საქმე №ას-89-2025
19 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ია (მ–ძე) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება (ლ.გ–იას (მ–ძე) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში)
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–იას (მ–ძე) (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „პირველი აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), ა.მ–ის (ქ–ძე) (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე აპელანტი“) და ნინო გრძელიძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე აპელანტი“) მიმართ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 530 596 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები, რომლებითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით პირველი და მეორე აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტებს სააპელაციო საჩივრებზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 07 დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; მეორე აპელანტს ასევე დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
5. პირველი აპელანტის წარმომადგენელმა 2024 წლის 31 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება. პირველი აპელანტის წარმომადგენელმა 2024 წლის 04 ივნისს კვლავ მიმართა განცხადებით სასამართლოს, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის 1 000 ლარამდე შემცირების თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისს ასევე განცხადებით მიმართა მესამე აპელანტმა, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადავადების თაობაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტებს იმავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალათ ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 2 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. აღნიშნული განჩინება პირველ მოპასუხეს ჩაბარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - 2024 წლის 28 ივნისს, მეორე მოპასუხეს 2024 წლის 03 ივლისს, ხოლო მესამე მოპასუხეს 2024 წლის 08 ნოემბერს.
8. პირველი აპელანტის წარმომადგენელმა 2024 წლის 30 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, პირველი აპელანტის პატიმრობისა და მასთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ოჯახის არცერთი წევრი აღარ ჰყავს, შეუძლებელი იყო თანხის მობილიზება. ამჟამად, პირველი მოპასუხე გათავისუფლებულია და გარკვეულ დროში სამივე მოპასუხე მოახერხებს თანხის მობილიზებას.
9. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბერს ასევე განცხადებით მიმართა მესამე მოპასუხემ და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით პირველი და მეორე აპელანტების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი; ხოლო, იმავე განჩინებით მესამე აპელანტს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღით.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის მონაცემებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინება მეორე აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 03 ივლისს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 04 ივლისს და ამოიწურა 2024 წლის 15 ივლისს; ხოლო, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირველ მოპასუხეს იგივე განჩინება ჩაბარდა 2024 წლის 28 ივნისს, შესაბამისად, განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 29 ივნისს და ამოიწურა 2024 წლის 08 ივლისს. ზემოაღნიშნული განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველად, თუმცა მხარეებს განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავთ.
12. სააპელაციო სასამართლომ პირველი აპელანტის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები საპატიოდ არ მიიჩნია.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60.2, 61.3, 63-ე, 368.5 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს ჰქონდა არაერთი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ დაეშვა პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. უტყუარად იყო დადგენილი, რომ პირველი აპელანტი არის უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, შვილმოკლული მამა, რომელიც სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟისგან ნაწილობრივ გათავისუფლებაზე უარის თქმის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. სასამართლოს ჰქონდა საფუძველი მისთვის სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა გადაევადებინა. აღნიშნულზე უარის თქმით მას მოესპო სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება; გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ აღადგინა გაშვებული ვადა, მით უმეტეს, რომ საქმე მთლიანობაში ერთი აპელანტის მიმართ დარჩა განსახილველი და, შესაბამისად, საქმის არსებითი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულიც კი იყო დაეშვა სამივე აპელანტის საჩივარი.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლისა განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმისა და ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
20. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად უპასუხებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივრებზე იმავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუგრძელდათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადით. აღნიშნული განჩინება პირველ აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 28 ივნისს, თუმცა სადავო არ არის, რომ მას ამ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც სხვა სახის შუამდგომლობით, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში პირველი აპელანტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობაზე ვერ იმსჯელებს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამდენად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზით არის გაშვებული.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
23. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და, ამასთან, მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა.
24. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის - სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოობას. კერძოდ, მას კერძო საჩივარში კონკრეტულ გარემოებებზე არ მიუთითებია, ხოლო მის მიერ 2024 წლის 30 ოქტომბერს წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი) აპელანტის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას ვერ განაპირობებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის შემთხვევაში, საპროცესო კანონმდებლობა მხარეს უფლებას აძლევს მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება (სსსკ-ის 47-ე მუხლი), მისი გადავადება ან/და ოდენობის შემცირება (სსსკ-ის 48-ე მუხლი), თუმცა სადავო არ არის, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველ აპელანტს/კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. პირველ აპელანტს არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7 მუხლით მინიჭებული შესაძლებლობით უსარგებლია და სააპელაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით არ მიუმართავს. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველმა აპელანტმა საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა საპროცესი ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინების ჩაბარებიდან (2024 წლის 28 ივნისი) ოთხი თვის შემდგომ.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
26. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტებს იმავე სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. აღნიშნული განჩინება პირველ აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 28 ივნისს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო აპელანტისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2024 წლის 29 ივნისს (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 08 ივლისს, თუმცა სადავო არ არის, რომ აღნიშნულ ვადაში პირველ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.გ–იას (მ–ძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე