Facebook Twitter

30 აპრილი, 2025 წელი,

საქმე № ას-1503-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ.შ–ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.დ–ი (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრისა და 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ძირითად სარჩელში) საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ.დ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან მოსარგებლე) სარჩელი აღძრა ქ.შ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მესაკუთრე) წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც საცხოვრებელ ფართზე მოპასუხის უფლებადაკარგულად ცნობა მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; დადებულად იქნა ცნობილი 1962 წლის 15 ივნისს ა.ს. ასულ ტ–ასა და თ.ვ. ძე დ–ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარგებლე ცნობილ იქნა თბილისში, ....... (........) ქუჩა N41-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ-ით N........., მესაკუთრის სახელზე რიცხული წილიდან, საკადასტრო გეგმის (16.07.09) მიხედვით, N02/1, 29.52 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და N01/1 4.03 კვ.მ სარდაფის მესაკუთრედ; საცხოვრებელ ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის თაობაზე მესაკუთრის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

4. გადაწყვეტილება შეგებებულმა მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 1190.72 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) ან გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

5.2. აღნიშნული განჩინება აპელანტისს წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა 2024 წლის 19 ივნისს, საქმეში მითითებულ მისამართზე.

5.3. 2024 წლის 27 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

5.5. 2024 წლის 22 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დარჩენილ ნაწილში კვლავ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით, აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

5.7. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2024 წლის 26 აგვისტოს, საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. გზავნილი).

5.8. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვისტოდან დაიწყო და იმავე წლის 5 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით მიმართა.

8. განმცხადებლის წარმომადგენლის მითითებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე, აპელანტმა ხარვეზი სრულად აღმოფხვრა, რაც საქმისადმი ინტერესის არსებობის მაჩვენებელია, შესაბამისად, გაცდენილი ვადა უნდა აღუდგეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ დაუშვებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

10. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 65-ე, 66-ე, 67-ე, 68-ე, 215.3-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, რათა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში აღმოეფხვრა ხარვეზი, როდესაც საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2024 წლის 26 აგვისტოს ჩაჰბარდა.

11. აღნიშნულ განჩინებებზე კერძო საჩივრები წარადგინა აპელანტმა, მათი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

11.1. კერძო საჩივრების ავტორის მტკიცებით, აპელანტს წარმომადგენლის მიერ არასწორად მიეწოდა განჩინების ჩაბარების თარიღი, რამაც სახელმწიფო ბაჟის დაგვიანებით გადახდა გამოიწვია. მას გაუმართლებლად არ უნდა შეეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და უნდა აღუდგეს გაცდენილი საპროცესო ვადა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 იანვრისა და იმავე წლის 4 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრები, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, აპელანტის განცხადების უარყოფის შესახებ მიღებული განჩინებების კანონიერება.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს:

16.1. დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არაერთხელ გაუგრძელდა და საბოლოოდ ხარვეზის შევსების შესახებ განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე 2024 წლის 26 ივლისის განჩინება, მის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2024 წლის 26 აგვისტოს, საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. გზავნილი); ამასთან მხარეს განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

სსსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

18. დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, კერძოდ, 2024 წლის 11 სექტემბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი - 2024 წლის 6 სექტემბერი) ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნით მომართა სასამართლოს.

2024 წლის 17 სექტემბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი - 2024 წლის 16 სექტემბერი) კი აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარადგინა.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 27 აგვისტოს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2024 წლის 5 სექტემბერს ამოიწურა (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.19 წ.).

21. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 65-ე (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები), 66-ე (განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება), 67-ე (განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საპროცესო მოქმედების ვადაზე შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები), 68-ე (განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს სასამართლო მხარეთათვის შეუტყობინებლად), 63-ე (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება) და 215.3 (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე), მუხლებზე დაყრდნობით შეაფასებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს რომელიც საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებისკენაა მიმართული, კერძოდ:

21.1. სსსკ-ის 215.3 მუხლით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, როცა სასამართლო ვალდებულია მხარის გამოუცხადებლობა თუ მის მიერ სხვა საპროცესო მოქმედების შესრულება ჩათვალოს საპატიოდ, სახელდობრ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. №ას-1023-2019, 25.09.2019წ.; №ას-1402-2023 19.12.2023წ.), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, რადგან, აპელანტი შუამდგომლობას წარმომადგენლის მიერ მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების თაობაზე არასწორი ინფორმაციის (ჩაბარების თარიღის) მიწოდებაზე ამყარებდა, რომელიც საკმარისი არგუმენტი ვერ იქნება იმისთვის, რომ საპატიოდ ჩაითვალოს დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის ან/და საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების დაგვიანებით წარდგენა.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

23. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდებოდა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან იგი ვერ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობას უკვე მოჰყვა შესაბამისი საპროცესო შედეგი და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ამასთან, ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც არ არსებობდა საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი, რადგან საპროცესო ვადის აღდგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობდა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი. მოცემულ შემთხვევაში კი, ისეთი საპატიო მიზეზი რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა საპროცესო ვადის აღდგენა, დასახელებული ვერ იქნა, რამდენადაც სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამდენად, კანონმდებლის ნება მიმართული იყო იმისაკენ, რომ საპროცესო დოკუმენტი ჩაჰბარებოდა ან მხარეს ან მის წარმომადგენელს, ერთ-ერთისათვის მისი ჩაბარება სრულიად საკმარისი იყო და დამატებით გაგზავნის ვალდებულებას არ წარმოშობდა, შესაბამისად, წარმომადგენლის მიერ მისი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრებოდა.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

24.1. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

24.2. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სამჯერ განესაზღვრა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. ამ შემთხვევაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სიკეთის რეალიზაციისას უნდა გათვალისწინდეს ამავე კონვენციის პირველი დამატებით ოქმით დაცული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, ვინაიდან თავის მხრივ, არ გამოსწორდა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, წარმოქმნილი სამარლებრივი შედეგის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი).

25. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო ნორმების სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივრებს ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.შ–ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრისა და 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა