საქმე Nა-5980-გან-16-2024 30 აპრილი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიზო უბილავა, ამირან ძაბუნიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შპს „ჰ.დ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.ჩ–ვა (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – ზედმეტად აღსრულებული სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 12.11.2024წ. შპს „ჰ.დ.კ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, ზედმეტად აღსრულებული სახელმწიფო ბაჟის -1972,8 ლარის შპს „ჰ.დ.კ–ისთვის“ დაბრუნების მოთხოვნით.
2. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-157-2024) შპს „ჰ.დ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ჰ.დ.კ–ის“ კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) გადახდა. თუმცა, აღნიშნულის გათვალისწინება შპს „ჰ.დ.კ–ისათვის“ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების საკითხის შემცირების ნაწილში არ მომხდარა, რის გამოც, შპს „ჰ.დ.კ–ის“ მოთხოვნის საფუძველზე მიღებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჰ.დ.კ–ის“ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ჰ.დ.კ–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 450 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ექვივალენტი ლარი) ოდენობით.
3. ზემომითითებულ დამატებით გადაწყვეტილებაზე 16.10.2024წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი და დამატებით გადაწყვეტილებაში მითითებული 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ამოღებული იქნა შპს „ჰ.დ.კ–ისაგან“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. იმავდროულად, აღმოჩნდა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის აღსასრულებლად, რომლითაც შპს „ჰ.დ.კ–ის“ სახელმწიფო ბაჟის 1972,8 ლარის ანაზღაურება დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (პირველ ინსტანციაში გადასახდელი ბაჟი).
5. საკასაციო პალატაში წარმოდგენილ 12.11.2024წ. განცხადებაში შპს „ჰ.დ.კ–ი“ აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით არა 24 000 აშშ დოლარის ნაწილში, არამედ 15 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, პირველლი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შემცირდა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1972,8 ლარის დაბრუნება მოითხოვა.
7. ამასთან, შპს „ჰ.დ.კ–ის“ წარმომადგენელმა 12.11.2024წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა ზედმეტად აღსრულებული სახელმწიფო ბაჟის თანხის - 1972,8 ლარის დაბრუნების თაობაზე (ს.ფ 471, ტ.3), რომლის განხილვაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2025წ. განჩინებით შეაჩერდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ჰ.დ.კ–ის“ მიერ წარმოდგენილი წინამდებარე განცხადების განხილვა-გადაწყვეტამდე (ს.ფ. 487, ტ.3).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა 12.11.2024წ. შპს „ჰ.დ.კ–ის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებმა იმსჯელეს კ.ჩ–ვას სარჩელზე შპს „ჰ.დ.კ–ის“ მიმართ, ბრძანებათა ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, შრომის ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, კერძოდ:
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.05.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „ჰ.დ.კ–ის“ კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 28 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კატეგორიის დავაზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 55-ე მუხლის საფუძვველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 1972.8 (28 800 აშშ დოლარის 3% - 864 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) ლარის გადახდა დაეკისრა მოპასუხე შპს „ჰ.დ.კ–ის“.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.05.2019წ. გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის დაკისრების ნაწილში შეიცვლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.08.2023წ. გადაწყვეტილებით და კომპენსაციის ოდენობა შემცირდა 24 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნულის შესაბამისად, შემცირდა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც, რომელიც დაანგარიშდა 24 000 აშშ დოლარიდან და განისაზღვრა 1972,8 ლარით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-157-2024) შპს „ჰ.დ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ნაწილობრივ გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და შპს „ჰ.დ.კ–ის“ კ.ჩ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარის (დაბეგრილი, ხელზე ასაღები) გადახდა.
13. აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ჰ.დ.კ–ისათვის“ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების საკითხი არ გადაწყვეტილა. რის გამოც, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ჰ.დ.კ–ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 450 აშშ დოლარის (გადახდის დღისათვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ექვივალენტი ლარი) ოდენობით. დამატებით გადაწყვეტილებაზე 16.10.2024წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი შპს „ჰ.დ.კ–ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე.
14. ამავდროულად, ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის, რომლითაც შპს „ჰ.დ.კ–ის“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1972,8 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (პირველ ინსტანციაში გადასახდელი ბაჟი), აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 404, ტ.3).
15. შესაბამისად, იქმნება იმგვარი ვითარება, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა ორჯერ დაეკისრა და ორივეჯერ სააღსრულებლო ფურცელი გაიცა.
16. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ, სარჩელი კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდა 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეა ვალდებული სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, საკასაციო პალატის მიერ მიღებული დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 16.10.2024წ.-ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შპს „ჰ.დ.კ–ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, სამართლებრივად სწორია.
17. ამასთან, როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი შპს „ჰ.დ.კ–ის“ წარმომადგენელმა 12.11.2024წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაც მიმართა ზედმეტად აღსრულებული სახელმწიფო ბაჟის თანხის - 1972,8 ლარის დაბრუნების თაობაზე (ს.ფ 471, ტ.3), რომლის განხილვაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.01.2025წ. განჩინებით შეჩერდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს „ჰ.დ.კ–ის“ მიერ წარმოდგენილი წინამდებარე განცხადების (Nა-5980-გან-16-2024) განხილვა-გადაწყვეტამდე (ს.ფ. 487, ტ.3).
18. ამ მოცემულობაში კი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორედ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის (რომლითაც შპს „ჰ.დ.კ–ის“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1972,8 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ (პირველ ინსტანციაში გადასახდელი ბაჟი) აღსასრულებლად გაცემული სააღსრულებო ფურცელის (ს.ფ 404, ტ.3) გაუქმების საკითხზე, ვინაიდან როგორც აღინიშნა, მოპასუხეა ვალდებული სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟის თანხა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, რომელიც სწორადაა დააგარიშებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
19. მაშასადამე, 12.11.2024წ. შპს „ჰ.დ.კ–ის“ წარმომადგენლის განცხადება ზედმეტად აღსრულებული სახელმწიფო ბაჟის - 1972,8 ლარის დაბრუნების თაობაზე, საკასაციო პალატის განსახილველი არ არის, რის გამოც, განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ.დ.კ–ის“ 12.11.2024წ.-ს საკასაციო პალატაში წარმოდგენილი განცხადება ზედმეტად აღსრულებული სახელმწიფო ბაჟის - 1972,8 ლარის დაბრუნების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
გიზო უბილავა
ამირან ძაბუნიძე