Facebook Twitter

30 აპრილი, 2025 წელი,

საქმე №ას-433-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - სს „ს.ო.კ–ი “

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ.დ–ძე, მ.გ–ია, რ.ჭ–ია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრისა და 18 ნოემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2024 წლის 16 მაისს სს „ს.ო.კ–ის“, ზ.დ–ძეს, მ.გ–იასა და რ.ჭ–იას შორის მცირე ბიზნეს კრედიტის N5910806 ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც 2024 წლის 27 სექტემბერს გაიცა სესხი - 6000 ლარი, კრედიტი თანხის ყოველდღიური გადახდის გზით უნდა დაფარულიყო (იხ. გადახდის გრაფიკი).

2. მსესხებელმა თანხა ბოლოს - 2024 წლის 4 ოქტომბერს გადაიხადა.

3. შპს „ს.ს–ის“ 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, სს „ს.ო.კ–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო მოპასუხეების ზ.დ–ძის, მ.გ–იას და რ.ჭ–იას მიმართ მიღებულ იქნა განსახილველად.

4. 2024 წლის 1 ნოემბერს სს „მ.ო.კ-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზ.დ–ძისთვის ზუგდიდის რაიონში, სოფელ ......... მდებარე კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ-ით # ......... გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა ითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, სს „მ.ო. კ–ის“ მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

6. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება. ის ამტკიცებდა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მოვალის მიერ შეთანხმების დარღვევა და ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ მოთხოვნას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7.1. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია გადახდის ზედიზედ ორჯერ გადაცილება და შემდგომ, ორკვირიანი დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების სასამართლოსათვის წარდგენამდე, შესაბამისად, საფუძველს მოკლებული იყო ვარაუდი მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე და ვალდებულების შეუსრულებლობაზე. ამდენად, არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ იკვეთებოდა.

7.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ განმცხადებელს არ მიუთითებიათ ისეთი ხასიათის გარემოებაზე, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

9. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

10. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

11. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

12. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).

14. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საჩივარი ეხება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს.

15. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

16. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23.1 მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

17. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დააკმაყოფილა იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია გადახდის ზედიზედ ორჯერ გადაცილება და შემდგომ, ორკვირიანი დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების სასამართლოსათვის წარდგენამდე, შესაბამისად, საფუძველს მოკლებული იყო ვარაუდი მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებაზე და ვალდებულების შეუსრულებლობაზე. ამდენად, არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ იკვეთებოდა.

18. საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებულ მსჯელობას უარყოფს და განმარტავს, რომ როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტის უმთავრესი მიზანია დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეწყობა; ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი გარემოებები შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ საქმის წარმოების მიმდინარეობისას, არამედ გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც.

19. რაც შეეხება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნის დასაბუთებულობას, დადგენილია, რომ მხარეებს შორის მცირე ბიზნეს კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც 2024 წლის 27 სექტემბერს გაიცა სესხი - 6000 ლარი, რომელიც თანხის ყოველდღიური გადახდის გზით უნდა დაფარულიყო (იხ. გადახდის გრაფიკი).

20. დადგენილია ისიც, რომ მსესხებელმა თანხის გადახდის გრაფიკით დადგენილი ვადა დაარღვია. საჩივარიც იმ გარემოებებს ეფუძნებოდა, რომ საქმეზე ინფორმაცია მოიპოვა მოსარჩელის მუშაკმა და მოწინააღმდეგე მხარეების მოძიება ვერ მოხერხდა, ასევე ისინი არ ასრულებდნენ განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებებს. რაც ნიშნავდა, რომ დიდი იყო რისკი და ალბათობა იმისა, რომ ისინი მომავალში გადახდისუუნარო გახდებიან.

21. აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება და ცხადია, საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა.

თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-54-2019, 6 ივნისი, 2019 წელი).

შესაბამისად, მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტია იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან მოპასუხეს ნებისმიერ დროს შეუძლია გაასხვისოს მისი კუთვნილი ქონება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება დავის საგნის დაცვის საჭიროება და გამართლებულია განმცხადებლის ვარაუდი, რომ შესაძლოა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხემ განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-93-2024, 22 მარტი, 2024 წელი).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გამოყენებას, რაც სათანადოდ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და, თავის მხრივ, შეუსაბამოდ არ ზღუდავს საარბიტრაჟო მოპასუხე მხარის უფლებებს, ანუ სარჩელთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერი ღონისძიებაა.

შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განცხადება დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საარბიტრაჟო მოპასუხე ზ.დ–ძეს (პ/ნ ........) აეკრძალოს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ......... მდებარე უძრავი ქონების ს/კ-ით #........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 198-ე 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ო.კ–ი “ საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრისა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებები და მიღებულ იქნას ახალი განჩინება;

3. სს „ს.ო.კ–ი“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

4. ზ.დ–ძეს (პ/ნ ....) აეკრძალოს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონების ს/კ-ით #......... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. განმცხადებელს განემარტოს, რომ თუ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელზე და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძების შედეგად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა