Facebook Twitter

02 დეკემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-824-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.კ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2022 წლის 22 ივლისს, ი.მ–სა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) და მ.კ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, კასატორი, გამყიდველი ან გამსხვისებელი) მინდობილ პირ ა.ს–ს შორის ნოტარიულად დამოწმებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, .........., სართული 17, ფართი 46.30, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით მხარეებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებითი პირობები, მათ შორის, ნასყიდობის საგანი და ნასყიდობის საფასური, განსაზღვრეს. ნასყიდობის საფასური მყიდველმა გამყიდველის მინდობილ პირს სრულად გადაუხადა.

2. პირველი მოპასუხისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ მყიდველმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ქ.თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების დარეგისტრირება მოითხოვა.

3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მისი მითითებით, მოსარჩელისთვის ნასყიდობის საგნის გადაცემაზე უარს იმ საფუძვლით აცხადებდა, რომ სადავო ქონების გასხვისების ნება მას არ გამოუვლენია, მინდობილობა კი, რომლითაც მინდობილი პირი მოქმედებდა, გაყალბებულია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნა, რომ, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მყიდველმა შეასრულა, ეს ფაქტი მას უფლებას ანიჭებდა, რომ ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემა მოეთხოვა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 477-ე, 327-ე, 323-ე და 183-ე მუხლები).

6.2. რაც შეეხებოდა მოსარჩელისთვის ნასყიდობის საგნის გადაცემაზე გამყიდველის/მოპასუხის უარს, აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

- სადავო მინდობილობის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს უკანასკნელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით აპოსტილით არის დამოწმებული, რომლის სიყალბეც არათუ დადასტურებული, შედავებულიც კი არ არის.

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და არც მინდობილობის სიყალბე არ დადგენილა. ამასთან, გამოძიების მასალებში არც ისეთი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მინდობილობის სიყალბეს დაადასტურებდა. მართალია, პირველი მოპასუხე გამოძიების ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ ცნობაზე აპელირებდა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლონეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისთვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში უცნობია პირი, ნოტარიუსი სახელად მ.ა–ა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მხარეთა განმარტებებით გაირკვა, რომ საქართველოდან გაგზავნილ თხოვნაში ნოტარიუსის სახელში ტექნიკური უზუსტობა იქნა დაშვებული. ეს გარემოება, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავდა პოლონეთის რესპუბლიკიდან მიღებული ზემოხსენებული ინფორმაციის სიზუსტეს, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნული შეცდომის გამოსასწორებლად, საქართველომ, საერთაშორისო ურთიერთდახმარების ფარგლებში, განმეორებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად. გამოძიების ამ ეტაპზე პოლონეთის რესპუბლიკიდან პასუხი მიღებული არ იყო. ამდენად, პირველი მოპასუხის მიერ მითითებული ზემოხსენებული მტკიცებულებით სადავო გარემოება ვერ დადასტურდება.

- გარდა აღნიშნულისა, საქმეზე წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, დაზარალებულისა და მოწმედ გამოკითხული პირების ჩვენებებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ საფუძველზე სადავო მინდობილობის სიყალბის დადასტურება იყო შეუძლებელი.

7. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ კასატორს მინდობილობა არ გაუცია ა.ს–ზე და ხსენებული მინდობილობა ყალბია. ამდენად, მინდობილობის სიყალბის დასადგენად სასამართლოს საკმარისი მტკიცებულება ჰქონდა. სისხლის სამართლის საქმეზე კასატორი დაზარალებულად არის ცნობილი. მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლებითაც დგინდება, რომ ნოტარიუს მ.ა–ას სანოტარო ბიურო საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ვერც მითითებული მინდობილობა ვერ გაიცემოდა. გარდა ამისა, შესრულდა კასატორის პასპორტის ასლის დათვალიერება, რის შედეგადაც დასტურდება, რომ საზღვარი მას არასდროს არ გადაუკვეთია. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, არ არსებობს უძრავი ნივთის კასატორის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ნივთის გასხვისების ნება მესაკუთრეს (კასატორს) არ გამოუვლენია. ასეთი ნების გამოვლინებად ვერ მიიჩნევა 2022 წლის 18 ივლისით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლითაც თითქოს მოსარჩელე უფლებამოსილებას ანიჭებს ვინმე ა. ს–ის, განკარგოს თავის სახელზე რეგისტრირებული ყველა უძრავი ქონება და გარიგებები დამოუკიდებლად დადოს, მათ შორის, საკუთარ თავთან.

სსკ-ის 477-ე მუხლის მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია, რომ ნივთის გამსხვისებელი იყოს მისი მესაკუთრეც. შესაბამისად, ნივთის გასხვისების თაობაზე გარიგების დადებისას აუცილებელია, რომ მესაკუთრის ნება გამოვლინდეს, რასაც კასატორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და რაც სადავო გარიგების ბათილობის მაუწყებელია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

11. მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების დარეგისტრირების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, რაც იმ საფუძვლით დაასაბუთა, რომ, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მყიდველმა შეასრულა, აღნიშნულის შედეგად ეს უკანასკნელი ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლებით აღიჭურვა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და, ამავე მოსაზრების დასასაბუთებლად, გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილ მსჯელობას, სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლოც.

განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 323-ე (ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას), 327-ე (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ) და 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში) მუხლებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კანონის დასახელებულ ნორმებთან ერთობლიობაში სარჩელის წარმატებას განაპირობებს.

12. რაც შეეხება გამსხვისებლის (პირველი მოპასუხე) მიერ წარმოდგენილ პრეტენზიებს, რომელთა მიხედვითაც, პოლონეთის რესპუბლიკის საზღვარი მას არასდროს არ გადაუკვეთავს, ქ.ვარშავის ნოტარიუს მ.ა–ას ბიუროში სადავო მინდობილობა არ დაუდასტურებია და ქ.ვარშავაში ასეთი ნოტარიუსი არც არსებობს, მათ უარსაყოფად გასაჩივრებულ განჩინებაში ყურადღება მართებულად მიექცა შემდეგ გარემოებებზე:

- მინდობილობის მიხედვით, რწმუნებულს მარწმუნებელმა სადავო ქონების გაყიდვის, გაჩუქების, მესამე პირისთვის გადაცემის უფლება მიანიჭა. გარდა ამისა, მინდობილი პირი უფლებამოსილი იყო, უძრავი ქონება თავის სახელზე დაერეგისტრირებინა, როგორც გარიგების მეორე მხარეს, ყველანაირი ხელშეკრულება დაედო, ქონების მიმნდობის სახელით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებასა და გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა.

მინდობილი პირი უფლებამოსილი იყო, სადავო ქონების ღირებულება თავად განესაზღვრა. მინდობილობით ირკვევა, რომ პირთა ვინაობა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების შესაბამისად დადგინდა, ხოლო, მინდობილობის ასლის დედანთან სისწორე 2022 წლის 22 ივლისს ნოტარიუს მ.შ–ძის სანოტარო ბიუროში დამოწმდა.

- სადავო მინდობილობა აპოსტილით დადასტურდა. ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციიდან, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას (საქართველოსთვის 2007 წლის 14 მაისიდან ძალაში მყოფი) გამომდინარეობს, რომ ჰააგის კონვენციის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოსაყენებელი დოკუმენტები საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ მოწმდება სპეციალური შტამპით - აპოსტილით.

ხსენებული კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, აპოსტილი აღინიშნება ხელმომწერი პირის ან დოკუმენტის ნებისმიერი შემდგენის შუამდგომლობით. იგი ადასტურებს ხელმოწერის უტყუარობას, სტატუსს, რომლითაც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი და სათანადო შემთხვევაში, იმ ბეჭდის ან შტამპის უტყუარობას, რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი. ამდენად, აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება შედგენილ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში - მათი ავთენტურობა.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ სადავო მინდობილობის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იკვეთებოდა და ის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის შესრულებული. ნოტარიუსის მიერ შედგენილი და აპოსტილით დამოწმებული მინდობილობის ნამდვილობას ვერც მოპასუხის პასპორტში კონკრეტული ქვეყნის საზღვრის კვეთის შესახებ ჩანაწერის არარსებობა ვერ გააქარწყლებს, რამდენადაც პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს აღნიშნული არ გამორიცხავს.

მინდობილობის სიყალბის ფაქტი დადასტურებული არ არის. აღნიშნული გარემოების დამტკიცებულად ცნობისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ გამოდგება, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და არც მინდობილობის სიყალბის ფაქტი არ დადგენილა.

მინდობილობის სიყალბის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას ვერც გამოძიებისთვის წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებს. როგორც გასაჩივრებულ განჩინებაშია აღნიშნული, პირველი მოპასუხე გამოძიების ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილ ცნობაზე მიუთითებდა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლონეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებისთვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში უცნობია პირი, სახელად მ.ა–ა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მხარეთა განმარტებებით გამოირკვა, რომ საქართველოდან გაგზავნილ თხოვნაში ნოტარიუსის სახელში ტექნიკური უზუსტობა იქნა დაშვებული, რაც პოლონეთის რესპუბლიკიდან მიღებული ზემოხსენებული ინფორმაციის სიზუსტეს უცილობლად გამორიცხავს.

ამრიგად, მოპასუხის მიერ აღძრული ძირითადი არგუმენტების უარყოფის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ზემომითითებული მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი, რაც ქმნის გაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველს.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

14. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.კ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №24001506767, წარდგენის/მიღების თარიღი - 03 ოქტომბერი 2024 წელი) 70% - 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა