Facebook Twitter

ბს-1072-1022(კ-06) 20 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – ქ. ბათუმის მერია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ნ.-ა”

სარჩელზე მოპასუხე – აჭარის ა/რ შს სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 18 ივლისს შპს “ნ.-მ" სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2003 წლის მაისს-დეკემბრის პერიოდში აჭარის ა/რ შს სამმართველოს 18000 ლიტრი ბენზინი მიჰყიდა 20480 ლარად, მინდობილობებისა და მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ შს სამმართველოსათვის 20480 ლარის გადახდის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. ბათუმის მერია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა 12723 ლარის გადახდა შპს “ნ.-ის" სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა 12723 ლარის გადახდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 1 აპრილის განკარგულებით დაკმაყოფილდა ბათუმის შს სამმართველოს თხოვნა და ეთხოვა ნ.-ის დირექციას ყოველთვიურად გამოეყო 2000 ლიტრი საწვავი.

ანაზღაურება განხორციელდა მერიის ბუღალტერიის მეშვეობით წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს ფასი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადგილი აქვს მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას, რადგან ქ. ბათუმის მერიამ იკისრა ვალდებულება, გადაეხადა ბათუმის შს სამმართველოსათვის მიწოდებული ბენზინის საფასური.

ქ. ბათუმის მერიის განკარგულებით, ბათუმის შს სამმართველოს უნდა შეეძინა ბენზინი შპს “ნ.-საგან". ასეთ შემთხვევაში კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონოთ ან ხელშეკრულებით, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

ბათუმის მერიის განკარგულებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, მოთხოვნის უფლება თანხის გადახდის შესახებ აქვს კრედიტორს - შპს “ნ.-ს", ხოლო იმავე განკარგულებით თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა ქ. ბათუმის მერიამ.

სააპელაციო სასამართლომ ტვირთის მიწოდების ცნობების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს “ნ.-ს" მიწოდებული აქვს ბენზინი ბათუმის შს სამმართველოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ ის მაშინ შეასრულებდა ვალდებულებას, თუ მას წარუდგენდნენ ანგარიშ-ფაქტურებს და აღნიშნა, რომ განმსაზღვრელი იყო ის გარემოება, რომ საწვავი მიწოდებულია, შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურების წარდგენა ატარებდა ფორმალურ ხასიათს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 1 აპრილის ¹62 განკარგულებით შპს ,,ნ.-ს" ეთხოვა ყოველთვიურად 2000 ლიტრი საწვავის გამოყოფა აჭარის ა/რ შს სამმართველოსათვის და ამავე განკარგულებით ანაზღაურება განხორციელდა მერიის ბუღალტერიის მეშვეობით წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, ანუ მერიის მხრიდან ფულადი ვალდებულების ანაზღაურება გარკვეული პირობის შესრულებაზე იყო დამოკიდებული. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, რომლის მიხედვით: “ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი". ქ. ბათუმის მერიას დღემდე არ მიუღია ნასყიდობის საგნის დოკუმენტების ის ნაწილი, რომლის წარმოდგენის ვალდებულება სამართლებრივად მოსარჩელეს ეკისრებოდა და რომელიც კანონითაც და განკარგულებითაც თავიდანვე თანხის ანაზღაურების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერიის მხრიდან განკარგულების გამოცემით გამოვლინდა ცალმხრივი ნება, ანუ ქ. ბათუმის მერია თანახმა იყო, მოსარჩელეს შს სამმართველოსათვის ყველთვიურად გამოეყო 2000 ლიტრი საწვავი, ამასთან თანხის გადახდა მოხდებოდა გარკვეული პირობის დადგომის შემდგომ, კერძოდ, მათი მხრიდან ანგარიშ-ფაქტურების წარმოდგენისას (რასაც მაშინ მოქმედი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა). სსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როცა ეს პირობა დადგა. არც საქმის მასალებით და არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კასატორის აზრით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ შეასრულა განკარგულებაში მითითებული პირობა და ქ. ბათუმის მერიას წარუდგინა საწვავის გაცემის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქუტურები, რაც გახდებოდა თანხის ანაზღაურების საფუძველი. კასატორი აღნიშნავდა, რომ, ფაქტობრივად, ქ. ბათუმის მერიას მოსარჩელისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება სამართლებრივად და განკარგულებითაც ეკისრებოდა მხოლოდ საწვავის გაცემისათვის დამადასტურებელი ანგარიშ-ფქტურების წარმოდგენის შემთხვევაში. სსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, ანუ ქ. ბათუმის მერია უფლებამოსილია, უარი თქვას თანხის ანაზღაურებაზე მანამ, ვიდრე მოსარჩელის მიერ არ იქნება შესრულებული საპასუხო ვალდებულება. თუ ნ.-ის მიერ მართლაც გაცემულია სწავავი, ამის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების წარმოდგენა არავითარ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს და თანაც ისეთ ვითარებაში, როცა დაჟინებით ამტკიცებს მისი ქმედების კანონთან შესაბამისობისა და საწვავის გაცემის ფაქტს. რაც შეეხება საქმის განხილვისას დაკითხულ მოწმეებს, კასატორს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები ვერ გახდება საწვავის გამოტანისა და მათი მხრიდან თანხის ანაზღაურების საფუძველი, ვინაიდან ამ მოქმედების განხორციელება თავიდანვე გარკვეულ პირობაზე იყო დამოკიდებული, რაც დღემდე არ შესრულებულა. ამასთან, საწვავის გაცემის ფაქტი ქ. ბათუმის მერიისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მხრიდან შემოწმების შემთხვევაში შეიძლება სარწმუნო გახდეს არა მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, არამედ ამისათვის კანონით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ანგარიშ-ფაქტურის არსებობის შემთხვევაში.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილება, ვინაიდან საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, არ გამოითხოვა საწვავის გაცემის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურა.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 115-ე მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 1 აპრილის ¹62 განკარგულებით დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის შს სამმართველოს თხოვნა და ქალაქში მართლწესრიგის სისტემატური ოპერატიული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების მიზნით შპს ,,ნ.-ის” დირექციას ეთხოვა ყოველთვიურად 2000 ლარი საწვავის გამოყოფა.

ზემოაღნიშნული განკარგულების სამართლებრივი ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის გამოყენების მართლზომიერება, მაგრამ იმავდროულად, იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების გამოყენებისას შემოიფარგლა ნორმის დეკლარირებით და არ იძლევა მითითებული ნორმების გამოყენების სამართლებრივ მოტივაციას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, გამყიდველის მოვალეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქონების გადაცემით, ქონების გადაცემასთან ერთად კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს მყიდველისათვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენას.

გარდა იმისა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენა გამყიდველის კანონისმიერი ვალდებულებაა, ამასთან ერთად საგულისხმოა ისიც, რომ მითითებული ვალდებულება შეთანხმებულია თავად მხარეთა შორის, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 1 აპრილის ¹62 განკარგულება ანაზღაურების სავალდებულო პირობად მიიჩნევს გაყიდულ საქონელზე ანგარიშ-ფაქტურის წარდგენას.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს რა გასაჩივრებულ განჩინებას, თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შეფასების საგნად უნდა იქცეს ქ. ბათუმის მერიის მიერ თანხის შეყოვნების კანონისმიერი საფუძველი, კერძოდ, თანხის გაუცემლობა რამდენად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილ განაწესს. მითითებული მუხლის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.

საკასაციო სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას თავად საწვავის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით და თვლის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მოთხოვნები. მითითებული მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა მიწოდებული საქონლის სპეციფიკას, ყურადღებას მიაქცევს იმ სამართლებრივ რეჟიმს, რომელშიც საწვავის მიწოდება ექცევა და არსებითად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგნად უნდა იქცეს სადავო ანგარიშ-ფაქტურების არსებობის საკითხის გარკვევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) 115-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, რომელიც აწარმოებს დასაბეგრ ოპერაციას, ვალდებულია, გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს _ საქონლის მიმღებს. ანგარიშ – ფაქტურა გამოიწერება ოთხ ეგზემპლარად, რომლის პირველი და მე-3 პირები წარედგინება მყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 პირები რჩება გამყიდველს. ამასთან, ანგარიშ-ფაქტურის მე-4 პირებს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, ხოლო მე-3 პირს მყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოს თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით, საგადასახადო ჩათვლის მისაღებად.

იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს საქონლის მიწოდებისთანავე და მისცეს მყიდველს მიწოდებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა.

საკასაციო სასამართლო შორსაა მოსაზრებისაგან, რომ წინამდებარე დავის საგნად აქციოს კასატორისა თუ პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან დაბეგვრის თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხი, მაგრამ ანგარიშ-ფაქტურების არსებობას მიიჩნევს რა საქმეზე ძირითად მტკიცებულებად, მიაჩნია გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა წარმოადგენს გამყიდველის ვალდებულებას და არა მის უფლებას, მითითებული დოკუმენტების არსებობის გარეშე შეუძლებელია საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში, ს.ფ.124-136-ზე წარმოდგენილ ექვს ანგარიშ-ფაქტურას (დანარჩენი მეორდება) და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლება ანგარიშ-ფაქტურებზე ზოგადი მითითებით და არ ასაბუთებს, წარმოშობილია თუ არა დავალიანება კონკრეტულად ამ ანგარიშ-ფაქტურებით წარმოებული ოპერაციიდან. აღნიშნული დასაბუთება მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუ მხედველობაში მივიღებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას, რომელსაც თანხების დაანგარიშების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ საქმე შემდგომი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.