საქმე №ა-1796-შ-47-2025
30 აპრილი, 2025 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ოს
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ–ოს
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების (13083/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით (13083/2022): ნ.მ–ოს (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მოსარჩელესა და ხ.მ–ოს (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2008 წლის 10 აპრილს საქართველოში, ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში დარეგისტრირებული ქორწინება.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განიხილებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით (13083/2022): შუამდგომლობის ავტორის სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 10 აპრილს საქართველოში, ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში დარეგისტრირებული ქორწინება.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება (13083/2022) იმ ნაწილში, რომლითაც: ნ.მ–ოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა მოსარჩელესა და ხ.მ–ოს შორის 2008 წლის 10 აპრილს საქართველოში, ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში დარეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა