულებას ემტკიცებინა, თუ რატომ ურჩევნია მის მიერ თავიდანვე მოთხოვნილი პროექტი.
8.19. პალატამ ასევე, გაზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ შემკვეთის მიერ განსაზღვრული პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკვეთის შესრულებისას მენარდემ აღმოაჩინა, რომ სამუშაოს ამ სახით შესრულება შეუძლებელი იყო, მას შეეძლო, სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასულიყო და 638-ე მუხლის შესაბამისად, მოეთხოვა პირველი ეტაპის სამუშაოსათვის განსაზღვრული საზღაურის გადახდა. ხელშეკრულებით შეთანხმებულისაგან განსხვავებული პროექტის შედგენა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ მენარდე დათანხმდებოდა ცვლილებას. განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთი არც წინასწარ დაეთანხმა ხელშეკრულების პირობის შეცვლას და არც შემდგომში მოიწონა შესრულებული სამუშაო. აღსანიშნავია, რომ მენარდემ თავად გამოიჩინა დაუდევრობა. მისი განმარტებით, ტენდერში ისე მიიღო მონაწილეობა, რომ ტექნიკურ დავალებას არ გასცნობია, ასევე, შემკვეთის შეთავაზების მიუხედავად, არ დაუთვალიერებია შენობაში არსებული ვითარება. სასამართლომ მიიჩნია, რომ შენობის დათვალიერების შემთხვევაში, მენარდე იმთავითვე აღმოაჩენდა, რა ზომის იყო არსებული შახტები და დაეტეოდა თუ არა ორი ჰაერსადენი მილი.
8.20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მენარდემ გადაუხვია შეკვეთის პირობებს, რაც სსკ–ის 641-ე მუხლის (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას) თანახმად ნივთობრივად ნაკლიან შესრულებას ნიშნავდა. ნაკლიანი შერულების შემთხვევაში, შემკვეთს ჰქონდა უფლება: მოეთხოვა დამატებითი შესრულება (სსკ–ის 642-ე მუხლი); თავად გამოესწორებინა ნაკლი და მოეთხოვა ხარჯების ანაზღაურება (სსკ–ის 643-ე მუხლი); შეემცირებინა საზღაური (სსკ–ის 645-ე მუხლი) ან უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე (სსკ–ის 644-ე მუხლი). დადგენილი იყო, რომ შემკვეთი, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებიდან გავიდა, შესაბამისად იხელმძღვანელა სსკ–ის 644-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს შეეძლო 405-ე მუხლის მიხედვით უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში, მენარდე ვალდებული იყო აენაზღაურებინა შემკვეთისთვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ–ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ შემკვეთმა მეორე ეტაპის სამუშაოსთან მიმართებით მენარდე გააფრთხილა ან დამატებითი ვადა განუსაზღვრა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მენარდე შეუძლებლად მიიჩნევდა შემკვეთის მითითების შესრულებას და კატეგორიული წინააღმდეგი იყო მის მიერ შესრულებლი პროექტის შეცვლის, ცალსახა იყო, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრა ან გაფრთხილება უშედეგო იქნებოდა. აღნიშნული კი, თავის მხრივ უფლებას ანიჭებდა შემკვეთს უარი ეთქვა ნაკლიანი შესრულების მიღებაზე და გასულიყო ხელშეკრულებიდან. საბოლოოდ, ვინაიდან მენარდემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შემკვეთი კი ხელშეკრულებიდან გავიდა, მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული საზღაურის მოთხოვნის უფლება მას არ გააჩნდა და ამ ნაწილში, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8.21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნას, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს შესახებ; კერძოდ, ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დამკვეთს უფლება ჰქონდა დაეკისრებინა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულების მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაო მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც 2019 წლის 16 აპრილის წერილით დამკვეთმა მენარდეს აცნობა, რომ მის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულებიდან გადიოდა, ამასთან იტოვებდა პირგასამტეხლოს - 14 000 ლარის მოთხოვნის უფლებას. 2019 წლის 7 მაისის წერილით დამკვეთმა პირგასამტეხლოს - 14 000 ლარის გადახდა მოითხოვა და მენარდეს 10 დღის ვადა განუსაზღვრა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სახეზე იყო მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლო და სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც მოვალისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
8.22. რაც შეეხება დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის პრეტენზიაზე, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებულ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოპასუხეს, როგორც მეწარმე სუბიექტს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, ფიზიკურ პირთან შედარებით. მითითებული არგუმენტი სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად, რამეთუ, როგორც დადგენილი იყო, მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ სახელშეკრულებო პირობათა შემთავაზებელი იყო ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წინასწარ დადგენილი პირობებით ატარებდა ტენდერს. ამასთან, მეწარმე სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ, ან არ მიეღოთ მონაწილეობა ტენდერში. სახელშეკრულებო პირობათა შეცვლისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა ტენდერში მონაწილე სუბიექტებს შეზღუდული ჰქონდათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა მოეხდინა ჩარევა სახელშეკრულებო ურთიერთობაში სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით. დამატებით, პალატამ მიუთითა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლება იყო და აღნიშნული კუთხით მოქმედებდა სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევდა სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენდა სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება.
8.23. ამ მიმართებით, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხულ იქნა არა დარღვეული ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ თანხიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელს ვალდებულება არ დაურღვევია, ეწინააღმდეგებოდა ყველა კერძოსამართლებრივ პრინციპს, კანონის დანაწესს და საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
8.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული მეორე ეტაპის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, რომლის ღირებულება შეადგენდა 35 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 140 000 ლარს. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასმატეხლოს ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა ყოფილიყო დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, რომლის 10% შეადგენდა 3500 ლარს.
8.25. პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმო იყო ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენდა. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ, არსებობდა საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს უნდა ჰქონოდა შემაკავებელი ეფექტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ არსებობდა მისი გაზრდის, ან შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. შპს „ს–ომ“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა; ხოლო, სსიპ იუსტიციის სახლმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრისა და 18 ნოემბრის განჩინებებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ს–ოსა“ და სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო საჩივრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. შპს „ს–ოს“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11.1. შპს „ს–ოს“ განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა. ამ მიმართებით, პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ დამკვეთის უპირატეს მოთხოვნას წარმოადგენდა იმგვარი საპროექტო გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფდა არსებული სისტემების შენარჩუნებას. იმავდროულად, პროექტით მენარდეს უნდა უზრუნველყო ხარვეზების გამოსწორება და შესრულებული სამუშაო უნდა ყოფილიყო სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №001415119 დასკვნით დასტურდება, რომ შპს „ს–ოს“ მიერ მომზადებული პროექტის მეორე ეტაპი - სავენტილაციო სისტემების ნახაზები და გათბობა-გაგრილების მილგაყვანილობის სისტემები აკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, რის გამოც, მიეცა რეკომენდაცია რეალიზაციისათვის. ასეთ პირობებში, პირველი კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ მიუთითებს სასამართლო იმაზე, რომ მენარდეს არ შეუთავაზებია შახტების გაფართოვების შედეგად სამუშაოს შესრულება, მით უფრო მაშინ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილ იქნა ტექნიკური დავალების შესაბამისად (გარე ჰაერმიმღებების მდებარეობის ცვლილება) მომზადებული იუსტიციის სახლის 0 სართულის გეგმა (საპროექტო გადაწყვეტა), სადაც პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შედეგებზე დაყრდნობით, გაანგარიშებულია საჭირო მოცულობის ჰაერმიმღებები და ჰაერსატარები, რომლებიც უნდა განთავსდეს შენობის შახტებში. გეგმის შესაბამისად კი, ირკვევა, რომ სახურავიდან სავენტილაციო დანადგარებისათვის ჰაერის მიღების შემთხვევაში, საჭირო ხდება დამატებითი სავენტილაციო შახტების გაჩენა შენობაში; აგრეთვე, დამატებითი ჰაერმიმღები კვანძების გაჩენა. სანიმუშო პროექტის თანახმად, დამატებით საჭიროა სამი შახტის გაჭრა შემდეგი გაბარიტებით: ა) 1500X3000, 4,5 კვ.მ.; ბ) 1500X2000, 3 კვ.მ.; და გ) 1500X8000, 12 კვ.მ. პირველი კასატორის მითითებით, სწორედ ასეთი პროექტი გამოიწვევდა შენობის არქიტექტურული თუ კონსტრუქციული პროექტის ცვლილებას. რაც შეეხება დამკვეთის ინფორმირებას, პირველი კასატორი განმარტავს, რომ მენარდემ 2019 წლის 17 და 25 იანვრის წერილებით, მოპასუხეს წერილობით აცნობა არსებული პრობლემის (ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნის ობიექტისათვის ტექნიკურად არამიზანშეწონილობის) შესახებ და ითხოვა ერთიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ოფიციალური კომპეტენტური პირის გამოყოფა; დასახელებული წერილების საპასუხოდ კი, დამკვეთმა უარი განაცხადა მენარდის მოთხოვნაზე და მიუთითა, რომ სსიპ იუსტიციის სახლს გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სპეციალისტი არ ყავდა და მოთხოვნა ასეთი პირის გამოყოფის თაობაზე, ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული.
11.2. ასევე, შპს „ს–ოსთვის“ გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შემკვეთმა ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტით იმდაგვარად ისარგებლოს, რომ ნაწილობრივ მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულება (პირველი ეტაპის სამუშაოები, მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული გათბობა გაგრილების პროექტის მიღება და პირგასამტეხლო) და ნაწილობრივ გავიდეს ხელშეკრულებიდან. პირველი კასატორის განმარტებით, თუკი დამკვეთი მოითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაშინ მას უნდა უზრუნველეყო მიღებული შესრულების (პირველი და მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების) მენარდისათვის დაბრუნება, რაც მას არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, შემკვეთი სარგებლობდა გადაცემული კვლევის შედეგებითა და პროექტით (მოიცავს ორივე ეტაპის სამუშაოებს) და მის საფუძვლზე ახორციელებდა საჭირო დანადგარების შეძენას.
11.3. გარდა ამისა, პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ დამკვეთს არ ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
12. სსიპ იუსტიციის სახლის საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. სსიპ იუსტიციის სახლი პრეტენზიას გამოთქვამს სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები ჯეროვნად შეასრულა. ამ მიმართებით, იუსტიციის სახლი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული პასუხი გასცა მოპასუხის შენიშვნებს და აღნიშნავს, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას და არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში, ვინაიდან, რეალურად, არანაირი დასაბუთებული პასუხები მნიშვნელოვან შენიშვნებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა. მეორე კასატორის განმარტებით, დაკვეთილი სამუშაოებით, იუსტიციის სახლი მიზნად ისახავდა შენობაში არსებული სავენტილაციო გათბობისა და გაგრილების სისტემების მუშა ნახაზების შედგენას, რომელიც უწყებას არ გააჩნდა. შესყიდვის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო ნახაზები შედგენილიყო სპეციალისტების მიერ. სანაცვლოდ კი, მოსარჩელემ შემსყიდველისთვის უცნობ პროექტში, არასრულყოფილად ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე შეიტანა შესწორებები, თუმცა, რამდენად შესაბამისობაში იყო ეს პროექტი რეალურად არსებულ მდგომარეობასთან, გაურკვეველია. მეორე კასატორი სამუშაოს შესრულებისას გამოკვეთილი უზუსტობების გათვალისწინებით, შეუძლებლად მიიჩნევს იმის თქმას, რომ შპს „ს–ოს“ მიერ, პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები ჯეროვნად შესრულდა. მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის განმარტებისას, სასამართლოს არ შეეძლო უგულვებელეყო ექსპერტიზის დანიშვნა და დაყრდნობოდა მხოლოდ ლოგიკას ან მოწმეების ჩვენებას, რამეთუ მოწმის ჩვენება ვერ ჩაანაცვლებს ექსპერტიზის დასკვნას.
12.2. სსიპ იუსტიციის სახლი პრეტენზიას გამოთქვამს ასევე, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებითაც და მიიჩნევს, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს სრულად (14000 ლარის) დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-53-49-2017, 07 აპრილი, 2017 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს, სსიპ იუსტიციის სახლსა (დამკვეთი) და შპს „ს–ოს“ (მენარდე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის შენობა-ნაგებობის გაგრილება, ვენტილაციის სისტემების მდგომარეობის კვლევის, ნაკადების რეგულირებისა და ხარვეზების პროექტირების მომსახურება. მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი 1-ის (ტექნიკური დავალება), დანართი 2-ის (ფასების ცხრილი) და დანართი 3-ის (მომსახურების გეგმა-გრაფიკი) შესაბამისად, რის სანაცვლოდაც დამკვეთი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სათანადო ანაზღაურება გადაეხადა მენარდისათვის.
19. მენარდის განმარტებით, დამკვეთს არ დაუფარავს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების საფასური, რაც შეადგენს პირველი ეტაპის სამუშაოებისათვის 105000 ლარს, ხოლო, მეორე ეტაპის სამუშაოებისათვის - 35000 ლარს, სულ ჯამში - 140000 ლარს.
20. დადგენილია, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) თავის დაცვის საპროცესო საშუალებად - შესაგებელთან ერთად (რომლითაც სარჩელი არ ცნო), შეგებებული სარჩელიც გამოიყენა და მიუთითა, რომ მენარდეს არ გაუწევია მხარეთა შორის 2018 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, რის გამოც, ერთი მხრივ, მას არ წარმოშობია საპასუხო ფულადი ვალდებულების შესრულების საფუძველი, ხოლო, მეორე მხრივ, თავად მენარდეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს სახით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის - 14000 ლარის გადახდის ვალდებულებულა.
21. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მუხლებიდან გამომდინარეობს, ხოლო, ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს/შემკვეთს სურს (მენარდისათვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
23. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მენარდემ ჯეროვნად შეასრულა თუ არა მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორ ეტაპიანი სამუშაოები. კერძოდ, სსიპ იუსტიციის სახლი (შემკვეთი) არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები ჯეროვნად შეასრულა, რაც შემკვეთის საპასუხო შესრულების (ფულადი) ვალდებულებას განაპირობებს; ხოლო, შპს „ს–ო“ (მენარდე) არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მასზედ, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეორე ეტაპის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რამაც ხელშეკრულებიდან შემკვეთის გასვლისათვის კანონით განსაზღვრული წინაპირობები შექმნა.
24. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს სსიპ იუსტიციის სახლის პრეტენზიას მასზედ, რომ მენარდის მიერ შესრულებული პირველი ეტაპის სამუშაოები ნაკლიანი იყო (ვრცლად იხ. ამ განჩინების 11.1. პუნქტი). ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
25. პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-1324-2019, 12.03.2021წ.; №ას-58-2020, 11.03.2020წ.). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხეს - სსიპ იუსტიციის სახლს ევალებოდა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაედასტურებინა მენარდის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, თუმცა, საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ მენარდის მიერ შესრულებული პირველი ეტაპის სამუშაოები ნაკლიანი იყო. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე (თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში), ამავე კოდექსის 652-ე (თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო) მუხლებზე და განმარტავს, რომ შემკვეთის მიერ სამუშაოს მიღების ვალდებულება გამოიხატება იმაშიც, რომ შემკვეთმა უნდა შეამოწმოს შესრულებული სამუშაოს შედეგი და თუ მასში აღმოაჩენს ნაკლს, მაშინ ეს გარემოება უნდა გააფორმოს ჯეროვნად (იხ. ლ. ჭანტურია და სხვები, სამოქალაქო კოდექსის კომენტარის მეოთხე წიგნი, თბილისი 2001, მუხლი 649; ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2011, გვ. 305). აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელოვანია, რამდენადაც შესრულებული სამუშაოს მიღებით, შემკვეთი ადასტურებს, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. შესაბამისად, შემკვეთი ამ მოქმედების განხორციელებით (სამუშაოს მიღებით), კარგავს ნაკლთან დაკავშირებით მოთხოვნის უფლებებს. აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საუბარია ფარულ ნაკლზე, ასევე თუ შემკვეთი სამუშაოს მიღებისას გააკეთებს დათქმას ნაკლის გამო უფლებების შენარჩუნების შესახებ (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1899-2018, 16/05/2019 წ.).
26. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებთან მიმართებით, შემკვეთის შენიშვნები მენარდეს 05 თებერვალს ჩაბარდა. შესწორებული სიტუაციური ნახაზები („ალბომი 3“) შემკვეთს 2019 წლის 26 თებერვალს დაუბრუნდა. კასატორის იმ მითითების საპირისპიროდ, რომ დასაბუთებული პასუხები მნიშვნელოვან შენიშვნებთან დაკავშირებით მენარდის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შესწორებულ ალბომთან მიმართებით, შემკვეთს რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია და პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, არ ყოფილა გაკეთებული რაიმე დათქმა შესრულების ნაკლის გამო არსებული უფლებების შენარჩუნების შესახებ. ნიშანდობლია, რომ შემკვეთი არც ფარული ნაკლის არსებობაზე აპელირებს, რისი აღმოჩენის შემთხვევაშიც, შემკვეთს ნაკლთან მიმართებით მეორადი მოთხოვნის უფლებები შეუნარჩუნდებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არც ის გარემოება დასტურდება, რომ შპს „ს–ოს“ მიერ სარჩელის აღძვრამდე, შემკვეთმა ისარგებლა ნაკლიანი შესრულების გამო მენარდისთვის მეორადი მოთხოვნის წარდგენის უფლებით. შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოებთან მიმართებით, საკასაციო პალატა სსიპ იუსტიციის სახლის მოსაზრების საპირისპიროდ, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ შემკვეთის პრეტენზია შესრულების ნაკლთან მიმართებით, უსაფუძვლოა.
27. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, სასამართლო ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ. საქმეზე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). განსახილველ შემთხვევაშიც, სააპელაციო პალატის დასკვნა მენარდის მხრიდან პირველი ეტაპის სამუშაობის ჯეროვნად შესრულების თაობაზე, დიდწილად მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობამ, საქმეში დაცულმა წერილობითმა მტკიცებულებებმა (დამკვეთსა და მენარდეს შორის განხორციელებული მიმოწერა, ინსპექტირების აქტი, პასუხი ინსპექტირების აქტით გამოვლენილ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, მენარდის დამხმარე პირების სახელზე დაშვებული საშვების შესახებ ინფორმაცია), მოწმეთა ჩვენებებმა და მხარეთა მიერ განვითარებულმა მსჯელობამ განაპირობა. შესაბამისად, უსაფუძვლოა სსიპ იუსტიციის სახლის მითითება მასზედ, რომ პირველი ეტაპის სამუშაოების ჯეროვანი შესრულების საკითხის შეფასებისას, სასამართლო მხოლოდ ლოგიკას და მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო.
28. რაც შეეხება არგუმენტს სააპელაციო პალატის მხრიდან ექსპერტიზის დანიშვნის უგულვებელყოფასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება) (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-948-2019, 27.05.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს თანაბრად მიეცათ საპროცესო შესაძლებლობა თავად უზრუნველეყოთ საქმისწარმოების მსვლელობისას კვალიფიციურ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა სარწმუნოობასაც სასამართლო საკუთარი მიხედულების ფარგლებში მიანიჭებდა უპირატესობას და ჩათვლიდა უფრო დასაბუთებულად. აღსანიშნავია, რომ საპროცესო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, ორივე მხარემ სრულად შეძლო თანაბრად და დაუბრკოლებლად ამ პრინციპებით სარგებლობა, ხოლო თუ რამდენად წარმატებულად, აღნიშნული აისახა სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპასუხე მხარეს თავად შეეძლო წარმოედგინა ექსპერტიზის დასკვნა როგორც პირველ, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოებში (სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში) საქმის წარმოების პერიოდში, თუმცა, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
29. ასევე, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის - შპს „ს–ოს“ მიერ წარმოდგენილ საკასაციო შედავებას, რომლითაც მან სადავოდ გახადა შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების წინაპირობები იმ თვალსაზრისით, რომ მისი მხრიდან მეორე ეტაპის სამუშაოები ჯეროვნად შესრულდა (საკასაციო პრეტენზიები ამ ნაწილში ვრცლად იხ. ამ განჩინების 11.1.-11.2. პუნქტები).
30. ზემოაღნიშნული საკასაციო შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველია ორმხრივ ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევა. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებული არიან, შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად თქვან უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე (შდრ. სუსგ. საქმეებზე: №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-38-38-2018, 08.06.2018წ.). ვალდებულების დარღვევა იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და რომლის ინტერესთა საზიანოდაც, შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
31. შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს მენარდის მიერ შეთანხმებული სამუშაოს არაჯეროვანი/ნაკლიანი შესრულება. მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება - ნაკლის გამოსწორება (სსკ-ის 642-ე მუხლი) ან ახალი ნაკეთობის დამზადება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ხოლო შემდგომ, დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის (სსკ-ის 644-ე მუხლი) ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება (სსკ-ის 645-ე მუხლი). გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-222-2021, 04.06.2021წ.).
32. ამდენად, თუ მენარდემ დაარღვია უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება, შემკვეთს წარმოეშობა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება ნაკეთობის ნაკლის გამო (სსკ-ის 644-ე მუხლი - ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები), თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა შემოწმდეს მისი ამოქმედების წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ შემკვეთის მეორადი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის სახით, მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება, ვინაიდან დასახელებული ნორმა არ არის მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი და ხელშეკრულებიდან გასვლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე, 405-ე და 352-ე მუხლების ურთიერთშეჯერებით უნდა განხორციელდეს.
33. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მართლზომიერების შეფასებისა და მენარდის მხრიდან, ვალდებულების არაჯეროვანი/ნაკლიანი შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნებისათვის, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირველი კასატორი სადავოდ არ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მენარდის მიერ შესრულებული მეორე ეტაპის სამუშაოს მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებთან შეუსაბამობის თაობაზე. ამ მიმართებით, დადგენილია, რომ სამუშაოს მეორე ეტაპი მოიცავდა პირველი ეტაპით მიღებული შედეგების შედარება-გაანალიზებით გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის საპროექტო/ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას. მეორე ეტაპის სამუშაოს შესრულების სავალდებულო პირობა იყო, რომ შესადგენ პროექტში აუცილებლად ყოფილიყო გათვალისწინებული სავენტილაციო სისტემების გარე ჰაერმიმღებების (4 ერთეულის) მდებარეობის ცვლილება ნული ნიშნულიდან გადახურვის ნიშნულამდე არსებული საკომუნიკაციო არხების (შახტების) გამოყენებით. სადავო არ არის, რომ მენარდე დაეთანხმა დამკვეთის შეთავაზებას და იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაო სწორედ ამ პირობით შეესრულებინა, თუმცა, მენარდემ დამკვეთს საბოლოოდ, სხვაგვარად შედგენილი პროექტი შესთავაზა.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 639-ე მუხლზე (თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა), ამავე კოდექსის 641-ე მუხლზე (ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას) და განმარტავს, რომ ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას (იხ. სუსგ. საქმეზე: №ას-1522-2019, 12.02.2021წ.). ამასთან, სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და განმარტავს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების შესრულებას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად.
35. მოცემულ შემთხვევაში, იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მენარდის მიერ შესრულებული მეორე ეტაპის სამუშაო ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო იყო (რაც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა), საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ შესრულება ნაკლიანი იყო (ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ნაკეთობას) და შემკვეთი უფლებამოსილი იყო არ მიეღო შესრულება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამატებითი შესრულების სახით ნაკლის გამოსწორების (სსკ-ის 642-ე მუხლი), ახალი ნაკეთობის დამზადების (სსკ-ის 643-ე მუხლი) ან დამატებითი ვადის ცალკე დაწესების წინაპირობები (სსკ-ის 405-ე მუხლის II „ა“ ქ/პუნქტი) არ იკვეთება, რამეთუ მენარდე იმთავითვე აპელირებდა დამკვეთის მიერ ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობის შესრულების შეუძლებლობაზე (ჰაერმიმღები მილების სახურავის ნიშნულზე გადატანის შეუძლებლობის თვალსაზრისით). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის (ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე) ამოქმედების წინაპირობები, რის გამოც, ხელშეკრულებიდან შემკვეთის გასვლა, მართლზომიერი იყო.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამფუძნებელი უფლების განხორციელება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ცალკეული მოთხოვნის წარმოშობასა და გაუქმებაზე. უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლით წარმოშობს ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, ანუ, ხელშეკრულების ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება და სარგებელი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-349-2021, 11.06.2021 წ.). მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც დადგენილია ხელშეკრულებიდან შემკვეთის გასვლის მართლზომიერება, ამასთან, რამდენადაც სადავო არ არის, რომ ჯეროვნად შესრულდა და მიღებულებად ჩაითვალა მხოლოდ სამუშაოების პირველი ეტაპი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ იუსტიციის სახლს, ორმხრივი რესტიტუციის პრინციპიდან გამომდინარე, პირველი ეტაპის სამუშაოების სახით მიღებული შესრულების უკან დაბრუნების ვალდებულების ნაცვლად, მართებულად დაეკისრა შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა (ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს).
37. საკასაციო პალატა პირველი კასატორის - შპს „ს–ოს“ ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ მას პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია (იხ. ამ განჩინების 11.3. პუნქტი). აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მენარდის მიერ, ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი დადგენილია; ასევე, უდავოა, რომ ასეთი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მხარეები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.2-ე მუხლის შესაბამისად, წერილობით შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებაზე, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე (ხელშეკრულების 9.4 პუნქტი). იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ეტაპის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი კასატორს არ გაუქარწყლებია, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრება მართლზომიერია.
38. დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით, მეორე კასატორის - სსიპ იუსტიციის სახლის შედავების (იხ. ამ განჩინების 12.2. პუნქტი) საწინააღმდეგოდ კი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ იუსტიციის სახლის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ (მეორე ეტაპის სამუშაოებთან მიმართებით) დარღვევისა, სსიპ იუსტიციის სახლის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, მათ შორის, ჯეროვნად შეუსრულებლი ვალდებულების ღირებულებაც. ანალოგიურ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
39. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
40. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
43. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „ს–ოს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1925 ლარის 70% – 1347.5 ლარი, ხოლო, სსიპ „იუსტიციის სახლის“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის 70% – 3500 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სსიპ „იუსტიციის სახლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. შპს „ს–ოს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1925 ლარის (საგადახდო დავალება N9805, გადახდის თარიღი 29.10.2024წ.) 70% – 1347.5 ლარი;
4. სსიპ „იუსტიციის სახლის“ (2......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის (საგადახდო დავალება N49171, გადახდის თარიღი 09.10.2024წ.) 70% – 3500 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე