საქმე №ას-928-2024 18 მარტი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ.ს–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ი.ტ–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.10.2023 წლის გადაწყვეტილებით შპს „ნ.ი.ტ–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ვ.ს–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 674.26 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 01.01.2018 წელს მოდავე მხარეთა შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვის შესახებ სტამბული-თბილისის მიმართულებით. გადამზიდველს წარმოადგენდა მოსარჩელე, შემკვეთს - მოპასუხე.
3.2. მოსარჩელე ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა 26.02.2018 წლიდან 24.01.2022 წლის ჩათვლით.
3.3. 01.01.2018 წლისთვის მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 2 434.00 აშშ დოლარი. 26.01.2018 წლიდან 24.01.2022 წლის ჩათვლით მოსარჩელეს შესრულებული აქვს 16 230.00 აშშ დოლარის გადაზიდვები. 06.03.2018 წლიდან 25.07.2022 წლის ჩათვლით მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია 15 403.00 აშშ დოლარი.
3.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზე, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 668-ე მუხლით (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე) გათვალისწინებული გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელის მიერ 01.01.2018 წლიდან 24.01.2022 წლის ჩათვლით განხორციელებული გადაზიდვების ღირებულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი დავალიანებაა 3 261.00 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 8 674.26 ლარს (1 აშშ დოლარი = 2.66 ლარს).
3.5. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 01.01.2018 წლიდან 24.01.2022 წლის ჩათვლით ჯამურად მოსარჩელის მიერ გაწეულმა მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 18 644 აშშ დოლარი, თუმცა მიუთითებს, რომ, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2023 წლის ივლისში, 2018 წლიდან 2020 წლის ივლისამდე პერიოდის მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო 2020 წლის ივლისის შემდეგ გამოწერილ ინვოისებზე მოპასუხის მიერ ვალდებულება სრულად არის ანაზღაურებული.
3.6. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან მხარეებს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, მომსახურების ღირებულების დაკისრების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.
3.7. დადგენილია, რომ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო მიწოდება მოსარჩელემ შეასრულა 24.01.2022 წელს, ხოლო ბოლო გადახდა მოპასუხეს შესრულებული აქვს 25.07.2022 წელს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სამი სამუშაო დღის ვადაში.
3.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2020 წლის ივლისიდან საქმეში წარმოდგენილია შემდეგი ინვოისები: 1. ინვოისი №5761 (31.07.2020) - 490 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 03.08.2020 წელს; 2. ინვოისი №5895 (20.08.2020) - 230 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 02.10.2021 წელს; 3. ინვოისი N6244 (05.10.2020) - 350 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 07.10.2020 წელს; 4. ინვოისი №7498 (26.02.2021) - 50 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 07.06.2021 წელს; 5. ინვოისი №7628 (12.04.2021) - 200 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 07.06.2021 წელს; 6. ინვოისი №8071 (14.06.21) - 150 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 16.06.2021 წელს; 7. ინვოისი №9049 (11.10.2021) - 200 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 22.10.21 წელს; 8. ინვოისი №10039 (24.01.2022) - 400 აშშ დოლარზე, მოპასუხის მიერ გადახდილია 26.01.2022 წელს. გარდა აღნიშნული გადახდებისა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს: 07.12.2020 წელს - 500 აშშ დოლარი; 29.12.2020 წელს - 300 აშშ დოლარი; 06.04.2021 წელს - 200 აშშ დოლარი; 25.02.2022 წელს - 200 აშშ დოლარი; 05.04.2022 წელს - 200 აშშ დოლარი და 25.07.2022 წელს - 300 აშშ დოლარი. აღნიშნულ საგადახდო დავალებებში მითითებული არ არის კონკრეტული ინვოისის ნომრები.
3.9. სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის მიერ 07.12.2020 წელს, 29.12.2020 წელს, 06.04.2021 წელს, 25.02.2022 წელს, 05.04.2022 წელსა და 25.07.2022 წელს განხორციელებული ანგარიშსწორების დამადასტურებელი საგადახდო დოკუმენტები არ შეიცავს მითითებას რომელიმე ინვოისით გათვალისწინებული მიწოდების ანაზღაურებაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადახდებით თანხის გადახდით (ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით), სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის წინაშე გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რაც განხორციელდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში. ამდენად, 07.12.2020 წლის და ყოველი შემდგომი გადახდებით, რომლებშიც არ არის მითითებული კონკრეტული ინვოისით გათვალისწინებულ მიწოდებაზე, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან. წინამდებარე სარჩელი კი სასამართლოში შემოტანილია 11.07.2023 წელს - მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში.
3.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 429.1 მუხლზე (კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) და განმარტა, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონი მოვალეს აღჭურავს უფლებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურებას. თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს. კანონმდებელი ფულადი ვალდებულების (თანხის გადახდა) შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს, რაც, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
3.11. როგორც აღინიშნა, მოპასუხის მიერ 07.12.2020 წელს, 29.12.2020 წელს, 06.04.2021 წელს, 25.02.2022 წელს, 05.04.2022 წელსა და 25.07.2022 წელს შესრულებული გადახდების დამადასტურებელ დოკუმენტებში გადახდის დანიშნულებაში არაფერია მითითებული. მათში არ არის აღნიშნული, თუ დავალიანების რა პერიოდის დასაფარად უნდა მიმართულიყო გადახდილი თანხა, კერძოდ, რომელი სპეციალური ინვოისის საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებას ფარავდა თითოეული მათგანი.
3.12. ამასთან, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის სხვა ურთიერთობა არ არსებობდა. ამდენად, სსკ-ის 387.1 მუხლის დეფინაციიდან გამომდინარე (თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა), აღნიშნული გადახდებით დაიფარა უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულებები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერება.
9. სსკ-ის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამდენად, გადაზიდვის ხელშეკრულება ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც გადამზიდავი იღებს პასუხისმგებლობას, გამგზავნის მიერ მისთვის ჩაბარებული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების ადგილზე და გადასცეს ტვირთის მიმღებ უფლებამოსილ პირს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (სუსგ №ას-404-2021, 08.06.2023წ.).
10. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
11. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების (ბრუნვის ისტორიის, ინვოისების, საგადახდო დავალებების) ერთობლივად შეფასების შედეგად მართებულად დაადგინა და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ 01.01.2018 წლიდან 24.01.2022 წლის ჩათვლით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების - გარკვეული რაოდენობის გადაზიდვების - ჯამური ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილი შეადგენს 8 674.26 ლარს.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზე, რომ მისი გადახდებით დაიფარა ბოლო პერიოდის გადაზიდვების ღირებულება და აუნაზღაურებელი თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია. სსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამდენად, ნორმა ვალდებულებათა დაფარვის რიგითობის ალტერნატიულ მოწესრიგებასაც შეიცავს, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა მოვალე კანონით მინიჭებულ უფლებას შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის დადგენის თობაზე არ გამოიყენებს და ამაზე არც მხარეები შეთანხდებიან (მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 387, ველი 8).
13. კანონით დაწესებული რიგითობის შესაბამისად, მოვალის მიერ განხორციელებული გადახდით, პირველ რიგში, ის ვალდებულება უნდა დაიფაროს, რომლის გადახდის ვადაც პირველი დადგა. მოთხოვნის ხანდაზმულობა მხედველობაში არ მიიღება ( Krüger, in MüKo BGB, 6. Aufl., 2012, § 366, Rn. 13; მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 387, ველი 8).
14. ნიშანდობლივია, რომ ამ მოთხოვნათა საფუძვლის ერთიანობა და სამართლებრივი კავშირის არსებობა სავალდებულო არ არის. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება, რომ შესასრულებელი ვალდებულების საგანი ფული ან სხვა ერთგვაროვანი გვაროვნული ნივთია. ამდენად, ნორმა გამოიყენება როგორც სხვადასხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებების მიმართ, ასევე, ერთი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილ ვალდებულებებზე (Krüger, in MüKo BGB, 6. Aufl., 2012, § 366, Rn. 4, 1; მესხიშვილი ქეთევან, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 387, ველი 7).
15. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ გადახდებით, რომელთა დანიშნულებაში მითითებული არ არის კონკრეტული ინვოისით განსაზღვრული დავალიანების დაფარვაზე, დაიფარა მოპასუხის უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულებები.
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო შესაგებელში მოსარჩელე შუამდგომლობს კასატორს დაეკისროს მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). საკასაციო პალატა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ადვოკატმა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 440-441) კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასკვნის, რომ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში, მოპასუხეს/კასატორს მოსარჩელის/კასატორის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 173.5 ლარის ოდენობით (შდრ. სუსგ №ას-1104-2024, 28.11.2024წ; №ას-330-315-2015, 29.06.2015წ.).
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 434 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 303.8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ვ.ს–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ვ.ს–სს“ (ს/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს ნ.ტ–ის (პ/ნ: .........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 434 ლარის (საგადასახადო დავალება №2370, გადახდის თარიღი 31.07.2024წ.) 70% – 303.8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. შპს „ნ.ი.ტ–სის“ შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შპს „ვ.ს–სს“ შპს „ნ.ი.ტ–სის“ სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით დაეკისროს 173.5 ლარის გადახდა.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია