Facebook Twitter

საქმე №ას-329-2025 5 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი.რ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი.რ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ.ხ–ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით სი.რ–ძის სარჩელი მოპასუხე გ.ხ–ის მიმართ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოსარჩელე ი.რ–ძის და მოპასუხე გ.ხ–ის ქ.ქუთაისში, .... მდებარე ბინა N 49-ზე, ს.კ. .......... საზიარო უფლება. საზიარო უფლების გაუქმება მოხდა ქ.ქუთაისში, ....... მდებარე ბინა N 49-ის (ს.კ. ......) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები თანხა განაწილდა ამ უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, მოსარჩელე ი.რ–ძეს (3/4 ნაწილი) და მოპასუხე გ.ხ–ს (1/4 ნაწილი), მათი წილის პროპორციულად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის, ნ.მ–ას შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყცვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. გ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გ.ხ–ის საჩივარი დარჩა განუხილველეად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით გ.ხ–ის წარმომადგენელ ნ.შ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.

2025 წლის 16 აპრილს გ.ხ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 23 აპრილის განჩინებით გ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2025 წლის 5 მაისს გ.ხ–მა წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ხ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2025 წლის 25 აპრილს (ტ.3, ს.ფ.314). სამოქალაქო საპროცესო მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 24 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 30 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

განსახილველ შემთხვევაში გ.ხ–მა განცხადება და სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას ჩააბარა 2025 წლის 2 მაისს (ს.ფ.315-317), ე.ი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ხ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. გ.ხ–ს (პ.ნ:......) დაუბრუნდეს მ. ხ–ის მიერ 2025 წლის 1 მაისს №1746086791 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი