17 აპრილი, 2025 წელი,
საქმე №ას-1453-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „მ-ს“,მ.ჰ.(მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – პ.ვ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი კასატორი საზოგადოება, შპს ან კომპანია) და მ.ჰ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი კასატორი. საზოგადოების 100 %იანი წილის მფლობელი პარტნიორი ან დირექტორი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, პ.ვ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან რწმუნებული) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოპასუხეს - 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის, ხოლო მეორე მოპასუხეს - 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; პირველი მოპასუხისთვის - 30 302 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ იყო დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორების მტკიცებით, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობისა და გასამრჯელოს განსაზღვრის თაობაზე ისევე როგორც სასესხო ურთიერთობის დამყარების შესახებ. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. პირველი მოპასუხე 2018 წლის 29 მარტს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორი მეორე მოპასუხეა.
4.4. მოპასუხეებმა 2018 წლის 19 ნოემბერს ორი წლის ვადით გასცეს მინდობილობა მოსარჩელის მიმართ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #181418248), რომლის თანახმად ამ უკანასკნელს შემდეგი უფლებამოსილება მიანიჭეს:
წარმოადგინოს საზოგადოება ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, შემოსავლების სამსახურში, გადაიხადოს ნებისმიერი გადასახადი, მათ შორის დღგ.
ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, სანოტარო ბიუროში, იუსტიციის სახლში, მის სივრცეში განთავსებულ ნებისმიერ სამსახურში, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, წარადგინოს და მიიღოს შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, რაც შეეხება საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობას.
საბაჟო სამსახურში, სსიპ შსს მომსახურეობის სააგენტოში, საპატრულო პოლიციაში, მოახდინოს მიმნდობის სახელზე გამოგზავნილი ავტომანქანების და/ან ტვირთის განბაჟება, სანომრე ნიშნის და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის აღება, მოაწეროს ხელი მიმნდობის მაგივრად შესაბამის დოკუმენტებსა და შეასრულოს ყველა ის მოქმედება რაც გათვალისწინებულია ამ დავალების შესრულებით.
საზოგადოების სახელით შეიძინოს/იყიდოს ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებები (მიწის ნაკვეთები), მანქანა-დანადგარები საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება (წინარე ნასყიდობის) და მოაწეროს ხელი მიმნდობის სახელით. მოახდინოს უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში კომპანიის სახელზე. მოახდინოს ყველა გარიგების გაანგარიშება, გადაიხადოს ნასყიდობის საფასური და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნული დავალების შესრულებასთან.
4.5. 2019 წლის 4 იანვარს მოსარჩელემ საზოგადოების დავალიანების დასაფარავად, ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ სახაზინო ანგარიშზე - 30 302 ლარი ჩარიცხა.
4.6. 2018 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელემ მეორე მოპასუხის ანგარიშზე - 50 000 ლარი გადარიცხა.
4.7. მეორე მოპასუხე 2018 წლის 20 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და საქართველოში იმავე წლის 10 დეკემბერს დაბრუნდა (იხ.საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 16.05.2019წ. ცნობა). მან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით საქართველოს საზღვარი 03.01.2019წ (გასვლა) - 11.01.2019წ (შემოსვლა), 13.01.2019წ (გასვლა) - 19.03.2019 წლებშიც (შემოსვლა) გადაკვეთა.
4.8. 10.12.2018 წლის 10 დეკემბერს მეორე მოპასუხემ 10 000 ევრო, 30 330 ლარში, იმავე წლის 17 დეკემბერს 13 550 აშშ დოლარი, 36070,1 ლარში, 2019 წლის 25 აპრილს 2000 აშშ დოლარი, 5 394 ლარში, ხოლო იმავე წლის 30 აპრილს 2000 აშშ დოლარი, 5 392 ლარში გადაცვალა (იხ. ვალუტის გადაცვლის ქვითრები).
4.9. მეორე მოპასუხემ როგორც პირველი მოპასუხის დამფუძნებელმა 2018 წლის 12 დეკემბერს საზოგადოებაში შენატანის სახით - 65 000 ლარი შეიტანა (იხ. ამონაწერი კომპანიის საბანკო ანგარიშიდან).
4.9.1. საზოგადოებამ 2018 წლის 7 დეკემბერს ჯამურად - 77 700 აშშ დოლარის კონვერტაცია მოახდინა და 207 210,36 ლარი მიიღო. 2018 წლის 10 დეკემბერს კი 14 000 აშშ დოლარი გადაცვალა და 37 354,8 ლარი მიიღო (იხ. ამონაწერი პირადი ანგარიშიდან).
4.10. მოსარჩელემ 2018 წლის 11 დეკემბერს მეორე მოპასუხეს - 50 000 ლარი ჩაურიცხა. იმავე დღეს მეორე მოპასუხემ - 47 311,5 ლარი თ.დ–ძეს გადაურიცხა (იხ. ამონაწერი პირადი ანგარიშიდან).
4.11. საზოგადოებამ 2018 წლის 29 მარტიდან იმავე წლის 30 აპრილის ჩათვლით შემდეგი ოპერაციები განახორციელა: თანხების განკარგვის კანონიერება და მართლზომიერება; ინვენტარიზაციის პროცესზე დაკვირვება, მონაწილეობის მიღება. ამასთან, საზოგადოების მიერ 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარი-თებერვალი-მარტში გაცემულ შრომის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილ სიაში მოსარჩელე არ ფიქსირდებოდა (იხ. შპს „ა.მ.გ–ის“ დასკვნა).
4.12. მოსარჩელესა და საზოგადოებას შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში რწმუნებულისათვის გადასახდელი ყოველთვიური გასამრჯელო - 2000 აშშ დოლარით განისაზღვრა, კერძოდ:
4.12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთი მოწმე/კომპანიის თანამშრომელი დაიკითხა, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ გასამრჯელოს გაცემისას მოსარჩელეც სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და რამდენიმეჯერ მეორე მოპასუხისგან ფულადი ანაზღაურება მიიღო. მოწმეებმა მოსარჩელისთვის თანხის გადაცემის ფაქტი, მათთვის ხელფასის გაცემის დროს დაუკავშირეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე კომპანიაში საქმიანობდა და მისგან გარკვეულ დავალებებს იღებდნენ, შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიაში ანაზღაურების გარეშე არ ახორციელებდა საქმიანობას და მისი ყოველთვიური ანაზღაურება - 2000 აშშ დოლარია.
4.13. მოსარჩელემ/რწმუნებულმა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.
4.14. მარწმუნებელმა სამი თვის გასამრჯელო - 6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, არ აანაზღაურა.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.
6. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2018 წლის 19 ნოემბერს ორი წლის ვადით გასცეს მინდობილობა მოსარჩელის მიმართ, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს დავალიანების დაფარვის, სხვდასხვა ორგანოებში კომპანიის წარმომადგენლობისა და სხვა მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება მიანიჭეს.
7. მოპასუხეების/კასატორების მითითებით, მინდობილობის გაცემის საფუძველს მხარეთა შეთანხმება წარმოადგენდა, რომლის თანახმად, მოსარჩელე მოპასუხეს ბიზნესის აწყობასა და განვითარებაში დაეხმარებოდა, შედეგად მოსარჩელე ფირმის მოგებიდან შემოსავლის 10%-ს მიიღებდა.
7.1. საკასაციო სასამართლო კასატორების მითითებულ პრეტენზიას არ იზიარებს და მათ ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, რომელიც მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.
7.2. ბიზნესის აწყობაში დახმარების თაობაზე შეთანხმების მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს ეკისრებოდათ, რომლებმაც ვერ შეძლეს დაკისრებული ტვირთის წარმატებული რეალიზება და გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში ვერ წარადგინეს.
8. ბიზნესის ფუნქციონირების გამართვაში დახმარების თაობაზე შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობისა და, იმის გათვალისწინებით, რომ 2 000 აშშ დოლარზე შეთანხმების არსებობის ფაქტი მოწმეთა/კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებით (იხ. მოწმეთა ჩვენებები) დადასტურდა, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნულ გასამრჯელოზე მოსარჩელის მითითება საფუძვლიანია.
9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელის/რწმუნებულის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებისა და მარწმუნებლის/მოპასუხეების მიერ სამი თვის გასამრჯელოს (6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) გადაუხდელობის ფაქტები, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.
10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, მეორე მოპასუხისთვის - 50 000 ლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლი.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015წ), ანუ გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნადვილობისათვის, სესხის საგანზე შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც.
12. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისა და სესხის თანხის მისთვის გადაცემის ფაქტს, საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფაქტების დადასტურების წესის თავისებურებაზე.
13. სსსკ-ის 102.1 მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
14. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102.1 მუხლი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-839-890-2011, 8 ნოემბერი 2011 წელი; საქმე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი 2015 წელი).
15. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).
16. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024).
17. მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი) (შდრ. სუსგ საქმე №ას-279-264-17, 21.04.2017 წ); მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
18. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
19. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს/მოპასუხეს (შდრ. სუსგ საქმე №ას-929-891-2014, 22.04.2015წ). სასესხო ურთიერთობის წარმოშობის წინაპირობების მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების - თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს - მოსარჩელეს (შდრ. სუსგ საქმე №ას-1067-1026-2016, 23.06.2017 წ).
20. მართალია, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა, ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს (შდრ. სუსგ საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12.2015წ). მაგალითად, სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.
21. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა. მოპასუხისთვის კი, აუცილებელია ვალის გადახდის თაობაზე საბუთის ფლობა, რადგან მას, თავის მხრივ, მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა (სსკ-ის 429-ე მუხლი).
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 11 დეკემბერს მეორე მოპასუხეს - 50 000 ლარი ჩაურიცხა.
23. კასატორის/მეორე მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული თანხა სესხი კი არ იყო არამედ, მის კუთვნილ თანხას წარმოადგენდა, თუმცა, სადავო თანხაზე მეორე მოპასუხის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ სადავო თანხა სწორედ სესხის სახით იქნა გადაცემული.
აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს.
მეორე მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მეორე მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გააჩნია დავალიანება - 50 000 ლარი, რისი ანაზღაურებაც მართებულად დაეკისრა.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
26. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ და მ.ჰ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ–სს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 აშშ დოლარის 30%-ის, 90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
3. მ.ჰ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 2 500 ლარის 30%-ის, 750 ლარის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა