Facebook Twitter

საქმე №ას-1632-2023

29 ოქტომბერი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ მ.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა, ი/მ მ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 7254 ლარის ოდენობით დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი/მ მ.ა–ძეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა - 500 ლარის ოდენობით.

3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემედგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

4.2.1 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ი/მ მ.ა–ძეს შორის 2021 წლის 15 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის საწვავი ხის მასალის (შეშა) მიწოდება, ჯამში 1500 მეტრ კუბი.

4.2.2 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა, არაუგვიანეს - 2021 წლის 3 დეკემბერი.

4.2.3 ხელშეკრულების 8.2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით/სატენდერო დოკუმენტაციით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.

4.2.4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

4.2.5 2021 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ხელისშემშლელი მიზეზით შეუსრულებლობის გამო, გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

4.2.6 2021 წლის 26 ნოემბრის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა პირგასამტეხლო/ჯარიმები, ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმა 279 ლარი, ასევე მე-5 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5% - 6975 ლარი;

4.3 სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე. პალატამ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე გააკეთა აპელირება და განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

4.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას.

4.5 ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნები, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ და სწორად განსაზღვრა იგი 500 ლარის ოდენობით.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორმა განმარტა, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ ი/მ მ.ა–ძისადმი დაკისრებული პირგასამტეხლოს 7254 ლარის 500 ლარამდე შემცირების თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა შეადგენდა სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს, მოსარჩელეს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე და გამარჯვებამდე გაცნობიერებული ჰქონდა მისი შინაარსი და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები, მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა ტენდერში, გაიმარჯვა და იკისრა ვალდებულება ემოქმედა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. არსებული ურთიერთობის ხელშეკრულების პირობების სხვა ფაქტობრივ მოცემულობებზე (რეკომენდაციებზე) მორგება უსაფუძვლოა. მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში შემსყიდველმა - გამგეობამ იმოქმედა მხარეთა შორის 2021 წლის 15 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ცენტრალურ სამართლებრივ აქტს სწორედ სამოქალაქო კანონმდებლობა წარმოადგენს, ხოლო ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება მითითებულ კანონმდებლობას.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 იანვრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, და ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. კასატორის პრეტენზია ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერებას შეეხება. კასატორი ძირითად აქცენტს აკეთებს მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით დადასტურებული ჰქონდა თანხმობა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების შესაბამისად.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება„pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით საკუთარი ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულების ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა შორისაა ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ.სუსგ. საქმე №ას-130-2023, 05.07.2024წ.).

13. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

14. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.სუსგ. საქმე №ას-504-2024, 04.10. 2024წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა 2021 წლის 15 ნოემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს უნდა შეესრულებინა შეთანხმებული სამუშაოები, კერძოდ, ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის უნდა განეხორციელებინა საწვავი ხის მასალის (შეშა) მიწოდება, ჯამში 1500 მეტრ კუბი. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა, არაუგვიანეს - 2021 წლის 3 დეკემბრისა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2021 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ხელისშემშლელი მიზეზით შეუსრულებლობის გამო, გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა. 2021 წლის 26 ნოემბრის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ეკისრებოდა პირგასამტეხლო/ჯარიმები, ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჯარიმა 279 ლარი, ასევე მე-5 პუნქტის შესაბამისად, ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5% - 6975 ლარი;

16. საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ.სუსგ. საქმე Nას-905-2021, 12.01.2022წ.).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ.სუსგ. საქმე №ას-504-2024 04.10. 2024წ.).

18. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (შდრ. იხ. სუსგ. საქმე №ას-890-2024, 07.08.2024წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოხდა მოსარჩელის დროული ინფორმირება და ობიექტური გარემოებაზე მითითებით, მოითხოვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყვეტა. მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტების მიხედვით, შეშის მიწოდება ვერ შეძლო, რადგან გარემოს დაცვის ინსპექციის მხრიდან დაჯარიმდა და ავტომანქანის ვერ იყენებდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ კასატორი არ მიუთითებს ხელშეკრულების საგნის მიუწოდებლობით დამდგარ შესაძლო ზიანზე.

20. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდეა შემცირებული. საკასაციო პალატა, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. პროცესის ხარჯები

კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე