Facebook Twitter

საქმე №ას-1542-2024 31 იანვარი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ც–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ს.ი–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.2024 წლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2023 წლის გადაწყვეტილებით შპს „კ.ს.ი–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ.ც–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის, 14 240 ლარისა და პირგასამტეხლოს, 1 250 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.2024 წლის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 07.11.2024 წელს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 29.10.2024 წელს. აპელანტი 07.11.2024 წელს სხდომაზე არ გამოცხადდა.

3.2. სააპელაციო სასამართლოში 04.11.2024 წელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილია განცხადება, რომლითაც აპელანტი ითხოვს 07.11.2024 წელს დანიშნული სხდომის გადადებას იმ საფუძვლით, რომ იგი მოსარჩელის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე დღეს, 10:30 საათზე დანიშნულ საქმის განხილვაში.

3.3. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის შუამდგომლობას და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

3.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 216-ე, 215-ე მუხლებზე და განმარტა, რომ არ არსებობს აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველი, დაუსაბუთებელია შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მითითებით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი განცხადებითა და თანდართული განჩინებით არ დასტურდება, რომ იგი ნამდვილად დაბარებულია საქალაქო სასამართლოში 07.11.2024 წელს დანიშნულ სხდომაზე მოსარჩელის წარმოადგენლის სტატუსით, ამასთან, ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, გაურკვეველია, რატომ შეუშლიდა ხელს თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე დანიშნულ სხდომაში მონაწილეობა აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 13:40 საათზე გამოცხადებაში (სასამართლოებს შორის გადაადგილებისთვის საჭირო დრო 10-15 წუთია). საკითხის ამგვარი გადაწყვეტისას პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ აპელანტის ანალოგიური შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო.

3.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 387-ე, 229-ე მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიუთითა: იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2024 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში 07.11.2024 წელს 10:30 საათზე დანიშნულ საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის სტატუსით, რის თაობაზეც მან აცნობა კიდეც სასამართლოს და ითხოვა სხდომის გადადება. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოში დანიშნული მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და იმ დღესვე, 16:00 საათზე გამოცხადდა გადაწყვეტილება. აპელანტს არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოში 13:40 საათზე გამოცხადება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

9. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას.

10. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

13. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 07.11.2024 წელს დანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 29.10.2024 წელს (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ, ტ.2, ს.ფ. 65).

14. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში/კერძო საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2.აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (სუსგ Nას-780-780-2018, 22.10.2019წ.).

17. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში 07.11.2024 წელს, 10:30 საათზე დანიშნულ საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის სტატუსით, სხდომა დასრულდა 16:00 საათზე, რაც შეუძლებელს ხდიდა 13:40 საათზე მის გამოცხადებას სააპელაციო სასამართლოში. სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას, წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული სადავო გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება იქნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 07.11.2024 წელს გამართული სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება სასამართლო სხდომის დაწყებისა და დასრულების დრო, რაც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საქმის განმხილველ სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოში 13:40 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობა. ასეთი დოკუმენტი კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არ არის, ამასთან, პრეზუმირებულია, რომ მას, როგორც საქმის განხილვაში მონაწილე მხარის წარმომადგენელს, დაუბრკოლებლად მიუწვდება ხელი ასეთი სახის საპროცესო დოკუმენტებზე. ზემოაღნიშნულის ნაცვლად კერძო საჩივარს ერთვის სასამართლოს საქმისწარმოების ელექტორნული სისტემიდან ამონაბეჭდი, რომელზეც იკითხება მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე სხდომის განხილვის დაწყვების დრო, რაც სადავო გარემოების დადასტურების მიზნებისთვის შესაბამის მტკიცებულებად ვერ შეფასდება.

18. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, რაც გამორიცხავს აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ც–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.11.2024 წლის განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია