საქმე Nას-6-2025
16 აპრილი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ. მეწარმე ზ.ი–ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 31.10.2022წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა, ი/მ ზ.ი–ძემ, მოპასუხე შპს „მ–ის“ მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1 მოპასუხე, შპს „მ–ს“, ი/მ ზ.ი–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 27 715 ლარის გადახდა;
1.2 მოპასუხე, შპს „მ–ს“, ი/მ ზ.ი–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 2022 წლის 11 აგვისტოდან - 2022 წლის 15 სექტემბრამდე, ყოველდღიურად - 138,57 ლარის, ჯამში - 4 849,95 ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ი/მ ზ.ი–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „მ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 715 ლარის გადახდა; შპს „მ–ს“, ი/მ ზ.ი–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 2022 წლის 11 აგვისტოდან - 2022 წლის 15 სექტემბრამდე, ყოველდღიურად - 138,57 ლარის, ჯამში - 4 849,95 ლარის ოდენობით; შპს „მ–ს“, ი/მ ზ.ი–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 976,95 ლარის ოდენობით.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ - შპს „მ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს, დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, საჩივრის ელ. ვერსია და სახელმწიფო ბაჟის სახით 1961.45 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, განჩინების ჩაბარებიდან, 7 დღის ვადაში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის უარყოფითი შედეგები.
5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვერ უკავშირდებოდა შპს „მ–ის” დირექტორს, რათა ეცნობებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 5 დღით.
7. მითითებული განჩინება აპელანტ, შპს „მ–ის” წარმომადგენელს, მ.ჯ–ძეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარდა, 2024 წლის 14 ნოემბერს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო - 2024 წლის 15 ნოემბერს და დასრულდა 2024 წლის 19 ნოემბერს. დროის ამ მონაკვეთში, აპელანტს, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინებით, შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.
9. აღნიშნულ განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა შპს „მ–მა“ და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება, ხარვეზის დადგენის შესახებ, ჩაბარდა იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც გაცემულ მინდობილობას ვადა გასული ჰქონდა 2024 წლის 14 ივლისს, რაც გულისხმობს იმას, რომ განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელიც იმ მომენტისთვის აღარ იყო მინდობილი პირი. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან აღნიშნული ჩაბარება არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული უფლებამოსილი პირის მიერ დოკუმენტის ჩაბარებად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს აპელანტისთვის სასამართლოს გზავნილის ჩაბარებისა და, შესაბამისად, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
14. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, ხარვეზის შესახებ, ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, კერძოდ, წარმომადგენელს, რომლის მინდობილობასაც ვადა ჰქონდა გასული.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
16. ამგვარად, დასახელებული ნორმა, მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს სასამართლოს გზავნილს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საპროცესო დოკუმენტები გადაეცემა უშუალოდ მოდავე პირს და მაშინაც, თუ ისინი ჩაბარდა მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად (სსსკ-ის 93-ემუხლი).
18. სსკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში.
19. საქმეში წარმოდგენილია (ს.ფ. 74) 2023 წლის 14 ივლისს, შპს "მ–ის" მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლის თანახმად, შპს მ–ის დირექტორმა სხვა პირებთან ერთად გადასცა მ.ჯ–ძეს და რწმუნებულება გაცემულია 12 თვის ვადით ე.ი. ძალაში იყო 2024 წლის 14 ივლისამდე.
20. წინამდებარე საქმეში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის ავტორს, დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, საჩივრის ელ. ვერსია და სახელმწიფო ბაჟის სახით 1961.45 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, განჩინების ჩაბარებიდან, 7 დღის ვადაში. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს, მ.ჯ–ძეს, 2024 წლის 6 ნოემბერს. (იხ.ს.ფ. 190).
21. 2024 წლის 12 ნოემბერს, ადვოკატ მ.ჯ–ძის მიერ წარმოდგენილია განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 5 დღით. მითითებული განჩინების თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს, მ.ჯ–ძეს, ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, 2024 წლის 14 ნოემბერს (იხ.ს.ფ. 195)
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს, როგორც 2024 წლის 01 ნოემბრის, ასევე, 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან მ.ჯ–ძეზე გაცემული რწმუნებულება ძალაში იყო 2024 წლის 14 ივლისის ჩათვლით, ხოლო ახალი რწმუნებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი მარწმუნებლის სახელით განეხორციელებინა საპროცესო მოქმედებები, საკასაციო პალატა, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს გზავნილი/უწყება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს. სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხარვეზის დადგენის განჩინება არ ჩაბარებია უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, არ დასტურდება ზემოთ აღნიშნული განჩინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარება, რის გამოც არ არსებობს ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (იხ. მსგავს სამართლებრივ საკითხზე სუსგ საქმე №ას-1105-2023,13.10.2023; №ას-1262-2022.09.01.2023;ას-1105-2023,13.10.2023წ). 23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით. აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი