საქმე №ა-3809-შ-97-2024 17 აპრილი, 2024 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "H. L."
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმე 4-10-2305/549) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე 4-10-2305/549): შპს ,,O-ის“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელით აღძრულ საქმეზე (სადაც მოპასუხისთვის მოსარჩელემ 54 337.50 აშშ დოლარისა და 87 517 000 სუმის ანაზღაურება მოითხოვა) შპს „H. L.-ს“ (შემდეგში - მოპასუხე) 571 874.9 სუმის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ, რომელმაც ზემოაღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. დადგენილია, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე 4-10-2305/549) - მოსარჩელის მიერ აღძრულ საქმეზე (სადაც მოპასუხისთვის მოსარჩელემ 54 337.50 აშშ დოლარისა და 87 517 000 სუმის ანაზღაურება მოითხოვა) მოპასუხეს 571 874.9 სუმის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.
4. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლო ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისთვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (იხ. სუსგ №ა-6353-შ-177-2021, 29.03.2022).
5. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 7.5 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია საერთაშორისო ხელშეკრულება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ (შემდეგში - საერთაშორისო ხელშეკრულება), ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა დაეყრდნობა ამ ხელშეკრულებისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონი) მოთხოვნებს.
8. „საერთაშორისო ხელშეკრულების“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, ერთი მხარის მოქალაქეები, აგრეთვე, მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც ამ მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, ერთი მხარის მოქალაქეებს, აგრეთვე სხვა პირებს, რომლებიც ცხოვრებენ მის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურას, სანოტარო ორგანოებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათ წინაშე, აღძრან შუამდგომლობა, წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი ისეთივე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ ხელშეკრულების დებულებანი, გამოიყენება აგრეთვე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შექმნილია მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ამავე „საერთაშორისო ხელშეკრულების“ 50-56-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
10. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 52-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე ხელშეკრულების 56-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ, როგორც აღსასრულებლად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, მოსარჩელის მიერ აღძრულ საქმეზე (სადაც მოპასუხისთვის მოსარჩელემ 54 337.50 აშშ დოლარისა და 87 517 000 სუმის ანაზღაურება მოითხოვა) მოპასუხეს 571 874.9 სუმის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა. თავის წერილობით მომართვაში საკასაციო სასამართლოს წინაშე მოპასუხემ განმარტა, რომ ქვითრების საფუძველზე მოსარჩელეს მან აუნაზღაურა ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილი, კერძოდ, 7 155.34 და 19 332.50 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა (35 005 აშშ დოლარი), კრედიტორს, მხარეთა მიერ წინასწარ გადარიცხული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიიდან უნდა მიეღო.
მოპასუხის მითითებულ პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 571 874.9 სუმის გადახდა მოვალეს მოსარჩელის მიმართ კი არ დაეკისრა, არამედ, აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება სასამართლომ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ანგარიშში დაუწესა; აქედან გამომდინარე დასახელებული თანხა კრედიტორის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადახდილიყო რაც მოპასუხე მხარეს არ შეუსრულებია.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების“ 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის“ 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს მიექცეს აღსასრულებლად უზბეკეთის რესპუბლიკის ტაშკენტის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე 4-10-2305/549) იმ ნაწილში, რომლითაც შპს „H. L.-ს“ დაეკისრა 571 874.9 სუმის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა