საქმე №ა-897-ა-2-2022 11 თებერვალი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
განცხადების ავტორი - ს.ს–ი (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა და დახმარების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრი.
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ს.ს–ის მიმართ არამართლზომიერად გადაადგილებული დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე ქ.შ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილებით დადგინდა არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას (დაბ. 27.03.2015 წ.) რუსეთის ფედერაციაში დედასთან ქ.შ–ასთან დაბრუნება. ქ.შ–ასთვის გადაცემის უზრუნველყოფა მამას - ს.ს–ს დაევალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ს.ს–მა გაასაჩივრა საპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით - ს.ს–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების, ფსიქოლოგების დასკვნების, მხარეთა, მათ შორის, არასრულწლოვნის, მოსმენისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონის სწორ განმარტებას, საქმის გადასაწყვეტად საჭირო ყველა ფაქტი დადგენილი იყო, სამართლებრივი გარემოებები სწორად შეფასებული და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ს–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მიზნით, არასრულწლოვანი ვ.ს-შ–ას დედასთვის გადაცემა დაევალა მამას ს.ს–ს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 28 თებერვალს, განცხადება წარმოადგინა ს.ს–მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, ს.ს–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში. განცხადების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ განიხილა მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და დაასკვნა, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 421.1-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, კერძოდ: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
8. სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შეად. სუსგ-ებს: № ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ; № ა-6389-1-16-2021, 15.04.2021წ; № ა-694-22, 17.05.2022წ; № ას-585-2021, 6.05.2022წ; № ა-4490-21-ა-17-2021, 17.05.2022წ; № ა-6779-ა-3-2023, 25.04.2023წ; № ა-1854-1-8-2023, 15.06.2023წ; № ას-635-2023, 5.7.2023წ; ა-6581-ა-4-2024, 5.03.20204წ.).
9. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანია განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების არგუმენტები და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს თუ არა სსსკ-ის 423.1-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის წინაპირობებს.
10. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“
12. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი აქვს. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.
13. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ყოველთვის ვერ გახდება ხელახალი სამართალწარმოებისათვის სამართლებრივი ბარიერი, რადგან შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმით შელახული განმცხადებლის ინტერესი აღემატებოდეს ამ გადაწყვეტილების გაუქმებით შელახულ ინტერესს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმა, გამართლებული ვერ იქნება.
14. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის, დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ.377).
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გადაწყვეტილების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერ ძალას. გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომლის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. სასამართლო გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა გათვალისწინებულია სსსკ-ის 264-ე მუხლით. „დავა გადაწყვეტილია“ პრინციპიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სსსკ-ის 265-ე და 421-ე მუხლები, რომლებიც იძლევიან საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
16. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის, უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაში მდგომარეობს. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის XI კარით (საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, უპირველესად, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
18. აქვე, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).
19. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე: Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX);
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. (იხ. სუსგ №ა-4083-ა-11-2021, 24 დეკემბერი, 2021; სუსგ №ას-7-2021, 18 მარტი, 2021).
21. განმცხადებელი, საქმისწარმოების განახლების მოტივად მიუთითებს შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ, მისი განმარტებით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებების გამო, დახურულია უკრაინის საჰაერო სივრცე. განმცხადებლის მტკიცებით, რუსეთისთვის დემოკრატიული ქვეყნებისგან დაწესებული სანქციების გამო ფაქტობრივად შეუძლებელია რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოდ ცხოვრება და განვითარება, როგორც ბავშვისთვის, ასევე განმცხადებლისთვისაც. განმცხადებლის მითითებით, მისთვის, ომის დაწყების თაობაზე ვერ იქნებოდა საქმის განხილვისას ცნობილი, ამასთან ვერ გაითვალისწინებდა ომის თანმდევ შედეგების შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის დასაბუთება არ შეესაბამება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტს, რადგან არ არის გამოვლენილი ის გარემოებები, რომლებიც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძველი.
22. გარდა ამისა, საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება აღსრულებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად - არასრულწლოვანი დაბრუნებულია რუსეთის ფედერაციაში.
23. რაც შეეხება განცხადების ავტორის აპელირებას „ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენცის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებულ ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების საგამონაკლისო შემთხვევის არსებობის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმები წარმოადგენს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლებს, რომლებზეც საქართველოს უზენაესმა პალატამ 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში არსებითად იმსჯელა და რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის ფარგლებში შესამოწმებელ სამართლებრივ საფუძვლებს არ წარმოადგენს, რის გამოც ამ არგუმენტზე მსჯელობას საკასაციო პალატა არარელევანტურად მიიჩნევს.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართულ მასალაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენს ამავე გადაწყვეტილების, სსსკ-ის 423.1-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე