№ას-1446-2024
20 მარტი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „ნ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1.შპს „ნ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 28620 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ - შპს „ნ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ნ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3706.55 ლარის გადახდა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს „ნ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 111.19 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. შსს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემსყიდველი) და შპს „ნ–ს“ (მიმწოდებელი) შორის, 2022 წლის 05 ოქტომბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №522 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ (მიმწოდებელმა) იკისრა ვალდებულება შესაბამისი საზღაურის სანაცვლოდ, მოსარჩელისთვის (შემსყიდველისათვის) მიეწოდებინა მეხანძრე-მაშველების ზამთრის უნიფორმა (4000 ცალი ქურთუკი და 4000 ცალი შარვალი) ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2023 წლის 03 ინვრისა.
ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1 060 000 (ერთი მილიონ სამოცი ათასი) ლარს.
ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
6.1.2. შპს „ნ–მა“ 161385 ლარის ღირებულების საქონელი (609 ცალი ქურთუკი და 609 ცალი შარვალი) მოსარჩელეს მიაწოდა 2023 წლის 16 იანვარს, 13 დღის ვადაგადაცილებით.
6.1.3. შპს „ნ–მა“ 106000 ლარის ღირებულების საქონელი (400 ცალი ქურთუკი და 400 ცალი შარვალი) მოსარჩელეს მიაწოდა 2023 წლის 24 იანვარს, 17 დღის ვადაგადაცილებით.
6.1.4. შპს „ნ–მა“ 130115 ლარის ღირებულების საქონელი (491 ცალი ქურთუკი და 491 ცალი შარვალი) მოსარჩელეს მიაწოდა 2023 წლის 30 იანვარს, 27 დღის ვადაგადაცილებით.
6.1.5. შპს „ნ–მა“ 2500 ცალი ქურთუკი და 2500 ცალი შარვალი მოსარჩელეს მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
6.2.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ მართალია, მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იყო, თუმცა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 28620 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი იყო და ექვემდებარებოდა შემცირებას.
6.3.სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ და აპელანტის შედავება სამართლებრივი შეფასების საკითხს შეეხებოდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა და შპს „ნ–ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 3706.55 ლარის გადახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ.
6.4.პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.
6.5.ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) დარიცხული პირგასამტეხლო 28620 ლარს შეადგენდა, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული/შემცირებული პირგასამტეხლო - 3706.55 ლარის ოდენობით, გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა და სრულად შეესაბამებოდა მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს; ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს იძლეოდა.
6.6.სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართალში პროცესის მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი შემცირების არამართლზომიერება. ზემოთთქმულის საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ) შეძლო სასამართლოსთვის შეექმნა ვარაუდი მასზედ, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების წინაპირობები არსებობდა.
6.7.ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო, რადგან პირგასამტეხლო უნდა ყოფილიყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ჯამურ ოდენობად, ვადაგადაცილებული დღეების, თითოეულ მონაკვეთზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებისა და 0,05%-ის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა 3706.55 ლარით განსაზღვრული.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ ისე შეამცირა პირგასამტეხლო, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინტერესები, თანაც უხეშად ჩაერია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში, რომელიც თავის მხრივ, კერძო სამართლის ქვაკუთხედია. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება აქვს, ეს არ უნდა განხორციელდეს, მხოლოდ მოვალის ინტერესების შესაბამისად. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მხოლოდ მოვალის ინტერესების ცალმხრივ დაცვაზე იზრუნა და მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს მკვეთრ შემცირებაზე, რითაც დაარღვია თანაზომიერება ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის. კასატორის მოსაზრებით, არარეალურია პირგასამტეხლო 3706.55 ლარის ოდენობით რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ანდა მიყენებული ზიანის კომპენსირების საშუალებას წარმოადგენდეს იმ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომლის საერთო ღირებულებაც 1 060 000 (ერთი მილიონ სამოცი ათასი) ლარს წარმოადგენს, რამეთუ მოპასუხე მხარემ, რომელმაც იცის, რომ ხელშეკრულების დარღვევით მას მხოლოდ მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს, არ იქნება ორიენტირებული რაიმე შეფერხების არსებობისას დროულად, ყველა საშუალების გამოყენებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია ამავე განჩინებაში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს.
16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირდეს, რაკი ეს უკანასკნელი მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეათანხმეს. ამ მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი). ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
17. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიებს პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში (კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,10%-ის ოდენობით, არ იყო შეუსაბამოდ მაღალი; დაკისრებული ოდენობით პირგასამტეხლო ვერ შეასრულებს რაიმე სახის პრევენციულ, ვალდებულების მასტიმულირებელ ანდა მიყენებული ზიანის კომპენსირების ფუნქციას იმ ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომლის საერთო ღირებულებაც 1 060 000 (ერთი მილიონ სამოცი ათასი) ლარს წარმოადგენს) არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. ამ თვალსაზრისით, პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1511-2018, 26.03.2019 წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-186-2021, 25.03.2021 წ.).
18. ამასთან, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა ვადაში მიუწოდებელი საქონლის ღირებულება.
20. ამ მიმართებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ შპს „ნ–მა“ 161385 ლარის ღირებულების საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა 13 დღის ვადაგადაცილებით; 106000 ლარის ღირებულების საქონელი - 17 დღის ვადაგადაცილებით; 130115 ლარის ღირებულების საქონელი 27 დღის ვადაგადაცილებით; ხოლო, დარჩენილი რაოდენობის საქონელი მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
21. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობა ხელშეკრულების საერთო ღირებულებაზე (1060000 ლარი) გაცილებით ნაკლებია. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით ბევრად მცირე იქნებოდა, რაც სწორედ მის არაგონივრულად მაღალ ოდენობაზე მეტყველებს. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
22. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობას, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შესრულების ვადაგადაცილებით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი და საბოლოო ჯამში, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე და მისი ოდენობა მართებულად განსაზღვრეს დარღვეული ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
24. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
26. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე