Facebook Twitter

17 აპრილი, 2025 წელი,

საქმე №ას-88-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 30 მაისს, დაახლოებით 21:25 საათზე, გორში, ........ ქუჩების კვეთაზე, დაზღვეული ავტომობილით მოძრაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მოსარჩელე ან დაზღვეული) თანამშრომელი ი.ც–ი (შემდეგში - მოსარგებლე ან მძღოლი), რომელმაც მოძრაობის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო და „ჰონდას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც თ.კ–ძე მართავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2 და მე-7-8 პუნქტების საფუძველზე დაზღვეული ავტომობილით მოსარგებლე 250 ლარით დაჯარიმდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაზღვეულსა და მოსარგებლეს არ გაუსაჩივრებიათ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ი.ც–ი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იგი არ იმყოფებოდა.

2. ავტომობილის დაზიანების გამო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა, 68 486 ლარი.

3. „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მფლობელისთვის (მესამე პირი) მიყენებული ზიანი 5 815 ლარს შეადგენს, ხოლო დაუზიანებელი ნაწილების, დაზიანების სიმძიმისა და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად მისი ნარჩენი ღირებულება 3 200 ლარია.

4. მესამე პირს მოსარგებლემ აუნაზღაურა ზიანი 3 150 ლარის ოდენობით.

5. სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია ან კასატორი) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კუთვნილი ავტომობილის დაზიანებით დამდგარი ზიანის სანაცვლოდ 68 486 ლარის, ხოლო მესამე პირის ავტომობილის დაზიანებით დამდგარი ზარალის სანაცვლოდ 3 150 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მზღვეველმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებისთვის საკმარის ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო; კერძოდ, უდავო იყო, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას მძღოლი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ამ კუთხით არ არსებობდა ხელშემშლელი ფაქტორები, რასაც შეეძლო მოსარგებლისთვის ხელი შეეშალა ავტომობილის კონცენტრირებულად მართვაში. მართალია, მაღალი ალბათობით, მას უნდა შეემჩნია მთავარ გზაზე მოძრავი ავტომობილი, თუმცა, საგულისხმო იყო, რომ სადაზღვევო შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, რაც ხილვადობას ამცირებდა. სამართალდამრღვევად დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მოსარგებლე იქნა ცნობილი, მაგრამ სამართალდარღვევის აქტი იმ საფუძვლით შედგა, რომ მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „დაუთმე გზა“.

8.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევა მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

9. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სადაზღვევო კომპანიამ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის ავტომობილი სრულადაა განადგურებული, ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. ფოტოსურათი და ავტოავარიის განვითარების არსებული დაზიანებების ხარისხი იმაზე მიუთითებს, რომ დასაშვები სიჩქარით ავტოავარიის მომენტში არცერთი ავტომობილი არ მოძრაობდა. დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;

მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

14. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად გასცა პასუხი, რისი დამადასტურებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში საკმარისად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შესაბამისადაც: ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას მძღოლი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ამ კუთხით არ არსებობდა ხელშემშლელი ფაქტორები, რასაც შეეძლო მოსარგებლისთვის ხელი შეეშალა ავტომობილის კონცენტრირებულად მართვაში. მართალია, მაღალი ალბათობით, მას უნდა შეემჩნია მთავარ გზაზე მოძრავი ავტომობილი, თუმცა, გასათვალისწინებელი იყო, რომ სადაზღვევო შემთხვევა ღამის საათებში მოხდა, რაც ხილვადობას ამცირებდა. სამართალდარღვევის აქტი მოსარგებლის მიმართ იმ საფუძვლით შედგა, რომ მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „დაუთმე გზა“.

აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში არ იკვეთებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები და სასარჩელო მოთხოვნაც კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.კ.უ–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3 581.8 ლარის (საგადახდო დავალება №6758734, გადახდის თარიღი - 7.03.2025) 70% - 2 507.26 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა