Facebook Twitter

საქმე №ას-139-2025

19 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „გ.დ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.მ–ვმა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ.დ.ს–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „სადაზღვევო კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის - 3 970 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 970 ლარის გადახდა.

4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მხარეთა შორის 2023 წლის 16 აგვისტოს დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ავტომობილისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა; სადაზღვევო თანხა შეადგენდა I ნაწილისთვის - 10 000 აშშ დოლარს, II ნაწილისთვის 10 000 აშშ დოლარს; დაზღვეული ავტოტრანსპორტი - „ნისანის“ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: ……….;

ხელშეკრულების თანახმად, დაფარულ რისკებს წარმოადგენდა: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; ავტომობილის დაზიანება/სრული განადგურება, გამოწვეული: ავტოსაგზაო შემთხვევით, სტიქიური უბედურებით, ხანძრით, აფეთქებით, მეხის დაცემით, სხვადასხვა საგნების დაცემით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირის (გარდა მძღოლისა და მგზავრებისა) სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და/ან ქონებაზე ზიანის დადგომა; დამატებითი დაფარვა - სადაზღვევო შემთხვევისას საევაკუაციო მომსახურება (იხ. ს.ფ. 20-25);

6.2. საქმის მასალებში წარდგენილი საპატრულო პოლიციის 23.12.2023წ. პატაკის მიხედვით, 2023 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელის კუთვნილ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას თბილისიდან გუდაურის მიმართულებით მართავდა ისრაელის მოქალაქე B-M. G.(უფლებამოსილი მძღოლი), მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, მოუცურდა ავტომანქანა, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით და შეეჯახა თბილისიდან გუდაურის მიმართულებით მოძრავ „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით: ….., რომელსაც მართავდა შ.კ–ი. შეჯახების შედეგად „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანა გადავიდა გზის გვერდულზე და შეეჯახა გზის გვერდულზე არსებულ რკინის დამცავ ჯებირს. ავტომანქანა „ტოიოტას“ დაუზიანდა წინა მარჯვენა, მარცხენა ფრთები და ბამპერი (იხ. ს.ფ. 26);

6.3. მძღოლები შემოწმდნენ სიმთვრალე/სიფხიზლეზე, რის შედეგადაც სიმთვრალე არ დადასტურდა (იხ. ს.ფ. 28-29). ამასთან, შეჯახებაში მონაწილე მძღოლი - B-M. G. დაჯარიმდა 250 ლარით და მის მიმართ შედგა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (იხ. ს.ფ. 27);

6.4. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 04.06.2024წ. ცნობის თანახმად, გუდაურის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 23 დეკემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 77-ე კმ-ზე ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იყო: - 3 გრადუსი, ატმოსფერული ნალექების დღე-ღამის ჯამი: 41 მმ, თოვლის საფარის სიმაღლე: 90 სმ (იხ. ს.ფ. 86-87);

6.5. შპს „ჯი ენ მოტორს 2022“-ის 16.01.2024წ. დეფექტური აქტებით, „ნისანის“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი: …..) აღდგენის ღირებულება განისაზღვრა - 1180 ლარით, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი: …..) აღდგენის ღირებულება - 2290 ლარით (იხ. ს.ფ. 30-31);

6.6. მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. კერძოდ, 23.01.2024წ. წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32.1, 33.1 და 33.2 მუხლების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, რის გამოც, შემთხვევა არ განიხილებოდა სადაზღვევო შემთხვევად და სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, აენაზღაურებინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი (იხ. ს.ფ. 32-33).

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მიუთითებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობაზე და აღნიშნავს, რომ საგზაო პირობები იყო მეტისმეტად მძიმე, რაც მძღოლს ავალდებულებდა ემოძრავა დაბალი სიჩქარით, გაეთვალისწინებინა გზის პირობები იმგვარად რომ, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეეძლია, შეემცირებინა სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერებულიყო, რაც მისი მხრიდან უგულებელყოფილ იქნა. აპელანტის შეფასებით, ავტომობილის მოცურება სწორედ მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

8. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული არ გაიზიარა და განმარტა, რომ პასუხისმგებლობის საკითხის შეფასებისას სახეზე უნდა იყოს იმ მოთხოვნების უგულებელყოფა, რომლებიც თავისი შინაარსითა და შედეგებით მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გზის შესაბამის მონაკვეთზე რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო, თავისთავად ავალდებულებს მძღოლს გამოიჩინოს მეტი ყურადღება და წინდახედულება, თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი ფაქტი შესაძლოა წარმოშობდეს იმგვარ დაბრკოლებებს, რომელთა დაძლევა გონივრული წინდახედულების ფარგლებშიც უშედეგო აღმოჩნდეს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება ან რაიმე ისეთი ქმედება, რაც სცდება ამგვარი გონივრული წინდახედულების ფარგლებს. საპატრულო პოლიციის პატაკში აღნიშნულია, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, მოუცურდა ავტომანქანა, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით და შეეჯახა თბილისიდან გუდაურის მიმართულებით მოძრავ „ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანას, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, თავისთავად უხეშ გაუფრთხილებლობაზე არ მიუთითებს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის თანახმად, უფლებამოსილი მძღოლი დამრღვევ პირად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, მე-62,, მე-7 და მე-8 პუნქტებით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მოხმობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შინაარსი ცალსახად არ იძლევა ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის შესაძლებლობას.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ საქმის მასალები არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან გამოვლენილი იყო უხეში გაუფრთხილებლობა.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 799.1, 829-ე მუხლებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა სადაზღვევო შემთხვევის დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი, მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა 2023 წლის 23 დეკემბერს მომხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

13.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი და მეტისმეტად ლმობიერად შეაფასა უფლებამოსილი მძღოლის ქმედების ხასიათი. ამ უკანასკნელის მხრიდან აშკარაა დაზღვეული ინტერესის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, რაც დასტურდება მის მიერ საკმაოდ მძიმე საგზაო პირობებში მოძრაობის წესების უხეში დარღვევითა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე;

13.2. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 04.06.2024წ. ცნობიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 23 დეკემბერს საგზაო პირობები მეტისმეტად მძიმე იყო და, შესაბამისად, უფლებამოსილი მძღოლი ვალდებული იყო ემოძრავა დაბალი სიჩქარით, გაეთვალისწინებინა გზის პირობები იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეეძლო, შეემცირებინა სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერებულიყო, რაც მისი მხრიდან უგულებელყოფილ იქნა. ავტომობილის მოცურება, სწორედ, მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია;

13.3. ავარიის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შემთხვევაში, სასამართლო არ მიიჩნევდა, რომ უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია. მართალია, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძღოლმა უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, უხეშ გაუფრთხილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რა პირობებში ვერ უზრუნველყო მძღოლმა უსაფრთხო მართვა და რაში გამოიხატა მის მიერ უსაფრთხო მართვის მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთეული მუხლის მარტივი გაუფრთხილებლობით დარღვევას ჰქონდა ადგილი, თუ როგორც მოცემულ შემთხვევაშია, მძღოლის მიერ დაირღვა კანონის მოთხოვნების ერთობლიობა, იმ დროს, როდესაც საგზაო პირობები მეტისმეტ ყურადღებას მოითხოვდა ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური შესაძლებლობის მქონე მძღოლის მხრიდან. საპატრულო პოლიციის პატაკში მითითებული ინფორმაციით იკვეთება, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25.10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 32.1, 33.1, 33.2 მუხლების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო დასახელებული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნები;

13.4. სასამართლოს მითითებასთან დაკავშირებით, რომ მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიჩქარის გადაჭარბებას, კასატორმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში სიჩქარე განხილული უნდა იყოს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 25.10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ წესთან და არა ზოგადად, ჩვეულებრივ პირობებში იმავე გზაზე მოძრაობის დროს დადგენილ სიჩქარესთან მიმართებაში, ვინაიდან ავტომობილი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და ამის გათვალისწინებით და მოყინულ გზაზე გადაადგილების თავისებურებებიდან გამომდინარე, არსებობს სპეციალური რეგულაცია მოყინულ გზაზე გადაადგილების სიჩქარესთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ავტომობილის მოცურება იმგვარად, რომ გადასულიყო საპირისპირო სამოძრაო ზოლში, ვერ იქნება მარტივი გაუფრთხილებლობა, მოცურების დროს ავტომობილის ტრაექტორიიდან (საკმაოდ დიდი გავლილი მანძილიდან) გამომდინარე. ეს არ იყო მსუბუქი მოცურება, არამედ ადგილი ჰქონდა ავტომობილის უმართავ მდგომარეობაში საპირისპირო ზოლში გადასვლას და ხანგრძლივ, უკონტროლო სვლას;

13.5. აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი მძღოლის სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მას არ გაუსაჩივრებია, რაც ადასტურებს, რომ უფლებამოსილი მძღოლი დაეთანხმა საპატრულო პოლიციის შეფასებას;

13.6. გარდა ზემოაღნიშნულისა, უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან ასევე დაირღვა მხარეთა შორის გაფორმებულ პოლისზე თანდართული დაზღვევის ხელშეკრულების 9.1.8, 10.30 და 10.31 პუნქტები, რაც დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული ანაზღაურების გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს;

13.7. სასამართლომ არასწორად მიიჩნია განსახილველი ავტოსაგზაო შემთხვევა დაზღვეულ რისკად. „დაზღვევის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკი – არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. დამდგარი შემთხვევა სადაზღვევო რისკს რომ მიეკუთვნოს და სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს რისკის ხდომილების ფაქტი და უნდა დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და განხორციელებულ ქმედებას შორის. თუ ქმედება არაა მოულოდნელი და არ შეიცავს შემთხვევითობის ნიშნებს მაშინ არც სადაზღვევო რისკის ხდომილებას არ აქვს ადგილი. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტს, რადგან უფლებამოსილ მძღოლს, რომელიც ავტომობილით გუდაურის გზაზე გადაადგილდებოდა, იმ პირობებში, როდესაც გზა იყო მოყინული, არ ჰქონდა არანაირი მოულოდნელი წინაღობა, არ უშლიდა ხელს არაფერი, ანუ ადგილი არ ჰქონია არანაირ მოულოდნელ მოვლენას, როგორიც შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, სხვა ავტომობილის მიერ მისთვის გზის ჩაჭრა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოწვეული იყო თუ არა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით, შესაბამისად, არის თუ არა სახეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი. კასატორის ძირითადი პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასათანადოდ შეფასებაში მდგომარეობს.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

22. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა დაზღვევის ფუნდამენტურ პრინციპს განამტკიცებს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. ნორმის მიზანია დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. სადაზღვევო ინტერესის ცნების ქვეშ უხეში გაუფრთხილებლობის მოქცევა ამკაცრებს წინდახედულობის მოთხოვნას დამზღვევის მიმართ (იხ. https://gccc.tsu.ge/, ქეთევან ირემაშვილი, სსკ-ის 829-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე Nას-943-901-2013, 17 თებერვალი, 2014 წელი; Nას-745-713-2014, 30 აპრილი, 2015 წელი; Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი).

24. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამორიცხვის მეთოდით მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი).

25. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან დაშვებული სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია; ამასთან, დადგენილია, რომ იგი შემოწმდა სიმთვრალე/სიფხიზლეზე, რის შედეგადაც სიმთვრალე არ დადასტურდა; დადგენილია ასევე, რომ გუდაურის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 23 დეკემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 77-ე კმ-ზე ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იყო: - 3 გრადუსი, ატმოსფერული ნალექების დღე-ღამის ჯამი: 41 მმ, თოვლის საფარის სიმაღლე: 90 სმ; ხოლო, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ უფლებამოსილი მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25.10 [გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. ამასთანავე, მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე] ან/და 32.1, 33.1, 33.2 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული არ გამომდინარეობს საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი პატაკიდან (იხ. ს.ფ. 25). გარდა ამისა, რთული მეტეოროლოგიური პირობები შესაძლოა გონივრული წინდახედულობის ფარგლებშიც კი შეუძლებელს ხდიდეს მძღოლისათვის გზაზე მოძრაობისას წარმოქმნილი დაბრკოლების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

26. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და, შესაბამისად, იგი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით არ ყოფილა გამოწვეული.

27. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი (იხ. სუსგ საქმე Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი).

28. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა დამზღვევის მიერ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი, მოპასუხე სადაზღვევო კომპანია არ არის უფლებამოსილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე დაყრდნობით უარი თქვას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

31. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „გ.დ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „გ.დ.ს–ოს“ (ს.ნ. .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 29 იანვარს №1738134578 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ლადიმერ კაკაბაძე