20 მარტი, 2025 წელი,
საქმე №ას-16-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ.წ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „თ.ბ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დ.წ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) დირექტორთა საბჭოს წევრად და კორპორატიული ბიზნესის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნებოდა.
2. 2014 წლის 19 თებერვალს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება (შემდეგში - პირველი ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც 2014 წლის 11 აგვისტოდან (ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღე) მოსარჩელე დირექტორად, კერძოდ, კორპორატიული ბიზნესის მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, რომელიც გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე იყო ანგარიშვალდებული. პირველი ხელშეკრულება 2018 წლის 11 აგვისტომდე მოქმედებდა, თუკი მანამდე კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მხარე მას არ შეწყვეტდა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში პირველი ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც მოსარჩელე, როგორც გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ერთპიროვნული წარმომადგენელი, ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დარეგისტრირდა.
3. პირველი ხელშეკრულების 4.2 პუნქტით მოსარჩელისთვის ბონუსის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრა, კერძოდ, დირექტორისთვის ბანკს 500 000 ლარის ოდენობით ,,სიგნ-ონ ბონუსი“ უნდა გადაეხადა, რომლის გადახდაც 5 თანაბარ ნაწილად (თითოეული 100 000 ლარის ოდენობით) შესრულდებოდა. პირველი გადახდა, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 5 სამუშაო დღეში განხორციელდებოდა, ხოლო, ყოველი შემდეგი გადახდა - ყოველი მომდევნო წლის 11 აგვისტოდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიუხედავად, დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან არანეგატიური მიზეზით განთავისუფლების შემთხვევაში, ბანკი ვალდებული იყო, მოსარჩელისთვის ბონუსის მთლიანი გადაუხდელი ნაწილი აენაზღაურებინა.
4. 2015 წლის 1 ივლისს, მხარეთა შორის კვლავ დაიდო ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე ხელშეკრულება), რომლითაც დადგინდა, რომ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღეს (2015 წლის 1 ივლისი) მოსარჩელე, როგორც კორპორატიული ბიზნესის მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილე, მუშაობას აგრძელებდა. ხელშეკრულება 2018 წლის 18 ივლისამდე მოქმედებდა, თუკი მანამდე კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მხარე მას არ შეწყვეტდა. მეორე ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით არსებული ყველა სხვა შეთანხმება და ხელშეკრულება გაუქმდა, გარდა პირველი ხელშეკრულების 4.2.2-4.2.4 პუნქტებისა. ამავე ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელის ხელფასი (გადასახადების გადახდის შემდეგ) ყოველთვიურად 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს შეადგენდა, რაც გადახდის დღეს არსებული ოფიციალური კურსის შესაბამისად ყოველთვიურად საბანკო გადარიცხვით უნდა გადახდილიყო.
5. მეორე ხელშეკრულების მიხედვით, თუკი ამ ხელშეკრულებით მოწესრიგებული ურთიერთობა ბანკსა და დირექტორს შორის პოზიტიური მიზეზით (მიუხედავად იმისა, ამოიწურა თუ არა ხელშეკრულების ვადა) შეწყდებოდა, დირექტორისთვის ბანკს 6 თვის ხელფასი უნდა გადაეხადა. ნეგატიური მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, გადახდა არ განხორციელდებოდა (ხელშეკრულების 6.4. პუნქტი). ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე თანხმობას აცხადებდა, რომ ბანკში მუშაობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოში მოქმედ სხვა ბანკთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) არ ითანამშრომლებდა.
6. 2016 წლის 31 ოქტომბერს, მოპასუხეს მოსარჩელემ წერილით აცნობა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ბანკს ტოვებდა. ამავე წერილით მოწინააღმდეგე მხარეს კასატორმა სთხოვა, რომ მისი წასვლის პირობები მომავალი ერთი კვირის განმავლობაში წერილობით დაედასტურებინა.
7. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელესთან დადებული მეორე ხელშეკრულება ამ უკანასკნელის განცხადების საფუძველზე შეწყდა და 2017 წლის 1 იანვრიდან გენერალური დირექტორის მოადგილისა და კორპორაციული ბანკინგის უფროსის თანამდებობიდან მოსარჩელე გათავისუფლდა. ამავე ოქმით სამეთვალყურეო საბჭომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს უნდა მისცემოდა: 1). მეორე ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული ანაზღაურება; 2). 2017 წლის 1 იანვრამდე სახელფასო ანაზღაურება.
8. 2020 წლის 17 აგვისტოს, მოპასუხე ბანკის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:
- პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 18 აგვისტოს გადასახდელი 137 817 ლარისა და მისი გადაუხდელობით გამოწვეული 50 642 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის, ჯამურად - 188 459 ლარის (დაბეგრილი ოდენობა) ასევე 2018 წლის 17 აგვისტოს გადასახდელი 148 710 ლარისა და მისი გადაუხდელობით გამოწვეული 33 530 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის, ჯამურად - 182 240 ლარის (დაბეგრილი ოდენობა) დაკისრება.
- მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 238 212 ლარისა და მისი გადაუხდელობით გამოწვეული 112 853 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის, ჯამურად - 351 065 ლარის (დაბეგრილი ოდენობა) დაკისრება.
- მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის ყოველთვიურად 721 764 ლარის 0.742 პროცენტის დაკისრება, პროცენტის თვიური კაპიტალიზაციით, 2020 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 524 739 ლარისა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებით დაბეგრილი ოდენობა) და 2017 წლის 1 იანვრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე 524 739 ლარის წლიური 11.5%-ის გადახდა დაეკისრა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:
11.1.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირთან ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, საზოგადოებასა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულება უნდა დაკვალიფიცირდეს არა შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულება იდება. მსგავსი ხელშეკრულება „სასამსახურო ხელშეკრულებად“ მოიხსენიება, რადგან მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და შრომის სამართლისთვის დამახასიათებელი პრინციპებისგან განსხვავდება (იხ. სუსგ: №ას-1463-2018, 27.12.2018; №ას-727-695-2016, 23.01.2019; №ას-1098-2020, 3.02.2022). დავალების ხელშეკრულების საფუძველზე კი, სსკ-ის 710.1 მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (იხ. სუს - Nას-270-2022, 21.07.2022).
11.1.2. მოსარჩელემ, მოპასუხისგან, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დარჩენილი საბონუსე თანხისა და 6 თვის ხელფასის, როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2017 წლის 1 იანვარს დასრულდა, რის შემდგომაც მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, თუმცა მისი რეალიზება მხოლოდ 2020 წლის 17 აგვისტოს, კერძოდ, მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოახდინა. ამდენად, სარჩელი ხანდაზმული იყო (სსკ-ის 128.1, 129.1, 130-ე, 144.1 მუხლები). ხანდაზმულობის საკითხის შეფასების შემდეგ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელის საფუძვლიანობაზე სააპელაციო სასამართლომ აღარ იმსჯელა, რადგან სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობა გამორიცხავდა მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. გარდა ამისა, კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
- სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაკი მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2018 წლის 1 იანვარს დასრულდა, მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს ამის შემდეგ გაუჩნდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალურთიერთობის დასრულება ავტომატურად მოთხოვნის უფლების წარმოშობას გულისხმობდა, რაც არასწორია. ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო არანაირ განმარტებას არ აყალიბებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს და მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 393-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტი).
- სსკ-ის 129.1 მუხლი ზოგადი ნორმაა, რომელიც სახელშეკრულებო მოთხოვნებთან მიმართებით, ზოგადად, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადას ადგენს, თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.7 მუხლის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ამავე კანონის 15.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
16. სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლომ, სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით ახსნა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საკასაციო სასამართლოც.
17. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს, სადაც განმარტებულია, რომ:
საკორპორაციო სამართლის მიზნებისთვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი, ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო, მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს (იხ. სუსგ საქმე Nას-225-214-2017, 16.06.2017).
საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას (იხ. სუსგ საქმე Nას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; Nას-1097-2018, 16 იანვარი, 2019 წელი), დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სსკ-ის 710.1 მუხლით კი დადგენილია, რომ მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
18. სსკ-ის 128.1 მუხლის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე Nას-158-154-2016, 10.02.2017; Nას-934-899-2016, 14.02.2017). ამავე კოდექსის 129.2 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა, სამი წელია. ხანდაზმულობის დაწყებას სსკ-ის 130-ე მუხლი მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 129.2 მუხლის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე Nას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ საქმე ას-263-247-2011, 06 ივნისი, 2011 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.
19. პალატის შეფასებით, სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა.
ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა (რომელიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარეობს) 2017 წლის 1 იანვარს დასრულდა, ხოლო ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მიღების მოთხოვნით კასატორმა სასამართლოს მხოლოდ 2020 წლის 17 აგვისტოს მიმართა, საკასაციო პალატის მოსაზრებით აღნიშნული მოთხოვნის მიმართ გასულია სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ამდენად, სადავოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის აღძვრის უფლება მოსარჩელეს ხსენებული ურთიერთობის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში გააჩნდა, რასაც მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
21. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.წ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ბ–ვა ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახადო დავალება № 0, ბანკში საგადახდო დავალების მიღების/წარდგენის თარიღი - 22.11.2022) 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა