Facebook Twitter

ბს-107-101(კ-07) 11 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარეL;'მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები): ნ. კ-ე, ლ. ჯ-ე, ნა. კ-ე, ნ. ხ-ი, მ. ა-ე და სხვები, წარმომადგენელი _ რ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ მთავრობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 10 ივლისს ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელმა რ. ფ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნ. კ-ე, ლ. ჯ-ე, ნა. კ-ე, ნ. ხ-ი, მ. ა-ე, ნა. გ-ე, ნ. ჩ-ა, ფ. ქ-ე, ი. ზ-ე, მ. ბ-ე, გ. ფ-ე-ს-ი, ი. ნ-ე, ნ. ბ-ე, ზ. ყ-ი, ნ. მ-ე, ლ. დ-ე, ლ. ჭ-ე და ი. ვ-ე მუშაობდნენ აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილებაში. აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილების საფუძველზე ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილება. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოცემული ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის 2006 წლის 16 ივნისის ¹10 ბრძანებით მოსარჩელეები, იმავე განყოფილების თანამშრომლები, სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულები.

სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილება მიღებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, სადავო დადგენილებაში არ იყო მითითებული ის ორგანო, რომელშიც ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება იქნებოდა შესაძლებელი, გასაჩივრების წესი და ვადები. აღნიშნული დადგენილება არ შეესაბამებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ იგი არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ხსენებულ დადგენილებაში არ იყო მითითებული ის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი. დარღვეული იყო იმავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, აჭარის ა/რ მთავრობამ ისე გამოსცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ არ აცნობა დაინტერესებულ მხარეებს, ვინაიდან ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესებულიყო მათი სამართლებრივი მდგომარეობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილებაში, რომლითაც ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაცია განხორციელდა, არ იყო მითითებული ლიკვიდაციის მიზეზი, რაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, აჭარის ა/რ მთავრობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის საფუძველზე ვალდებული იყო აღნიშნული კოდექსით დადგენილი წესით გამოექვეყნებინა ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, რაც არ განახორციელა. აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილების გამოცემისას ასევე დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 211-ე, 212-ე და 213-ე მუხლები, რაც დასახელებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა რ. ფ-ემ აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილებისა და აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის 2006 წლის 16 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელმა რ. ფ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენლის _ რ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილება. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსმა 2006 წლის 16 ივნისს გამოსცა ¹10 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ხსენებული დადგენილებისა და სადავო ბრძანების გამოცემას წინ უძღოდა ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების თანამშრომლების გაფრთხილება აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ “აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის 281-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა მთავრობა. ამდენად, აჭარის ა/რ მთავრობამ, იხელმძღვანელა რა მითითებული კანონის შესაბამისი ნორმებით, გამოიყენა მასზე კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების წარმომადგენლის _ რ. ფ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის მიერ 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, თუმცა იმავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადებულიყო იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი არსებითი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად კი ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლით ან 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის დარღვევით, ან კანონით გათვალისწინებული ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლით და 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამასთან, ნორმატიული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, ვინაიდან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მთავრობას კანონით ჰქონდა მინიჭებული.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეებს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით ერთი თვით ადრე, შესაბამისად, არც აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის 2006 წლის 16 ივნისის ¹10 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არსებობდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინება ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელმა რ. ფ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სადავო დადგენილება არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას. ხსენებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ იყო მითითებული ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა იგი. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებული მხარეებისათვის.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილებაში არ იყო მითითებული ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის მიზეზი, რაც ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი და არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იყო დარღვეული ხსენებული კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლები.

კასატორი მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 15 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 18 აპრილამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 6 ივნისს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 28 აპრილის აქტით ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მუშაკებმა _ სულ 37 მუშაკმა, მათ შორის, მოსარჩელეებმა თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ იმავე განყოფილების 2006 წლის 28 აპრილის ბრძანებით ეცნობათ, ანუ წერილობით იქნენ გაფრთხილებულები ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ (ს.ფ. 78). “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ” აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილებით “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის 281-ე მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილება (ს.ფ. 22). აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის ¹97/ო ბრძანებით შეიქმნა აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების სალიკვიდაციო კომისია (ს.ფ. 76-77). 2006 წლის 15 ივნისს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსს აცნობა აღნიშნული დადგენილების თაობაზე, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და სთხოვა დასახელებული დადგენილების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება (ს.ფ. 27). ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსმა 2006 წლის 16 ივნისს გამოსცა ¹10 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეები _ ნ. კ-ე, ლ. ჯ-ე, ნა. კ-ე, ნ. ხ-ი, მ. ა-ე, ნ. გ-ე, ნ. ჩ-, ფ. ქ-ე, ი. ზ-ე, მ. ბ-ე, გ. ფ-ე-ს-ი, ი. ნ-ე, ნ. ბ-ე, ზ. ყ-ი, ნ. მ-ე, ლ. დ-ე, ლ. ჭ-ე და ი. ვ-ე გათავისუფლდნენ სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, იმავე განყოფილების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით (ს.ფ. 25-26).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული დადგენილება კი ეხება მოსარჩელეებს, მაგრამ დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად აყენებს იგი ზიანს მათ კანონიერ ინტერესს, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობამ გამოიყენა აღმასრულებელი კომპეტენცია და უფლება ჰქონდა განეხორციელებინა ყველა სახის რეორგანიზაცია, გასაჩივრებული დადგენილება წარმოადგენს მთავრობის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში განიხილებოდა არა მისი კანონიერების, არამედ მიზანშეწონილობის საკითხი, რის გამოც სარჩელი იყო უსაფუძვლო (ს.ფ. 58-59). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო აქტები მიღებული იყო კანონის სრული დაცვითა და შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ, “აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის შესაბამისად, ხოლო მოსარჩელეებს არ ჰქონდათ უფლება, სადავოდ გაეხადათ ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის ფაქტი, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება იყო აჭარის ა/რ მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილება _ თუ აჭარის ა/რ მთავრობას მიაჩნდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში საჭირო იყო ცვლილებები, მას უფლება ჰქონდა მიეღო ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება და არ იყო ვალდებული მიეთითებინა ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების გაუქმების მიზეზი (ს.ფ. 81). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოცემულ დავაში აპელანტები იყვნენ არასათანადო მოსარჩელეები და ამ შემთხვევაში სათანადო მოსარჩელე შეიძლებოდა ყოფილიყო აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც საერთოდ არ ედავებოდა მას, ამასთან, საქართველოში მოქმედი არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ ითვალისწინებდა მუშაკთა თანხმობას ამა თუ იმ სამსახურის ლიკვიდაციაზე, ხოლო აჭარის ა/რ მთავრობას ადმინისტრაციული წარმოებაც რომ ჩაეტარებინა და მასში აპელანტებსაც მიეღოთ მონაწილეობა, აჭარის ა/რ მთავრობის მიერ სხვა გადაწყვეტილება მაინც არ იქნებოდა მიღებული (ს.ფ. 117-118). სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ სხდომაზე აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და განმარტა, რომ აღნიშნული სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის უფლება გააჩნდა მხოლოდ აჭარის ა/რ მთავრობას (ს.ფ. 118).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ ფაქტზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილებაში არ იყო მითითებული ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის მიზეზი, რაც ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ “აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის 281-ე მუხლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და, ამდენად, აჭარის ა/რ მთავრობამ, იხელმძღვანელა რა მითითებული კანონის შესაბამისი ნორმებით, გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “აჭარის ა/რ მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის 281-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, აჭარის ა/რ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს მთავრობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის შეწყვეტა, ანუ მისი ლიკვიდაცია აჭარის ა/რ მთავრობის ექსკლუზიურ, ლეგალურ კომპეტენციას და დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისათვის არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას ან პირობას, რაც ლეგალურად შეზღუდავდა აჭარის ა/რ მთავრობის უფლებამოსილებას ზემოხსენებული ორგანიზაციულ-სტრუქტურული ხასიათის გადაწყვეტილების მიღებისას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში აჭარის ა/რ მთავრობა უფლებამოსილი იყო საჯარო და კერძო ინტერესების შეფასების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია და მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, მათ შორის, მიეღო გადაწყვეტილება აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ორგანოს _ ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ. ამასთან, აჭარის ა/რ მთავრობის აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილება არ გამორიცხავდა მისი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაეცვა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის სამართლებრივი ნორმების დამოუკიდებელი გამოცემის, ანუ მათთვის ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ამ ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც განაპირობებს ამგვარი უფლებამოსილების რეალიზაციისას კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის აუცილებლობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საჭიროა საჯარო წესრიგის დაცვა, რასაც უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების შესრულება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მყარი და სტაბილური სამართლებრივი წესრიგისა და სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტს, ხოლო ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისთვის იდეალურ გარემოს ქმნის მყარი და სანდო სამართლებრივი წესრიგი. იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნება დაცული კანონმდებლობის მოთხოვნები, აღნიშნული, რასაკვირველია, ზოგად ზიანს აყენებს სამართლებრივ წესრიგს, თუმცა ზოგადი ზიანის მიყენება ვერ ჩაითვლება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებისათვის საკმარის პირობად და ამისათვის აუცილებელია უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებმა თავიანთი ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ წერილობით იქნენ გაფრთხილებულები ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ (ს.ფ. 78). ამდენად, მოსარჩელეებს, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით, დაწესებულების ლიკვიდაციისა და სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით ერთი თვით ადრე, რის გამოც არ არსებობს აჭარის ა/რ მთავრობის 2006 წლის 6 ივნისის ¹52 დადგენილების ბათილად გამოცხადების და, შესაბამისად, მის საფუძველზე გამოცემული ქ. ბათუმის სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის 2006 წლის 16 ივნისის ¹10 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელ რ. ფ-ეს სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის, ლ. ჯ-ის, ნა. კ-ის, ნ. ხ-ის, მ. ა-ისა და სხვათა წარმომადგენელ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.