Facebook Twitter

საქმე №ას-1419-2023 26 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი– ბ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. ე.გ–ძემ (შემდგომში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ბ.კ–ძის (შემდგომში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შესაგებლის წარუდგენლობის გამო) ე.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ........., (ს/კ ........); დადგინდა უძრავი ნივთის ე.გ–ძისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით ბ.კ–ძის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების

გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ბ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2023 წლის 27 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 74-ე, 201-ე, 215-ე, 2321-ე 233-ე, 241-ე, მუხლები და აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა 2022 წლის 17 ივნისს, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2022 წლის 18 ივნისიდან და ამოიწურა 2022 წლის 27 ივნისს. 2022 წლის 6 ივლისს მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი ე.გ–ძის სარჩელის საპასუხოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაგებელი ბ.კ–ძის მიერ სასამართლოში გაგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 5 ივლისს. ამდენად, მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებელი წარდგენილია სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დარღვევით. რაიმე მტკიცებულება შესაგებლის დაგვიანებით წარდგენის საპატიოობასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ იგი გამყარებული არ არის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ვერ ჩაითვლება სადავო გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. ხოლო სარჩელში მითითებული და მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობით დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მითითებული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

5. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად იურიდიულად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. ამასთან, სადავო უძრავ ქონებაში, ასევე ცხოვრობს არასრულწლოვანი და გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებთან.

5.1. კასატორი, ასევე, შუამდგომლობს, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გამოთხოვილი იქნეს ბ.კ–ძის მანქანის (…..) გადაადგილების ვიდეომასალები 2022 წლის 14 ივნისიდან 2022 წლის 29 ივნისის ჩათვლით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

7.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შესაგებლის დროულად წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება და, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობა.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. საგულისხმოა, რომ არასაპატიო მიზეზით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელთა შესაბამისადაც, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

10. ამრიგად, „მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა...“ დასახელებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში კი, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოს დაევალა 5 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის მისთვის ჩაბარების მომენტიდან, მოპასუხე ბ.კ–ძისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაგზავნილი, მოსარჩელე ე.გ–ძის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარება, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .......... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2022 წლის 30 ივნისს (მომართვის თარიღია - 2022 წლის 17 ივნისი) წარდგენილ იქნა მიმართვა და ხელწერილი, რომლის თანახმადაც 2022 წლის 17 ივნისს ზ.კ–ძემ ჩაიბარა მამის - ბ.კ–ძისათვის განკუთვნილი გზავნილი საქმეზე №2/12533-22. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლომ შესაგებლის წარსადგენად ათდღიანი ვადა განუსაზღვრა და მხარეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს შესაგებელი დროულად არ წარუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა არასაპატიო მიზეზით მოხდა, ვინაიდან მოპასუხემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებში სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით არ დაუდასტურებია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. აღნიშნული კი, ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებული იყო სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე. „მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის №ას-691-661-2014 განჩინება). ამასთან, „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-759-2021 განჩინება).

13. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2020 წლის 20 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობისა და ბეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ მოსარჩელე მომავალში საკუთრების უფლებას გადასცემდა მოპასუხეს ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე (იხ. ს.ფ 19-21); მოპასუხემ არ შეასრულა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მოსარჩელეს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად. მან გადაიხადა მხოლოდ თანხის ნაწილი, ხოლო დარჩენილი თანხა, 12000 აშშ დოლარი არ გადაუხდია; წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება წყდება. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მხარეებს შორის შეწყვეტილი იქნა 2020 წლის 11 ნოემბრის უძრავი ქონების წინარე ნასყიდობისა და ბეს ხელშეკრულება; 2022 წლის 25 მარტის წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრა დამატებითი ვადა (არაუგვიანეს 2022 წლის 10 აპრილამდე) უძრავი ქონების გამოთავისუფლებისათვის, თუმცა მოპასუხე მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს საცხოვრებელ ბინას (იხ. ს.ფ. 24-26). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი. ამასთან, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება ვერც სადავო უძრავი ნივთის არასრულწლოვანების მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივნისის საქმე №ას-1282-2021 განჩინება; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის საქმე №ას-674-2022 განჩინება; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის საქმე №ას-1351-2022 განჩინება).

14. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის საქმე №ას-1493-1413-2017განჩინება. პ.49). რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს, აღნიშნულ ინსტანციაში სსსკ-ის 407-I მუხლის თანახმად, ახალი მტკიცებულების წარდგენა დაუშვებელია და საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის საქმე №ას-1592-2023 განჩინება). შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება. კერძოდ, მას ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა კასატორს არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება წარუდგენია. მეტიც, იგი ისეთ გარემოებებზე მიუთითებდა, რომლებსაც შემხებლობა არ ჰქონდა დავის საგანთან.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ.კ–ძეს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ს.პ–ის მიერ 02.11.2023წ. №19210727426 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300.00 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150.00 ლარი და დარჩენილი 150.00 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი