Facebook Twitter

საქმე №ას-182-2025

16 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ლ–ი (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „ნ.ვ.დ–ვა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ლ–მა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და თ.გ–ძემ (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ.კ–ძისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით წინამდებარე საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მოპასუხის მხარეზე ჩაება სს „ნ.ვ.დ–ვა“.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეში პირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა მეორე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის - 21 500 ლარის ანაზღაურება ავტომობილზე „HYUNDAI IX 35“, სახელმწიფო ნომრით: ........ საკუთრების უფლების დათმობის სანაცვლოდ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრათ: ტაქსის მომსახურების სერვისზე გაწეული ხარჯის - 1 023,30 ლარის ანაზღაურება, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით გადაადგილებისა და დაცულ ავტოსადგომზე 2021 წლის 30 ოქტომბრიდან 2022 წლის 03 დეკემბრამდე დგომის საფასურის - 1 139 ლარის გადახდა და 2022 წლის 03 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ავტომობილის სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის საფასური, დღეში 4 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 1 წლისა; სარჩელი მოპასუხეებისათვის ზიანის - 1 423,3 ლარის (1023,3+400) დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

6. მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.კ–ძემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. საქართველოს უზეანესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით ვ.კ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 1256,11 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 10 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით კასატორს მიეცა 7 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 10 მარტს პირადად. (იხ. ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ. 234). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა.

16. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2025 წლის 11 მარტს და ამოიწურა 2025 წლის 17 მარტს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.კ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა