Facebook Twitter

№ას-175-2024

21 ნოემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – მ.ნ–ი, ა.ს–ძე, ა.ქ–ი, დ.კ–ძე, კ.მ–ძე, ი.მ–ძე, ბ.კ–ძე, გ.ს–ძე, გ.ს–ია, გ.ჩ–ი, ააიპ „ს.რ.კ–ი“

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.ა–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1.ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 06 იანვრის №B21000582/3 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე;

1.2.ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 08 თებერვლის N49469 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

1.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ი.ა–ძის №B21000582 განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაცია ა(ა)იპ ს.რ.კ–ის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების თაობაზე.

2. მოპასუხემ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებმა გაიზიარეს მოსარჩელის პოზიცია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, ი.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი.ა–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ი.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება;

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალაამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება.

7.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილზე ((არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება), ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (მარეგისტრირებელი ორგანო ამ თავით განსაზღვრულ, მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგისტრაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს), 35-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას), 50-ე მუხლზე (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ) და განმარტა, რომ როგორც კომერციული საზოგადოების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საერთო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენდა მრავალმხრივი გარიგების ნაირსახეობას, რომლის თავისებურებასაც განაპირობებდა (როგორც წესი) წესდებით შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღების წესი. წესდებით უნდა მოწესრიგებულიყო ასევე კრების მოწვევის წესი და პროცედურა.

7.3. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ა(ა)იპ ს.რ.კ–ის წესდება საერთო კრებისა და რიგგარეშე საერთო კრების უფლებაუნარიანობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წესს ითვალისწინებდა; კერძოდ, საერთო კრება ითვლებოდა შემდგარად, თუ მასში მონაწილეობას იღებდა ხმის უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილი იყო ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც. თუ ეს პირობა არ შესრულდებოდა, მოიწვეოდა განმეორებითი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა. რიგგარეშე კრებებზე ხმები გამოითვლებოდა უკანასკნელი მორიგი საერთო კრების მონაცემებით - 6.10 მუხლის გათვალისწინებით. რიგგარეშე საერთო კრება უფლებამოსილი იყო, თუ მასზე წარმოდგენილი იქნებოდა ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. სწორედ ამიტომ, პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარო რეესტრს დაედგინა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საერთო კრების ოქმი იყო პირველადი თუ განმეორებითი.

7.4. პალატამ აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან მიმართებით, მოპასუხის პოზიცია ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი განმეორებითი კრების ოქმი მოწვეული იყო კავშირის წესდების მოთხოვნათა დარღვევით - განმეორებითი კრებისთვის დადგენილი ვადების დაუცველად. წესდება არ ითვალისწინებდა განმეორებითი კრების გადადებას. ასევე, წარდგენილი კრების გადაწყვეტილებით, შეცვლილი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რისი უფლებაც წევრებს არ ჰქონდათ. თავის მხრივ, მოსარჩელე განმარტავდა, რომ განმეორებითი კრების ვადაში ჩაუტარებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორით, რაც მომდინარეობდა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებითა და აკრძალვებით. ასევე, მოსარჩელე განმარტავდა, რომ ვინაიდან კრება დამტკიცებული იყო ნოტარიუსის საჯარო აქტით, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება არ ჰქონდა კრების გადაწყვეტილების შინაარსობრივ კვლევაში შესულიყო (ეკვლია მისი მოწვევის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობა). მოსარჩელე იმასაც განმარტავდა, რომ დღის წესრიგი არ შეცვლილა, ვინაიდან წესდების თანახმად, გამგეობის წევრების კანდიდატთა ნომინირებას საერთო კრებაზე მხოლოდ კავშირის პრეზიდენტი ახდენდა. ამდენად, ახლადარჩეულის პრეზიდენტის მიერ, ამ საკითხის კრების წინაშე დაყენება როგორც ლოგიკური, ასევე მოსალოდნელიც იყო და კანონიერიც.

7.5. სააპელაციო პალატამ მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლზე (თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო), ამავე კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილზე (დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად) და აღნიშნა, რომ ა(ა)იპ ს.რ.კ–ის 2020 წლის 24 თებერვლისთვის დანიშნული და ჩაშლილი კრების შემდგომ, განმეორებით საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 5 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, კრების ჩატარების შესაძლებლობა 2020 წლის 27 მაისამდე არსებობდა. განმეორებით კრება კი, 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

7.6. პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რადგან დაადგინა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, არსებული ფორს-მაჟორული სიტუაცია არ წარმოადგენდა ა(ა)იპ ს.რ.კ–ისთვის ხელისშემშლელ გარემოებას წესდებით გათვალისწინებულ ვადაში მოეწვია და ჩაეტარებინა რიგგარეშე საერთო კრება. აღნიშნულ დასკვნას დაეთანხმა სააპელაციო პალატაც.

7.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე და ყურადღება მიაქცია აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ სწორედ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული სამართლებრივი აქტებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა 2020 წლის მარტის თვეში განმეორებითი კრების ჩატარება. კერძოდ, პრევენციის მიზნით, წლის დასაწყისიდან სახეზე იყო სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებები. მოგვიანებით, მთავრობის მიერ, 2020 წლის 2-4 მარტს დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, შეჩერდა ხალხმრავლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 12 მარტს, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დაწესებულ აკრძალვებში მოხსენიებული არ იყო ტერმინი „საერთო კრება“, გაუგებრობის აღმოფხვრის მიზნით, 2020 წლის 8 ივნისს, კავშირის პრეზიდენტმა მიმართა სამინისტროს თხოვნით, არსებული რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად დაერთოთ ნება ჩაეტარებინა განმეორებით კრება, რაც სამინისტრომ დუმილით უარყო. მოგვიანებით კი, თავად სამინისტრომ, 2020 წლის 17 ივლისის სარეკომენდაციო წერილით მიმართა სპორტულ ფედერაციებს, გადადებულიყო დაგეგმილი კრებების ჩატარება 2020 წლის ბოლო პერიოდისთვის. ამდენად, აპელანტის განმარტებით, ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, ა(ა)იპ ს.რ.კ–ი ვერ შეძლებდა 2020 წლის 24 თებერვლიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 30 დღის ვადაში განმეორებით კრების ჩატარებას. გარდა ამისა, კრების მონაწილეებმა დაადასტურეს და მოიწონეს განმეორებითი კრების მოწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, კრებას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მიერ, სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი ნოტარიუსი, რომელმაც შეადგინა კრების ოქმი და შინაარსობრივად დაამოწმა იგი (საჯარო აქტით). ამდენად, არ არსებობდა კრების მოწვევის კანონიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

7.8. პალატამ აღნიშნა, რომ შეფასების საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად მოახდინა გავლენა ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა კავშირის საერთო კრების ჩატარებასთან და წარმოადგენდა თუ არა იგი დამაბრკოლებელ გარემოებას.

7.9. ამ მიმართებით, პალატამ მიუთითა 2020 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის წესდებზე, რომლის თანახმად, კავშირის საერთო კრება სხვადასხვა უფლებებთან ერთად ირჩევს კავშირის პრეზიდენტს, პრეზიდენტის წარდგინებით - გამგეობის წევრებს და წესდებაში შეაქვს ცვლილებები. საერთო კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობენ მხოლოდ კავშირის ნამდვილი წევრები. საერთო კრება ითვლება შემდგარად, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილია ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც. თუ ეს პირობა არ შესრულდა, მოიწვევა განმეორებით საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა. რიგგარეშე კრებებზე ხმები გამოითვლება უკანასკნელი მორიგი საერთო კრების მონაცემებით - 6.10 მუხლის გათვალისწინებით. რიგგარეშე საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მასზე იქნება წარმოდგენილი ნამდვილ წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. ამდენად, წესდებით განსხვავებულად წესრიგდებოდა საერთო კრებისა და რიგგარეშე საერთო კრების უფლებაუნარიანობის საკითხი.

7.10. პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ ა(ა)იპ ს.რ.კ–ის 2020 წლის 24 თებერვლისთვის დანიშნული საერთო კრება არ ჩატარდა (ჩაიშალა) ქვორუმის არარსებობის გამო. წესდების თანახმად კი, განმეორებით საერთო კრება უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 5 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში.

7.11. 2020 წლის 25 მარტამდე 4 დღით ადრე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც, მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეზღუდათ გარკვეული უფლებები, მათ შორის აიკრძალა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის N2 ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა 22 მაისის ჩათვლით. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-31/ნ ბრძანებით, დამტკიცდა იზოლაციისა და კარანტინის წესები: დაწესდა კომენდანტის საათი, კონკრეტულ საათებზე აიკრძალა ქვეითად ან სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრის დასაშვები რაოდენობა შემცირდა 10-დან 3 პირამდე და სხვა. ასევე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N2 დადგენილებით, სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად აიკრძალა ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა. ამავე დადგენილებით, შეიზღუდა 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებული იყო საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.). ასევე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით და 2020 წლის 3 ივნისის N345 დადგენილებით (იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ) დაშვებულ იქნა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა, ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელი პროცედურის/აქტივობისა. ხოლო 2020 წლის 20 ივლისის და 9 სექტემბრის დადგენილებებით, აიკრძალა ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი, ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმით.

7.12. პალატის მითითებით, დადგენილი იყო ის გარემოებაც, რომ განმეორებით კრებისთვის წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, 2020 წლის 20 მარტს გაიმართა ა(ა)იპ ს.რ.კ–ის გამგეობის კრება, რომლის გადაწყვეტილებით, კავშირის 2020 წლის განმეორებითი საერთო კრების (ყრილობის) ჩატარება გადაიდო. გადაწყვეტილებაში გამგეობა უთითებდა, რომ კრება გადაიდო ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრამდე, ხოლო რთული მდგომარეობის აღმოფხვრად ან ისეთი გაუმჯობესების დადგომად, როდესაც ისევ, ზედმეტი საფრთხის გარეშე, შესაძლებელი გახდებოდა ადამიანების შეკრება, მიჩნეულ იქნა საქართველოს მთავრობის ან/და უფლებამოსილი შესაბამისი უწყების/პირის რეკომენდაცია/გადაწყვეტილება. აპელანტის განმარტებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კონკრეტულ რიცხვს წინასწარ ვერ განსაზღვრავდნენ, ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებული იყო საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი უწყების რეკომენდაცია/გადაწყვეტილების მიღებაზე. სწორედ ამიტომ მოხდა ასეთი ფორმულირებით განმეორებით კრების გადადების გადაწყვეტილების მიღება.

7.13. პალატა არ დაეთანხმება აპელანტის პოზიციას და მიუთითა ამავე გადაწყვეტილების შინაარსზე, სადაც არ იყო აღნიშნული, მის მოწვევამდე, იყო თუ არა განსაზღვრული განმეორებითი კრების თარიღი და არც გადადების მოტივაცია შეიცავდა კონკრეტულ თარიღზე მითითებას, ასევე არ იყო მითითებული თუნდაც პანდემიური სიტუაციის გამოსწორებაზე. ქვეყანაში არსებული შეზღუდვები არ უკრძალავდა კავშირს საერთო კრება 2020 წლის 20 მარტამდე ჩაეტარებინა, ან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული პერიოდის გამოკლებით, სხდომა ჩაეტარებინა 2020 წლის 27 მაისამდე. საგულისხმო იყო, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ჩამოთვლილი აქტების თანახმად, ყველა დადგენილებით, რაც ითვალისწინებდა მასობრივი ღონისძიებების (შეკრებების, ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია) აკრძალვას, ნებადართული იყო აღნიშნული ღონისძიების გამართვა დისტანციური ფორმით. უფრო მეტიც, გამგეობის 2020 წლის 20 მარტის სხდომაც დისტანციურად გაიმართა.

7.14. პალატამ ასევე მიუთითა, რომ კავშირის წესდებით განსხვავებულად წესრიგდებოდა საერთო კრებისა და რიგგარეშე საერთო კრების უფლებაუნარიანობის საკითხი: საერთო კრება ითვლებოდა შემდგარად, თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე წევრთა (ნამდვილ წევრთა) ნახევარზე მეტი და წარმოდგენილი იყო ნამდვილ წევრთა ხმების 2/3 მაინც. თუ ეს პირობა არ შესრულდებოდა, მოიწვეოდა განმეორებითი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით არშემდგარი კრების დღიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 30 დღისა. რიგგარეშე კრებებზე ხმები გამოითვლებოდა უკანასკნელი მორიგი საერთო კრების მონაცემებით - 6.10 მუხლის გათვალისწინებით. რიგგარეშე საერთო კრება უფლებამოსილი იყო, თუ მასზე წარმოდგენილი იქნებოდა ნამდვილი წევრთა ხმების სულ ცოტა 50%-ზე მეტი. სწორედ ამიტომ, მნივშნელოვანი იყო საჯარო რეესტრს დაედგინა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი საერთო კრების ოქმი პირველადი იყო თუ განმეორებითი.

7.15. პალატამ აღნიშნა, რომ ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომლის არსებობისას შეუძლებელია ხელშეკრულების პირობების შესრულება. ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაციის არსებობასთან ერთად სახეზე უნდა იყოს მისით გამოწვეული ვალდებულებათა შეუსრულებლობა. ამდენად, ფორს-მაჟორული სიტუაციის არსებობა უნდა აბრკოლებდეს გარკვეული ქმედების შესრულებას, კონკრეტულ შემთხვევაში, წესდებით დადგენილ ვადაში განმეორებით კრების მოწვევის შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა.

7.16. საქმეში წარმოდგენილი იყო კრების მოწვევის გადაწყვეტილებები და სანოტარო აქტები. პალატამ მიუთითა 2020 წლის 16 დეკემბერის N201051943 სანოტარო აქტზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის 24 თებერვლის კრება მოწვეული იყო შემდეგი დღის წესრიგით: 1) სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი სიტყვა; 2) სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები; 3) სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა; 4) წესდების ცვლილების რეგისტრაცია. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021 წლის 06 იანვრის სანოტარო აქტი N210003296, სადაც აღნიშნული იყო, რომ კრება შედგა 2020 წლის 30 დეკემბერს, შემდეგი დღის წესრიგით: 1) სრკ-ის გამგეობისა და პრეზიდენტის შემაჯამებელი ანგარიში; 2) სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანდიდატთა გამოსვლები; 3) სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა; 4) წესდების ცვლილებების მიღება. აღსანიშნავი იყო, რომ 2020 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე დაზუსტდა დღის წესრიგი. როგორც სანოტარო აქტში იყო მითითებული, კრებაზე თავმჯდომარემ დააყენა ცალკეული საკითხების ამოღება, რის შემდეგადაც გ.ს–ძემ ითხოვა სიტყვა და შესთავაზა კრებას, დღის წესრიგიდან ამოეღოთ მე-4 საკითხი, რადგან ახალი რედაქციით წესდება წარმოდგენილი არ იყო. ასევე მეოთხე საკითხთან დაკავშირებით მითითებული იყო, რომ ვინაიდან წესდების ცვლილებები წარმოდგენილი არ იყო, გ.მ–მა შესთავაზა მისი ჩანაცვლება გამგეობის წევრების არჩევით, იგივე წესით, რაც გათვალისწინებული იყო მოქმედი წესდებით და რა წესითაც ხდებოდა ადრე გამგეობის წევრების არჩევა. კერძოდ, ახალარჩეულ პრეზიდენტს წარმოედგინა მის მიერ შერჩეული გამგეობის წევრობის კანდიდატურები და ახალი გამგეობის შემადგენლობის არჩევისთვის ეყარათ კენჭი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, დგინდებოდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბრის კრებაზევე დაზუსტდა დღის წესრიგი და თავდაპირველად მისი მოწვევა ძველი დღის წესრიგით, სადაც შედიოდა წესდების ცვლილებების მიღების საკითხიც, ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. პალატამ მიუთითა, რომ განმეორებითი კრება მოწვეული და ჩატარებული უნდა ყოფილიყო იმავე დღის წესრიგით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დგინდებოდა. შესაბამისად, პალატამ 2020 წლის 30 დეკემბრის კრება განმეორებით კრებად არ მიიჩნია.

7.17. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის ზეპირი განხილვის დროს, აპელანტის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იყო საჯარო რეესტრის პრაქტიკა ააიპ საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ძალადაკარგულად ცნო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები. 2023 წლის 01 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა პოზიცია ააიპ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულების შესახებ, რაც აპელანტის აზრით, წარმოადგენდა განსახილველი დავის იდენტურ შემთხვევას, რა დროსაც, საჯარო რეესტრმა გააუქმა სსიპ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის ცვლილების რეგისტრაცია და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები.

7.18. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება მიღებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N2/9271-17) საფუძველზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ააიპ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის 2017 წლის 12 მარტის წევრთა რიგგარეშე N2 კრების ოქმი, 2017 წლის 20 მარტის წევრთა რიგგარეშე კრების ოქმი, 2017 წლის 04 აპრილის რიგგარეშე კრების ოქმი და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. არსებითი განსხვავება განსახილველ დავასა და აპელანტის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას შორის იყო ის, რომ აღნიშნული სადავო კრების ოქმების საფუძველზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების შედეგად, ააიპ საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული იყო რიგი ცვლილებები და ამასთან N2/9271-17 საქმესთან დაკავშირებით არსებულ დავაში საჯარო რეესტრი არ წარმოადგენდა მხარეს, ვინაიდან გასაჩივრებული იყო აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტები. მიმდინარე დავის ფარგლებში კი, მხარე სადავოდ არ ხდიდა ააიპ ს.რ.კ–ის რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საფუძვლად არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. შესაბამისად, როდესაც საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე N2/9171-17), რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძვლად არსებული დოკუმენტები და მათგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები (ანუ სადავო კრების ოქმების საფუძველზე მიღებული რეგისტრაციის შემდგომ განხორციელებული ცვლილებები), საჯარო რეესტრმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის გადაწყვეტილებები.

7.19. მოცემულ შემთხვევაში, პალატა დაეთანხმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციას და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება განსახილველი დავის იდენტური არ იყო. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება რეგისტრირებული ცვლილებების გაუქმების შესახებ ეფუძნებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადებულიყო, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნოდა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში კი, დავის საგანს წარმადგენდა არა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ მხარე ითხოვდა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებას.

7.20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2020 წლის 30 დეკემბრის კრების მოწვევისას დარღვეული იყო განმეორებითი კრების მოწვევის დროისთვის არსებული რედაქციით კავშირის წესდებით დადგენილი წესი და ვადები. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ი.ა–ძისთვის 2020 წლის 6 იანვარს წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციაზე უარის თქმა მართებული იყო.

7.21. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი დარღვევების გარეშე, სწორად შეაფასა მტკიცებულებები და დაადგინა სადავო გარემოებები, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ი.ა–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ პირველი კრების გამართვის შემდგომ, განმეორებითი კრების ჩატარების ვადის დარღვევა არასაპატიო მიზეზით მოხდა. კასატორი მიიჩნევს, რომ გარდა ფორს-მაჟორული ვითარებისა, რამაც განმეორებითი კრების ჩატარების ვადების დარღვევა განაპირობა, სასამართლოს საკითხის განხილვისას, მხედველობაში უნდა მიეღო და შეეფასებინა, თუ რას ემსახურებოდა ზოგადად ამ ვადების დაწესება. კასატორის განმარტებით, განმეორებითი კრების ვადის მიზანია ის, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა არ გააჭიანუროს არჩევნები და რაგბის კავშირმა დროულად უზრუნველყოს ახალი მენეჯმენტის არჩევა. კასატორის მითითებით, მოსარჩელე 2021 წელს არ იყო რაგბის კავშირის მენეჯმენტში. ის გარედან მოსული კანდიდატს წარმოადგენდა, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არჩევნების დღის წესრიგის ფორმირებაში ანდა არჩევნების დაგეგმვაში. მოსარჩელე, ისევე, როგორც სხვა კანდიდატები, უბრალოდ მონაწილეობას იღებდა იმ მოცემულობაში, რომელიც შექმნა რაგბის კავშირმა. ამიტომ, დაუშვებელია რაგბის კავშირის კონტროლის მიზნით, წესდებაში ჩაწერილი რეგულაცია პირდაპირ გამოიყენებოდეს როგორც რეპრესიული ინსტრუმენტი იმ პირების მიმართ, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში და აქვთ მოლოდინი იმისა, რომ არჩევნების მოგებაში ჩადებული დრო ტყუილად არ დახარჯეს. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოცემული საკითხი სწორად ვერ დააიდენტიფიცირეს, რის გამოც, შეიქმნა იმგვარი ვითარება, როდესაც რაგბის კავშირი საკუთარ პოტენციურ „დაუდევრობას“ საკუთარი თავის სასარგებლოდ იყენებს.

10.2. რაც შეეხება კონკრეტულად პანდემიასა და ფორს-მაჟორულ ვითარებას, კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს მასზედ, რომ (ა) გამგეობას არ დაუდგენია და უნდა დაედგინა განმეორებითი კრების ჩატარების თარიღი 2020 წლის 20 მარტის შეკრებისას; (ბ) საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე შესაძლებელი იყო განმეორებითი კრების ჩატარება; (გ) ნებადართული იყო დისტანციური ფორმით ღონისძიებების გამართვა; (დ) საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც (2020 წლის 23 მაისი) დარჩენილი იყო 4 დღე წესდებაში გაწერილი 10-30 დღიანი ვადიდან და შესაძლებელი იყო 2020 წლის 27 მაისამდე განმეორებითი კრების ჩატარება. აღნიშნული არგუმენტების საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული ვითარების დაშვების შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელია წინასწარ გათვლილ იქნეს ვადა, თუ როდის აღმოიფხვრება ფორს-მაჟორი, რამეთუ ამ უკანასკნელის მთელი არსი სწორედ ის არის, რომ მხარეებისთვის ობიექტურად შეუძლებელია მისი პროგნოზირება და ფორს-მაჟორული გარემოებები მხარეთა კონტროლს მიღმაა. ამიტომ, გამგეობას არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება კრების თარიღად პირობითი თარიღი მიეთითებინა. გამგეობამ გააკეთა აბსოლუტურად ლოგიკური მითითება 2020 წლის 20 მარტის დისტანციური შეკრებისას, რომ: „განმეორებითი საერთო კრების (ყრილობის) ჩატარება გადაიდო ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრამდე, ხოლო რთული მდგომარეობის აღმოფხვრად ან ისეთი გაუმჯობესების დადგომად, როდესაც ისევ, ზედმეტი საფრთხის გარეშე, შესაძლებელი გახდებოდა ადამიანების შეკრება, მიჩნეულ იქნა საქართველოს მთავრობის ან/და უფლებამოსილი შესაბამისი უწყების პირის რეკომენდაცია/გადაწყვეტილება“. სასამართლოს მიერ მოყვანილ იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ გამგეობას უნდა უზრუნველეყო საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე კრების ჩატარება, კასატორი განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული გარემოება წარმოადგენს სამოქალაქო ვადებისა და ვალდებულებების გადაწევის ობიექტურ საფუძველს და სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეს მიუთითოს, რომ ფორს-მაჟორის დადგომამდე შეესრულებინა ვალდებულება. ვალდებულების ამოწურვის თარიღამდე დაუშვებელია ვალდებულ პირს მოეთხოვოს ვალდებულების შესრულება იმ წინასწარ უცნობი ფორს-მაჟორის გამო, რომლის პროგნოზირებაც სუბიექტს არ შეუძლია. დისტანციურ ფორმატში კრების ჩატარების არგუმენტთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ საზოგადოების წესდება არ ითვალისწინებს მსგავსი ფორმით კრების ჩატარებას. აღნიშნულ ვითარებაში ჩატარებული კრების ოქმი კი, იქნებოდა უკანონო, სწორედ მისი არასწორი ჩატარების ფორმის (დისტანციურობის) გამო. ფორს-მაჟორული ვითარების მოქმედების პერიოდთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და COVID-19 პანდემიის მართვასთან დაკავშირებით შემოღებული მარეგულირებელი აქტების გათვალისწინებით, ფორს-მაჟორული გარემოებების დაწყების თარიღად სასამართლოს უნდა მიეჩნია სულ მცირე 2020 წლის 04 მარტი (მთავრობის მიერ შეზღუდვების შემოღება) და ფორს-მაჟორული გარემოების დასრულების თარიღად განესაზღვრა 30 დეკემბერი (სამინისტროს რეკომენდირებული თარიღი კრებისთვის).

10.3. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ განმეორებით მოწვეულ კრების ოქმთან დაკავშირებით, სასამართლომ არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა(ა)იპ ს.რ.კ–ის არცერთ წევრს ანდა პრეზიდენტობის კანდიდატს, კრების ოქმი არც საჩივრისა და არც სარჩელის წარდგენის გზით, არ გაუსაჩივრებიათ და არც ბათილად არის ცნობილი. შესაბამისად, 30.12.2020 წლის კრების ოქმი ნამდვილია.

10.4. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს იმ თვალსაზრისითაც, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა და არ შეაფასა, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი განსახილველი დავის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორს, მის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.

16. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობების არსებობის შემოწმება.

17. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი. რამდენადაც აღიარებითი ხასიათის მოთხოვნა სხვა პროცესუალურ წინაპირობებთან ერთად, დამატებით მოითხოვს სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას, ამასთან, რამდენადაც კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია სწორედ ამ საკითხს შეეხება (იხ. ამ განჩინების 10.4. პუნქტი), საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასება მიეცეს საკითხს - აქვს თუ არა მოსარჩელეს სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ, ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ. №ას-838-802-2014, 19/03/2015წ.). როგორც დიდმა პალატამ ამ ნორმის განმარტებისას დაასკვნა: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016). ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა“ (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-937-887-2015; 10/11/2015 წ.). სხვა სამოქალაქო საქმეზე კი, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს“ (იხ. სუსგ. №ას-1059-2019, 20.09.2019 წ.).

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას, მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს.

20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, განხორციელდება ა(ა)იპ ს.რ.კ–ის პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევნების 2020 წლის 30 დეკემბრის კრების ოქმით გათვალისწინებული შედეგების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ა(ა)იპ ს.რ.კ–ის პრეზიდენტად ი.ა–ძის, ხოლო, გამგეობის წევრებად 11 კონკრეტული პირის რეგისტრაციას, რომლებმაც უნდა განახორციელონ ა(ა)იპ ს.რ.კ–ის წესდებით გათვალისწინებულ უფლებამოსილება კავშირის ხელმძღვანელონისა და მართვის სახით.

21. წარმოდგენილი სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის განხილვისა და საკითხის გადაწყვეტის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი იარსებებს, თუ დადასტურდება, არა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტების უკანონობა, არამედ 2020 წლის 30 დეკემბრის კრების ოქმით გათვალისწინებული შედეგების რეგისტრაციის შესაძლებლობაც.

22. ზემოაღნიშნულ აბზაცში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში, კავშირის პრეზიდენტად - ი.ა–ძის, ხოლო, გამგეობის წევრებად კონკრეტულ პირთა რეგისტრაციის შესაძლებლობის საკითხს შეაფასებს, რამეთუ რეგისტრაციის შეუძლებლობის დადასტურების შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის (სადავო აქტების უკანონობის) თუნდაც აღიარება და სადავო აქტების ბათილად ცნობა, ვეღარ გახდება მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მომტანი.

23. შესაფასებელ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ, ა(ა)იპ ს.რ.კ–თან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულია კავშირის სარეგისტრაციო მონაცემებში - კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებები (1) 18.03.2021 წლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის 10.03.2021 წლის განმეორებითი საერთო კრების ოქმის საფუძველზე, განხორციელდა სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება - კავშირის პრეზიდენტად დარეგისტრირდა ი.ტ–ძე. ამავე გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდნენ გამგეობის ახალი წევრები; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.04.2021 წლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის გამგეობის 29.03.2021 სხდომის ოქმის საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება, რომელიც შეეხო გამგეობის თავმჯდომარის/წევრის ცვლილებას; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.08.2021 წლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის 19.08.2021 წლის რიგგარეშე საერთო კრების ოქმის საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება - დარეგისტრირდა წესდების ახალი რედაქცია, ასევე გამგეობის ახალი წევრები; 4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.11.2021 წლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის 10.11.2021 წლის გამგეობის სხდომის ოქმის საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება, რომელიც შეეხო გამგეობის თავმჯდომარის/წევრის ცვლილებას; 5) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.2022 წლის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის N17/დ ბრძანებისა და კანდიდატის თანხმობის საფუძველზე დაინიშნა გამგეობის აღმასრულებელი დირექტორი; 6) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.07.2022 წლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ს.რ.კ–ის N629/დ ბრძანებისა და კანდიდატის საფუძველზე განხორციელდა ცვლილება, რომელიც შეეხო გამგეობის აღმასრულებელი დირექტორის/წევრის ცვლილებას), რომლებიც სადავო არ გამხდარა და არ გასაჩივრებულა. ამასთან, სადავო არ გამხდარა და არ გასაჩივრებულა ა(ა)იპ ს.რ.კ–ის გამგეობისა და საერთო კრების გადაწყვეტილებები, რაც საფუძვლად დაედო თვით მარეგისტრირებელი ორგანოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ გასაჩივრებულა და ძალაშია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტების მიღების შემდგომ, ა(ა)იპ ს.რ.კ–თან დაკავშირებით მიღებული სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელების განმაპირობებელი დოკუმენტები (იხ. ამ განჩინების 23-ე აბზაცი), წინამდებარე საქმეზე სადავოდ გამხდარი მარეგისტრირებელი ორგანოს აქტების უკანონოდ მიჩნევისა და მათი ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, მოსარჩელის ძირითადი მიზანი, ვეღარ მიიღწევა.

25. ზემოაღნიშნულ დასკვნას საკასაციო პალატას ვერ გაუქარწყლებს კასატორის მითითება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.1 მუხლის „ე“ ქ/პუნქტსა (რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრაქტიკაზე (გადაწყვეტილება №B21058788/3, 10/06/2021წ.), რამეთუ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომლის თანახმად, წინა რეგისტრაციის უკანონობა თავისთავად არ იწვევს შემდგომი რეგისტრაციების ბათილობას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების კანონიერების გადასინჯვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ცნობა ან არარად აღიარება. ამდენად, დაუშვებელია რეგისტრაციის გაუქმება მისი საფუძვლის ძალაში ყოფნის პირობებში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ გააკეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ „..უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში..“ (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ბს-585-572(4კ-14), 30.04.2015წ.; Nბს-30-30(2კ-15), 02.07.2015წ.) (იხ. სუსგ. საქმეზე №ბს-173 (4კ-20), 09/07/2020 წ.).

26. ამდენად, წინამდებარე სარჩელთან მიმართებით, არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის სასარგებლო იურიდიული შედეგის დადგომას. შესაბამისად, ა(ა)იპ ს.რ.კ–ის პრეზიდენტისა და გამგეობის არჩევნების 2020 წლის 30 დეკემბრის კრების ოქმის წესდებასთან შესაბამისობის თაობაზე, კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების ნაწილში, საკასაციო პალატა აღარ განავრცობს მსჯელობას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ი.ა–ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ი.ა–ძეს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N20549521237, გადახდის თარიღი 12.02.2024) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე