¹ბს-1071-1021(კ-06) 30 მაისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 10 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ა-ამ მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მამის _ ე. ა-თვის ქ. ბათუმში, .......-ისა და .......-ის ქუჩის კუთხეში არსებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის უკანონოდ ცნობა და ამავე მიწის ნაკვეთის მის საკუთრებაში ან სარგებლობაში აღრიცხვა.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელის მამას _ ე. ა-ას ქ. ბათუმში, ........-ისა და .........-ის ქუჩის კუთხეში ჰქონდა ორსართულიანი სახლი ორი დუქნით და დამხმარე სათავსოებით. 1931 წელს აღნიშნული ნაგებობები მუნიციპალიზებულ იქნა და მასში განთავსდა სამედიცინო დახმარების სადგური. სასწრაფო დახმარების სადგურის სხვა ადგილას გადატანის შემდეგ, 1996 წელს, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. იმავდროულად, მან მიმართა ბათუმის მთავარ არქიტექტორს, რათა არ მომხდარიყო არსებული ნაგებობების დანგრევა, ვინაიდან სარჩელი ჰქონდა შეტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამის მიუხედავად ქ. ბათუმის მერიამ დაანგრია ქ. ბათუმში, ........-ისა და ......-ის კუთხეში მდებარე ნაგებობები. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი გამოიყენა კანონი, რომელიც კრძალავდა 1933 წლამდე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხის განხილვას სასამართლოში და მისი საქმე არსებითად არ განიხილა.
მოსარჩელის მითითებით, მისთვის გაურკვეველი იყო, თუ რატომ ჩამოერთვა მას შენობა. მოპოვებული დოკუმენტით ქონების ჩამორთმევის საფუძველი გახდა დავალიანების დაგროვება, რის გამოც 1932 წლის 22 ივნისს მიწის ნაკვეთი გატანილ იქნა აუქციონზე და ვინაიდან არ აღმოჩნდა მყიდველი, ქონება ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. სინამდვილეში არანაირი აუქციონი არ ჩატარებულა და ბინა უკანონოდ ჩამოართვეს. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე, ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რის გამოც მიეცა საშუალება, კვლავ მიემართა სასამართლოსათვის (ს.ფ. 2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 39-40).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 43-45).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, ქ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომეტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სადავო ქონება აუქციონზე გატანილ იქნა 1932 წლის 22 ივნისს, ხოლო ქ. ა-ამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა 2004 წლის 10 ნოემბერს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა დაწყებულიყო 1932 წლის 22 ივნისიდან და აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიც იყო, ვინაიდან მხარემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა. მანამდე მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო კოდექსით კი გათვალისწინებული იყო უფრო ნაკლები ხანდაზმულობის ვადა. ქ. ა-ა თავად მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, რომ მამამისს _ ე. ა-ას სადავო ქონება ჩამოართვეს 1931 წელს და მუნიციპალიზებულ იქნა. 1964 წელს ამოქმედებული სამოქალაქო კოდექსის 146-ე მუხლისა და ამჟამად მოქმედი 172-ე მუხლის თანახმად, მათ არ მიუმართავთ სასამართლოსათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსიც ითვალისწინებდა მესაკუთრის უფლებების დაცვას და ვინდიკაციური სარჩელით უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვას, რაც მას არ განუხორციელებიათ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას თავის დროზე არ ჰქონდა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავაზე გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან მოსარჩელეს გააჩნდა მსგავს დავაზე სარჩელის აღძვრის კანონიერი საფუძველი საბჭოთა პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხებოდა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო მერიის ანუ სახელმწიფო საკუთრება და მისი გასხვისებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები (ს.ფ. 69-75).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, მისთვის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მამამისს _ ე. ა-ას ქ. ბათუმში, ......-ის და .......-ის ქუჩების კვეთაში საკუთრების უფლებით ჰქონდა ორსართულიანი სახლი დამხმარე ნაგებობებითა და მიწის ნაკვეთით. 1931 წელს ე. ა-ას ჩამოართვეს ეს ქონება და მასში განალაგეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგური. 1995 წელს სადგური გადაიტანეს სხვა ადგილას. შენობა და მიწის ნაკვეთი გათავისუფლდა. ამის შემდეგ მან დაუყოვნებლივ სარჩელით მიმართა სასამართლოს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ. იმავე დღეს მან განცხადებით მიმართა ქალაქის მთავარ არქიტექტორს, თუმცა მეორე დღეს ქ. ბათუმის მერიამ შენობა დაანგრია. სასამართლომ მისი სარჩელი საერთოდ არ მიიღო განსახილველად ცაკ-ის 1938 წლის დადგენილების საფუძველზე. აღნიშნული დადგენილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. 2004 წლის ოქტომბერში მან განმეორებით მიმართა სასამართლოს.
კასატორის მოსაზრებით, მისთვის ხანდაზმულობის ვადა დაიწყო 2004 წლის ოქტომბრიდან, როდესაც გაიგო მამამისისათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტი. ქონების უკანონოდ ჩამორთმევა დასტურდებოდა საქმეში არსებული მასალებით (ს.ფ. 80-81).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორი, როგორც პენსიონერი, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ა-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.