Facebook Twitter

საქმე №ას-1506-2024 25 მარტი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – შპს „დ.ფ.ჯ–ია“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – წილზე მესაკუთრედ ცნობა, ცვლილების ასახვა საჯარო რეესტრში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.09.2023 წლის გადაწყვეტილებით ა.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შ.კ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და შპს „დ.ფ.ჯ–იის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „სამეწარმეო საზოგადოება“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა სამეწარმეო საზოგადოების 99.9966% წილის მესაკუთრედ, პირველი მოპასუხე - 0.00334% წილის მესაკუთრედ და დადგინდა აღნიშნული ცვლილების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ასახვა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, მეორე მოპასუხე სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 11.02.2011 წელს, რომლის თავდაპირველი პარტნიორები იყვნენ მოსარჩელე - 40% წილის მესაკუთრე, პირველი მოპასუხე - 25%-ის, შ.გ–ი - 35%-ის. დღევანდელი მდგომარეობით პირველი მოპასუხის წილი სამეწარმეო საზოგადოებაში არის - 25%, ხოლო მოსარჩელის - 75%.

1.2. 16.12.2011 წელს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის 49 წლის ვადით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოწყობის მიზნით გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღნაგობის საგანს წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პორტალი „სარფის“ ტერიტორიაზე მდებარე 186 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პორტალი „სადახლოს“ ტერიტორიაზე მდებარე 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პორტალი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე მდებარე 250 კვ.მ და პორტალი „ვალეს“ ტერიტორიაზე მდებარე 241 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

1.3. აღნაგობის უფლებით დაიტვირთა შემდეგი მიწის ნაკვეთები: 1. სარფი - ს/კ: ......., მისამართი, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ....., დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართი - 16970 კვ.მ, აღნაგობით გაიცა 186 კვ.მ ფართი; 2. სადახლო - ს/კ: ......., მის: მარნეული, სოფ. ........; დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართი 250 კვ.მ; 3. წითელი ხიდი - ს/კ: ......., მის: მარნეულის რაიონი, ..... საკრებულო. წითელი ხიდი, დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართი 250 კვ.მ; 4. ვალე - ს/კ: ......., მის: ადიგენის რაიონი, ხაშურ-ვალეს საავტომობილო გზის 103-ე კმ. დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართი 241 კვ.მ. ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, აღნაგობის ყოველთვიური ქირა შეადგენს 142 450 ლარს, საიდანაც პორტალი „სარფის“ მიწის ნაკვეთის სარგებლობის ქირა შეადგენს 33 516 ლარს, პორტალი „სადახლოს“ – 14 322 ლარს, პორტალი „წითელი ხიდის“ – 31 416 ლარს, ხოლო პორტალი „ვალეს“ – 63 196 ლარს. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, ქირა გადაიხდება ყოველთვიურად, ყოველი თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე; ხელშეკრულების 14.1 მუხლის „ა“ პუნქტით, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოებას დაეკისრება პირგასამტეხლო – ქირის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

1.4. სამეწარმეო საზოგადოებამ 09.12.2011 წლის პარტნიორთა კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების სახელით შპს „დ.ი.დ–გან“ სესხის სახით 717 161 აშშ დოლარის, 63 000 ევროსა და 282 838.5 აშშ დოლარის აღების შესახებ.

1.5. 01.06.2012 წელს სამეწარმეო საზოგადოებასა და WEITNAUER DISTRIBUTION LTD-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, სამეწარმეო საზოგადოების სესხის მთლიანი თანხა განისაზღვრა 1 500 000 ევროთი. ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, სესხი უნდა გადახდილიყო სამეწარმეო საზოგადოების მიერ კომერციული საქმიანობით მიღებული მოგებიდან. ხელშეკრულება მოქმედებდა 5 წლის ვადით ან/და სესხის სრულად დაფარვის თარიღამდე.

1.6. 04.12.2012 წელს, ერთი მხრივ, შპს „დ. ვ. დ.თ–სა“ და, მეორე მხრივ, სამეწარმეო საზოგადოებას შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამეწარმეო საზოგადოების სასესხო დავალიანება შპს „დ.ვ.დ.თ–ის“ მიმართ შეადგენს: 392 913 ევროს, 1 839 507.5 აშშ დოლარს, 1 128 146 ევროს, რაც ჯამურად 1 521 059 ევრო და 1 839 507.5 აშშ დოლარია. ურთიერთშეთანხმების აქტით განისაზღვრა სესხის დაფარვის გრაფიკი.

1.7. 12.04.2013 წლის სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრებას ესწრებოდნენ მოსარჩელე - სამეწარმეო საზოგადოების 40% წილის მფლობელი პარტნიორი, წარმოდგენილი ლ.ნ–ძის მიერ, შ.გ–ი - 35% წილის მფლობელი პარტნიორი, წარმოდგენილი ლ.ნ–ძის მიერ და პირველი მოპასუხე - 25% წილის მფლობელი პარტნიორი, რომელიც კრებაზე გამოცხადდა, მაგრამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კრებაზე საზოგადოების 75% წილის მფლობელმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით საზოგადოებაში შენატანის განხორციელება შ.გ–ის მიერ - 699 930 ლარის, მოსარჩელის მიერ - 799 920 ლარისა და პირველი მოპასუხის მიერ - 499 950 ლარის ოდენობით, არაუგვიანეს 30.04.2013 წლისა. კრების ოქმს ხელს აწერს მოსარჩელისა და შ.გ–ის წარმომადგენელი.

1.8. 17.07.2013 წლის სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ.გ–სა და პირველ მოპასუხეს 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების ვადა დამატებით განესაზღვრათ 31.07.2013 წლამდე. კრების ოქმს ხელს აწერს 75% წილის მფლობელი პარტნიორების წარმომადგენელი. პირველი მოპასუხე კრებას არ ესწრებოდა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი.

1.9. 24.01.2014 წელს შ.გ–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა წილის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ.გ–მა გადასცა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო სამეწარმეო საზოგადოების წილის 35%.

1.10. 16.05.2013 წლის სს „თ.ბ–ის“ საგადასახადო დავალებით სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მოსარჩელის შენატანი შეადგენს 489 611.75 აშშ დოლარს, 20.09.2016 წლის „კ-ს.ბ–ის“ საგადასახადო დავალებით 249 958.50 აშშ დოლარსა და 07.05.2015 წლის საგადასახადო დავალებით 126 100 აშშ დოლარს.

1.11. 12.04.2013 წლის სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე პირველ მოპასუხეს სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანი არ შეუტანია. სამეწარმეო საზოგადოებამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველი მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვისა და მისთვის კუთვნილი 25%-იანი წილის ჩამორთმევის მოთხოვნით.

1.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2016 წლის №2/18926-15 გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოებას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის განუხორციელებლობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვისა და მისთვის წილის ჩამორთმევის საფუძველს, ვინაიდან პარტნიორის მიერ ვალდებულების განუხორციელებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის წარმოშობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.11.2018 წლის №2ბ/980-17 განჩინებით სამეწარმეო საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2016 წლის №2/18926-15 გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.04.2019 წლის №ას-375-2019 განჩინებით სამეწარმეო საზოგადოების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

1.13. 22.04.2019 წლის სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრების შესაბამისად, რომელსაც ესწრებოდა სამეწარმეო საზოგადოების 75% წილის მფლობელი პარტნიორის, მოსარჩელის წარმომადგენელი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების გაზრდილ კაპიტალში შენატანის განუხორციელებლობის გამო პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის განსაზღვრის შესახებ. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, მოსარჩელის წილი სამეწარმეო საზოგადოებაში დადგინდა 99.99666%, ხოლო პირველი მოპასუხის წილი 0.00333222%. სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალი განისაზღვრა 1 500 050 ლარით. პარტნიორთა კრებას არ ესწრებოდა პირველი მოპასუხე, რომლისთვისაც ცნობილი იყო პარტნიორთა კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ.

1.14. 12.04.2013 წლისა და 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება მხარეთა მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.

1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2019 წლის №19047083/3 გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების ახალი თანაფარდობით გადანაწილებული წილების დარეგისტრირების მოთხოვნაზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა პირველი მოპასუხის მიერ შენატანის შეუტანლობის ფაქტი. 2019 წლის 30 აპრილის №B19047083/5, 3 მაისის №B19047083/7 და 28 მაისის №B19047083/9 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებით არ ჩაითვალა შეჩერების საფუძველი აღმოფხვრილად და 2 ივლისის №B19047083/10 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

1.16. სასამართლომ დაადგინა, რომ 12.04.2013 წელს პარტნიორთა კრებაზე კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება და 22.04.2019 წლის სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის გადაწყვეტილება წილების ახალი თანაფარდობით გადანაწილების შესახებ გამომდინარეობდა სამეწარმეო საზოგადოების ინტერესის მიზანშეწონილობიდან, ხოლო მაჟორიტარი პარტნიორის კანონისმიერი უფლების გამოყენების აუცილებლობა არ წარმოადგენდა უფლების არაკეთილსინდისიერ გამოყენებას.

1.17. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ 2011-2014 წლებში სამეწარმეო საზოგადოებას ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მისი შემოსავლები ვერ ფარავდა ოპერირების ხარჯებს, აღებული ჰქონდა სესხი, ამავდროულად, ყოველთვიურად იხდიდა აღნაგობის ქირას თვეში 142 450 ლარს. დავალიანების საერთო რაოდენობა შეადგენდა 2 258 548 ლარს. სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირების გასაგრძელებლად აუცილებელი იყო დამატებითი კაპიტალის მოძიება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 13.04.2013 წელს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალი გაიზარდა. შესაბამისად, პარტნიორებს განესაზღვრათ ვალდებულება, განეხორციელებინათ კაპიტალში შენატანი მათი წილის პროპორციულად. მოსარჩელემ თავისი წილის პროპორციული შენატანი განახორციელა. შ.გ–მა ვერ შეძლო მისთვის განსაზღვრული შენატანის 699 930 ლარის ოდენობით შეტანა და მან თავისი წილი უსასყიდლოდ დაუთმო მოსარჩელეს. შ.გ–ის წილის მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ, მან შეავსო კაპიტალის ის ნაწილიც, რომელიც არ შეუვსია შ.გ–ს. პირველ მოპასუხეს კაპიტალში დამატებითი შენატანი არ განუხორციელებია. 22.04.2019 წელს გამართულ პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის წილის, მისი შენატანის პროპორციულად შემცირების შესახებ.

1.18. პირველი მოპასუხის განმარტებით, მაჟორიტარმა პარტნიორმა - მოსარჩელემ თავისი უფლებამოსილება გამოიყენა არაკეთილსინდისიერად, კერძოდ, მას მუდმივად უარს ეუბნებოდნენ სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტაციის, ასევე, სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცნობაზე. ამიტომაც, სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობაზე პირველი მოპასუხე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და მისი მონაწილეობა პარტნიორთა კრებაში მოკლებული იყო ყოველგვარ რაციონალურ საფუძველს. სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური/ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გასაიდუმლოებას პრაქტიკული მიზანი ჰქონდა, რადგან არ მტკიცდებოდა სამეწარმეო საზოგადოების დავალიანებისა და მისი გადახდის სხვა გზის არარსებობა და, შესაბამისად, აუცილებლობიდან გამომდინარე, კაპიტალის გაზრდის მიზანშეწონილობა. კაპიტალის გაზრდის აუცილებლობა უნდა დასაბუთდეს კაპიტალის გაზრდის თაობაზე პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც ადგილი არ ჰქონია. პირველი მოპასუხე უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სამეწარმეო საზოგადოების 12.04.2013 წლით დათარიღებული პარტნიორთა კრების ოქმით არ დადგენილა პარტნიორის წილის შემცირება. არ დადგენილა, თუ რამდენით უნდა შემცირებულიყო წილი შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში. პირველ მოპასუხეს მიაჩნია, რომ 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მეტწილად წარმოადგენს 12.04.2013 წელს პარტნიორთა კრებაზე სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანმდევ სამართლებრივ შედეგს. გარდა ამისა, გარიგება - 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი გარიგების თანმდევ შედეგს, რომელიც უკანონოდ და, ამდენად, ბათილადაა ცნობილი. პირველ მოპასუხეს არ მისცემია დამატებითი შენატანის განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა. თანაბარი შესაძლებლობის მიცემა გულისხმობს ყველა პარტნიორისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაეცნოს სამეწარმეო საზოგადოების ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობას და გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის თაობაზე მიიღოს ამ ინფორმაციის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება ნების თავისუფალი ფორმირება, რაც გარიგების დადების პროცედურული სამართლიანობის აუცილებელი ელემენტია.

1.19. პირველი მოპასუხე ასევე უთითებს, რომ სამეწარმეო საზოგადოების 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრების №12.04.2013 ოქმით მოსარჩელეს სამეწარმეო საზოგადოებისათვის უნდა გადაეცა 799 920 ლარი, რაც დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. სამოქალაქო დავის ფარგლებში, რომელიც აღიძრა რ.ბ–ას სარჩელით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „დ.ვ.დ.თ–მა“ 2014 წელს მოითხოვა სესხების დაფარვა. კომპანიებმა ამ თანხის დაფარვა ვერ შეძლეს. ამიტომაც „დ.თ–ის“ ვალდებულების შესასრულებლად ეს თანხა თითქოსდა მთლიანად დაფარა მოსარჩელემ 2014 წელს, რის შემდეგაც „დ.თ–მა“ ვალდებულების შესრულება „გადააწერა“ თავის სხვა კომპანიებს, რისი მტკიცებულებაც საქმეში არ მოიპოვება. თუ პირველი მოპასუხე სამეწარმეო საზოგადოებაში შეიტანდა თანხას, რომელსაც სამეწარმეო საზოგადოება განსაზღვრული ვადის შემდეგ სარგებლით დაუბრუნებდა, მოსარჩელე ამას კაპიტალის გაზრდად არ მიიჩნევდა და საფუძვლიანადაც.

1.20. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს 12.04.2013 წლისა და 22.04.2019 წლის კრების ოქმებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი მოპასუხე სადავოდ ხდის მაჟორიტარი პარტნიორის მიერ სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობას, ასევე - უფლების კეთილსინდისიერად გამოყენებას, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ სადავო გარემოებებზე მსჯელობა.

1.21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი არ არის სამეწარმეო საზოგადოების მიერ კაპიტალის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილების ერთხმად მიღების იმპერატიული მოთხოვნა.

1.22. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის განმარტება, რომ პარტნიორთა კრებაზე არ მონაწილეობდა, რადგან მისთვის არ იყო ცნობილი სამეწარმეო საზოგადოების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3(10) მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორისათვის რაიმე ინფორმაცია არ არის ცნობილი და საზოგადოება არ აძლევს აღნიშნულ ინფორმაციას, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების თაობაზე, რაც პირველ მოპასუხეს არ განუხორციელებია.

1.23. სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს კაპიტალს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში სამართალბრუნვისა და ბიზნესის განვითარების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ურთიერთობები კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტით უნდა ხასიათდებოდეს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციის მიზნებისათვის გარკვეული გარანტიების შექმნას მოითხოვს. სწორედ ამგვარი გარანტიის შექმნას ემსახურება მესამე პირებთან ურთიერთობაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი. სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის ერთ-ერთი და მთავარი ფუნქცია მესამე პირების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, შესაბამისად, საზოგადოების კაპიტალის ფუნქცია მესამე პირებისათვის ერთგვარი გარანტიის შექმნაა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდას დასაშვებად მიიჩნევს. შესაბამისად, კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია იმისა, რომ პარტნიორთა ქმედება კანონშესაბამისია, სწორედ, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ, მართალია, პარტნიორები კანონის დანაწესის ფარგლებში მოქმედებდნენ, თუმცა ადგილი აქვს კანონით მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენებას.

1.24. მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის საჭიროებას ადასტურებს იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სამეწარმეო საზოგადოებას გააჩნდა ვადამოსული ვალდებულებები, რის გასტუმრებასაც ვერ ახერხებდა. იმ გარემოების გასაბათილებლად, რომ სამეწარმეო საზოგადოების ვალები აღემატებოდა შემოსავალს, პირველმა მოპასუხემ წარმოადგინა 2017-2021 წლის ფინანსური ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარმოადგინა მოსარჩელემაც, რომლის თანახმად, სამეწარმეო საზოგადოების მიერ 2011 წლიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით გაწეული ხარჯები აღემატება მიღებულ შემოსავალს, როგორც ჯამურად ასევე - თვის ჭრილში. ამასთან, 13.04.2013 წლის მდგომარეობით სამეწარმეო საზოგადოებას უფიქსირდება ფული და ფულის ეკვივალენტი, სულ 140 313.95 ლარი, ხოლო დავალიანება, სულ 3 580 001.13 ლარი. ამდენად, 13.04.2013 წელს არსებული ვალდებულებების დაფარვა, მხოლოდ აღნიშნული ფინანსური სახსრებით შეუძლებელი იყო.

1.25. პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორის დასკვნები ასახავს 2020-2021 წლის და არა სადავო პერიოდში 2013-2019 წლის ფინანსურ მდგომარეობას, ხოლო აუდიტორულ დასკვნებში, რომლებიც მოიცავს 2017-2021 წლების ფინანსურ ანგარიშებს, მითითებულია, რომ აუდიტორები დაინიშნენ 2018 წელს და, შესაბამისად, ვერ დაესწრნენ 01.01.2016 წლის, 31.12.2016 წლის, 31.12.2017 წლის ინვენტარის დათვლას, ასევე - ვერ მოიპოვეს მოცემული პერიოდის ალტერნატიული მტკიცებულებები; ვერ განსაზღვრეს არის თუ არა საჭირო მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებაში წარდგენილ წლიურ მოგებასა და ფულადი სახსრების მოძიების ანგარიშგებაში წარდგენილ საოპერაციო საქმიანობით მიღებული წმინდა ნაღდ ფულში შესწორების შეტანა 2016-2017 წლისათვის.

1.26. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად კი, 2011 წლიდან 2013 წლის აპრილის ჩათვლით სამეწარმეო საზოგადოების მიერ გაწეული ხარჯები აღემატება მიღებულ შემოსავალს, კერძოდ, უფიქსირდება ფულის ეკვივალენტი 140 313.95 ლარი, ხოლო დავალიანება 3 580 001.13 ლარი, რაც თანხვედრაშია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ახსნა-განმარტებასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება საზოგადოების კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ ვადამოსული ვალდებულებების შესრულების ღონისძიებების გატარება იდგა დღის წესრიგში გაზრდილი კაპიტალის მეშვეობით. პირველმა მოპასუხემ ვერ გააქარწყლა გაზრდილი კაპიტალის საჭიროების ფაქტი, ვერ დაასახელა რეალური ალტერნატიული წყარო ხსენებული მიზნის მისაღწევად.

1.27. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი მოპასუხის მითითებაზე, რომ სამეწარმეო საზოგადოებას შეეძლო წილის გაზრდის სანაცვლოდ აეღო სესხი და ასე გაესტუმრებინა ვადამოსული ვალდებულებები და განმარტა, რომ სამეწარმეო ბრუნვის სტაბილურობიდან და მესამე პირებთან ურთიერთობისას კრედიტორისათვის გაცილებით მისაღებია იმ საწარმოსთან ურთიერთობა, რომელსაც უფრო მეტი კაპიტალი აქვს, უფრო მეტი ქონება გააჩნია, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და სავსებით გასაგებია, რომ საზოგადოების შესაძლო არარენტაბელური საქმიანობის შემთხვევაში, კრედიტორს გაცილებით დიდი ალბათობა აქვს დიდი ქონებიდან დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, ვიდრე მცირე სახსრებიდან. შესაბამისად, იმ გარემოებით, რომ საზოგადოებამ არ აიღო სესხი და გაზარდა საწესდებო კაპიტალი, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იყო და არსებობდა შესაძლებლობა საზოგადოების კაპიტალი შენატანის განხორციელების გზით გაზრდილიყო, არ იკვეთება მხოლოდ მინორიტარი პარტნიორის წილის შემცირებისა და საზოგადოებიდან გარიცხვის მოტივი. რაც შეეხება პირველი მოპასუხის მითითებას, თუ როგორ მოახერხა სამეწარმეო საზოგადოებამ კაპიტალის გაზრდის შემდეგ მოკლე დროში მოგებაზე გასვლა, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების ფუნქციონირებისას ბიზნესგადაწყვეტილებების მიღების მართებულობა/გაუმართლებლობას და არ არის მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს კვლევის საგანი.

1.28. რაც შეეხება პირველი მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრების №12.04.2013 ოქმით არ დადგენილა პარტნიორის წილის შემცირება, ასევე არ დადგენილა, თუ რა ოდენობით უნდა შემცირებულიყო წილი შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში და რომ 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მეტწილად 12.04.2013 წელს პარტნიორთა კრებაზე საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანმდევი სამართლებრივი შედეგია, ხოლო გარიგება - 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი გარიგების თანმდევ შედეგს, რომელიც უკანონოდ და, ამდენად, ბათილადაა ცნობილი, სასამართლომ განმარტა, რომ 12.04.2013 წლის, 22.04.2019 წლის კრების ოქმებისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებებზე.

1.29. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში დაადასტურა, რომ 12.04.2013 წელს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ შეესაბამებოდა ამ უკანასკნელის ინტერესს და განპირობებული იყო მისი საჭიროებით.

1.30. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 128-ე, 129-ე და 138-ე მუხლებზე, ასევე - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე (28.10.1994 წლის რედაქცია), რომლის თანახმად, ამ კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნათა ხანდაზმულობის ზოგადი ვადაა 5 წელი. დადგენილია, რომ პირველ მოპასუხეს სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანი არ შეუტანია, რის შემდეგაც სამეწარმეო საზოგადოებამ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა პირველი მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2016 წლის გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოებას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მასვე განემარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის განუხორციელებლობა არ წარმოადგენს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვისა და მისთვის წილის ჩამორთმევის საფუძველს, ვინაიდან პარტნიორის მიერ ვალდებულების განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის წარმოშობა. ეს გადაწყვეტილება 25.04.2019 წელს შევიდა კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ სწორედ ამის შემდგომ, სამეწარმეო საზოგადოების 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 75% წილის მფლობელი პარტნიორი, მოსარჩელე, მიიღო გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების გაზრდილ კაპიტალში შენატანის განუხორციელებლობის გამო პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის განსაზღვრის შესახებ, რის საფუძველზეც მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია, რაზეც მიიღო უარი და მომართა სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.

1.31. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამეწარმეო საზოგადოების 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება გაზრდილ კაპიტალში შენატანის განუხორციელებლობის გამო პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის განსაზღვრის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელის წილი სამეწარმეო საზოგადოებაში დადგინდა 99.9966%, ხოლო პირველი მოპასუხის - 0.00334%. ამასთან, დადგინდა ის გარემოებაც, რომ სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა განპირობებული იყო ვადამოსული ვალდებულებების დაფარვის აუცილებლობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში დაადასტურა, რომ 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შესახებ შეესაბამებოდა სამეწარმეო საზოგადოების ინტერესს და განპირობებული იყო მისი საჭიროებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

4.1. 12.04.2013 წლის კრების ოქმით სამეწარმეო საზოგადოებაში შენატანის განხორციელებისთვის განსაზღვრული ვადა (30.04.2013წ.) ისე გავიდა, რომ არცერთმა პარტნიორმა არ შეავსო კაპიტალი. 30.04.2013 წლის უშედეგოდ გასვლა ცხადყოფს, რომ გარიგება, რომელიც გამოიხატა პარტნიორთა კრების 12.04.2013 წლის გადაწყვეტილებაში, არ შედგა. ყველა პარტნიორის მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ მათ გადაიფიქრეს საწესდებო კაპიტალის გაზრდა და დამატებითი შენატანების შეტანა. 01.05.2013 წელს 12.04.2013 წლის გადაწყვეტილებამ ამოწურა თავი და აღარ წარმოშობდა პარტნიორებისთვის ვალდებულებებს. განმეორებითი სურვილის შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოებაში კაპიტალის გაზრდისათვის საჭირო იყო ახალი პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. სასამართლომ არ განსაზღვრა, თუ რამდენად ლეგიტიმური იყო ვადის გასვლის შემდეგ პარტნიორთა მოქმედებები. 17.07.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფდა 12.04.2013 წლის გადაწყვეტილების შესრულების ვადის გაზრდა/გაგრძელებას, რადგან 30.04.2013 წლის შემდეგ 12.04.2013 წლის გადაწყვეტილება აღარ მოქმედებდა.

4.2. თუნდაც ჩავთვალოთ, რომ მიუხედავად ვადის გასვლის შემდეგ განხორციელებული შენატანისა, მოსაჩელემ შეასრულა 12.04.2013 წლის კრების გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება, მას პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობით გადანაწილების შესახებ მოთხოვნა წარმოეშვა მაშინ, როდესაც ნათელი გახდა, რომ პირველმა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და 30.04.2013 წლამდე არ შეავსო კაპიტალი. ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ყველაზე უკიდურესი ვადა, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტად, არის 16.05.2013 წელი, როდესაც მოსარჩელემ თავად შეიტანა თანხა სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში. იმავე მოთხოვნის უფლება იმავე დროს წარმოეშვა შ.გ–ის მიმართ. ამ თარიღებიდან, რომელიც არ უნდა დაედოს საფუძვლად ხანდაზმულობის ვადის ათვლას, სარჩელის სასამართლოში შეტანამდე გასულია 5 წელი, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

4.3. სასამართლომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნია პარტნიორთა კრების 22.04.2019 წლის გადაწყვეტილება პარტნიორთა წილების შემცირების შესახებ. 22.04.2019 წლის გადაწყვეტილება არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა პარტნიორის თანხმობის არარსებობის შემთხვევაში წარმოშობდა რაიმე სახის იურიდიულ შედეგს სასამართლოს მხრიდან მისი დადასტურებისა და ლეგიტიმაციის გარეშე. წილის შემცირება სამეწარმეო საზოგადოებაში თავისი სამართლებრივი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება სამეწარმეო საზოგადოებაში წილის დაკარგვას. წილის შემცირების დროს უნდა განხორციელდეს იგივე სამართლებრივი პროცედურები, რაც სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის დროს. 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება არის იმის წინაპირობა, რომ სასამართლოში აღძრულიყო სარჩელი და მოთხოვნილიყო პირველი მოპასუხის წილის შემცირება.

4.4. მოსარჩელემ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მიუთითა სსკ-ის 138-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე აღძრული ჰქონდა სარჩელი პირველი მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ, პარალელურად ვერ მოითხოვდა პარტნიორის წილის შემცირებას და პარტნიორის გარიცხვის შესახებ სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელის ეს არგუმენტი არ უნდა გაზიარებულიყო. სსკ-ის 138-ე მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ისეთი სარჩელის შეტანის გზით, რომელიც ვარგისია ამ მიზნის მისაღწევად. სამეწარმეო საზოგადოების სარჩელი პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნით უვარგისი იყო მისი მიზნის მისაღწევად, რადგან კაპიტალში შენატანის განუხორციელებლობის გამო კანონი არ ითვალისწინებდა პარტნიორის გარიცხვას.

4.5. მაჟორიტარმა პარტნიორმა მინორიტარის მიმართ დომინანტი პარტნიორის უფლებები გამოიყენა ბოროტად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

7. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:

7.1. სამეწარმეო საზოგადოების 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე, რომელზეც წარმოდგენილი იყვნენ მოსარჩელე - 40% წილის მფლობელი პარტნიორი, შ.გ–ი - 35% წილის მფლობელი პარტნიორი და პირველი მოპასუხე - 25% წილის მფლობელი პარტნიორი, რომელიც კრებაზე გამოცხადდა, მაგრამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა, 75% წილის მფლობელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით, არაუგვიანეს 30.04.2013 წლისა, დამატებითი შენატანების შემდეგი ოდენობით განხორციელების შესახებ: შ.გ–ი - 699 930 ლარი, მოსარჩელე - 799 920 ლარი და პირველი მოპასუხე - 499 950 ლარი (ტ.1, ს.ფ. 51-54);

7.2. სამეწარმეო საზოგადოების 17.07.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შ.გ–სა და პირველ მოპასუხეს 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების ვადა დამატებით განესაზღვრათ 31.07.2013 წლამდე (ტ.1, ს.ფ. 216-219);

7.3. მოსარჩელემ თავისი წილის პროპორციული შენატანი განახორციელა. შ.გ–მა ვერ შეძლო მისთვის განსაზღვრული შენატანის 699 930 ლარის ოდენობით შეტანა და მან თავისი წილი უსასყიდლოდ დაუთმო მოსარჩელეს, კერძოდ, 24.01.2014 წელს შ.გ–სა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა წილის ჩუქების ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 93-94);

7.4. შ.გ–ის წილის მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ, მან შეავსო კაპიტალის ის ნაწილიც, რომელიც არ შეუვსია შ.გ–ს. პირველ მოპასუხეს კაპიტალში დამატებითი შენატანი არ განუხორციელებია. 16.05.2013 წლის სს „თ.ბ–ის“ საგადასახადო დავალებით სამეწარმეო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში მოსარჩელის შენატანი შეადგენს 489 611.75 აშშ დოლარს, 20.09.2016 წლის „კ-ს.ბ–ის“ საგადასახადო დავალებით 249 958.50 აშშ დოლარსა და 07.05.2015 წლის საგადასახადო დავალებით - 126 100 აშშ დოლარს;

7.5. სამეწარმეო საზოგადოების 16.07.2015 წლის პარტნიორთა კრებაზე 75% წილის მფლობელი მოსარჩელის მონაწილეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პირველი მოპასუხის მიერ სამეწარმეო საზოგადოებაში შენატანის შეუტანლობის გამო, მისი გარიცხვისა და კუთვნილი 25% წილის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე; პირველი მოპასუხის გარიცხვისა და მისი წილის პარტნიორის (ანუ წინამდებარე დავის მოსარჩელის) სახელზე აღრიცხვის მოთხოვნით სამეწარმეო საზოგადოებამ იმავე წლის სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხის მიმართ, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - წინამდებარე დავის მოსარჩელე (ტ.1, ს.ფ.79-84);

7.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.12.2016 წლის №2/18926-15 გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების სარჩელი პარტნიორის გარიცხვისა და მისი კუთვნილი წილის სხვა პარტნიორისთვის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით, საწესდებო კაპიტალში დამატებითი შენატანის განუხორციელებლობა არ წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვისა და მისთვის წილის ჩამორთმევის საფუძველს, ვინაიდან პარტნიორის მიერ ვალდებულების განუხორციელებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის წარმოშობა (ტ.1, ს.ფ. 79-84). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.11.2018 წლის №2ბ/980-17 განჩინებით გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, მასზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.04.2019 წლის №ას-375-2019 განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად;

7.7. სამეწარმეო საზოგადოების 22.04.2019 წლის პარტნიორთა კრების შესაბამისად, რომელსაც ესწრებოდა სამეწარმეო საზოგადოების 75% წილის მფლობელი პარტნიორის, მოსარჩელის წარმომადგენელი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების გაზრდილ კაპიტალში პირველი მოპასუხის მიერ შენატანის განუხორციელებლობის გამო, პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობის განსაზღვრის შესახებ. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით - მოსარჩელის წილი სამეწარმეო საზოგადოებაში დადგინდა 99.99666%, ხოლო პირველი მოპასუხის წილი - 0.00333222%. სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალი განისაზღვრა 1 500 050 ლარით (ტ.1, ს.ფ. 100-103);

7.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 23.04.2019 წლის №B19047083/3 გადაწყვეტილებით სამეწარმეო საზოგადოების ახალი თანაფარდობით გადანაწილებული წილების დარეგისტრირების შესახებ მოთხოვნაზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა პირველი მოპასუხის მიერ შენატანის შეუტანლობის ფაქტი და სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა (ტ.1, ს.ფ. 106-107). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.04.2019 წლის №B19047083/5, 3 მაისის №B19047083/7 და 28 მაისის №B19047083/9 გადაწყვეტილებებით არ ჩაითვალა შეჩერების საფუძველი აღმოფხვრილად (ტ.1, ს.ფ. 108-113). 02.07.2019 წლის №B19047083/10 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტ.1, ს.ფ. 114).

8. სადავო არ გამხდარა გარემოება მასზე, რომ მოსარჩელემ პირველი მოპასუხისა და სამეწარმეო საზოგადოების მიმართ წილთა თანაფარდობის ცვლილების თაობაზე სარჩელით არაერთხელ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე (ტ.4, ს.ფ. 56-74). 08.04.2022 წელს მოსარჩელემ სარჩელი კვლავ აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხისა და სამეწარმეო საზოგადოების მიმართ, მოითხოვა წილის მესაკუთრედ ცნობა და ცვლილების ასახვა საჯარო რეესტრში. სწორედ ამ სარჩელზე წარმოების ფარგლებში იხილება წინამდებარე საქმე.

9. მოცემულ დავაში, სადავოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საწესდებო კაპიტალში (აქვე უნდა განიმარტოს, რომ როგორც 28.10.1994 წლის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, ისე სამართლის მეცნიერებაში ადრე დამკვიდრებული ქართული ტერმინი – „საწესდებო კაპიტალი“ – 02.08.2021 წლის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით შეიცვალა ტერმინით „განთავსებული კაპიტალი“) შენატანის განუხორციელებლობის საფუძვლით პარტნიორთა შორის წილთა გადანაწილების კანონიერება. ამასთან, რადგან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები დამატებითი შენატანების განხორციელებისა და პარტნიორთა შორის წილთა თანაფარდობის ცვლილების შესახებ მიღებულია 28.10.1994 წლის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პერიოდში, დავის გადასაწყვეტად სწორედ ის უნდა იქნეს გამოყენებული.

10. თანამედროვე ეკონომიკის აღმავლობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი საფუძველი საკორპორაციოსამართლებრივი რეგულაციებია. საკორპორაციო სამართლის პრინციპული ფუნქცია სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით უზრუნველყოფაა. საკორპორაციოსამართლებრივი საკანონმდებლო მოწესრიგება მეწარმე სუბიექტებს ამხანაგური და კაპიტალური ტიპის საზოგადოებებად ყოფს. კაპიტალის კონცენტრირების, მისი ორგანიზაციული მართვისა და ოპერაციული საქმიანობის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობის შეზღუდვა, კაპიტალური ტიპის საზოგადოების სუბსტანციური ნიშნებია, რომელიც ყველაზე მეტად ახასიათებს კაპიტალური ტიპის ისეთ მეწარმე სუბიექტს, როგორიცაა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სუსგ №ას-324-2021, 29.06.2021 წ., პ.81).

11. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საკუთრებაუნარიანი სუბიექტია, მისი ქონება სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად ფორმირდება. მაგალითად, პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში, მოგების გამოუყენებლობა და რეკაპიტალიზაცია, რასაც შედეგად ქონების აკუმულირება მოჰყვება და სხვა. შესაბამისად, შპს-ს ქონებაში მოიაზრება ნებისმიერი ფულადი თუ არაფულადი, მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც ექცევა საზოგადოების განკარგვის სფეროში და რომლითაც სამეწარმეო საზოგადოებას შესწევს უნარი, კრედიტორის მოთხოვნა დააკმაყოფილოს (ბურდული ირაკლი, მახარობლიშვილი გიორგი, თოხაძე ანა, ზუბიტაშვილი ნონა, ალადაშვილი გიორგი, მაღრაძე გვანცა, ეგნატაშვილი დემეტრე, საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.304).

12. საზოგადოებაში წევრობას წილის ფლობა და მისგან გამომდინარე უფლებამოსილებათა (მოვალეობათა) ერთობლიობა განაპირობებს. წილის უკან გარკვეული კორპორაციულსამართლებრივი უფლებები და მოვალეობები დგას, რომელიც პარტნიორს საზოგადოებაში მმართველობით (თანამმართველობით) და ქონებრივ უფლებებს ანიჭებს (ბურდული ირაკლი, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №2/2019, გვ.25). ამდენად, წილი არის პირის უფლება, საკუთრების საგანი, რომელიც განსაზღვრავს პირის მონაწილეობას სამეწარმეო საზოგადოებაში. წილი არის ის ერთეული, რომლითაც დგინდება მეწილის პროპორციული მონაწილეობა საზოგადოებაში (Bourne, Bourne on Company Law, 6th ed., 2013, 51; ბურდული ირაკლი, მახარობლიშვილი გიორგი, თოხაძე ანა, ზუბიტაშვილი ნონა, ალადაშვილი გიორგი, მაღრაძე გვანცა, ეგნატაშვილი დემეტრე, საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.317 ).

13. იურიდიულ ლიტერატურაში წევრობის სტატუსის მოპოვების გარკვეულ დოგმატურ სტრუქტურაზე საუბრობენ. ამის მიხედვით, განასხვავებენ წევრის უფლება-მოვალეობათა ერთობლიობის - ა) თავდაპირველ შეძენას, რომელიც, თავის მხრივ, ორ ძირითად ნაწილად იყოფა: წევრობის მოპოვება საწარმოს დაფუძნების პროცესში მონაწილეობით ან საზოგადოების კაპიტალის გაზრდისას წილის შეძენით; ბ) ე.წ. მიმდინარე შეძენა, ანუ წილის შემდგომი მიღება, რომლის ასევე ორ ძირითად სახეობას გამოყოფენ: წილის მემკვიდრეობით მიღება ან წევრის სტატუსის მოპოვება გარიგებითსამართლებრივ ნიადაგზე (ბურდული ირაკლი, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №2/2019, გვ.26). როდესაც საუბარია საზოგადოებაში მცირე წილობრივი მონაწილეობით სამართლებრივ უფლებაზე, აქ იგულისხმება ის, რომ უმცირესობაში მყოფი პარტნიორისთვის წევრობა წარმოადგენს მხოლოდ კაპიტალდაბანდებას და დივიდენდის მოლოდინის ეკონომიკურ ინტერესს. საკონტროლო წილის შემძენი პირისთვის კი წილში გამოხატული ინტერესი არა მხოლოდ კაპიტალდაბანდებით არის განპირობებული, არამედ ამას ემატება საწარმოს მართვის, მისი მთლიანად კონტროლის ინტერესი. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების წილის მფლობელი საზოგადოების მესაკუთრედაც მოიხსენიება და ეს სრულიად შეესაბამება მის ეკონომიკურ იმპლიციტურ ბუნებას (იხ. იქვე, გვ.28).

14. საზოგადოების კაპიტალი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციის გარანტიების უზრუნველყოფას ემსახურება. კაპიტალის ფორმირება საწყის ეტაპზე პარტნიორთა თავდაპირველი შენატანებით ხდება, თუმცა საზოგადოების გაძლიერებისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის შეიძლება დადგეს კაპიტალის გაზრდის საჭიროებაც (ბურდული ირაკლი, მახარობლიშვილი გიორგი, თოხაძე ანა, ზუბიტაშვილი ნონა, ალადაშვილი გიორგი, მაღრაძე გვანცა, ეგნატაშვილი დემეტრე, საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.370).

15. საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ერთგვარად, მისი შემადგენელი ნაწილია, საწესდებო კაპიტალი მაინც გამოყოფილია საზოგადოების ქონებისაგან და წარმოადგენს გამოთვლად სიდიდეს. საზოგადოების ქონება კორპორაციის ფაქტობრივი ქონებაა და იცვლება იმისდა მიხედვით, თუ როგორი წარმატებითა და რენტაბელობით წარმართავს საწარმო თავის სამეწარმეო საქმიანობას (ბურდული ირაკლი, ქონებრივი ურთიერთობა სააქციო საზოგადოებაში (განსაკუთრებით მისი ჩამოყალიბების პროცესში) ქართული და ავსტრიული სამართლის მაგალითზე, თბილისი, 2008, გვ.94-95).

16. შენატანების მეშვეობით იქმნება საწყისი საწესდებო კაპიტალი, ხოლო დამატებითი შენატანებით იზრდება უკვე შექმნილი საწესდებო კაპიტალი (მიგრიაული როინ, სამეწარმეო სამართლის მოკლე სახელმძღვანელო, თბილისი, 2021, გვ.86). წილთა თანაფარდობაზე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებამ საწესდებო კაპიტალში თანხის შეტანის შესახებ (ბაქაქური ნინო, გელტერი მარტინ, ცერცვაძე ლაშა, ჯუღელი გიორგი, საკორპორაციო სამართალი, სახელმძღვანელო იურისტებისათვის, 2019, გვ.64).

17. შპს-ს საწესდებო კაპიტალი შეიძლება შეიცვალოს კაპიტალის გაზრდით, შემცირებით ან სხვა საფუძვლით. კაპიტალის ნებისმიერი ცვლილების შედეგად კი წარმოიშობა პარტნიორთა შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზეც, როგორიცაა - ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, კაპიტალი შეიძლება შეივსოს მოგვიანებით, პარტნიორების მიერ დამატებითი შენატანების განხორციელებით (მიგრიაული როინ, სამეწარმეო სამართლის მოკლე სახელმძღვანელო, თბილისი, 2021, გვ.87). დამატებითი შენატანის გადახდის ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების წესდებით. თუ წესდება ასეთ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, მაშინ ჯერ მასში უნდა იქნეს ცვლილება შეტანილი, ხოლო შემდეგ უნდა განხორციელდეს გადახდა. აქედან გამომდინარე, დამატებითი შესატანების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს (ჭანტურია ლადო, ნინიძე თედო, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2002, გვ. 279).

18. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის 21 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას.

19. აღნიშნულის მიზანი სამეწარეო საზოგადოებისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი „ელასტიური კაპიტალით“ შევსების გზას ემსახურება, რომელიც საზოგადოების მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს და კომპანიას მისი კაპიტალის მომატების ეფექტურ საშუალებას უქმნის (Scholz-Emmerich, GmbHG, (2006), §26, Rn.1; ბურდული ირაკლი, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, თბილისი, 2013, გვ.134).

20. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობა წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (სსკ-ის 147-ე და 152-ე მუხლები) (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, პ. 191; Bramelid and Malmström v. Sweden (განაცხადის №8588/79, №8589/79, 1982). ამდენად, წილები წარმოადგენს „მფლობელობას“ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში და აღნიშნული მუხლის გამოყენება შესაძლებელია კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს შორის ურთიერთობებზე (შდრ. სუსგ №ას-324-2021, 29.06.2021 წ., პ.86). წილზე ვრცელდება საკუთრების უფლების კონსტიტუციურსამართლებრივი რეჟიმი. წილი საკუთრების უფლების ობიექტს წარმოადგენს კერძო პირის თუ სახელმწიფოს მხრიდან მასზე უკანონო ჩარევის შემთხვევაში (ბურდული ირაკლი, სამეწარმეო საზოგადოებაში წილის კეთილსინდისიერად მოპოვება, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2019, გვ.28).

21. შესაბამისად, ყველა საკითხი, რასაც პარტნიორთა შორის წილთა თანაფარდობის ცვლილება შეიძლება მოჰყვეს, მოითხოვს დეტალურ ანალიზსა და განმარტებას:

- რა წინაპირობების არსებობისას არის მართებული დამატებითი შენატანის დაწესება/განსაზღვრა;

- შპს-ში დამატებით შენატანის შეტანა წარმოადგენს პარტნიორის უფლებას თუ მის ვალდებულებას;

- მხოლოდ პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში პარტნიორის მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანი ანიჭებს მას ასეთი შენატანის არმქონე პარტნიორთან მიმართებით წილთა თანაფარდობის ცვლილების მოთხოვნას თუ ვადის შემდგომ შეტანილიც.

22. მიუხედავად იმისა, რომ კანონიდან არ გამომდინარეობს დამატებითი შენატანების მიზნობრიობა, სასამართლო პრატიკით მიჩნეულია, რომ დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდა გამართლებული უნდა იყოს აუცილებლობით ან მინიმუმ მიზანშეწონილობით მაინც. დამატებითი შენატანის შეუტანლობას შესაძლოა მოჰყვეს წილთა თანაფარდობის ცვლილება, ამიტომ დამატებითი შენატანის დაწესების უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნებისათვის აუცილებელია კაპიტალის გაზრდის აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის დადასტურება (სუსგ №ას-412-395-2016, 13.10.2016წ., პ.53). ამასთან, იმისათვის, რომ პარტნიორთა კრებას ჰქონდეს ხმათა უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების უფლება, საერთო კრების ასეთი უფლებამოსილება, მკაფიოდ უნდა იყოს ფორმულირებული ერთხმად მიღებული წესდებით. ასევე უნდა შემოწმდეს, ყველა პარტნიორი ხომ არ არის შეთანხმებული ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე.

23. საკითხის შესახებ, დამატებით შენატანის შეტანა არის უფლება თუ ვალდებულება, პალატა განმარტავს შემდეგს:

23.1. ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ შპს-ს კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორი, თუნდაც უმცირესობაში მყოფი, ფაქტობრივად ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს და განახორციელოს დამატებით შენატანი, იმისათვის რომ შეინარჩუნოს თავისი წილობრივი მონაწილეობა და მისგან გამომდინარე უფლებამოსილების ხარისხი. თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით, კაპიტალის გაზრდის დროს დამატებითი შენატანის არა ვალდებულება, არამედ უფლება არსებობს. შესაბამისად, მისი გამოუყენებლობა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხს ვერ დააყენებს (ბურდული ირაკლი, სააქციო სამართლის საფუძვლები, II ტომი, თბილისი, 2013, გვ.147; ფიფია ეკატერინე, პარტნიორის მონაწილეობა შპს-ის კაპიტალში: შედარებითი სამართლებრივი ანალიზი, შედარებითი სამართლის ჟურნალი, №3/2022, გვ.71).

23.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.21 მუხლი შპს-ში დამატებითი შენატანის შეტანას პარტნიორის უფლებად და არა ვალდებულებად განიხილავს, ხოლო ამ უფლების გამოუყენებლობას უკავშირებს წილების ახალი თანაფარდობის წარმოშობის შესაძლებლობას, კერძოდ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში პარტნიორებს უფლება აქვთ, თავიანთი წილების პროპორციულად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საზოგადოების კაპიტალის გაზრდაში, პარტნიორთა საერთო კრების მიერ დადგენილ ვადაში კაპიტალში შესაბამისი შენატანების სრული ოდენობით განხორციელებით, თუ ყველა პარტნიორი ამ უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდება; ამასთანავე, რომელიმე პარტნიორის მიერ აღნიშნული უფლების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილების ახალი თანაფარდობა წარმოიშვას.

23.3. ამდენად, პარტნიორის მიერ უფლების გამოუყენებლობას უკავშირდება წილების თანაფარდობის ცვლილება. კაპიტალის გაზრდის შემდეგ პარტნიორთა წილები შესაძლებელია, ხელახლა გადანაწილდეს სხვა პარტნიორების მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანების წილების პროპორციულად, შედეგად კი, იმ პარტნიორის წილი შემცირდეს, რომელსაც დამატებითი შენატანი არ შეუტანია. კანონმდებლის მიზანი რომ ამგვარია, გამომდინარეობს ნორმის განმარტებითი ბარათიდანაც („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს 46-ე მუხლის 21 პუნქტი დაემატა 19.02.2016 წელს, იხ. საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებითი ბარათი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში წილის მფლობელს აქვს თავისი წილის საზოგადოების განახლებული კაპიტალის პროპორციულად გაზრდის უფლება კაპიტალში შესაბამისი შენატანის განხორციელების გზით) (შდრ. სუსგ №ას-93-2021, 29.11.2021 წ.).

23.4. პალატა შედარების სახით აღნიშნავს, რომ ახალი (02.08.2021 წელს მიღებული) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამატებითი შენატანების საკითხი ახლებურადაა რეგლამენტირებული. 140-ე მუხლით გამიჯნულია ე.წ. სავალდებულო და ნებაყოფლობითი დამატებითი შენატანები (ჯუღელი გიორგი, გიგუაშვილი გიორგი, განმარტებები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, თბილისი, 2021, გვ. 160-161), კერძოდ: წილების განთავსებამდე წესდება ან წესდების ცვლილება, რომელიც შესაბამისი წილის მფლობელმა პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს, შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორთა გადაწყვეტილების თანახმად პარტნიორების მიერ დამატებითი შენატანის ფულადი სახით განხორციელების ვალდებულებას და ადგენდეს, რომელ წილს ეხება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში წესდება უნდა განსაზღვრავდეს დამატებითი შენატანის მაქსიმალურ ოდენობას. პარტნიორები დამატებით შენატანს თავიანთი წილების პროპორციულად ახორციელებენ. სავალდებულო დამატებითი შენატანის განუხორციელებლობისას შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 139-ე მუხლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარტნიორი გადის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან ამ კანონის 144-ე მუხლის შესაბამისად. პარტნიორს, დირექტორის თანხმობით, შეუძლია განახორციელოს დამატებითი ნებაყოფლობითი შენატანი არაფულადი სახითაც, მაშინაც კი, როცა წესდება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულებას არ ითვალისწინებს. 139.2 მუხლით, შენატანის განხორციელების ვადის გადაცილების შემთხვევაში ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს წილის ჩამორთმევის პროცესი.

23.5. ამდენად, ახალი კანონით სავალდებულო დამატებითი შენატანის შეუტანლობის სამართლებრივი შედეგია 139-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შედეგად წილის დაკარგვა (ბურდული ირაკლი, მახარობლიშვილი გიორგი, თოხაძე ანა, ზუბიტაშვილი ნონა, ალადაშვილი გიორგი, მაღრაძე გვანცა, ეგნატაშვილი დემეტრე, საკორპორაციო სამართალი, მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბილისი 2022, გამომცემლობა „იურისტების სამყარო,“ გვ.372-373), ნებაყოფლობით დამატებითი შენატანის განუხორციელებლობა კი არ არის დაკავშირებული კორპორაციულსამართლებრივ შედეგებთან, რაზეც მიუთითებს ის გარემოება, რომ მისი განხორციელებისათვის არც წესდებით წინასწარი რეგულირება მოითხოვება და არც პარტნიორთა გადაწყვეტილებას საჭიროებს (იხ. იქვე, გვ.371-372).

24. რაც შეეხება საკითხს, მხოლოდ პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრულ ვადაში პარტნიორის მიერ განხორციელებული დამატებითი შენატანი ანიჭებს მას ასეთი შენატანის არმქონე პარტნიორთან მიმართებით წილთა თანაფარდობის ცვლილების მოთხოვნის უფლებას თუ ვადის შემდგომ შეტანილიც, უნდა აღინიშნოს შემდეგი:

24.1. დამატებითი შენატანის შეტანა/არშეტანის საკითხებზე მსჯელობისას, ისევე, როგორც სხვა საკორპორაციოსამართლებრივ ურთიერთობებში, მნიშვნელოვანია პარტნიორთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა. საკორპორაციო სამართალში ერთხმად არის აღიარებული, რომ საზოგადოების წევრთა, უფრო სწორედ, პარტნიორთა თანაბარი მოპყრობის პრინციპი უზრუნველყოფილია. შენატანების შეტანის დროს პარტნიორების მიმართ თანაბარი მოპყრობა გულისხმობს, რომ არ უნდა იყოს განსხვავებულად დაწესებული შენატანის შეტანის ვადები (Bayer in: Lutter/Hommelhoff, GmbH-Gesetz Kommentar, 21. Auflage 2023, §19 GmbHG, Rn. 5). თანაბარი მოპყრობა პარტნიორის ერთგულების სტანდარტთან ერთად არის განსახილველი, რაც სხვა (თანა)პარტნიორის უფლებისა და კანონიერი ინტერესის მხედველობაში მიღებითა და მისი კორპორაციულ ცხოვრებაში გათვალისწინების მოვალეობით არის ინსპირირებული („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3.9., ახალი კანონის მუხ. 34). თითოეული პარტნიორის ქცევის კეთილსინდისიერებისა თუ არაკეთილსინდისიერების მასშტაბი კონკრეტული საქმის შეფასებისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი მოპასუხის შესაგებელი სარჩელზე შეიცავდა პრეტენზიას მასზე, რომ პირველ მოპასუხეს არ მისცემია დამატებითი შენატანის განხორციელების თანაბარი შესაძლებლობა (ტ.1, ს.ფ.162-174).

24.2. დამატებითი შენატანების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, უმთავრესია, რომ პარტნიორები არ იქნენ ჩაყენებული არათანაბარ მდგომარეობაში და თანაბრად მიეცეთ თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა (შდრ. სუსგ №ას-1101-1037-2015, 27.09.2016 წ.).

24.3. შესაბამისად, დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გაირკვეს - ისეთ პირობებში, როცა: პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული იყო თითოეული პარტნიორისათვის კონკრეტული ოდენობის შენატანების შეტანის ვადა; შიდაკორპორაციულად დამკვიდრებული სტანდარტით ვადის გაგრძელება /აღდგენა უნდა მომხდარიყო კვლავ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით (რისი გამოხატულებაცაა 17.07.2013 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, რომლითაც შ.გ–სა და პირველ მოპასუხეს 12.04.2013 წლის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების ვადა დამატებით განესაზღვრათ 31.07.2013 წლამდე); პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული ოდენობის შენატანების შეტანის საბოლოო ვადა ამოიწურა უშედეგოდ და აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული იყო ყველა პარტნიორი, - მოსარჩელის მიერ ამ ვადის ამოწურვიდან გარკვეული დროის, კერძოდ, შ.გ–ის წილზე უფლების მოპოვების შემდგომ (რის შემდგომაც მისმა წილმა შეადგინა 75%), მისთვის ხელსაყრელ დროს შეტანილი დამატებითი შენატანი ხომ არ აყენებს 25% წილის მფლობელ პირველ მოპასუხეს არათანაბარ მდგომარეობაში. ორი პარტნიორის მიერ დამატებითი შენატანის სრულად თუ ნაწილობრივ განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგი, წილთა გადანაწილების მხრივ, სხვაგვარი იქნებოდა, ვიდრე მხოლოდ პირველი მოპასუხის შეუტანელი შენატანის შესაბამისად მხოლოდ მისი წილის შემცირება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, შედეგობრივად თითქმის მისი გარიცხვის ტოლფასია.

24.4. მართალია, მხოლოდ ახალი კანონი ადგენს დამატებითი შენატანის სავალდებულო და ნებაყოფლობით კატეგორიებად დაყოფას, მაგრამ სადავო პერიოდში მოქმედი კანონი არ შეიცავდა სპეციალური რეგულაციის/პარტნიორთა გადაწყვეტილების გარეშე პარტნიორის სურვილით შენატანის განხორციელების ამკრძალავ პირდაპირ ნორმას. შესაბამისად, იმის გასარკვევად, მოსარჩელის მიერ შ.გ–ის წილზე უფლების მოპოვების შემდგომ განხორციელებული დამატებითი შენატანი იწვევს თუ არა პარტნიორთა წილთა თანაფარდობაზე გავლენას, უნდა დადგინდეს, ამ პროცესში პარტნიორებს თანაბრად მიეცათ თუ არა თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა: იყო თუ არა დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის შეტანის ახალი ვადის დაწესების თაობაზე, ახალ/დამატებით ვადაში შენატანის შეტანის შესაძლებლობის შესახებ რამდენად იყო ინფორმირებული პირველი მოპასუხე. ამდენად, უნდა დადგინდეს - ჰქონდა თუ არა პირველ მოპასუხეს მოსარჩელის თანაბრად თავისი ქონებრივი უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

25. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, წილთა თანაფარდობის ცვლილების საკითხზე გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ხუთწლიანი ვადა (სუსგ №ას-289-2020, 04.05.2022წ., პ.28). საქმეზე დადგენილი გარემოებებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1.-7.8. პუნქტები) ირკვევა მოსარჩელის, როგორც იმავდროულად სამეწარმეო საზოგადოების მაჟორიტარი პარტნიორის, უწყვეტი პრეტენზია პირველი მოპასუხის მხრიდან დამატებითი შენატანის შეუტანლობაზე და წილთა თანაფარდობის ცვლილების სურვილი.

26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

27. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია