საქმე №ა-134-ბ-3-2025 22 აპრილი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ.ღ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინების (საქმე N3ბ/1079) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილების (საქმე N2/3080-2006) გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინებით დაკმაყოფილდა გ.ღ–ძის შუამდგომლობა, შეწყდა ადმინისტრაციული საქმე გ.ღ–ძის სარჩელისა გამო თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, პრივატიზაციის გაუქმების შესახებ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ღ–ძემ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.01.2005 წლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინებით (საქმე N3ბ/1079) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინება და სარჩელი განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 19.11.2004 წლის განჩინების მიღებისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი, რამდენადაც შუამდგომლობით გ.ღ–ძეს მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს და არც საქმის შეწყვეტა მოუთხოვია, იგი შუამდგომლობით კვლავ ითხოვდა 264 კვ.მ უპატრონოდ მიტოვებული უძრავი ქონების დაკანონებას და ქონების მართვის განყოფილების მოპასუხეთა სიიდან ამოღება არ შეიძლებოდა გამხდარიყო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.12.2005 წლის განჩინებით გ.ღ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გ.ღ–ძის განცხადება უდავო წარმოების წესით საკუთრების უფლების დადგენის შესახებ, განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილებით (საქმე N2/3080-2006) გ.ღ–ძის განცხადება უძრავი ნივთის უპატრონოდ ცნობის, მფლობელად აღიარებისა და მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.ღ–ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2007 წლის განჩინებით გ.ღ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ღ–ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 23.04.2007 წლის განჩინებით გ.ღ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.01.2007 წლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ღ–ძემ. განმცხადებელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინება (საქმე N3ბ/1079) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2/3080-2006).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 425-ე მუხლით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.
სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (შდრ. სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).
სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
განმცხადებლის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.06.2005 წლის განჩინება (საქმე N3ბ/1079) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2006 წლის გადაწყვეტილება (საქმე N2/3080-2006). განმცხადებლის მოთხოვნა არ ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას/განჩინებას. შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე. ამდენად, არარელევანტურია განცხადების დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ.ღ–ძის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად. სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, შესაბამისად, არ დგას მისი დაბრუნების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 424-ე, 429-ე, 284-285-ე
მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ღ–ძის განცხადება დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე