საქმე №ას-1532-2024 18 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ბ–ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ვა, დ.ზ–ვა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის განჩინება, ამავე სასამართლოს 22.11.2024 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება და მიჯნის აღმართვის საფასურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.07.2024 წლის გადაწყვეტილებით დ.ზ–ვასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“) და მ.ზ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ.ბ–ოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, კორპუსი №1-1ა, ავტოფარეხი, შენობა №7, ს/კ: ......... და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მესაკუთრეებისთვის - პირველი და მეორე მოსარჩელეებისათვის გადაცემა; მოპასუხეს დაევალა ს/კ: ...... (შენობა №7/1 საკადასტრო გეგმაზე) უძრავი ქონებისა და ს/კ: ...... (შენობა №6/1 საკადასტრო გეგმაზე) უძრავი ქონების სამეზობლო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება და მიჯნის აღმართვის საფასურის სახით 427 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა, 2021 წლის ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.07.2024 წლის გადაწყვეტილებაზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს მის შესავსებად განესაზღვრა ვადა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2024 წლის განჩინებით ამ ნაწილში მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2024 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.07.2024 წლის გადაწყვეტილებაზე სასაზღვრო მიჯნის აღმართვისთვის გასაწევი თანხის დაკისრების ნაწილში, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ასაჩივრებს სასაზღვრო მიჯნის აღმართვისთვის გასაწევი თანხის - 427 ლარის დაკისრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულებაა 427 ლარი, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს.
5. მოპასუხემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა მისი სააპელაციო საჩივრის სრულად, მათ შორის სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღების ნაწილში, წარმოებაში მიღების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.11.2024 წლის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დარჩა განუხილველად.
6. მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2024 წლისა და 22.11.2024 წლის განჩინებებზე წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ სადავო ნაწილში დავის საგნის ფასი არასწორად განსაზღვრა მხოლოდ 427 ლარით და არ გაითვალისწინა მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღების კომპონენტი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
9. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს, სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობასთან წინააღმდეგობის საფუძვლით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის სადავო ნაწილში განუხილველად დატოვების მართლზომიერებაზე.
11. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2. მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით). პალატა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ.). სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (სუსგ №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა:
- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. თბილისი, ......... ავტოფარეხი, შენობა №7, ს/კ: .........) და დადგინდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელეებისათვის გადაცემა;
- მოპასუხეს დაევალა უძრავ ქონებათა შორის (ს/კ: ........ (შენობა №7/1 საკადასტრო გეგმაზე) და ს/კ: ......... (შენობა №6/1 საკადასტრო გეგმაზე)) სამეზობლო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება და მიჯნის აღმართვის საფასურის სახით 427 ლარის ანაზღაურება;
- მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა, 2021 წლის ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ტ.1, ს.ფ. 294-312). გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სრულად გაასაჩივრა მოპასუხემ (ტ.1, ს.ფ. 313-340).
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.11.2024 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვისთვის გასაწევი თანხის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის კრიტერიუმს (ტ.3, ს.ფ. 8-10).
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს, რამდენად დაკავშირებულია სასარჩელო მოთხოვნები ერთმანეთთან. მოპასუხის შესაგებელი, ისევე როგორც სააპელაციო საჩივარი, ეფუძნება გარემოებებს მასზე, რომ: მოსარჩელეებისა და მოპასუხის ავტოფარეხები (ს/კ: ...... (შენობა №7/1 საკადასტრო გეგმაზე) და ს/კ: ....... (შენობა №6/1 საკადასტრო გეგმაზე)) მდებარეობს ერთმანეთის გვერდიგვერდ და არ არის გამოყოფილი მყარი სასაზღვრო მიჯნით; ავტოფარეხები ააშენეს მოპასუხემ და პირველი მოსარჩელის მეუღლემ, რაც 30 წლის განმავლობაში მათ საერთო სარგებლობაში იყო; ავტოფარეხებს გააჩნია ერთადერთი შესასვლელი, რომელიც მდებარეობს მოსარჩელეების ავტოფარეხში; სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შემთხვევაში მოპასუხე ვეღარ ისარგებლებს კუთვნილი უძრავი ნივთით (ტ.1, ს.ფ.107-119; 313-340). ამდენად, მოსარჩელეების ავტოფარეხის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა კავშირშია მოპასუხისა და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხებს შორის მიჯნის აღმართვის საკითხთან, რაც ერთობლივ მსჯელობასა და შეფასებას მოითხოვს.
16. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სსსკ-ის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის შინაარსისა და საფუძვლების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სასაზღვრო მიჯნის აღმართვისთვის გასაწევი თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის სხვა ნაწილების მხედველობაში მიღების გარეშე არ შეესაბამება სსსკ-ით დადგენილ დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს. მხარეთა ავტოფარეხებს შორის სამეზობლო მიჯნის აღმართვის საკითხი დაკავშირებულია მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელეთა ავტოფარეხის გამოთხოვასთან იმგვარად, რომ სააპელაციო საჩივრის ინტერესი მხოლოდ მისი სრულად განხილვის შემთხვევაშია მიღწევადი.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღებისა და მიჯნის აღმართვის საფასურის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.07.2024 წლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად (შდრ. სუსგ №ას-524-524-2018, 18.05.2018წ; №ას-1634-2018, 28.12.2018წ; №ას-581-2021, 09.11.2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ბ–ოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2024 წლისა და 22.11.2024 წლის განჩინებები.
3. საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღებისა და მიჯნის აღმართვის საფასურის ანაზღაურების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.07.2024 წლის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია