Facebook Twitter

საქმე №ას-70-2024 19 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.11.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 28.03.2023 წლის გადაწყვეტილებით:

1. შპს „გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“ ან „კასატორი“) სარჩელი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „შემსყიდველი“) მიმართ დაკმაყოფილდა;

2. შემცირდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 0.02%-მდე 68 ვადაგადაცილებულ დღეზე და ჯამურად განისაზღვრა 7564.60 ლარით;

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 32 087.56 ლარის გადახდა;

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 962.63 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 074.16 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 225.20 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 21.07.2020 წელს, ერთი მხრივ, მოპასუხესა (შემსყიდველი) და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №196 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

3.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად: 1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის ვადაში; 2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში; 3. მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

3.3. ხელშეკრულების მე-19 მუხლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 31.12.2020 წელი, ხოლო ხელშეკრულების მე-2 მუხლით, ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 530 153.61 ლარი.

3.4. ხელშეკრულების 13.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

3.5. მითითებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ, №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11 ცვლილებები, რის საფუძველზეც, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 16.03.2021 წელი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდად - 04.06.2021 წელი, ხოლო ღირებულებად - 583 119.37 ლარი.

3.6. მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა 68 დღის დაგვიანებით.

3.7. შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა 39 652.16 ლარის პირგასამტეხლო, ხელშეკრულების 13.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 583 119.37 ლარის, 0.1%.

3.8. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და სხვაობის (დარიცხულსა და შემცირებულ პირგასამტეხლოს შორის სხვაობის) მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 417-ე-418-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

3.9. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის (მოპასუხის) ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირა.

3.10. უდავოა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 21.07.2020 წელს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №196 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 16.03.2021 წელი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდად - 04.06.2021 წელი, ხოლო ღირებულებად - 583 119.37 ლარი. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა მოსარჩელის მიერ ვადადარღვეული დღეების რაოდენობა, რაც 68 დღეს შეადგენს. სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

3.11. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა მითითებული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

3.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ძირითად მიზეზად ხელშეკრულებით გათვალიწინებული პროცენტის (0.1%) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მიუთითებს, ასევე, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის, უამინდობით, არაერთი კორექტირებით, რამაც დამატებითი სამუშაოების შესრულების საჭიროება გამოიწვია, რაც თავდაპირველად არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

3.13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

3.14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

3.15. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის (0.1%) შესაბამისად.

3.16. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 24 578 ლარით (361 441.03 ლარის 0.1% x 68). დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დაარიცხა 39 652.16 ლარის პირგასამტეხლო. აღნიშნული თანხა მას გაექვითა იმავე ხელშეკრულების 13.5 პუნქტის შესაბამისად. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს არასწორად დაქვითული თანხა - 15 074.16 ლარი (39 652.16 – 24 578).

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. დადგენილია, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო დააკისრა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%. სააპელაციო პალატამ დაადგინა პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების წინაპირობები, თუმცა არასწორად მიიჩნია მისი ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშება და მართებულად დაასკვნა, რომ პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების მიხედვით (შდრ. სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ; №ას-971-2019, 28.10.2019წ; №ას-622-2024, 11.06.2024წ.). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლო (0.1%) იყო შეუსაბამოდ მაღალი და ამ საფუძვლით უნდა შემცირებულიყო.

9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (ჩიტაშვილი ნათია. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა.

10. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (სუსგ №ას-1292-2019, 24.12.2020წ; №ას-386-2019, 02.04.2021წ; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუკი აღნიშნულის თაობაზე კვალიფიციური შედავებაა წარმოდგენილი.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ; სუსგ №ას-1098-2021, 26.07.2022წ.).

12. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (შდრ. სუსგ №ას-1417-2018, 16.11.2020წ; №ას-1210-2023, 18.01.2024წ; №ას-60-2024, 17.04.2024წ.).

13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 21.07.2020 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში. დადგენილია, რომ სამუშაოების შესრულების ვადა არაერთხელ გაგრძელდა და საბოლოოდ განისაზღვრა 16.03.2021 წლით. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა 68 დღის დაგვიანებით. საკასაციო პალატა მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, მოცულობის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის, მოსარჩელის სტატუსის, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არაერთხელ გაუგრძელდა ვალდებულების შესრულების ვადა, მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო არ წარმოადგენს არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არ არსებობს მისი შემცირების წინაპირობა. მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა თუ რატომ იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლად იგი უთითებდა უამინდობასა და სამუშაოს მოცულობის გაზრდაზე, თუმცა თავადვე დაადასტურა, რომ ამ საფუძვლებით მას არაერთხელ გაუგრძელდა სამუშაოს შესრულების ვადა (იხ. სარჩელი, ს.ფ. 4).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 851 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 595.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „გ–ს“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს შპს „ლ.ე.ჯ–ას“ (ს/ნ: ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 851 ლარის (საგადასახადო დავალება №1708350310, წარდგენის თარიღი 19.02.2024წ., მიღების თარიღი 20.02.2024წ.) 70% – 595.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი