საქმე №ას-1455-2024 15 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.გ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.დ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ტ.დ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
1.1. მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და დ.გ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) შორის 2022 წლის 30 იანვარს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, ........, საკადასტრო კოდი: .........;
1.3. უძრავი ქონების, მდებარე: მცხეთა, ........., საკადასტრო კოდი: ......., მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე;
1.4. დადგინდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც სესხად მიღებულ თანხას შეადგენს 4 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 06 თვე (2022 წლის 30 იანვრიდან 2022 წლის 30 ივლისამდე). სარგებელი 6 თვეზე შეადგენს 1 000 აშშ დოლარს;
1.5. მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონება, 6 თვის ვადით, 2022 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მყიდველისგან გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის საგანი არის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: მცხეთა, ........, დაზუსტებული ფართობი: 484.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, ს/კ: ........;
2.2. 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის უძრავი ქონება, მდებარე: მცხეთა, ........., დაზუსტებული ფართობი: 484.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, ს/კ: ......, ირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებაში;
2.3. მოსარჩელე ფლობს უძრავ ქონებას, მდებარე: მცხეთა, ........, დაზუსტებული ფართობი: 484.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, ს/კ: .........
3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხის ხელშეკრულება. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის სურვილი უძრავი ქონების გასხვისება არასოდეს ყოფილა. 2021 წლის სექტემბერში მოსარჩელეს გარდაეცვალა მეუღლე - ა.დ–ი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ავადმყოფობდა, სარგებლობდა ეტლით, შემდგომ, კოვიდ-ვირუსით ინფიცირების შედეგად, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და 2021 წლის 02 სექტემბერს გარდაიცვალა. ვინაიდან ოჯახს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი, მეუღლის მკურნალობისა და შემდგომ დაკრძალვის ხარჯები გაწეულ იქნა ოჯახის მიერ აღებული ვალებით, რომელთა გადახდაც დროულად ვერ მოხერხდა და 2022 წლის იანვარში მოსარჩელე იძულებული გახდა კერძო იპოთეკარისაგან აეღო სესხი, რომლის სანაცვლოდაც მოხდებოდა მისი კუთვნილი, ერთადერთი უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შუამავლის მეშვეობით მოხდა დაკავშირება ვინმე ზ.გ–ძესთან (მოპასუხის მამა), რომელმაც შესთავაზა მოსარჩელეს ქონებით უზრუნველყოფის შემთხვევაში თანხის სესხება.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია, ვინაიდან რეალურად მოსარჩელეს არ სურდა ქონების გაყიდვა და მან მოპასუხესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, აიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა გამოსყიდვისათვის მითითებულ ვადაში. თავის მხრივ, მოპასუხე არ ეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას, ვინაიდან მან ქონების მესაკუთრესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და მხარეებმა მხოლოდ ნასყიდობის ნება გამოავლინეს, ისინი სესხის პირობებზე არ შეთანხმებულან, შეთანხმდნენ კონკრეტულად გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის არსებით პირობებზე, რა ვადაშიც მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული უფლების რეალიზაცია.
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და ბათილია.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებმა არ უარყვეს 2022 წლის 30 იანვარს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოსარჩელე მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა უძრავი ქონების შეფასების დასკვნა და მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა. შპს „უ.ქ.ე–ის“ 2023 წლის 28 მარტის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება შეფასებულია 128 000 ლარად. საქმეს ერთვის მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იმ ოფისის ფოტომასალა, სადაც (მოსარჩელის განმარტებით) მოხდა ა.დ–ის შეხვედრა შუამავალთან და სესხის მიღების ორგანიზება. მხარის მითითებით, აღნიშნული ფოტომასალით ნათლად დასტურდება, რომ ამ ორგანიზაციაში ხდება სესხების გაცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფის საშუალებით. ფოტოზე მითითებული ნომრებიდან ერთ-ერთი (ტელ.: .......) სწორედაც ლ.ჯ–ს ეკუთვნის, ვისი შუამავლობითაც გაფორმდა სადავო ხელშეკრულება. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე იმყოფება უაღრესად ცუდ სოციალურ მდგომარეობაში, არ გააჩნია ეკონომიკური სახსრები, მით უფრო, არ აქვს საცხოვრებელი სადგომი. სადავო ქონების დაკარგვით რჩება უსახლკაროდ, ღია ცის ქვეშ. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, არ გაასხვისებდა მის საცხოვრებელ სახლს 8-ჯერ ნაკლებ ფასში და არ დარჩებოდა ღია ცის ქვეშ.
7. სააპელაციო პალატის მითითებით, არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონების გასხვისების ნება გამოხატა და ამ მიზნით თუნდაც განცხადება განათავსა სადმე. საქმეში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ დღემდე სადავო ბინა ძველი მესაკუთრის მფლობელობაშია და მყიდველი მას ფაქტობრივად არ დაუფლებია.
8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, კერძოდ, 2018 წლის 21 ივლისის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსკ-ის 286-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2018 წლის 21 აგვისტოს. სადავო ხელშეკრულება გაფორმებულია 2022 წლის 30 იანვარს.
9. მოვლენათა ხსენებული თანხვედრის შედეგად, სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში ხელოვნურად მოსაქცევად და რეალურად უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება მხარეებს არც გამოუხატავთ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები დასაბუთებული იყო.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეში დადასტურდა და აღდგენილ იქნა სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, შესაბამისად, საფუძველი გამოეცალა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ამდენად, მათი დაკმაყოფილების ნაწილშიც უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას. მოსამართლე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მეუღლე გარდაიცვალა 2021 წლის სექტემბერში, მათ ჰქონდათ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის იანვარში. საქმეში წარმოდგენილია ქონების შეფასების დასკვნა, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხარეთა შეთანხმებით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და არანაირ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია, ასევე გადაწყვეტილებაში მითითებულია ფოტომასალაზე, სადაც წერია, რომ სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით, მითითებული ტელეფონის ნომრიდან ერთ-ერთი მოწმე ლ.ჯ–ს ეკუთვნის. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ლ.ჯ–ის მოწმედ დაკითხვის შესახებ, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებაზე უარი განაცხადა და არ დააკმაყოფილა მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა;
12.2. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელე იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი. იგი ცხოვრობს თავის ქალიშვილთან თბილისში, .......... და მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მცხეთა, ......., სახლი 340, ნამდვილად არ არის. სარჩელში მითითებულია თბილისის მისამართი, სადაც იგი ცხოვრობს, ხოლო მცხეთა, ....., სახლი 340 დაკეტილია. აღნიშნული ასევე დასტურდება იმით, რომ მოპასუხე მხარის მიერ მას გაეგზავნა წერილი, მცხეთა, ......, სახლი 340-ზე, მაგრამ იგი ამ მისამართზე არ ცხოვრობს. შესაბამისად, 2018 წლის 21 ივნისს სსკ-ში განხორციელებული ცვლილება მასზე არ უნდა გავრცელდეს;
12.3. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ როგორ ან რა მტკიცებულებით განსაზღვრა სესხის თანხა 4000 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი - 1000 აშშ დოლარით. იგი დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის განმარტებას და არ გაითვალისწინა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც ორივე მხარის შეთანხმებით ნასყიდობის საგანი განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით;
12.4. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ასევე მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ვინაიდან არ არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და აღდგენილ უნდა იქნას სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
16. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და ბათილია [სსკ-ის 56-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)].
19. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
20. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, საკასაციო პალატის განმარტებით, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ საქმე №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე №ას-474-455-2016, 7 ივლისი, 2016 წელი).
21. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს (იხ. სუსგ საქმე №ას-84-84-2018, 22 ივლისი, 2020 წელი).
22. საკასაციო პრეტენზიის თანახმად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა თვალთმაქცურ გარიგებას. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად (მოცემულ შემთხვევაში თვალთმაქცურად) მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას (თვალთმაქცურობისას) კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოსარჩელე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.3 ქვეპუნქტი) და მოპასუხემ მოცემული დავის ფარგლებში აღძრული შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელის მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვა. ნასყიდობის ხელშეკრულების დროს კი გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. შესაბამისად, გარიგების დადებისას შემძენის ინტერესი ქონების დაუფლება და მისით სარგებლობაა [სსკ-ის 477-ე მუხლი].
24. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ნასყიდობის ფასზე.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რომელიც ყველაზე ნათლად სწორედ ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. იგი გულისხმობს როგორც ხელშეკრულების დადების, ისე მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებას [სსკ-ის 319.1 მუხლის პირველი წინადადება: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი]. გამომდინარე აქედან, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გარიგებით განსაზღვრული ფასი აშკარად შეუსაბამო და არაგონივრული იყო ნივთის საბაზრო ღირებულებასთან.
26. დადგენილია, რომ 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონება, 6 თვის ვადით, 2022 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მყიდველისგან გამოსყიდვის უფლებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1 ქვეპუნქტი). ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 6000 აშშ დოლარად (იხ. ტ. 1. ს.ფ. 18-22). შპს „უ.ქ.ე–ის“ 2023 წლის 28 მარტის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება შეფასებულია 128 000 ლარად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ძნელად წარმოსადგენია საშუალო გონიერი ადამიანისაგან საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე (დაახლოებით 7-ჯერ) ნაკლებ ფასად უძრავი ქონების გასხვისების ნების გამოვლენა.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებზე [ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა] და აღნიშნავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას ფიზიკურ პირებს შორის გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებოდა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში და საქმეზე დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგების დადებისას მხარეთა ნება მიმართული იყო სასესხო ურთიერთობის წარმოშობისაკენ, რომლის ფარგლებშიც იმ დროს და ამჟამადაც მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციით, მხარეები შეზღუდული იყვნენ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთათ სადავო უძრავი ქონება და გამოსყიდვის უფლებით რეალურად გამსესხებელმა თავისი უფლების დაცვის მეტი გარანტიები შექმნა.
28. მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად არ ადასტურებს ფაქტს, უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი გარემოებები ერთად ქმნის იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სადავო ხელშეკრულება თვალთმაქცურია, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ მხარეთა რეალურ ნებას წარმოადგენდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება.
29. საკასაციო სასამართლო კასატორის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც იგი ითხოვს ძირითადი სარჩელის უარყოფას, იმსჯელებს ასევე დაფარული გარიგების - სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თვალთმაქცური გარიგებისას, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი. რა სახისაც არ უნდა იყოს დაფარული გარიგება, თვალთმაქცური გარიგება მაინც უნდა ჩაითვალოს ბათილად, ხოლო თუ დაფარული გარიგება ნამდვილია, მაშინ იგი დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს (იხ. სუსგ საქმე №ას-1311-2023, 25 იანვარი, 2024 წელი). დაფარული გარიგების მიმართ გამოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები, ამიტომ დაფარული გარიგების ნამდვილობისათვის არ კმარა მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.56, ველი 20, გვ. 331). ამდენად, დაფარული გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს თვალთმაქცური გარიგების ადგილს, როდესაც დაფარული (სესხის) გარიგება ნამდვილია.
31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, როგორც თვალთმაქცური, თუმცა, არ არსებობს მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დადგენის სამართლებრივი საფუძვლები კანონთან მისი წინააღმდეგობის გამო. კერძოდ, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თანხის გაცემა მოხდა აშშ დოლარით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც სესხად მიღებულ თანხას შეადგენს 4 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 06 თვე (2022 წლის 30 იანვრიდან 2022 წლის 30 ივლისამდე). სარგებელი 6 თვეზე შეადგენს 1 000 აშშ დოლარს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.4 ქვეპუნქტი). 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კი, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარად, რაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღისთვის (30.01.2022 წლისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი არის შემდეგი: 1.00 აშშ დოლარი - 3.0521 ლარი) ეროვნულ ვალუტაში [შეადგენს] 18312.60 (თვრამეტი ათას სამასთორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს (იხ. ტ.1. ს.ფ. 21). ამდენად, უდავოა, რომ მსესხებლის მთლიანი ვალდებულება არ აღემატება 200 000 ლარს.
32. 2022 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედებდა და ამჟამადაც ძალაშია სსკ-ის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, 200 000 (ორასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე გამსესხებლის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს აღემატება. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
33. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსკ-ის 61.1 მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.
34. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ეწოდება ისეთ გარიგებას, რომელიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ განზრახულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს (61 I). ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დადგება არც გარიგების უშუალო მონაწილეების და არც მესამე პირების მიმართ. გარიგება დადებისთანავე ბათილია და მას ნამდვილად ვერ გადააქცევს ვერც გარიგების მონაწილეთა შემდგომი მოქმედება, ვერც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მოწონება ან სასამართლოს გადაწყვეტილება. კანონი არ ითვალისწინებს ბათილი გარიგების გამოსწორების შესაძლებლობას. ბათილი გარიგების ბათილად მიჩნევისათვის არ არის სავალდებულო რაიმე პროცედურის დაცვა: შეცილება, გარიგების ბათილობის მოთხოვნა ან სასამართლოს მიერ მისი მიჩნევა ბათილად, რადგან უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, გვ. 314).
35. განსახილველ შემთხვევაში 200 000 ლარამდე სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო მსესხებლის მთლიანი ვალდებულება არ აღემატება 200 000 ლარს, შესაბამისად, გამსესხებელი ვალდებული იყო სესხი ეროვნულ ვალუტაში - ლარში გაეცა, რის გამოც დაფარული (სესხის) გარიგება კანონსაწინააღმდეგო და ბათილია სსკ-ის 625.7 და 54-ე მუხლების საფუძველზე.
36. აქვე, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მას სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლებით მოწესრიგებული უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე აღძრული სარჩელის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს ბათილი გარიგებიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის დაბრუნება.
37. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
38. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 ქვეპუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
40. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
41. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გაღებულია სასამართლო ხარჯი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად განსაზღვრა მოწინააღმდეგე მხარისთვის დასაკისრებლად მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია. ამავე დასაბუთებით არ არსებობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო პალატის მიერ სასამართლო ხარჯების განაწილების შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ტ.დ–ის სააპელაციო საჩივარი მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენის თაობაზე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 ქვეპუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ტ.დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ტ.დ–ის სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენის თაობაზე (რომლის ფარგლებშიც სესხად მიღებულ თანხას შეადგენს 4 000 აშშ დოლარი, სესხის ვადა - 06 თვე (2022 წლის 30 იანვრიდან 2022 წლის 30 ივლისამდე). სარგებელი 6 თვეზე შეადგენს 1 000 აშშ დოლარს) არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე