№ას-1421-2024 20 მარტი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „ლ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1.შპს „ლ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 358932.53 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ - შპს „ლ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა მნაწილობრივ; შპს „ლ–ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, დაეკისრა 23928.83 ლარის გადახდა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს „ლ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 717.88 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ლ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 72845.6 ლარის გადახდა; შპს „ლ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით, 2022 ლარის გადახდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, წინამდებარე საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა; უბნის ინსპექტორის პერანგი გრძელი მკლავით, ნაცვლად 2021 წლის 19 ივნისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2022 წლის 31 მარტს - 285 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო დმი-ის პერანგი გრძელი მკლავით, ნაცვლად 2021 წლის 04 ივნისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 29 ნოემბერს - 178 კალენდარული დღის დაგვიანებით.
6.1.2. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
6.2. პალატის მითითებით, აპელანტის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას შეეხებოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად და საგრძნობლად შეამცირა. მოპასუხე კი. ძირითად აქცენტს აკეთებდა ობიექტური გარემოების - გავრცელებული პანდემიის გამო ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობაზე, რის გამოც ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას.
6.3. პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
6.4. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
6.5. განსახილველ შემთხვევაში, იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო იყო თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვებოდა ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა პერანგების მიწოდება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
6.6. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს კონკრეტული მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად გავრცელებულმა პანდემიამ შეუშალა ხელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებაში, არ წარმოუდგენია. ამასთან, მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 05 აპრილს, ხოლო პანდემია 2020 წლის დასაწყისიდან არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ხელშეკრულების გაფორმებისას და შესრულების ვადაზე შეთანხმებისას, შეეძლო გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება.
6.7. პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მხარეთა შორის არსებული შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე და ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, სასამართლომ გაითვალისწინა რა საქმის კონკრეტული გარემოებები, შეუსრულებული ვალდებულების მოცულობა, დარღვევის სიმძიმე და ხანგრძლივობა, მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 23928.83 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ იყო და ვერ უზრუნველყოფდა ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამო იყო ვალდებულების დარღვევასთან. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, ამასთან, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 0.05%-ით.
6.8. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 22 აპრილს გაფორმდა №1 შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2021 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებაში, სახელდობრ, შემცირდა მისაწოდებელი შსს უბნის ინსპექტორის გრძელსახელოიანი პერანგების რაოდენობა და განისაზღვრა 16785 ცალით, შესაბამისად, შემცირდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებაც და განისაზღვრა 516821.5 ლარით. ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები დარჩა უცვლელად; ასევე, დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, კერძოდ, დმი-ის პერანგი გრძელი მკლავით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 14950 ლარს, ნაცვლად 2021 წლის 04 ივნისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2021 წლის 29 ნოემბერს - 178 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად, 0.05%-ის პირობებში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 1330.55 ლარს (14 950*178=2 661 100*0,05%/100=1330.55). უბნის ინსპექტორის პერანგი გრძელი მკლავით, ნაცვლად 2021 წლის 19 ივნისისა, მიწოდებულ იქნა სრულად 2022 წლის 31 მარტს - 285 კალენდარული დღის დაგვიანებით. აღნიშნულ ნაწილში შესასრულებელი ვალდებულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 501871.5 ლარს, შესაბამისად, 0.05 %-ის პირობებში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 71515.05 ლარს (501 871.5*285=1 430 333 775*0.05%/100=71515.05).
6.9. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორი კი არ უნდა გამდიდრებულიყო, არამედ უნდა ანაზღაურებოდა დანაკარგები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის მოპასუხისთვის დაკისრება ემსახურებოდა კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევდა ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგებოდა პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მაინც შეამცირა პირგასამტეხლო იმგვარად, რომ არ უმსჯელია თუ რა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში. კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ამ რაოდენობით შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობასა და მის ქმედითობას. ამასთან, ამგვარი პრაქტიკის დამკვიდრება ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისა თუ შეუსრულებლობის წახალისების საშუალებად და მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის დაკნინებადაც კი, შეიძლება იქნეს განხილული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლ–, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია ამავე განჩინებაში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. ამ მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი). ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
17. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ შედავებას გაიზიარებს, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაუსაბუთებლად შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1511-2018, 26.03.2019 წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-186-2021, 25.03.2021 წ.).
18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის შესაგებელში გამოთქმულ შედავებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა პროცენტთან მიმართებით უსაფუძვლო, არაპროპორციული და შეუსაბამოდ დიდია, რამეთუ მოსარჩელეს ვადაგადაცილებული შესრულებით არ მისდგომია რაიმე სახის ზიანი, მათ შორის, არც ფინანსური დანაკლისი, რის გამოც, პიგასამტეხლოს სახით, ასიათასობით ლარის მოთხოვნის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელე მხარის უსაფუძვლო გამდიდრების სურვილს ემსახურება (ტ.1, ს.ფ. 121-138; იხ. მე-6 და მე-8 ფაქტობრივი გარემოება); ამასთან, პალატა ითვალისწინებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც ხელშეკრულების საერთო ღრებულების ნახევარზე მეტია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შესრულების ვადაგადაცილებით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი და საბოლოო ჯამში, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
20. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
22. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე