საქმე №ას-18-2025 5 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ხ–სი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ.ხ–სის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ.ხ–სს არასრულწლოვანი შვილის - 2019 წლის 25 მარტს დაბადებული მ.ხ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა 2023 წლის 20 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. დანარჩენ ნაწილში მ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ–სმა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მ.ხ–სის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრ მ.ხ–სმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 იანვრის განჩინებით მ.ხ–სს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად, გ.მ–ძის სახელზე გაცემული რწმუნებულების ან კასატორის მიერ ხელმოწერილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების დამოწმებული ასლი კასატორს ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ფოსტიდან მობრუნებული შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, 2025 წლის 7 აპრილს განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ხ–სის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 24 იანვრის განჩინების დამოწმებული ასლი კასატორს ორჯერ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ფოსტიდან მობრუნებული შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა.
2025 წლის 7 აპრილს საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ითვლება მე-7 დღეს – 2025 წლის 14 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 15 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 24 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ხ–სის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი