17 აპრილი, 2025 წელი,
საქმე № ას-371-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.გ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.გ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ა.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიხცველი შესაგებელი და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 60-ე, 61-ე, 70-ე, 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.
5.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოსარჩელემ რომელიც ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას, გადაწყვეტილება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში, 23-ე დღეს, 2024 წლის 14 ნოემბერს ჩაიბარა, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2024 წლის 15 ნოემბრიდან და იმავე წლის 28 ნოემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2024 წლის 16 დეკემბერს (ფოსტას ჩაჰბარდა 13.12.2024წ), დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, 2024 წლის 14 იანვარს სასამართლოში გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რა დროსაც სპეციალისტმა, გადაწყვეტილების მოძებნამდე ხელწერილის ბლანკი მიაწოდა, რომელსაც ხელი მოაწერა და მოხელეს გადასცა. ძებნის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო, შესაბამისად, არც გადასცემია, თუმცა ხელწერილის გამორთმევა მხედველობიდან გამორჩა. მხოლოდ 2024 წლის 29 ნოემბერს შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, ამდენად, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილით კი, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
12. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ დავობს იმაზე, რომ ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი).
14. დადგენილია, რომ 2024 წლის 4 ნოემბერს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-13 დღეს, აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ/კერძო საჩივრის ავტორმა, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში, 23-ე დღეს, 2024 წლის 14 ნოემბერს ჩაიბარა (იხ. ხელწერილი), შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო და იმავე წლის 28 ნოემბერს ამოიწურა.
15. დადგენილია ისიც, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ/კერძო საჩივრის ავტორმა განმეორებით - 2024 წლის 29 ნოემბერსაც ჩაიბარა.
16. საქმის მასალებით იკვეთება, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2024 წლის 16 დეკემბერს (ფოსტას ჩაჰბარდა 13.12.2024წ), წარადგინა, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
17. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2024 წლის 14 იანვარს სასამართლოში გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რა დროსაც სპეციალისტმა, გადაწყვეტილების მოძებნამდე ხელწერილის ბლანკი მიაწოდა, რომელსაც ხელი მოაწერა და მოხელეს გადასცა. ძებნის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო, შესაბამისად, არც გადასცემია, თუმცა ხელწერილის გამორთმევა მხედველობიდან გამორჩა. მხოლოდ 2024 წლის 29 ნოემბერს შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, ამდენად, სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა.
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ამ მითითებას უარყოფს, მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 102-ე მუხლზე (თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და განმარტავს:
18.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცულია აპელანტის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი ორი, 2024 წლის 14 ნოემბრისა და იმავე წლის 28 ნოემბრის ხელწერილი, ამასთან, 2024 წლის 14 ნოემბრის ხელწერილიდან ნათლად და გარკვევით ჩანს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება მითითებულ დღეს ჩაიბარა, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა), საქმეში არ წარდგენილა, შესაბამისად გასაჩივრების ვადის ათვლა სწორედ მითითებული თარიღიდან (2024 წლის 14 ნოემბრიდან) უნდა დაიწყოს და მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების 2024 წლის 29 ნოემბერს განმეორებით ჩაბარება, გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის შეცვლის/გადაწყვეტილების ყოველ ჯერზე ჩაბარებიდან ვადის ხელახალი ათვლის საფუძველს არ წარმოშობს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი ასაბუთებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა/კერძო საჩივრის ავტორმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო.
19. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
20. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლები და გასაჩივრებული განჩინება კანიონშესაბამისია.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა