საქმე №ას-1022-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ე–ძე, მ.ე–ძე, რ.ე–ძე, ა.ე–ძე, ნ.ჭ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.რ.ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება.
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.05.2023 წლის გადაწყვეტილებით, შპს „მ.ო.რ.ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა, რ.ე–ძის, მ.ე–ძის, რ.ე–ძის, ნ.ჭ–ძის და ა.ე–ძის (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კასატორები“) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ......... (ყოფ. 43) (ს/კ ......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო უძრავი ნივთი“) და სადავო უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს გადაწყვეტილების წინსმწრები 11.05.2023 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2023 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.05.2023 წლის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 11.05.2023 წლის საოქმო განჩინება.
განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით. სადავო ნივთზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება მოიპოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 31.12.2019 წლის განკარგულების საფუძველზე.
3.2. მოპასუხეები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
3.3. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უძრავ ქონებას კანონიერად ფლობენ. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
3.5. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 312-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ესე იგი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ და იგი ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას. მოპასუხეებმა ვერ შეძლეს ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო უძრავ ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
3.6. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს 11.02.2023 წლის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულ საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და განმარტა, რომ დავის საგნის გათვალისწინებით, სამართლებრივად არ არის გამართლებული სასამართლო სხდომის გადადება, იმისათვის, რათა მსგავსი კატეგორიის დავებზე ადვოკატის დანიშვნით დაცული იქნეს არასრულწლოვანთა უფლება, ამასთან, წინამდებარე დავაში არასრულწლოვანი ბავშვები წარმოდგენილი არიან კანონიერი წარმომადგენლით - მამით, რომელსაც ჰყავს ადვოკატი. სასამართლომ მიზანშეუწონლად ჩათვალა ასევე საქმეში მესამე პირების ჩართვა და ამ მოტივით საქმის გადადება, ვინაიდან სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა მოპასუხედ დასახელებული პირების მფლობელობის მართლზომიერება. რაც შეეხება რწმუნებულების გაფორმების მიზნით სხდომის გადადების შესახებ მოთხოვნას, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გაუმართლებელია, ვინაიდან ამისათვის მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა. როგორც თავად მიუთითებს, 29.11.2022 წლიდან ორდერის ვადა გასული იყო, ხოლო სხდომის თაობაზე უწყება მოპასუხეებს ჩაჰბარდათ 25.04.2023 წელს, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული საფუძვლებით სხდომის გადადება, არ იყო განპირობებული ობიექტური აუცილებლობით, რაც შესაძლოა გამხდარიყო საქმის განხილვის გადადების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2023 წლის განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის განსახილველად დაბრუნება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245).
9. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
10. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
11. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ კასატორები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს.
12. რაც შეეხება მოპასუხეთა ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
13. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხე ფლობს სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
14. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. რაც შეეხება კასატორების მსჯელობას, დავაში დამატებით სადავო უძრავ ქონებაში მცხოვრები მცირეწლოვანი ნ.ე–ძის და გ.ბ–ძის ჩართვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი თავად წყვეტს ვის მიმართ გააჩნია პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოსარჩელის ადრესატი მოპასუხეები არიან. მათ მიმართ აღძრული სავინდიკაციო მოთხოვნა სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა (სუსგ Nას-1208-2019, 21.11.2019წ., 69; Nას-ას-568-527-2017, 30.06.2017წ., 1.5.4.; Nას-756-2020, 29.10.2020წ., 15, 22; №ას-634-2020, 19.11.2020წ.).
15. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ უთითებენ მათი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე გარემოებაზე. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვნების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა (შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.).
16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
17. რაც შეეხება სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულ 11.05.2023 წლის საოქმო განჩინებას, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას, რომ წინმსწრები განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მსჯელობას მოპასუხე ნ.ჭ–ძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე, რომელსაც საზღვარგარეთ ყოფნის გამო შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება და არ მიეცა შესაძლებლობა ახალი ვადით გაეფორმებინა რწმუნებულება ადვოკატისთვის. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეებმა სარჩელისაგან თავის დასაცავად წარადგინეს ერთობლივი შესაგებელი, რომელსაც ხელს აწერდა მოპასუხე ნ.ჭ–ძე. ამასთან, შესაგებლის საფუძვლად მოპასუხეები მიუთითებდნენ მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ნივთი ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვნების, ერთადერთი საცხოვრებელია (ს.ფ. 31-39). ნ.ჭ–ძე პირადად ესწრებოდა ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 09.11.2021 წლის მოსამზადებელ სასამართლო სხდომასაც (ს.ფ. 73-77). საქალაქო სასამართლოს 09.11.2021 წლისა და 14.12.2021 წლის სხდომაზე მოპასუხეთა უფლებებს იცავდა ადვოკატი ი.ა–ძე 09.11.2021 წელს, ერთი წლის ვადით გაცემული ორდერის საფუძველზე (ს.ფ. 81). 11.05.2023 წლის სხდომაზე გამოცხადდნენ რ.ე–ძე (არასრულწლოვანი მ. და ა.ე–ძეების კანონიერი წარმომადგენელი) და ადვოკატი ი.ა–ძე, რომელიც სანოტარო წესით გაფორმებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენდა რ.ე–ძეს. ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სადავო უძრავ ნივთში მცხოვრები პირების საქმეში მოპასუხედ ან მესამე პირად ჩართვის, ასევე დანარჩენი მოპასუხეების სახელით რწმუნებულების გაფორმების მოტივით საქმის განხილვის გადადების თაობაზე, რაც სასამართლოს 11.05.2023 წლის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა, მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და ამავე სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (იხ.: სხდომის ოქმი, 128-135). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ეტაპზე ნ.ჭ–ძეს სანოტარო წესით გაფორმებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენდა ადვოკატი (იხ. სააპელაციო საჩივარი, რწმუნებულება, ს.ფ. 158-168, 172).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით უნდა შესწავლილიყო ორი ძირითადი საკითხი: პირველი, გამოიჩინა თუ არა სახელმწიფომ საკმარისი გულმოდგინება ყველა საჭირო ზომის მიღებით, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით, მომჩივანმა თქვა თუ არა უარი საკუთარ უფლებაზე, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავისი საქმე; და მეორე, უზრუნველყო თუ არა ეროვნულმა კანონმდებლობამ მომჩივანი შესაბამისი საშუალებებით, რათა დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი ახალ სასამართლო სხდომაზე, როდესაც მან შეიტყო დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ (იხ. დილპაკისა და კარაკაიას საქმე, §§ 80 და 88, და აჟდაჰიჩის საქმე, §§ 50 და 53) (Gakharia v. Georgia, განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ.).
20. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ მოპასუხე ნ.ჭ–ძე ინფორმირებული იყო მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოების შესახებ, წარადგინა შესაგებელი სარჩელისაგან თავის დასაცავად და ესწრებოდა კიდეც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომას. ამასთან, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მისთვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება, წარმოდგენილი იყო ადვოკატით, ჰქონდა გასაჩივრებისა და გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მას არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია (შდრ. სუსგ Nას-810-2020, 23.04.2021წ., პუნ. 33,34). ამდენად, გაზიარებული ვერ იქნება მსჯელობა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაღვევის თაობაზე.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-634-2020, 19.11.2020წ.; Nას-1274-2020, 24.12.2020წ.; №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.).
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. მ.ე–ძე, რ.ე–ძე და ა.ე–ძე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რ.ე–ძისა და ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს (სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს). ვინაიდან რ.ე–ძემ და ნ.ჭ–ძემ სახელმწიფო ბაჟის სახით საკუთარი ინიციატივით გადაიხადეს 250 ლარი, მათ უკან უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი 100 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რ.ე–ძეს და ნ.ჭ–ძეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი, ჯამურად – 205 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ე–ძის, მ.ე–ძის, რ.ე–ძის, ა.ე–ძისა და ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. რ.ე–ძეს (პ/ნ: ........) და ნ.ჭ–ძეს (პ/ნ: .........) უკან დაუბრუნდეთ ჯამში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარიდან (1. გადახდის თარიღი 20.06.2024წ., თიბისი ფეი, ტერმინალის ნომერი 60, ოპერაციის ID 507446, სს თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, გადახდილი თანხა 100 ლარი; 2. საგადასახადო დავალება #3017, გადახდის თარიღი 27.09.2024წ. გადამხდელი ნ.ჭ–ძე (პ/ნ .......), გადახდილი თანხა 150 ლარი) ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, ჯამურად - 205 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია