Facebook Twitter

საქმე №ას-1502-2024 11 აპრილი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ.და მ.მ–ძეები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.დ–მა (შემდგომში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ნ.გ–ის (მოპასუხეთა მამკვიდრებელი - დედა), მ. და მ.მ.–ძეების (შემდგომში: მოპასუხეები ან კასატორები) მიმართ, თბილისში, ...... მდებარე (ყოფილი .........) N...... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული შენობა N1-ის (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე, 22.06.2018წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა N1, N2, N3, N4 (ნანგრევი) სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ. N1 შენობას, რომელიც იზოლირებულია მოსარჩელის მფლობელობში არსებული ფართისგან და აქვს ცალკე შესასვლელი, სხვა არამესაკუთრე პირთან შეთანხმებით, 1990წ.-დან (დაახლოებით 1993-94წწ.) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები, რაც მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება.

2. მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მოპასუხეებმა უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერებაზე მიუთითეს. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში - სპეციალური კანონი) გათვალისწინებულ მოსარგებლეებს წარმოადგენენ. გარიგების საფუძველზე სადგომის ყოფილი მესაკუთრისგან გადაეცათ შენობები N01/1 და N04/1. მოპასუხეები 1990წ.დან დღემდე, ფლობენ და სარგებლობენ სადავო ქონებით, იხდიან კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებულნი არიან კომუნალური გადასახადების გადამხდელად. მოპასუხეებმა წარმოადგინეს კომუნალური გადასახდების, როგორიცაა ელ.ენერგიის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, წყალმომარაგების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. ამ ქვითრებში გადამხდელად მითითებულია მოპასუხე - ნ.გ–ი. მოპასუხეებმა წარმოადგინეს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით მოპასუხე - მ.მ.–ძე იღებს სოციალურ შემწეობას და მის მუდმივ საცხოვრებლად მითითებულია თბილისი, ....... / ....... შესახევევი; ასევე, წარმოდგენილია მოპასუხე მ.მ.–ძის საპენსიო მოწმობა, რომლითაც ირკვევა, რომ მას ბავშობიდან, უვადოდ, დაუდგინდა ინვალიდობა (იხ., ს.ფ. 34, 46-49, 52-53).

3. 17.08.2021წ. გარდაიცვალა ერთ-ერთი მოპასუხე - ნ.გ–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის ნაწილობრივ გამოხობის შესახებ დაკმაყოფილდა და სარჩელი ნ.გ–ის მიმართ დარჩა განუხილველად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთი 1995წ. მესაკუთრემ მოპასუხეებს მუდმივად საცხოვრებლად დაუთმო, რაც დასტურდება მოპასუხეთა მამკვიდრებლის - დედის 1995-2021წწ.-ში საცხოვრებელი სადგომში უწყვეტად ცხოვრების, კომუნალური გადასახადების გადახდისა და კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტებით. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხეთა მამკვიდრებლის - დედის სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეობის საფუძვლით ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობად იქნა მიჩნეული. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. აპელანტის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნებოდა, რომ მოპასუხეები არ წარმოადგენენ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, რაც გამორიცხავდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7. 3.08.2018წ.დან სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათება, 1989 წელს აღრიცხული N009342 სააღრიცხვო ბარათი და 22.06.2018წ. N180735923 სამკვიდრო მოწმობა.

8. სადავო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები, რომლებიც 17.08.2021წ. გარდაცვლილი ნ.გ–ის შვილები და მემკვიდრეები არიან. მოპასუხეებმა დედის დანაშთი ქონება თანაბარწილად მიიღეს სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

9. მოპასუხეთა დედა და მოპასუხეები 1995წ.-დან უწყვეტად ცხოვრობენ სადავო შენობაში N1.

10. მოპასუხეები იხდიან კომუნალურ გადასახადებს.

11. სს „თ–დან“ გამოთხოვილი წერილობითი ინფორმაციით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეების მფლობელობაში არსებული შენობა N1-ის აბონენტად 1999 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მოპასუხეთა დედა სააბონენტო ბარათით N04.34.284.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მიჩნევისთვის, მოპასუხეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ მფლობელობის უფლება მიიღეს სადავო სადგომის მესაკუთრისაგან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრესთან გარიგებაზე მიუთითებდა.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეები შესაგებელსა და მოსამზადებელ ეტაპზე არ შედავებიან სარჩელში მითითებულ ფაქტს, რომ მოპასუხეები „არამესაკუთრე პირთან“ შეთანხმებით დაეუფლნენ სადავო უძრავ ქონებას, რითაც წინამდებარე საქმეში, მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დამტკიცებულად ჩაითვალა. შესაძლოა მოპასუხემ ნამდვილად დადო გარიგება კონკრეტულ პირთან, თუმცა ეს პირი უცნობია სასამართლოსთვის და არც მხარეთა მითითებითა და არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გარიგება 1990წ.ის დასაწყისში უძრავი ქონების წინა მესაკუთრესთან დაიდო. უცნობია ვინ წარმოადგენდა მესაკუთრეს და ვისთანაც დაიდო გარიგება.

14. საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს არ მიუთითებიათ თუ ვისგან შეიძინეს ქონება, ვისთან დაიდო გარიგება და რა კონკრეტული პირობებით, ამ მოცემულობაში მოწმის ჩვენება რელევანტური მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

15. სააპელაციო სასამართლომ კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოპასუხეთა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ სუბიექტად მიჩნევისთვის.

16. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობა - მოპასუხეთა მფლობელობის არამართლზომიერება.

17. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

18. საკასაციო განაცხადში მოპასუხეები თავს სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებად მიიჩნევენ, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

19. კასატორთა მითითებით, სპეციალური კანონის 5.2 მუხლის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ეს გარემოებები შეიძლება არსებობდეს როგორც ერთობლივად ასევე, ცალ-ცალკე. შესაგებლში მითითებულია, რომ მოპასუხეთა მამკვიდრებელს სადავო უძრავი ნივთის ყოფილ მესაკუთრესთან დადებული გარიგების საფუძველზე 1990წ.დან მფლობელობაში გადაეცა საცხოვრებელი სადგომი. ამ დროიდან დღემდე მოპასუხეები ფლობენ და სარგებლობენ სადგომით და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები.

20. მოწმე ი.დ–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ სადავო ნივთის წინა მესაკუთრესა და მოპასუხეთა მამკვიდრებელს შორის დაიდო გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობაზე და მოპასუხეები კანონიერად გადავიდნენ საცხოვრებლად სადავო ფართში. ათეული წლებია მესაკუთრეს სადავოდ არ გაუხდია საცხოვრებელი ფართით მოპასუხეთა სარგებლობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სს „თ–ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიაში ხანდაზმულობის გამო არ ინახება 1999 წლამდე არსებული ინფორმაცია სააბონენტო ბარათზე N04.34.284. დაცული ინფორმაციის მიხედვით კი, შენობის N1 აბონენტად 1999 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მოპასუხეთა დედა (მამკვიდრებელი) სააბონენტო ბარათით N04.34.284. ცხადია, მოპასუხეები ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდნენ მრიცხველის ცალკე დაყენებას. როგორც წესი, აბონენტად ნივთის მფლობელი აღირიცხება. შესაბამისად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოპასუხეთა დედა ვერ აღირიცხებოდა ცალკე აბონენტად.

21. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზე, რომ მოპასუხეებს არ მიუთითებენ ვინ იყო სადავო უძრავი ნივთის წინა მესაკუთრე, კასატორები აღნიშნავენ, როგორც ეს დადგენილია მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, ადვილად დასადგენი იყო ვინ იყო მამკვიდრებელი და შესაბამისად, სადავო ქონების წინა მესაკუთრე.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს ყველა მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი და მითითებული იყო ყველა გარემოება, რომ მოპასუხეები სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებად მიეჩნია, რაც გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული შენობა N1-ის გამოთხოვის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება.

28. კასატორები მიიჩნევენ, რომ წარმოადგენენ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

29. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

30. სადავო უძრავი ქონება 3.08.2018წ. რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათების თანახმად 1989წ. აღრიცხული N009342 სააღრიცხვო ბარათი და 22.06.2018წ. N180735923 სამკვიდრო მოწმობა.

31. 1995წ.-დან ნ.გ–ი შვილებთან ერთად, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები უწყვეტად ცხოვრობენ შენობა N1-ში.

32. მოპასუხეები 17.08.2021წ. გარდაცვლილი ნ.გ–ის შვილები და მემკვიდრეები არიან. მოპასუხეებმა დედის დანაშთი ქონება თანაბარწილად მიიღეს სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

33. სს „თ–დან“ გამოთხოვილი წერილობითი დოკუმენტით დასტურდება, რომ მოპასუხეების მფლობელობაში არსებული შენობა N1-ის აბონენტად 1999 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მოპასუხეთა დედა სააბონენტო ბარათით N04.34.284.

34. 1995 წლიდან კომუნალურ გადასახადებს იხდიდა მოპასუხეთა დედა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ გადასახადებს იხდიან მოპასუხეები.

35. ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

36. მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

37. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 3.08.2018წ.დან სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე; მოპასუხეები ფლობენ სადავო ნივთს; საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრესთან გარიგების არსებობას დაადასტურებდა. მხოლოდ კომუნალური გადახდის ქვითრებით, სადავო ქონებაში რეგისტრაციის გარეშე, არ წარმოიშობა სპეციალური კანონით მოწესრიგების აუცილებლობა, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებას დააბრკოლებდა.

38. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის ზემომითითებული დასკვნა დაუსაბუთებელია.

39. განსახილველ შემთხვევაში, ვინდიკაციურ სარჩელს მოპასუხეებმა დაუპირისპირეს კვალიფიციური შედავება - მიუთითეს, რომ წარმოადგენენ სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს.

40. კასატორთა (მოპასუხეთა) შედავების საფუძვლიანობის გამოსარკვევად საკასაციო პალატა მიუთითებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონის მოწესრიგებაზე.

41. სპეციალური კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

42. საკასაციო პალატის გადაწყვეტილებებში განმარტებულია, რომ სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვდა სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების თავისებურებებს, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (იხ., სუსგ №ას-1359-2021, 30 იანვარი, 2024 წელი, პ.9)

43. სპეციალური კანონის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებული გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემული ნორმაში ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია დასაშვებ მტკიცებულებათა ჩამონათვალი. სასამართლო კი, მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად), ვალდებულია, გამოიტანოს სწორი დასკვნები საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

45. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიაჩნია, რომ სპეციალური კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია. საკასაციო პალატის ამ დასკვნის საფუძველს ქმნის შემდეგი გარემოებები:

46. მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება 3.08.2018წ.-ს დაირეგისტრირა, 22.06.2018წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სახლთმფლობელობა შედგება N1, N2, ნ3, N4 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობეისაგან, დაზუსტებული ფართობია 1192.00კვ.მ (იხ., სარჩელი, საჯარო რეესტრის ამონაწერი - ს.ფ. 19-21).

47. მოპასუხეები 1995წ.-დან უწყვეტად ცხოვრობენ სადავო შენობაში, რაც წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე - 08.06.2020წ., სადავოდ არავის გაუხდია. თავად მოსარჩელე სარჩელის მე-2 ფაქტობრივ გარემოებაში უთითებს, რომ მოპასუხეები 1993-94წწ.-დან ცხოვრობენ N01/1 შენობაში. N1 შენობა იზოლირებულია მოსარჩელის მფლობელობში არსებული ფართისგან და აქვს ცალკე შესასვლელი (იხ., სარჩელი და მისი დანართი საკადასტრო გეგმა - ს.ფ.4,20).

48. დადგენილია, რომ მოპასუხეებს სხვა საცხოვრებელი არა აქვთ.

49. ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, ირკვევა, რომ მ.მ.–ძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას. ცნობაში მუდმივ საცხოვრებლად მითითებულია თბილისი, ...... /....... შესახევევი (ს.ფ. 44).

50. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მამკვიდრებელი, თბილისში ........ მდებარე ბინის გაყიდვის შემდეგ. საცხოვრებლად გადავიდა სადავო შენობაში N1 სადავო უძრავი ქონების უწინდელ მესაკუთრესთან შეთანხმებით (იხ., ს.ფ. 188, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების პ.3.1.3.).

51. საქმეში, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ.გ–მა თბილისში, ........ მიჰყიდა ნ.თ–ს (ს.ფ. 113).

52. სს „თ–ს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილია, რომ კომპანიაში ხანდაზმულობის გამო არ ინახება 1999 წლამდე არსებული ინფორმაცია სააბონენტო ბარათზე N04.34.284. დაცული ინფორმაციის მიხედვით კი, შენობის N1 აბონენტად 1999 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მოპასუხეთა მამკვიდრებელი სააბონენტო ბარათით N04.34.284.

53. მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ საქმეში წარმოდგენილია სადავო უძრავი ნივთის შენობის გეგმა (ს.ფ.69, 72-73).

54. თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.06.2022წ. სხდომაზე მოპასუხეთა ინიციატივით, მოწმის სტატუსით, დაიკითხა ი.დ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი ნ.გ–ის მეზობელი იყო თბილისში, ........ ქუჩაზე, სანამ ნ. ბინას გაჰყიდდა. მოწმემ აღნიშნა, რომ ნ–ს ფინანსურად გაუჭირდა, გაყიდა ...... მდებარე ბინა და აღებული თანხა ......... ქუჩაზე მდებარე ბინის მესაკუთრეს გადაუხადა. ნ–მ გამყიდველის დახმარებით გადაიტანა ნივთები ახალ სახლში. მოწმემ განუმარტა სასამართლოს რა ინფორმაციასაც ფლობდა ნასყიდობის საფასურისა და მისი გადაცემის საკითხზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ახალმოსახლეობაც იზეიმეს და სტუმრად იმყოფებოდა მოპასუხეებთან ........ ქუჩაზე.

55. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოუკვლევია და ერთობლივად არ შეუფასებია, რის გამოც, იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რაც სადავო ქონების ნამდვილ მესაკუთრესთან მოპასუხეთა გარიგებაზე მიუთითებდა, არ ყოფილა მითითებული და დადასტურებული გარემოება, ვინ იყო მესაკუთრე და ვისთან დაიდო გარიგება. სააპელაციო პალატამ იმაზე მიუთითა, რომ კომუნალური გადახდის ქვითრები ქონებაში რეგისტრაციის გარეშე, ვერ გახდიან მოპასუხეებს სპეციალური კანონის სუბიექტებად. ამ მოსაზრებით, კი საჭიროდ არ ჩათვალა ემსჯელა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებსა და წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე (იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

56. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარმოადგინეს დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

57. სსკ-ს 394-ე მუხლის „ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არ არის შესაძლებელი.

58. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილად შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. გაარკვიოს რა სამართლებრივი ურთიერთობების საფუძველზე ახორციელებენ მოპასუხეები სადავო შენობა N1-ის ფლობას. მით უფრო, იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, რომ N1 შენობა იზოლირებულია მოსარჩელის მფლობელობში არსებული სხვა ფართისგან, აქვს ცალკე შესასვლელი, რასაც მოსარჩელე თავად უთითებს (იხ. სარჩელი), ხოლო სს „თ–ს“ ინფორმაციის მიხედვით შენობის N1 აბონენტად 1999 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მოპასუხეთა მამკვიდრებელი სააბონენტო ბარათით N04.34.284. დასახელებული და საქმეში გამოკვეთილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს მოდავე მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ამ ურთიერთობის პირობები და ჩამოაყალიბოს დასკვნები აღნიშნული თვალსაზრისით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების არსებობის ან არარსებობის თაობაზე.

59. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სრულად არ გამოუკვლევია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

60. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად,

61. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.და მ.მ–ძეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე