Facebook Twitter

საქმე №ას-1045-2023 26 აპრილი, 2024 წელი,

ფთბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ.....“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სარჩელის მოთხოვნა:

1. გ.რ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ.....“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხის შესაგებელი:

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. 2022 წლის 24 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღი. მოპასუხის წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობა მიიჩნია საპატიოდ ეს დასკვნა დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა სხდომამდე 4 სამუშაო დღით ადრე, წარმომადგენლის საზღვარგარეთ ყოფნის გამო კი, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მისი წარმომადგენლისთვის ეცნობებინა სხდომის დანიშვნის შესახებ და უზრუნველეყო წარმომადგენლის დახმარება საქმის განხილვაში.

9. სააპელაციო პალატამ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ბ–ა საქართველოს წინააღმდეგ და განმარტა, რომ კონვენცია არ ითვალისწინებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში იურიდიული წარმომადგენლობის ავტომატურ უფლებას და მისი აუცილებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებითა და მისი ძალაში დატოვებით, მოსარჩელე არ იქნა ჩაყენებული არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მოპასუხე მხარესთან მიმართებით.

10. სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა გ.რ–თან სასამართლო უწყების გადაცემის თაობაზე სასამართლოს სხდომის მდივნის სატელეფონო საუბრის ელექტრონული ჩანაწერის აუდიო ვერსია, საიდანაც დადგინდებოდა, რომ გ.რ–ი სათანადოდ იქნა გაფრთხილებული სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი შედეგების შესახებ. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, გ.რ–ი სათანადოდ იქნა თუ არა გაფრთხილებული სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მისი შედეგების შესახებ, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „დ.....“-მა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებასა და გ.რ–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე უარის თქმას.

12. კასატორი მიუთითებს, რომ გ.რ–ი სადავოდ არ ხდიდა სატელეფონო აქტს, ასე რომც ყოფილიყო საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით თავისთავად იკვეთება, რომ მოსარჩელის სასამართლოში დაბარება განხორციელდა ტექნიკური საშუალებით, რაც დასტურდება სხდომის მდივნის მიერ 2022 წლის 18 ნოემბრის სატელეფონო აქტით, სადაც გარკვევით არის მითითებული, რომ მოსარჩელეს განემარტა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები.

13. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელე აპელირებდა მხოლოდ იმაზე, რომ მას არ აქვს იურიდიული განათლება, არის ასაკოვანი (57 წლის) და რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლო უწყების შინაარსის შესახებ ეცნობებინა საზღვარგარეთ მყოფი წარმომადგენლისთვის, რაც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან წარმომადგენლის საზღვარგარეთ ყოფნა არ წარმოადგენს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ობიექტი და შესაბამისად საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

18. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსარჩელისთვის სასამართლო შეტყობინების კანონით დადგენილი წესის დაუცველად ჩაბარების თაობაზე არგუმენტი, რის გამოც საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე გაამახვილებს ყურადღებას და გამოიკვლევს მოსარჩელისთვის სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმაციის მართებულად ჩაბარების ფაქტს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ-ები: №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

22. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შდრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020 წელი).

23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I). სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში“ (იხ. სუსგ # ას -849-799-2015, 24.06.2016წ). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე სასამართლოში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენელი თამარ სურმავას მეშვეობით (ს.ფ. 1-23, 79-80). ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა სხდომამდე 4 სამუშაო დღით ადრე - 2022 წლის 18 ნოემბრს (ს.ფ. 82)

25. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე“ (იხ.სუსგ საქმეზე Nას-1666-1654-2011, 08.12.2011 წ.).

26. საქმის მასალებით დგინდება, რომ სასამართლო მოხელემ სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელე - გ.რ–ს (ს.ფ. 82), ასევე, დგინდება, რომ საქმეში არ არსებობს გ.რ–თან სასამართლო უწყების გადაცემის თაობაზე სასამართლოს სხდომის მდივნის სატელეფონო საუბრის ელექტრონული ჩანაწერის აუდიო ვერსია, რომელიც ყოველგვარ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების მოსარჩელისთვის სათანადო განმარტების ფაქტს. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება, დამატებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარების ფაქტი.

27. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა ესარგებლა საპროცესო კოდექსის 216.1-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საქმის განხილვა გადაედო, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მოპასუხის არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენება მეორე მხარესთან შედარებით. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან. ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით შეიქმნა მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შელახვის საფრთხე. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა, არა - სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების საზიანოდ.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

პროცესის ხარჯები:

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, შპს „დ.....“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 24/07/2023წ., №1690196330 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „დ.....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „დ.....“-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 24/07/2023წ., №1690196330 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი