12 ნოემბერი 2024 წელი
№ას-930-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ.ნ.“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - შ.პ.ს. „მ.ნ“-ს მიმართ საიჯარო ქირის - 60 592.92 ლარის და პირგასამტეხლოს - 5 759.49 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, ხანდაზმულობაზე.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
5.1. 2016 წლის 29 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულებები, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... მდებარე, №....., №....., №..... საკადასტრო კოდებით რეგისტირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ხელშეკრულებების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი ხელშეკრულების დადების დღიდან.
5.2. ხელშეკრულებების 2.1 პუნქტების მიხედვით, მოიჯარეს ქონებით სარგებლობისათვის უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა - ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის - 43 120 ლარი, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისათვის - 42 944 ლარი და N....... საკადასტრო კოდით რეგისტირებული მიწის ნაკვეთისათვის - 38 610 ლარი.
5.3. ხელშეკრულებების 2.2 პუნქტის მიხედვით, წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი, მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე. ხელშეკრულებების 3.1.1 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო, ხელშეკრულების N2 დანართის შესაბამისად, ყოველი წლის დეკემბერში ქონებაზე ინფორმაცია წარედგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და 3.1.6 პუნქტის თანახმად, ასევე ვალდებული იყო, უზრუნველეყო ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, 3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, სააგენტოსთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენა.
5.4. ხელშეკრულებების 3.1.2 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო, ხელშეკრულებების გაფორმებიდან არაუმეტეს თორმეტი თვის ვადის დაცვით, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და 3.1.7 პუნქტის თანახმად, სამინისტროსთვის დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაცია, უნდა წარმოედგინა სააგენტოსთვის.
5.5. ხელშეკრულებების 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.6. მოსარჩელის 2019 წლის 24 ივნისის ბრძანებით, ვადამდე შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 29 ივლისს დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N......, N....., N......) იჯარის ხელშეკრულებები.
5.7. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, პერიოდულად გადასახდელ ვალდებულებას წარმოადგენდა და მოპასუხეს წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი ყოველი თვის 5 რიცხვში უნდა გადაეხადა (სააპელაციო სასამართლოს 7.03.2023 წლის სხდომის ოქმი).
5.8. მხარეებმა დაადასტურეს და სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება უკანასკნელად 2018 წლის 5 დეკემბერს შესრულდა. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია (სააპელაციო სასამართლოს 7.03.2023 წლის სხდომის ოქმი).
5.9. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მოპასუხემ 2019 წლის 23 სექტემბერს, სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 24 ივნისის N1/4-338 ბრძანებით არ იკვეთებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის დრო და ითხოვდა ხელშეკრულების 2019 წლის 28 იანვრიდან შეწყვეტილად ცნობას. სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით სარჩელი განუხილველი დარჩა სარჩელის გამოხმობის გამო.
5.10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულება დარღვეული იქნა 2019 წლის 05 იანვრიდან. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 24 ივნისის N1/4-338 ბრძანებით, მეიჯარეს (კრედიტორს) წარმოეშვა დარჩენილი დავალიანების სრულად გადახდევინების მოთხოვნის უფლება. მეიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების (საიჯარო ქირის გადახდის) შესრულების მოთხოვნით, სარჩელი წარდგენილია 2023 წლის 14 აგვისტოს - ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან 04 წლის გასვლის შემდეგ.
5.11. მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ვალდებულებები მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შედავების მიხედვით, მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან წარდგენილია სამოქალაქო კოდექსის 129 -ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით.
5.12. სააპელაციო პალატის მითითებით, როგორც უკვე აღინიშნა, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა და საიჯარო ქირის დავალიანების არსებობა მხარეთა შორის სადავო არ არის (სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ზოგადად დავალიანების არსებობა დაადასტურა 13:02:3513:13:45). მხარეები დავობენ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის დავალიანებისა და ვალდებულების შესრულების დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებაზე.
5.13. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა მხარი დაუჭირა მის მიერ სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ პოზიციას და სასამართლოს განუმარტა, რომ ვინაიდან მოთხოვნა ეხება უძრავი ქონებიდან გამომდინარე მოთხოვნებს, მასზე უნდა გავრცელებულიყო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა. გარდა ამისა, ვინაიდან მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან წარმოეშვა, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის დაზუსტების მიზნით, 2019 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოსარჩელისთვის საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა უნდა შეჩერებულიყო.
5.14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე-130-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა შემდეგი: მხარეებმა დაადასტურეს, რომ საიჯარო ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული წლიური საიჯარო ქირის 1/12 ნაწილი მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდებოდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითებები, რომ მოთხოვნა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას წარმოადგენს და განმარტა, რომ ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის.
5.15. უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვსწლიანი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უძრავი ნივთია, არ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელთა საფუძველს, ამა თუ იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს. მაგალითად, უძრავი ნივთის იჯარის ან ქირავნობიდან გამომდინარე ქირის, იჯარის ან სხვა სახელშეკრულებო პირობების შესრულების მოთხოვნებზე ზოგადი ან ამ ურთიერთობისთვის გათვალისწინებული სპეციალური ხანდაზმულობის ვადები გამოიყენება.
5.16. პალატის განმარტებით, სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ. ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.
5.17. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანების გადახდისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის თაობაზე ხანდაზმულია. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილზეც, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ დადასტურებულია სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული, მის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, თუმცა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენით, უარი განაცხადა ამ ვალდებულებათა შესრულებაზე, სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის გამო.
5.18. აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილი იყო ხანდაზმულობის ვადის დაცვით, რაც მოსარჩელემ ვერ განახორციელა. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და განმარტებები უსაფუძვლო იყო და არ შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განმტკიცებულ კანონმდებლის ნებას, მითითებული ნორმის განმარტებებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
5.19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა შეჩერებული იყო 2019 წლის 23 სექტემბრიდან - როდესაც მოპასუხემ სასამართლოს მიმართა ამჟამინდელ მოსარჩელესთან დადებული იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის თარიღის დადგენის მოთხოვნით, ვიდრე 2023 წლის 20 მარტამდე - როდესაც საქმე განუხილველად დარჩა, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე-134-ე მუხლების თანახმად, სარჩელის წარდგენა ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველი არ არის. სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა შეიძლება ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი იყოს, მაგრამ 140-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული, მოსარჩელე კი, სწორედ მოპასუხის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვებაზე მიუთითებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არც ხანდაზმულობის ვადის დინება იქნა შეჩერებული და არც - ხანდაზმულობა - შეწყვეტილი, რასაც შეეძლო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ სასამართლოს დასკვნაზე გავლენა მოეხდინა.
5.20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით - 60 592.92 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5 759.49 ლარის დაკისრების შესახებ მართალია ხელშეკრულებების პირობების შესაბამისი იყო, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც დადასტურდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ვალდებულების შესრულებაზე მოპასუხის უარის გამო, არ ვლინდებოდა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 135-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად მიიჩნიეს სარჩელი ხანდაზმულად. ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა უძრავი ქონებიდან (ს/კ .......; ს/კ .........; ს/კ .........) გამომდინარე მოთხოვნებს, უნდა გავრცელებულიყო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა. მართალია, მხარეთა შორის, 2016 წლის 29 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 24 ივნისის №1/4-338 ბრძანებით, თუმცა, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მოპასუხემ 2019 წლის 23 სექტემბერს, სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს (საქმე №2/897-19), სარჩელში უთითებდა, რომ 2019 წლის 24 ივნისის №1/4-338 ბრძანებით არ იკვეთებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის დრო და ითხოვდა ხელშეკრულების 2019 წლის 28 იანვრიდან შეწყვეტილად ცნობას. სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით (საქმე №2/897-19) საქმე დარჩა განუხილველად, სარჩელის გახმობის გამო. ფაქტია, რომ 2019 წლის 23 სექტემბრიდან, 2023 წლის 20 მარტამდე მოსარჩელეს 2019 წლის 24 ივნისის №1/4-338 ბრძანების საფუძველზე საქმე იყო სასამართლოს წარმოებაში, რის გამოც, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ პერიოდში უნდა მიჩნეულიყო შეჩერებულად და ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა გაგრძელებულიყო 2023 წლის 20 მარტიდან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირების მატერიალურსამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, მოიჯარეს ეკისრება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება იჯარის საგნით სარგებლობისთვის, თუმცა, ნიშანდობლივია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნას იმგვარი შესაგებელი (მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი) დაუპირისპირა, რომელიც მის იძულებით განხორციელებას შეუძლებელს ხდის, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, უძრავი ნივთების იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობა.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. იმავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
13. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (ს.უ.ს.გ. №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).
ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია, გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007წ, გვ.63; ს.უ.ს.გ. №ას-986-2019, 16.10.2019წ.).
„...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51) (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
14. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 29 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 20 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამ მიწის ნაკვეთზე; ხელშეკრულებების მიხედვით, მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე; ხელშეკრულებების თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება დაირღვა 2019 წლის 05 იანვრიდან; მან უკანასკნელად საიჯარო ქირა გადაიხადა 2018 წლის 5 დეკემბერს, რის შემდეგაც შეწყვიტა გადახდა. აღნიშნულის გამო 2019 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებები; მოპასუხემ 2019 წლის 23 სექტემბერს, სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, იმ საფუძვლით, რომ 2019 წლის 24 ივნისის №1/4-338 ბრძანებით არ იკვეთებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის დრო და ითხოვდა ხელშეკრულების 2019 წლის 28 იანვრიდან შეწყვეტილად ცნობას. სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით სარჩელი განუხილველი დარჩა სარჩელის გამოხმობის გამო. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ სასამართლოს მომართა 2023 წლის 14 აგვისტოს.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის, როგორც სპეციალური მოწესრიგების, გამოყენების დროს, მიუხედავად იმისა, კრედიტორის მოთხოვნა ეფუძნება სახელშეკრულებო მოთხოვნას, თუ უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნებს, იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა ვალდებულების შესრულება განსაზღვრეს პერიოდულად (მაგ. კონკრეტული თვის რომელიმე კალენდარული რიცხვით, სამ თვეში ერთხელ ან ექვს თვეში ერთხელ), მაშინ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს მოვალისადმი მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თითოეული დარღვევის საფუძველზე, დამოუკიდებლად და თითოეული დარღვევისათვის განცალკევებულად გამოითვლება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, თუნდაც, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნებოდეს უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნას. კანონმდებლის ნება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლში მკაფიოდ და ცხადად არის ფორმულირებული, ეხება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, ნორმის პირველი ნაწილი სამწლიან ხანდაზმულობას ადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის, ხოლო თუ სახელშეკრულებო მოთხოვნა უძრავ ნივთებთან არის დაკავშირებული, მაშინ ექვსწლიან ხანდაზმულობის ვადას განსაზღვრავს; ნორმის მეორე ნაწილი, როგორც სპეციალური რეგულაცია, პერიოდულად შესასრულებელ მოთხოვნათა ხანდაზმულობას ადგენს და თითოეული შესრულების ვადის დარღვევის მიხედვით, ცალ-ცალკე განსაზღვრავს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადას; ნორმის მესამე ნაწილი უთითებს კანონით განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადებზე, რომელიც გამოიყენება ცალკეულ შემთხვევებში კანონის საფუძველზე (მაგ. ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 655-ე და 656-ე მუხლები; ტურისტული მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნისათვის 663-ე მუხლი და სხვ.). სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის, როგორც სპეციალური მოწესრიგების შინაარსი ასევე ვლინდება ამავე კოდექსის 142-ე მუხლიდანაც. კანონმდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას, ადგენს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როდესაც ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 142.1-ე მუხლი), ხოლო თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს. რომლებიც მომავალში უნდა შესრულდეს. მაშინ მათ მიმართ გამოიყენება 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-262-2019, 02.12.2020 წ.).
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სარჩელზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით დადგენილი ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა სახელშეკრულებო ურთიერთობის ობიექტს (მოძრავი თუ უძრავი ქონება), არამედ - მოთხოვნის სამართლებრივ შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებებით ნაკისრი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები - ყოველთვიური საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა, მსგავს მოთხოვნებზე კი, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც სრულად შეესაბამება როგორც კანონმდებლის ნებას, ისე - საკასაციო სასამართლოს განმტკიცებულ პრაქტიკას.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საიჯარო ქირის ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ქონებაზეა (უძრავი თუ მოძრავი) დადებული იჯარის ხელშეკრულება, თითოეულ გადახდაზე სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, რასაც ვერ შეცვლის ვერც ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 24 ივნისს ვადამდე შეწყდა არსებული იჯარის ხელშეკრულებები.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან, მოპასუხემ მის წინააღმდეგ 2019 წლის 23 სექტემბერს აღძრა სარჩელი სასამართლოში საიჯარო ხელშეკრულებების შეწყვეტის თარიღის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნული სარჩელი სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განჩინებით განუხილველი დარჩა სარჩელის გამოხმობის გამო, ხსენებულ დავაზე სასარჩელო წარმოების მიმდინარეობის პერიოდში ამჟამად განსახილველ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად უნდა მიჩნეულიყო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნით სარჩელი წარდგენილია მხოლოდ 2023 წლის 14 აგვისტოს, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან 04 წლის გასვლის შემდგომ, კასატორის მიერ მითითებული დავა სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სარჩელი ხანდაზმულია და მართებულად იქნა უარყოფილი.
18. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 145-ე მუხლის შესაბამისად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნა - საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ, ხანდაზმულად იქნა მიჩნეული, საკასაციო პალატას, ზემოხსნებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დამატებითი მოთხოვნაც ხანდაზმულად მიაჩნია.
19. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორად დაადგინეს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები (მოთხოვნის წარმოშობა და მისი იძულებით განხორციელების ვადები) და იმ პირობებში, როდესაც საქმისწარმოების შესაბამის ეტაპზე მოპასუხემ თავდაცვის მატერიალურსამართლებრივ საშუალებად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით ისარგებლა, სწორად არ დააკმაყოფილეს მეიჯარის სარჩელი.
20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი