Facebook Twitter

14 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-656-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ი.მ.ა.,,ა.პ.’’

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.ე–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ 2005 წლის 8 მაისის ხელშეკრულებით (შემდეგში - პირველი ხელშეკრულება ან ამხანაგობის ხელშეკრულება) შპს „ს.ს.კ–მა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან მესაკუთრე) და შპს „ა-მა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან კომპანია) იმა „ა.პ.“ (შემდეგში - მესამე მოპასუხე, კასატორი ან ამხანაგობა) დააფუძნეს.

2. ამხანაგობის ხელშეკრულების მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საგანი იყო პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, ........) ბაზაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი და საოფისე ფართის მშენებლობის შესახებ მესაკუთრისა და კომპანიის გადაწყვეტილების განხორციელება.

საკუთარი შენატანის სახით მესაკუთრე ამხანაგობას მასზე არსებული დაუსრულებელი მშენებლობით მიწის ნაკვეთს გადასცემდა. სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-5 პუნქტით ერთობლივი საქმიანობის შედეგად მიღებული ქონება ხელშეკრულების მხარეთა შორის შემდეგნაირად ნაწილდებოდა: მესაკუთრე საერთო ფართიდან 1 500კვ.მ-ს მიიღებდა, დანარჩენი მიწის მოცულობა მესაკუთრის მიერ მისაღები ნაწილის პირდაპირპროპორციულად, მთლიანად ასაშენებელი სასარგებლო ფართის ოდენობასთან მიმართებით განაწილდებოდა.

ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით ერთობლივ საქმიანობას ო.დ–ია მართავდა, რომელიც ამხანაგობის თავმჯდომარეც იყო. ამხანაგობის თავმჯდომარე ერთპიროვნულად ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე უძღვებოდა ამხანაგობის საქმიანობას, მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობას ახორციელებდა და ყველა სახის გარიგებებს დებდა.

ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აგებდნენ პასუხს.

3. 2006 წლის 21 ივლისს, რ. ე–სა (შემდეგში - მოსარჩელე) და ამხანაგობას შორის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე ხელშეკრულება ან ნარდობის ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოსარჩელეს ამხანაგობის მიერ აშენებულ სახლში 3-ოთახიანი ბინა (სადარბაზო 10-ში, მე-2 სართულზე მდებარე N331 ბინა, 105.40კვ.მ საცხოვრებელი ფართითა და 17.09კვ.მ აივნით) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში არაუგვიანეს 2008 წლის 1 აგვისტომდე უნდა გადასცემოდა.

4. ნარდობის ხელშეკრულების 4.1.3 პუნქტის თანახმად, თუ ბინის მშენებლობის ვადა 1.8 პუნქტში აღნიშნულ პერიოდს სამ თვეზე მეტით გადააჭარბებდა და ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მოსარჩელეს დარღვეული არ ექნებოდა, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იგი უფლებამოსილი იყო, მის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანისა და კომპანიასთან მიმდინარე მომენტისთვის გადახდილი სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით პირგასამტეხლო მოეთხოვა, ზემოაღნიშნული სამი თვის შემდეგ, ბინის მშენებლობის დასრულებამდე არსებულ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

5. ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება მოსარჩელემ სრულად შეასრულა და 64 151 აშშ დოლარის ოდენობით ნასყიდობის საფასური გადაიხადა.

ბინის გადაცემის შესახებ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ შეასრულა და იგი დღემდე შეუსრულებელია.

6. ერთ ვადაგადაცილებულ თვეზე პირგასამტეხლოს ოდენობა 192.45 აშშ დოლარს შეადგენს.

7. მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით 2018 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

8.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2015 წლის 26 სექტემბრიდან 2018 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის პირგასამტეხლო, 6 928.20 აშშ დოლარის ოდენობით;

8.2. 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდის პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

10.1.1. მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული პირველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რომლითაც ამხანაგობის წევრებმა (მოპასუხეებმა) ვალდებულება იკისრეს, რომ ერთიანი სამეურნეო მიზნის (მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენება) მისაღწევად იურიდიული პირის შეუქმნელად ერთობლივად ემოქმედათ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს რთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად).

„იმისათვის, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება გაიმიჯნოს ნარდობის ხელშეკრულებისგან, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დავახასიათოთ ამხანაგობის ხელშეკრულების ის მხარეები, რომლითაც იგი ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები.

როდესაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, სახლის აშენებას და ა.შ. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს.

ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“ (იხ. სუსგ, 16.01.2014, საქმე №ას-482-458-2013).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად გამოიკვეთა სადავო ხელშეკრულებებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიზანი. პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს საერთო მიზანი ჰქონდათ, რაც საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასა და ბინების რეალიზაციით ან ფართის მიღებით შემოსავლის მიღებაში მდგომარეობდა. აღნიშნული მიზნის შესრულებისთვის პირველმა მოპასუხემ ამხანაგობაში შენატანი შეიტანა. აქედან გამომდინარე, მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული პირველი ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულება კი არ იყო, არამედ, ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებათა ტიპს მიეკუთვნებოდა.

10.1.2. სარჩელზე პასუხისმგებელი სუბიექტები მოპასუხეები იყვნენ, რამდენადაც სსკ-ის 930-ე, 937.1 მუხლების მიხედვით, მესამე პირების ანუ კრედიტორების წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებზე ამხანაგობის წევრები სოლიდარულად აგებენ პასუხს, ე.ი. მესამე პირები უფლებამოსილი არიან მოთხოვნები წაუყენონ ამხანაგობის ყველა წევრს ერთად ან რომელიმე მათგანს და მოითხოვონ ვალდებულების სრულად შესრულება.

რაც შეეხება თავად ამხანაგობის მონაწილეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობას, იგი შეიძლება წარმოშვას, როგორც კრედიტორების მიმართ არსებულმა ვალდებულებებმა, ისე შიდასახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შედეგებმა. მონაწილეთა შორის ურთიერთპასუხისმგებლობა განისაზღვრება წილობრივი მონაწილეობით, ანუ მათი წილების შესაბამისად, ხოლო, თუ წილები განსაზღვრული არ არის - თანაბრად.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

მოპასუხის პოზიციით, სასამართლომ, საქმე, ამხანაგობის სათანადო წესით მიწვევისა და მონაწილეობის გარეშე განიხილა, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. კასატორის მითითებით, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მესამე მოპასუხის წინააღმდეგ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა გულისხმობს მისი შედეგების ამხანაგობის ე.წ. „ჩვეულებრივი წევრების“ მიმართ გავრცელებასაც, რომლებიც მითითებულ დავაში მოპასუხეებად დასახელებული არ ყოფილან.

ამდენად, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ამხანაგობის (მესამე მოპასუხის) ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად და სათანადო მოპასუხედ ამ ამხანაგობის ორი დამფუძნებელი წევრია მიჩნეული, ხოლო ამხანაგობის დანარჩენი წევრები (პირები, რომლებმაც ბინის მიღების მიზნით ამხანაგობაში შენატანი შეიტანეს) ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლები არ არიან.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

16. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 629.2 (თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე), 352-ე (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ), 405-ე (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ; არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება), 407.1 (ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება), 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 937.1 (ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მესაკუთრეს, კომპანიასა და ამხანაგობას შორის წარმოიშვა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) (სსკ-ის 930-ე მუხლი), ხოლო მოსარჩელეებსა და ამხანაგობას შორის - ნარდობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) სახელშეკრულებო ურთიერთობა (შდრ. იხ. სუსგ, მათ შორის, საქმე №ას-482-458-2013, 16.01.2014; საქმე №ას-630-597-2014, 28.07.2015, სადაც განმარტებულია შემდეგი: „იმისათვის, რომ ამხანაგობის ხელშეკრულება გაიმიჯნოს ნარდობის ხელშეკრულებისაგან, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, დავახასიათოთ ამხანაგობის ხელშეკრულების ის მხარეები, რომლითაც იგი ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ხელშეკრულება, მოითხოვს წევრებისგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომლებსაც ახასიათებს სხვადასხვა ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. როდესაც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ისეთ ხელშეკრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავს, მაგალითად, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, სახლის აშენებას და ა.შ. ამხანაგობის წევრთა უფლება-ვალდებულებები ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ისეთ უფლება-ვალდებულებებს, რაც დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანებისათვის, რომელსაც ახასიათებს კორპორაციული სტრუქტურის ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე, ქონებრივ ელემენტებს. ზუსტად ასეთი ტიპის გაერთიანება წარმოადგენს გარკვეულწილად იმ საშუალებათა ერთობას, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურება იმაში ვლინდება, რომ დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილე პირთა ერთობლივი საქმიანობით“).

ამდენად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, პირველმა მოპასუხემ (მესაკუთრე) და მეორე მოპასუხემ (კომპანია), ერთად დააფუძნეს ამხანაგობა. მათ განსაზღვრეს თავიანთი შესატანები, უფლება-მოვალეობები, შემოსავლების განაწილებისა და ამხანაგობიდან გასვლის წესები, რაც, მოწმობს, რომ მოპასუხეებს შორის სწორედ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება დაიდო. როგორც ზემოთ აღინიშნა, მსგავსი ტიპის გარიგებები, უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით, სწორედ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებად კვალიფიცირდება.

18. სსკ-ის 629.1 და 629.2 მუხლების მიხედვით, ამხანაგობის მონაწილეებს ეკისრებოდათ ბინის აშენებისა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, რაც დადგინდა, რომ ვერ შეასრულეს, ამასთან დადასტურებულია, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესებასაც არ გააჩნდა აზრი და შესაბამისად, სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეს წარმოეშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეებს სწორად დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული მშენებლობის ვადების დარღვევისათვის და ხელშეკრულების მოშლამდე შემკვეთს (მოსარჩელე) მისი მოთხოვნის უფლება გააჩნდა.

20. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ უშუალოდ ამხანაგობისთვის თანხის დაკისრება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან. მოცემული მიზნით საკასაციო საჩივარში დასახელებულ განჩინებებსა თუ გადაწყვეტილებებში, ერთობლივი საქმიანობისა (ამხანაგობის) და ნარდობის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება არის განმარტებული და, მათში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები არის გამიჯნული; ამ ნიშნით წინამდებარე განჩინება მათ შინაარსთან სრულადაა შესაბამისი.

21. ამხანაგობის სათანადო წესით მიწვევისა და ამ უკანასკნელის მონაწილეობის გარეშე სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესახებ კასატორის პრეტენზია ასევე ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობის ორივე დამფუძნებელი წევრი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით იყო მიწვეული.

22. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირთა წრე სადავო გადაწყვეტილებით გაიზარდა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სარჩელით მოსარჩელემ თანხის ამხანაგობისა და მისი დამფუძნებელი პირებისთვის დაკისრება მოითხოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დარჩა) მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა სწორედ ამხანაგობასა და მის დამფუძნებელ წევრებს სოლიდარულად დაეკისრათ, ხოლო საკითხის ამგვარად გადაწყვეტის კანონშესაბამისობის შესახებ ზემოთ უკვე იქნა განმარტებული.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ.ა.,,ა.პ-ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.მ.ა.,,ა.პ.-ს’’ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 050 ლარის (საგადახდო დავალება № 4716334, გადახდის თარიღი - 20.6.2022) 70% - 735 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა