საქმე №ას-216-2020 23 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G.....“, თ.ბ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2019 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ს.კ–იმ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G.....“-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და თ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ და 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებაზე მითითებით მოითხოვა:
1.1. პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 85 000 აშშ დოლარის დაკისრება;
1.2. თანხის ამოღების მიზნით შპს „ი.მ.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში მეორე მოპასუხის კუთვნილი 30%-იანი წილის რეალიზაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.02.2014 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2015 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.12.2015 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2015 წლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2019 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.02.2014 წლის გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
7.1. მოსარჩელე არის შპს „R. I “-ის დირექტორი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი.
7.2. პირველი მოპასუხე წარმოადგენს ტყვიის შენადნობის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც 20.08.2012 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, საქმიანობას ეწევა შპს „ი.მ.ე–ის“ კუთვნილ საწარმოში.
7.3. მეორე მოპასუხე წარმოადგენს შპს „ი.მ.ე–ის“ 30%-იანი წილის მფლობელს.
7.4. 16.12.2012 წელს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულება; ხელშეკრულების მიხედვით, სესხის უზრუნველსაყოფად მეორე მოპასუხემ დააგირავა მისი კუთვნილი 30% წილი შპს „ი.მ.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში.
7.5. მითითებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, მსესხებელს - პირველ მოპასუხეს მისი მოთხოვნისთანავე გადასცეს დამატებით სესხის თანხა, რომლის რაოდენობაც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ამასთან, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ სესხად მიღებული თანხა გამოყენებული იქნებოდა მხოლოდ პირველი მოპასუხის საქმიანობისათვის. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხის დაბრუნების საშუალებებზე; კერძოდ, სესხი უნდა დაფარულიყო პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით, ასევე, პირველი მოპასუხის მიერ შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებით ან/და მის მიერ ნაწარმოები პროდუქციით. მხარეებმა ასევე აიღეს ვალდებულება, ერთმანეთისთვის წარედგინათ ყველა სათანადო საბუთი სესხის თანხის მიზნობრივი გახარჯვის დასადასტურებლად.
7.6. შესასყიდი პროდუქციის ღირებულების გადარიცხვას პირველი მოპასუხის ანგარიშზე ახორციელებდა უშუალოდ „A.A.L“, მოსარჩელე, როგორც „A.A.L“-ის წარმომადგენელი, ასევე - როგორც შპს „R. I “-ის დირექტორი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ფიზიკური პირი ბ.ბ.მ.
7.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის მასალების მიხედვით, მხარეები განმარტავენ რიგ საკითხებს და მიუთითებენ შემდეგ გარემოებებზე:
- მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 16.12.2012 წელს მას და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 85 000 აშშ დოლარი და მოითხოვს მისგან აღნიშნული თანხის დაბრუნებას;
- მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტავს, რომ პირველ მოპასუხეს დამყარებული ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა არა ფიზიკურ პირ მოსარჩელესთან, არამედ ინდურ კომპანია „A. A.L.“-თან და მისი სახელით მოქმედ პირებთან - მოსარჩელესთან, შპს „R. I “-თან და ბ.ბ.მ–თან. მოპასუხე მხარე მიუთითებს 27.08.2012 წლიდან - 29.12.2012 წლამდე კომპანია „A. A.L.“-ის მიერ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 405 647.03 აშშ დოლარის ოდენობით თანხების ჩარიცხვის თაობაზე და აღნიშნავს, რომ თანხების ჩარიცხვა ხორციელდებოდა როგორც უშუალოდ „A. A.L.“-ის, ისე მასთან დაკავშირებული პირების - შპს „R. I “-ის (საწარმოს დირექტორი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი მოსარჩელე), ფიზიკური პირი მოსარჩელისა და ბ.ბ.მ– მიერ;
- პირველი მოპასუხე მას და მოსარჩელეს შორის 16.12.2012 წელს გაფორმებული სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების თაობაზე განმარტავს, რომ დასახელებული გარიგება ფაქტობრივად ასახავს ურთიერთობას პირველ მოპასუხესა და „A. A.L.“-ს შორის და ამ გარიგების პირობები განხილულ უნდა იქნას მხოლოდ სხვა გარემოებებთან ერთობლივად შეფასების გზით (მისივე განცხადებით, დასახელებული 16.12.2012 წლის გარიგების დადების მიზანი იყო, ერთი მხრივ, იმ ვალდებულების დაფიქსირება, რაც პროდუქციის მიწოდების ფარგლებში გააჩნდა პირველ მოპასუხეს ინდური მხარის მიმართ და, მეორე მხრივ, ინდური მხარის მიერ საწარმოო საქმიანობის შემდგომი ინვესტირების მიზნით გარანტიების გაცემა, რაც აისახა გარიგების 3.5 მუხლში); წინააღმდეგ შემთხვევაში, 16.12.2012 წლის გარიგების ზემოაღნიშნული ურთიერთობისაგან განყენებულად და დამოუკიდებლად, მხოლოდ მოდავე მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებად მიჩნევის პირობებში, მრავალი შეუსაბამო და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება წარმოჩინდება; მაგალითად: ხელშეკრულებაში მითითებულია 20.08.2012 წელს მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის თაობაზე, რაც არ განხორციელებულა და, შესაბამისად, ამ თარიღით არავითარი თანხა მოსარჩელეს არ ჩაურიცხავს პირველი მოპასუხისათვის; ამასთან, დგინდება, რომ სწორედ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო „A. A.L.“-მა თანხების ჩარიცხვა პროდუქციის შესყიდვის მიზნით; კერძოდ, პირველად ჩაირიცხა 14 000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ - 17.09.2012 წელს მოსარჩელემ ჩარიცხა 75 000 აშშ დოლარი არა სესხის სახით, არამედ პროდუქციის შესაძენად; სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ, 27.09.2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (რომელსაც ხელს აწერს თავად მოსარჩელე), მოსარჩელის მეშვეობით, „A. A.L.“-მა მიიღო პირველი მოპასუხისგან 90 884 აშშ დოლარის პროდუქცია ღირებულებით: 1 ტონა - 1720 აშშ დოლარი.
7.8. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველ ყოვლისა, განსახილველი და შესაფასებელია, 16.12.2012 წელს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცა თუ არა ფიზიკური პირის - მოსარჩელის მიერ, პირველ მოპასუხეს სესხის სახით 85 000 აშშ დოლარი და, შესაბამისად, წარმოეშვა თუ არა ამ უკანასკნელს სესხის სახით მიღებული დასახელებული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების ვალდებულება.
7.9. სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად, რომ მოსარჩელეს პირველი მოპასუხისთვის სადავო სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 85 000 აშშ დოლარი, საბანკო ანგარიშზე არ გადაურიცხავს. მოსარჩელის მტკიცებით, მართალია, ეს თანხა აგვისტოში სრულად არ გადარიცხულა და ამ პერიოდისათვის მოსარჩელემ მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი გადასცა პირველ მოპასუხეს, მაგრამ სადავო თანხიდან 75 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 123 375.00 ლარი გადაცემულია 17.09.2012 წელს.
7.10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების საქმის სხვა გარემოებებთან ერთად ერთობლიობაში გაანალიზების გარეშე განხილვა და საერთო კონტექსტიდან რაიმე დათქმის განცალკევებულად შეფასება, არ ქმნის სრულყოფილ სურათს, წარმოშობს კითხვებს და იძლევა წინააღმდეგობრივი დასკვნების საფუძველს; 16.12.2012 წელს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით კონკრეტულად გაიწერა მხარეთა იმგვარი ვალდებულებები, როგორიცაა: სესხად მიღებული თანხის კონკრეტული დანიშნულება, რომელიც უნდა გამოყენებულიყო მხოლოდ პირველი მოპასუხის საქმიანობისათვის, უფრო მეტიც, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ერთმანეთისთვის წარედგინათ ყველა სათანადო საბუთი სესხის თანხის მიზნობრივი გახარჯვის დასადასტურებლად; ხელშეკრულების მიხედვით, სესხი იყო უპროცენტო; შესაბამისად, ყოველთვიურად არ ერიცხებოდა სარგებელი; რაც შეეხება ვადას, სესხი უნდა დაბრუნებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მათ მიერ განსაზღვრულ პერიოდში. ხელშეკრულებაში მითითებულია სესხის დაბრუნების საშუალებებზეც, კერძოდ, სესხი უნდა დაბრუნებულიყო იმ დროისათვის პირველი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობით, ან/და პირველი მოპასუხის მიერ ნაწარმოები საქონლით, ამასთან, მხედველობაში მიიღებოდა როგორც მსესხებლის მიერ იმ დროისათვის გაცემული სესხის თანხა, ასევე პირველი მოპასუხის მიერ შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება ან/და მის მიერ ნაწარმოები პროდუქცია.
7.11. ამდენად, სადავო ხელშეკრულების მითითებული შინაარსის, მასში სესხად მოხსენიებული თანხის გადაცემის საკითხის სადავოობის, ასევე გარიგების დადებამდე არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული 16.12.2012 წლის ხელშეკრულება უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად; ამ მხრივ, არსებითად მნიშვნელოვანია, იმ სამართლებრივი ურთიერთობების დადგენა-შეფასება, რომელიც არსებობდა მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულების გაფორმებამდე; კერძოდ, დადგენილია, რომ პირველი მოპასუხე წარმოადგენს ტყვიის შენადნობის გადამამუშავებელ საწარმოს; იგი საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდა და მის ინვესტირებას ახორციელებდა ინდური კომპანია „A. A.L.“. კონკრეტულად კი, პირველი მოპასუხის საქმიანობა გამოიხატებოდა იმაში, რომ იგი გადაამუშავებდა ნედლეულს, აწარმოებდა ტყვიის შენადნობს და ინვესტირების ფარგლებში გადახდილი თანხის სანაცვლოდ, დამუშავებულ პროდუქციას მისაღებ ფასად (1 ტონა - 1720 აშშ დოლარი) აწვდიდა „A. A.L.“-ს, ამ უკანასკნელის სახელით კი პროდუქციის გატანას ახორციელებდა მოსარჩელე.
7.12. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოსარჩელეს, როგორც ფიზიკურ პირსა და პირველ მოპასუხეს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა და სესხად გადაცემული 85 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულება, ვინაიდან მოპასუხე მხარის განმარტებით, 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო იმ ვალდებულებების დაფიქსირება, რაც პროდუქციის მიწოდების ფარგლებში ჰქონდა პირველ მოპასუხეს „A. A.L.“-ის მიმართ. მოპასუხე მხარე, ორივე ინსტანციის სასამართლოში, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ განმარტებებში არაერთგზის მიუთითებდა, რომ ამ მიზნით (სესხის სახით) თანხის მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისთვის გადაცემას ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, მოსარჩელემ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ (მის მიერ პირველი მოპასუხისათვის 85 000 აშშ დოლარის სესხის გადაცემის თაობაზე) ვერ წარადგინა მტკიცებულება.
7.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულება არის სესხის თანხის (ფულადი ერთეულის) გადახდა (გადარიცხვა, გადაცემა); მსესხებლის ძირითადი ვალდებულება კი არის სესხის მიღება და, ამასთანავე, თუ შეთანხმებულია, უზრუნველყოფის წარდგენა, პროცენტის გადახდა.
7.14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს შემდეგ შეფასებაზე: სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს სარჩელზე დართულ სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებაზე, რომელიც სანოტარო ფორმითაა შედგენილი და რომლის შინაარსიც იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს ასესხა 85 000 აშშ დოლარი. ამასთან, სადავო ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვალდებულების კაუზალური აღიარება, ვინაიდან ხელშეკრულების 3.5. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ირკვევა, რომ „მსესხებლის“ ვალდებულება „მოგირავნის“ წინაშე წარმოიშვა გამსესხებლისა და „მოგირავნის“ მიერ „მსესხებლის“ - პირველი მოპასუხის სასარგებლოდ სესხის გაცემის საფუძველზე (მსესხებლის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით), კერძოდ: 20.08.2012 წელს მოსარჩელემ, რომელიც მოხსენიებულია როგორც „მოგირავნე“ („გამსესხებელი“), „მსესხებელს“ - პირველ მოპასუხეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდგომში წოდებულია, როგორც „მსესხებელი“, ასესხა 85 000 აშშ დოლარი. უფრო მეტიც, ამ ვალდებულებისათვის გამოყენებულია მესამე პირის სანივთო უზრუნველყოფა - გირავნობა. პრეზუმფცია, როგორც ამა თუ იმ ფაქტის არსებობის ვარაუდი, მტკიცებას არ ექვემდებარება და მისი სარწმუნოდ გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება იმ მხარეს, ვის წინააღმდეგაცაა მიმართული ეს ვარაუდი. თანხის გადაცემის ნამდვილობის (სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების) თვალსაზრისით უდავოდ მნიშვნელოვანია პირველი მოპასუხის პოზიცია და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - საბანკო ამონაწერები, რომლებითაც სურს დაადასტუროს, რომ სესხის თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და მასში მითითებულ ვადაში მოსარჩელეს, როგორც ფიზიკურ პირს, პირველი მოპასუხის ანგარიშზე არ გადაურიცხავს. ამ შესაგებლით, შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხე მხარემ გარკვეულწილად ეჭვქვეშ დააყენა გამსესხებლის სასარგებლოდ დაშვებული პრეზუმფციის ნამდვილობა თანხის გადაცემის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად თანხის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერისა, სასესხო ვალდებულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს გამსესხებლის მიერ თანხის სხვა წესით, თუნდაც მოვალისათვის ხელზე გადაცემის ფაქტი. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების მტკიცების ტვირთი (თანხის გადაცემა) კვლავ მოსარჩელეს ეკისრება. ამ თვალსაზრისით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არ შეიძლება იქნას მიჩნეული მოსარჩელის წარმომადგენლის წერილობითი განმარტება, რომლითაც იგი ეთანხმება მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხები იყო მისაწოდებელი საქონლის ღირებულება, რადგანაც, ამავე განცხადებაში მისი ავტორი განმარტავს, რომ ეს სულ სხვა ურთიერთობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სესხის ხელშეკრულებასთან. საქალაქო სასამართლოს 24.07.2013 წლის სხდომაზე მანვე მიუთითა, რომ თანხა პირველ მოპასუხეს გადასცა აგვისტოში, მაგრამ არა საბანკო ანგარიშსწორებით, ეს თანხა გადახდილია ხელზე და, გაურკვეველია, რატომაა ხელშეკრულებაში მითითებული გადარიცხვის თაობაზე.
7.15. უზენაესი სასამართლოს 14.12.2015 წლის განჩინებით გაზიარებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გაკეთებული მნიშვნელოვანი დასკვნა - მოსარჩელის მხრიდან თანხის სესხის სახით გადაცემის თაობაზე მითითებული მტკიცებულების შეფასება, კერძოდ: საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომ 75 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დასტურდება საქმეში არსებული 17.09.2012 წლის გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთით და სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე მიეთითა მასში გადარიცხვის დანიშნულება; საბანკო ამონაწერის თანახმად, 2012 წლის სექტემბერში პირველი მოპასუხის ანგარიშზე მოსარჩელემ თანხა გადარიცხა დანიშნულებით - „საქონლის საფასური“ და არა სესხი; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სავსებით სწორად არ მიიჩნიეს ეს მტკიცებულება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობის განმსაზღვრელად.
7.16. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი გარემოება: 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულება ასახავს პირველ მოპასუხესა და ინდურ კომპანიას - „A. A.L.“-ს შორის არსებულ ურთიერთობას; კერძოდ, ამ ურთიერთობის ფარგლებში პირველი მოპასუხის ინვესტირებას ახორციელებდა ინდური კომპანია „A. A.L.“; პირველი მოპასუხე გადაამუშავებდა ნედლეულს, აწარმოებდა ტყვიის შენადნობს და ინვესტირების ფარგლებში გადახდილი თანხის სანაცვლოდ, დამუშავებულ პროდუქციას მისაღებ ფასად (1 ტონა - 1720 აშშ დოლარი) აწვდიდა „A. A.L.“-ს; ამ უკანასკნელის სახელით კი პროდუქციის გატანას ახორციელებდა მოსარჩელე. თავის მხრივ, პირველი მოპასუხე აგრეთვე ადასტურებს, რომ 27.08.2012 წლიდან - 29.12.2012 წლამდე, კომპანია „A. A.L.“-ის მიერ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 405 647.03 აშშ დოლარის ოდენობით თანხაა ჩარიცხული და აღნიშნავს, რომ თანხების ჩარიცხვა ხორციელდებოდა როგორც უშუალოდ „A. A.L.“-ის, ისე მასთან დაკავშირებული პირების - შპს „R. I “-ის (საწარმოს დირექტორი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი მოსარჩელე), ფიზიკური პირი მოსარჩელისა და ბ.ბ.მ– მიერ.
7.17. მხარეთა შორის ზემოაღნიშნული ურთიერთობის არსებობას და პირველი მოპასუხის იმ არგუმენტს, რომ მოსარჩელის მიერ საწარმოსთვის გადარიცხული თანხები წარმოადგენდა მისაწოდებელი საქონლის საავანსო ღირებულებას, არ უარყოფს მოსარჩელე და აღნიშნავს, რომ „ეს სულ სხვა ურთიერთობის ნაწილია და საერთო არ აქვს სესხის ხელშეკრულებასთან“; ასევე იგი აღნიშნავს, რომ „გაფორმდა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ხელშეკრულებები განსხვავებულ სუბიექტებს შორის, მათი მიზანია დამოუკიდებელი ურთიერთობების გამიჯნულად მოწესრიგება“.
7.18. ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 85 000 აშშ დოლარი სესხის სახით ფიზიკური პირი მოსარჩელის მიერ პირველ მოპასუხეს გადაეცა მხარეთა შორის არსებული დამოუკიდებელი ურთიერთობის (სესხის ხელშეკრულების) ფარგლებში, რომელსაც საერთო არ აქვს „A. A.L.“-სა და პირველ მოპასუხეს შორის არსებული ინვესტიციისა და პროდუქციის მიწოდების გარიგებასთან, ეკისრება სწორედ მოსარჩელეს; მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე განმარტავს, რომ დასახელებული თანხა მას აგვისტოში სრულად არ გადაურიცხავს და ამ პერიოდისათვის მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი გადასცა ხელზე პირველ მოპასუხეს, ხოლო სადავო თანხიდან 75 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადასცა მას საბანკო გადარიცხვის გზით 17.09.2012 წელს; აღნიშნულის დასადასტურებლად მხარე მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერზე. სააპელაციო პალატის მითითებით, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასება იმის თაობაზე, რომ დასახელებული საბანკო ამონაწერის თანახმად, 2012 წლის სექტემბერში პირველი მოპასუხის ანგარიშზე მოსარჩელემ თანხა გადარიცხა დანიშნულებით - „საქონლის საფასური“ და არა სესხი; შესაბამისად, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, დასახელებული მტკიცებულება არ წარმოადგენს მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობის დამადასტურებელ გარემოებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ დგინდება მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისთვის სესხის სახით 10 000 აშშ დოლარის ხელზე გადაცემის ფაქტიც (გარდა მოსარჩელის ზეპირი განმარტებისა, რასაც უარყოფს მოპასუხე მხარე, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება).
7.19. საქმის მასალებით დგინდება, რომ, ერთი მხრივ, პირველ მოპასუხესა და, მეორე მხრივ, ინდურ კომპანია „A. A.L.“-ს შორის არსებობდა ურთიერთობა, კომპანიის მხრიდან საწარმოს ინვესტირების და სანაცვლოდ პროდუქციის - ტყვიის შენადნობის მისაღებ ფასად შესყიდვის თაობაზე; ასევე ირკვევა, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში საწარმოს ანგარიშზე თანხები ირიცხებოდა როგორც უშუალოდ „A. A.L.“-ის, ისე მასთან დაკავშირებული პირების - შპს „R. I “-ის (საწარმოს დირექტორი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი მოსარჩელე), ფიზიკური პირი მოსარჩელისა და ბ.ბ.მ– მიერ; წარმოებული პროდუქციის გატანას კომპანია „A. A.L.“-ის სახელით ახორციელებდა მოსარჩელე. ე.ი. ირკვევა, რომ მითითებულ სუბიექტებს შორის დამკვიდრდა ამგვარი სახის ურთიერთობა, რაც ურთიერთობის მონაწილე არცერთი პირის მხრიდან არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ და, შესაბამისად, პირველი მოპასუხეც ამ პირებს განიხილავდა, მისივე განცხადებით, ე.წ. „ინდურ მხარედ“; ამრიგად, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში დასახელებული პირების მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედება (კომპანიის სახელით საწარმოს ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა, პროდუქციის გატანა და სხვა) გახდა სადავო და, შესაბამისად, პირველ მოპასუხეს წარმოეშვა კონტრაჰენტი კომპანიის სახელით მასთან ურთიერთობაში მყოფ პირებთან, კერძოდ, დასახელებულ შემთხვევაში - მოსარჩელესთან (არა როგორც კომპანიის სახელით და მის ინტერესში მოქმედი, არამედ დამოუკიდებლად, თავისი სახელით და სრულიად სხვა ურთიერთობის (სესხის) ფარგლებში მოქმედი პირის მიმართ) დადებული გარიგების შეცილების წინაპირობა; ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი მოპასუხე მითითებული ურთიერთობის ფარგლებში კონტრაჰენტად - ხელშეკრულების მეორე მხარედ, მოიაზრებდა და გარიგების დადების გზით სამართლებრივ ურთიერთობას ამყარებდა კომპანიასთან და, ამდენად, შესაბამის ნებას ავლენდა სწორედ მისი სახელით მოქმედ პირებთან; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში მხარეთა ურთიერთსანდოობას განაპირობებს და, შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვინ ახდენს გავლენას იურიდიული პირის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე; როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, შესასყიდი პროდუქციის ღირებულებას პირველი მოპასუხის ანგარიშზე რიცხავდა უშუალოდ „A. A.L.“, მოსარჩელე, როგორც „A. A.L.“-ის წარმომადგენელი, ასევე - როგორც შპს „R. I “-ის დირექტორი და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ფიზიკური პირი ბ.ბ.მ–ა; აქედან გამომდინარე, დასახელებული გრძელვადიანი (არა ერთჯერადი) ურთიერთობის ფარგლებში ერთმანეთისადმი სანდოობის ფაქტორით მოქმედი პირებისთვის ცხადი იყო გარიგების მიზნები, მათი მიღწევისათვის შესრულებული ცალკეული მოქმედების შინაარსი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ცალკეული პირების მიერ განხორციელებული ქმედებები (მათ შორის, ხელშეკრულების დადებაც); არცერთი მათგანი ამ ურთიერთობის პერიოდში სადავო არ გამხდარა და მხოლოდ მოცემულ საქმეში აღძრული სარჩელით წარედგინა ხელშეკრულების მხარეს - პირველ მოპასუხეს, პრეტენზია იმის თაობაზე, რომ 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა პირველ მოპასუხესა და ინდურ კომპანიას - „A. A.L.“-ს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში კომპანიის სახელით დადებულ გარიგებას და რომ არსებობდა ამ ურთიერთობიდან რადიკალურად განსხვავებული, დამოუკიდებელი ხასიათის ხელშეკრულება განსხვავებულ სუბიექტებს შორის, კერძოდ, ფიზიკური პირის მიერ საწარმოზე გაცემული სესხის ხელშეკრულება, რომელიც ზემოაღნიშნული ურთიერთობისაგან განყენებულად უნდა ყოფილიყო განხილული და მოწესრიგებული.
7.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ მოცემული დავის ფარგლებში აღძრული სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში განაცხადა პირველმა მოპასუხემ 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების კონტრაჰენტის თაობაზე მისი პოზიცია, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით, განმტკიცებულია როგორც თავად ხელშეკრულების შინაარსით, ასევე არსებული ურთიერთობის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი მასალებით (სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზე, რომ თავდაპირველ სარჩელზე შესაგებელი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, სარჩელის აღძვრიდან ერთ თვეში, რაც განიხილება შეცილების ვადის მაქსიმუმად, შესაბამისად, შეცილება განხორციელდა შესაგებლის შინაარსის გათვალისწინებით და შეცილების ვადაც დაცულად შეიძლება ჩაითვალოს).
7.21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, რადგან 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულება ასახავს პირველ მოპასუხესა და ინდურ კომპანიას - „A. A.L.“-ს შორის არსებულ ურთიერთობას, შესაბამისად, მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გააჩნდეს მხარეს, უნდა გამომდინარეობდეს სწორედ აღნიშნული ურთიერთობიდან და ემყარებოდეს ამ ურთიერთობის ფარგლებში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ სსსკ-ის 84-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო მოსარჩელის საკითხის გარკვევით, განსახილველ შემთხვევაში, არ მიიღწევა სარჩელის გამართულობა, რადგან მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი, მასში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი დასაბუთება მიუთითებს ფიზიკურ პირ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ურთიერთობაზე და აქედან გამომდინარეობს მხარის სასარჩელო მოთხოვნაც; იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატის შეფასებით, ამგვარი ურთიერთობა დასახელებულ პირებს შორის განყენებულად (დამოუკიდებლად კომპანიასა და საწარმოს შორის ინვესტირებისა და პროდუქციის შეღავათიან ფასად შესყიდვის ურთიერთობისგან) არ არსებობდა და არ დგინდება ამ ურთიერთობის ფარგლებში სესხის მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის გადაცემა, შესაბამისად, სათანადო მოსარჩელის ჩანაცვლება ამ დავის ფარგლებში წარდგენილი სარჩელის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რასაც ემსახურება სასარჩელო წარმოება; სამოქალაქო სამართალწარმოების გზით სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს და წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით. მხარეს უფლება აქვს სარჩელის შეტანის გზით მიმართოს სასამართლოს დავის გადასაწყვეტად (სსსკ-ის მეორე და მესამე მუხლები), მაგრამ საქმის წარმოების დაწყების დროს მოსარჩელემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესები (სსსკ-ის 177-ე და მომდევნო მუხლები). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო მხარით ჩანაცვლებით ვერ მიიღწევა სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება, დამატება) გათვალისწინებული წესით სარჩელის გამართულობა და ადგილი ექნება სარჩელის შეცვლას, რადგან პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, სარჩელის შინაარსი სრულიად სხვა გარემოებებს უნდა ემყარებოდეს და, შესაბამისად, მხარე სხვა მტკიცებულებებზე უნდა მიუთითებდეს.
7.22. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე პირველი მოპასუხის მიერ წარდგენილ საჩივარში განვითარებულ პოზიციაზე, რომლითაც იგი არ უარყოფს მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობას; აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საკასაციო პალატამ განმარტა საპროცესო ურთიერთობის მიზნებისთვის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა (სსსკ-ის 131-ე და 132-ე მუხლები). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული საქმის მასალების მიხედვით, მხარემ სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს; აღნიშნული განცხადება ვრცლად არ ასახავს სამომავლო დავის გარემოებებს და მასში მითითებულია, რომ 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე აპირებს პირველი მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას სესხის ფულადი ან ნატურით დაბრუნების თაობაზე; თავად სასამართლოს 07.03.2013 წლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაბუთებულია დავის საგნის დაცვის საჭიროებით და ემყარება საპროცესო კოდექსის შესატყვის ნორმებს; შესაბამისად, პირველი მოპასუხე სამომავლო დავის თაობაზე ინფორმირებული გახდა საქმის წარმოების ამ ეტაპისთვის (სარჩელის აღძვრამდე) არსებული მასალით, რაც არ შეიცავს მხარის მიმართ არსებული სამომავლო მოთხოვნის სრულ და დეტალურ აღწერას; სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა პოზიცია, რომ ამ პირობებში, პირველი მოპასუხის მიერ საჩივარში განვითარებული მსჯელობა ვერ მიიჩნევა სასარჩელო განცხადებაში მოხმობილი გარემოებების სსსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო აღიარებად; კერძოდ, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი მოპასუხის მიერ 21.03.2013 წელს წარდგენილი საჩივრის მხოლოდ ერთი წინადადების - „ს.კ–ი წარმოადგენდა პოტენციურ ინვესტორს, რომელიც გასცემდა სესხს სარგებლის გარეშე“, საჩივრის კონტექსტიდან გამოცალკევებულად მოშველიებით, არ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირველი მოპასუხე ადასტურებს (აღიარებს) გარემოებას, რაზეც მოსარჩელემ უნდა დაამყაროს თავისი მოთხოვნა - მას და პირველ მოპასუხეს შორის, დამოუკიდებლად სხვა ურთიერთობისაგან, არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჩივარში მხარე დავის საერთო სურათის წარმოჩენის მიზნით, საქმესთან დაკავშირებულ რიგ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას და გადმოსცემს სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების დადების წინაპირობებს; საჩივრის შინაარსში ნათლადაა გადმოცემული მოსარჩელის მიერ კომპანია „A. A.L.“-ის (ამავე საჩივარში დასახელებული კომპანია და მოსარჩელე ერთ მხარედაა განხილული) სახელით განხორციელებული მოქმედებების თაობაზე; კერძოდ, აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გასცემდა ინვესტიციას, ხოლო პირველი მოპასუხე მის მიერ ნაწარმოებ ტყვიის შენადნობს შეღავათიან ფასად აწვდიდა „იმ კომპანიას, რომლის წილებსაც ფლობდა და რომლის დირექტორიც არის განმცხადებელი“; საჩივარში ასევე მითითებულია, რომ „ს.კ–იმ 5 თვის განმავლობაში ისარგებლა პროდუქციაზე შეღავათიანი ფასებით“ და მიუთიუთებს „მის კომპანია „A. A.L.“-თან დადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს თავად ს.კ–ი აწერს“, განმცხადებელი მოსარჩელის მიერ პროდუქცია მინიმუმ ხუთჯერაა მიღებული; საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს მიწოდებული პროდუქციის - ტყვიის შენადნობის ნასყიდობის ფასის ნაწილის გადაუხდელობაზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ შემდგარა არანაირი შეთანხმება თანხის დაბრუნების პირობებისა და ვადების შესახებ და თანხის ხელშეკრულების დადებიდან ერთი კვირის ვადაში დაბრუნება არ შეესაბამებოდა განმცხადებელსა და პირველ მოპასუხეს შორის დამყარებული საქმიანი ურთიერთობის მიზნებსა და მოლოდინს; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ პირველმა მოპასუხემ წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი და კვლავ მიუთითა, რომ სადავო გარიგება წარმოადგენდა ინვესტირების ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იყო ინდური მხარის მიერ საინვესტიციო სახსრების პირველი მოპასუხისათვის გადაცემა, პროდუქციის შეღავათან ფასად შეძენის მიზნით და ამ ურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება (სესხის ხელშეკრულება) მოსარჩელესთან მხარეს არ დაუდია. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარის მიერ საჩივარში მოხმობილი განმარტებები ვერ მიიჩნევა შემდგომში წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული გარემოებების აღიარებად; ასეც რომ ყოფილიყო, პირველ მოპასუხეს უფლება ჰქონდა საქმის მომზადების სტადიაზე ნებისმიერ დროს დაეზუსტებინა პოზიცია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-1601-2018, 11.03.2021წ.).
13. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებაზე მითითებით მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნება და თანხის ამოღების მიზნით შპს „ი.მ.ე–ის“ საწესდებო კაპიტალში მეორე მოპასუხის კუთვნილი გირავნობით დატვირთული 30%-იანი წილის რეალიზაცია.
14. სესხის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე მუხლი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას (სუსგ №ას-895-2021, 23.12.2021წ; №ას-591-2022, 16.09.2022წ.).
15. სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს მითითებების (ტ.3, ს.ფ.277-295) შესაბამისად, იმსჯელა და შესაგებლის საფუძვლების, 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულების შინაარსის, გარიგების დადებამდე მხარეთა შორის არსებული საქმიანი ურთიერთობების, საქმეში წარდგენილი სხვა მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით/თანდართული მტკიცებულებებით სადავო გახადა მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისთვის სესხის გადაცემა და მიუთითა, რომ 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულება ასახავდა პირველ მოპასუხესა და „A. A.L.“-ს შორის არსებულ ურთიერთობას, რომლის ფარგლებში ეს უკანასკნელი ახორციელებდა პირველი მოპასუხის ინვესტირებას და გადახდილი თანხის სანაცვლოდ იღებდა პროდუქციას. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირველმა მოპასუხემ შეძლო მისთვის თანხის გადაცემის თაობაზე 16.12.2012 წლის სესხისა და წილის გირავნობის ხელშეკრულებით დაშვებული პრეზუმფციის გაქარწყლება. ამ პირობებში, სააპელაციო პალატამ სწორად დააკისრა მოსარჩელეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ პირველ მოპასუხეს თანხა გადასცა მხარეთა შორის არსებული დამოუკიდებელი ურთიერთობის, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც საერთო არ აქვს „A. A.L.“-სა და პირველ მოპასუხეს შორის არსებული ინვესტიციისა და პროდუქციის მიწოდების გარიგებასთან.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1051-2021, 01.04.2022წ; №ას-1067-1026-2016, 23.06.2017წ; №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ., შდრ. ზამბახიძე თ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.623, ველი 7, https://gccc.tsu.ge). მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც (სუსგ №ას-235-2022, 05.05.2022წ; №ას-1193-2020, 23.04.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ პირველი მოპასუხისათვის თანხის სესხად გადაცემის ფაქტი ვერ დაამტკიცა (იხ. წინამდებარე განჩინების 7.18 პუნქტი). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.კ–ს (პ/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს ზ.ჟ–ძის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 10.02.2020წ.) 70% – 4200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია