20 მარტი, 2025 წელი,
საქმე №ას-1568 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - ს.ა–ვი, რ.ნ–ვი, ბ.ო–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ო–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ა–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, I კასატორი ან პირველი მოპასუხის მეგობარი) რ.ნ–ვისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, II კასატორი ან პირველი მოპასუხის მეგობარი) და ბ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, III კასატორი ან მოსარჩელის მაზლი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ო–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის თბილისში, ........... კორპუსში მდებარე, #48 ავტოფარეხზე, ს/კ-ით #.........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება); თბილისში, ......... მდებარე, #60 ბინაზე, ს/კ-ით #......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე უძრავი ქონება); თბილისში, .......... ბინაზე, ს/კ-ით #..........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე უძრავი ქონება); თბილისში, ვარკეთილის მასიში, .......... მდებარე, N14 ავტოფარეხზე, ს/კ-ით #.......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე უძრავი ქონება); თბილისში, ........... მდებარე, N18 ავტოსადგომზე, ს/კ-ით #.........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე უძრავი ქონება) და თბილისში, ........... მდებარე, #40 ბინაზე, ს/კ-ით # ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეექვსე უძრავი ქონება), 2019 წლის 29 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები;
ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის პირველ, მესამე, მეოთხე და მეექვსე უძრავ ქონებაზე 2020 წლის 7 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები; ბათილად იქნეს ცნობილი პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის მეორე და მეხუთე უძრავ ქონებაზე 2020 წლის 5 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, კასატორების აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორთა მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების თვალსაზრისით. კასატორების მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა მატერიალური სამართლის ნორმები, შესაბამისად, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივრები).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე და ხანნარ ორუჯოვი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის ყოფილი მეუღლე ან პირველი მოპასუხის ძმა) 2005 წლის 15 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. ქორწინების მოწმობა). ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ოთხი შვილი.
4.4. მეუღლეები ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია.
4.5. ექვსივე უძრავ ქონება 2019 წლის 29 მაისამდე იყო მოსარჩელის საკუთრებაში.
4.6. 2019 წლის 29 მაისს მოსარჩელემ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული ექვსივე უძრავი ქონება მაზლს/პირველ მოპასუხეს აჩუქა და მათ მესაკუთრედ ეს უკანასკნელი აღირიცხა.
4.7. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გარიგება დადებულია იძულებით და ამასთან, შედგენილია მხოლოდ ქართულად, სახელდობრ:
4.7.1. ქორწინების მანძილზე მოსარჩელე მეუღლის მხრიდან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
4.7.2. მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 1261.1 მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა), ბრალდებულის/მეუღლის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით.
4.7.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით, მოსარჩელის ყოფილი მეუღლე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ს 12612 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის მაისის ეპიზოდი) და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; მოსარჩელის მეუღლე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ს 12611 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის მაისის ეპიზოდი) და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა; მოსარჩელის მეუღლე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ს 12611 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
4.7.3.1. განაჩენში მითითებულია, რომ უძრავ ქონების ჩუქების ხელშეკრულებები ლოგიკურ ჯაჭვშია დაზარალებულის ჩვენებასთან ეკონომიკური ძალადობის ნაწილში. ნიშანდობლივია დრო, როდის ჩუქნის მსხვერპლი ქალი - მოძალადის ძმას უძრავ ქონებებს. დანით ძალადობა განხორციელდა 2019 წლის 21 მაისს, ჩუქების ხელშეკრულებები კი, ფორმდება 2019 წლის 29 მაისს.
4.7.4. განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და არასწრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, მოსარჩელესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არსებული დავის ფარგლებში, არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობა შეფასდა, კერძოდ, არასრულწლოვნები იმყოფებიან ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, მათთვის მძიმე გამოცდილებასთან ასოცირდება მამასთან თანაცხოვრების პერიოდი.
ერთ-ერთი შვილის გადმოცემით, მამა ყოველთვის ძალადობდა დედაზე მათი თანდასწრებით (იხ. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის 2020 წლის 17 დეკემბრის დასკვნა).
4.7.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 აპრილის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–ის’’ სამედიცინო ბარათი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამავე დაწესებულების ცნობა ადასტურებდა, რომ მოსარჩელემ კლინიკას 2019 წლის 21 მაისს, 14:30 სთ-ზე მიმართა (გაეწერა 21.05.2019წ. 15:10 სთ-ზე), დიაგნოზი - ჭრილობა მარცხენა წინამხრის არეში.
ამავე ექსპერტიზის დასკვნით, 2021 წლის 24 მარტს მოსარჩელეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა ძველი ატროფიული ნაწიბურები მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში, მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე, 1-2 ნების ძვლების საპროექციოდ, მარცხენა ტერფის წინა ზედაპირზე. ასევე, მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის საპროექციოდ წინა ზედაპირზე, ირგვლივ ნაკრების კვლებით.
ძველი ატროფიული ნაწიბურები იზოლირებულად აღებული უნდა წარმოადგენდეს ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს, ხანდაზმულობისა და მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან 1.5 წელზე მეტია გასული.
4.7.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 25 ივნისის ექსპერიზის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, მოსარჩელემ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
დასკვნის ექპერიმენტულ-ფსიქოლოგიურ კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევი პირი ექსპერტიზის ბიუროში 2021 წლის 19 მაისს იქნა გამოკვლეული და განმარტებულია, რომ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, მის მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ განხორციელებული ქმედებები მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
4.7.7. მოსარჩელემ ქართული ენა არ იცის, სამართალწარმოება თარჯიმნის მონაწილეობით მიმდინარეობდა, მინდობილობა და წარმომადგენლობის შეთანხმება აზერბაიჯანულ ენაზეა შედგენილია.
4.8. 2020 წლის 5 აგვისტოს პირველმა მოპასუხემ მეორე და მეხუთე უძრავი ქონება მესამე მოპასუხეს მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ.
ხელშეკრულებები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიდო, გარიგების ტექსტი ქართულადაა შდგენილი და აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულადაა ანაზღაურებული.
4.9. 2020 წლის 7 აგვისტოს კი, პირველმა მოპასუხემ პირველი, მესამე, მეოთხე და მეექვსე უძრავი ქონება მეორე მოპასუხეს მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ.
ხელშეკრულებები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიდო, გარიგების ტექსტი ქართულად და ინგლისურადაა შდგენილი და აღნიშნულია, რომ ნასყიდობის საფასური მყიდველის მიერ სრულადაა ანაზღაურებული.
4.10. მოპასუხეები მეგობრები არიან (იხ. ფოტოსურათები).
4.11. მოპასუხეების შემოსავალი უძრავი ქონების შეძენისთვის გადახდილ თანხებთან შესაბამისი არ არის (იხ. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა).
4.12. მოტყუების შესახებ მოსარჩელემ 2020 წლის აგვისტოში შეიტყო.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის ჩუქების კანონიერებას, მოსარჩელის ნების ნამდვილობის საკითხის შეფასების თვალსაზრისით. მისი მტკიცებით, დასახელებული გარიგებების დადებას წინ უძღოდა მის მიმართ განხორციელებული, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური იძულება, კერძოდ, მისი ყოფილი მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა მასზე, რაც გარიგების დადების საფუძველი გახდა. ამასთან, მისი მითითებით, არ ფლობს ქართულ ენას, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო ჩუქების ხელშეკრულების შინაარსიც, სადავო გარიგებები კი, მხოლოდ ქართულად იყო შედგენილი, რაც მათი ბათილობის დამოუკიდებელი საფუძველია.
6. განსახილველი დავა იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილობას ეხება, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, განხორციელებულია თუ არა სსკ-ის 85-89-ე მუხლების წინაპირობები.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
სსკ-ის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში, საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, პ. 211).
8. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება.
იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით ან მუქარით. ძალადობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იძულებას გულისხმობს, ხოლო, მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, გამოავლინოს სხვისი ნების შესატყვისი ნება.
ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია, გავლენა მოახდინოს პირზე, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიანად, თუკი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც არარსებულია. იძულების შეფასებისას, გასათვალისწინებელია პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები, ასევე, უნდა შეფასდეს იძულების განმახორციელებელი პირიც, რათა გამოკვლეული იქნეს, თუ რა შესაძლო ფაქტორებმა, რა ინსტრუმენტებმა მოახდინა იძულება კონკრეტულ პირზე.
9. საკასაციო პალატა, მოსარჩელის მიმართ იძულების განხორციელების საკითხის გამოკვლევისას, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე, რომ „იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია“ (2017 წლის 2 მარტის სუსგ. №ას-664-635-2016. 02.03.2017). ამ კუთხით გასათვალისწინებელია, რომ, მართალია, სასამართლო სამართლებრივ შეფასებაში მხარეთა მითითებებით არ არის შეზღუდული, მაგრამ უშუალოდ ფაქტების მითითება მხარეთა პრეროგატივაა.
10. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 524-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით, ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან/იძულებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად ხელყოფილია და ჩუქების ხელშეკრულებაზე გამჩუქებლის ნება იძულებითაა გამოხატული, ეს ამ ხელშეკრულების ნამდვილობას საფუძველს აცლის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იძულების შემთხვევაში, გარემოებათა ერთობლიობა უნდა ბადებდეს სასამართლოსათვის გონივრულ ეჭვს, რომ ნების თავისუფლების პირობებში პირი ამ შინაარსის შეთანხმებას არ გააფორმებდა, ამასთანავე, კონტრაჰენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მიმართ განხორციელდა იძულება კონკრეტულად უნდა გადმოსცემდეს ფატებს, თუ რა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი მისი ან მისი ახლობლის მიმართ, რატომ იყო ეს ქმედება რეალური ხასიათის და სხვა.
11. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამრიგად, მხარეებმა უნდა მიუთითონ შესაბამის ფაქტებზე და წარადგინონ სათანადო მტკიცებულებები, რომელთა შესწავლისა და გამოკვლევის შედეგადაც, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად მოხდა პირის იძულება გარიგების დადების მიზნით.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სადავო გარიგებები სწორედ იძულების ზემოქმედებით დაიდო, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, დასახელებული გარიგებების დადებას წინ, მის მიმართ განხორციელებული როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური იძულება უძღოდა.
აღნიშნულ ფაქტს ამყარებს ის გარემოება, რომ სადავო გარიგებების დადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოსარჩელეზე ფიზიკურად იძალადა მისმა მეუღლემ, რაც ექსპერტიზის დასკვნითა და კლინიკის მონაცემებით დასტურდება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული ძალადობის შემდგომ მეუღლის ძმაზე უძრავი ქონებების სასყიდლის გარეშე, უფასოდ გადაფორმება აჩენდა ლოგიკურ ეჭვს მოსარჩელის მხრიდან გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან მიმართებით, მით უფრო იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მეუღლის მხრიდან იყო მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი (იხ. განაჩენი, ექსპერტიზისა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნები).
ამდენად, მოსარჩელემ მიუთითა, რა, იძულებით ჩუქების ხელშეკრულების დადებასა და იმ გარემოებათა წრეზე, რაც გარიგების იძულებით დადებას ცხადყოფდა, მოპასუხეებს დაეკისრათ ჩუქების ხელშეკრულების მჩუქებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად დადების მტკიცება. მათ კი, ვერ დაამტკიცეს მოსარჩელესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მისთვის ყოველგვარი სასაყიდლის გარეშე მოსარჩელის ნების თავისუფლების პირობებში, არაერთი უძრავი ქონების გადაცემის ფაქტი.
ამდენად, მოცემული დავის პროცესში გამოკვეთილ არაერთ გარემოებასთან ერთობლიობაში (რაზეც როგორც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ისე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა), საკასაციო სასამართლოს შეექმნა შინაგანი რწმენა და დასაბუთებული ვარაუდი, მოსარჩელის მიერ საკუთრების მისი ნების წინააღმდეგ იძულების ძალით გაჩუქების თაობაზე.
გაჩუქების მიმართ მჩუქებლის მიერ გამოვლენილი არანამდვილი ნება კი, გარიგებას ბათილ სამართალურთიერთობად გარდაქმნის.
13. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ქართული ენა არ იცის, სამართალწარმოება თარჯიმნის მონაწილეობით მიმდინარეობდა, მინდობილობა და წარმომადგენლობის შეთანხმება აზერბაიჯანულ ენაზეა შედგენილია. ასევე დადგენილია, რომ მოტყუების შესახებ მოსარჩელემ 2020 წლის აგვისტოში შეიტყო, მაშინ როცა პირველმა მოპასუხემ სადავო ქონება გაასხვისა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გარიგების შეცილების ვადის დაცულობის კუთხითაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სრულად იზიარებს.
14. რაც შეეხება მოპასუხეებს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, მათი ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი კასატორები, დაამტკიცებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი ერთობლივად არ მოქმედებდნენ. საკასაციო სასამართლო დასაბუტებულად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და კასატორების ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს), რომლის მიხედვითაც მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.
სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ).
14.1 დადგენილია, რომ მოპასუხეები ახლო მეგობრები არიან (იხ. სხვადასხვა დროს მათი ერთად გადაღებული ფოტოსურათები), შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მხოლოდ ნათესაობის ფაქტი ვერ იქნება განმსაზღვრელი პირთა შორის ახლო მეგობრული ურთიერთობისა და ნდობის არსებობისთვის, გასაზიარებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებები მხოლოდ მოსარჩელის მიერ იძულებით გაჩუქებული ქონების დაბრუნების დაბრკოლების მიზნით დაიდო. ამასთან, მეორე და მესამე მოპასუხეების შემოსავალიც, უძრავი ქონების შეძენისთვის გადახდილ თანხებთან შესაბამისი არ არის (იხ. სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა), მათ ვერც შეძენილი უძრავი ქონების ფაქტობრივად ფლობის ფაქტის დადსტურება ვერ შეძლეს, ყოველივე აღნიშნული კი, სსკ-ის 56.1. მუხლის თანახმად სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19 . სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს ნაწილობრივ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ა–ვის, რ.ნ–ვისა და ბ.ო–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს.ა–ვს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახადო დავალება №25584807419, გადახდის თარიღი 21.01.2025), 70% - 4200 ლარი;
2.1. რ.ნ–ვს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5980 ლარისა (საგადასახადო დავალება №8156, გადახდის თარიღი 21.01.2025) და 20 ლარის (საგადასახადო დავალება №414, გადახდის თარიღი 23.01.2025), ჯამურად - 6 000 ლარის, 70% - 4200 ლარი;
2.2. ბ.ო–ს (პ/ნ ....... ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადასახადო დავალება №25584742951, გადახდის თარიღი 21.01.2025), 70% - 4200 ლარი;
შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა