საქმე №ას-788-2023 2 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.წ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.11.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.წ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) ნ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ წარდგენილი სარჩელით ითხოვს: დადებულად იქნეს ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება 18.96 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდით N......... (შემდეგში „სადავო საცხოვრებელი სადგომი“ ან “უძრავი ნივთი”), - მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ 06.01.1992 წელს მისმა მამამ და მამკვიდრებელმა მ.წ–მა ზ.ნ–გან იყიდა სადავო საცხოვრებელი სადგომი. უძრავი ნივთის მესაკუთრე ამჟამად არის მოპასუხე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.03.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს დაუბრუნდა გ.წ–ის მიერ N1648525824 სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად 13.06.2017 წელს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 600 ლარი. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.11.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 09.06.1993 წლის გადაწყვეტილებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.11.2014 წლის ინფორმაციით დადგენილია, რომ თბილისში, ......... მდებარე ერთსართულიანი, სამოთახიანი სახლის მესაკუთრედ, 1993 წლის 14 აპრილისთვის აღრიცხული იყო ქ.გ–ვი.
3.2. ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 09.06.1993 წლის N2/615 გადაწყვეტილებით სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ფ.ბ–ი და უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 26.04.2010 წელს.
3.3. 25.06.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ფ.ბ–მა სადავო საცხოვრებელი სადგომი მიჰყიდა ს.ო–ძეს. ხელშეკრულების თანახმად, ფ.ბ–მა ს.ო–ძეს მიჰყიდა უფლებრივად უნაკლო ნივთი, რომელიც ამ უკანასკნელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში.
3.4. 29.09.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით ს.ო–ძემ სადავო საცხოვრებელი სადგომი მიჰყიდა მოპასუხეს, რომელმაც ს.ო–ძისგან შეიძინა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.
3.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომზე 04.10.2010 წლიდან რეგისტირებულია მოპასუხის საკუთრება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს 29.09.2010 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.6. მოსარჩელე არის მ.წ–ისა და ქ:.ბ–ძის შვილი. ქ:.ბ–ძე გარდაიცვალა 19.02.2006 წელს, ხოლო მ.წ–ი გარდაიცვალა 13.10.2020 წელს. ქონება, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისთვის ეკუთვნოდა, სრულად მიიღო მოსარჩელემ.
3.7. საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 18.04.2003 წლის ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელე, ქ:.ბ–ძე და გ.წ–ი 18.04.2003 წელს ცხოვრობდნენ მისამართზე ქ. თბილისი, .........
3.8. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 07.11.2014 წლის საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ მოსარჩელე ქ. თბილისი, ........, მისამართზე რეგისტრირებული იყო 14.07.2006 წლიდან 01.04.2011 წლამდე და მისი რეგისტრაციიდან მოხსნა მოხდა მოპასუხის 23.03.2011 წლის განცხადების საფუძველზე. მოსარჩელე 25.01.2013 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ........
3.9. დადგენილია, რომ არც მოპასუხის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის შეძენის მომენტში და არც შემდეგ, მოსარჩელეს (ასევე მ.წ–ს და გ.წ–ს) სადავო ფართში (18.96. კვ.მ) არ უცხოვრია და შესაბამისად, არც კომუნალური გადასახადები გადაუხდია. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მ.წ–ი სადავო მისამართზე რეგისტრირებული არასდროს ყოფილა (იხ. 29.07.2020 წლისა და 10.03.2022 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
3.10. სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ 18.96 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ აღრიცხვის შესახებ, ეფუძნება საქმის მასალებში წარმოდგენილ 06.01.1992 წლის ხელწერილს (ტ.1, ს.ფ. 29). ხელწერილი მყიდველის მიერ ხელმოწერილი არ არის. რაც შეეხება ინფორმაციას ნასყიდობის საგნის შესახებ, მასზე მითითება მოხდა მოგვიანებით. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული თავად მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, ხოლო რაიმე საპირისპირო დასაბუთება გარდა ზეპირი მითითებისა, მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არ ყოფილა (ტ.1, ს. ფ. 29, იხ. ასევე 31.03.2022 წლის სხდომის ოქმი).
3.11. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 25.02.1921 წლიდან 25.11.1997 წლამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისთვის მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.
3.12. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შედავებულია, როგორც მფლობელობის, ის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
3.13. დადგენილია, რომ მ.წ–ი სადავო მისამართზე რეგისტრირებული არ ყოფილა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მისამართიდან - ქ. თბილისი, .........., რეგისტრაციიდან მოხსნილია 01.04.2011 წლიდან. 14.02.2011 წლის განცხადების საფუძველზე, სადავო მისამართზე რეგისტრაციიდან მოიხსნა ასევე ფ.ბ–ი. დადგენილია და მხარეთა შორის უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომის შეძენისას და არც მას შემდეგ სადავო ფართში (18.96 კვ.მ) მოსარჩელეს არ უცხოვრია.
3.14. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ დგინდება არათუ მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის უწყვეტად ფლობის ფაქტი, არამედ თავად ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობაც. მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების სახით წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტი (06.01.1992 წლის ხელწერილი, ტ.1, ს.ფ. 29) არ აკმაყოფილებს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. თავად მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ გარიგების მხარე (გამყიდველი) ზ.ნ–ი არ წარმოადგენდა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს. მაშინ როდესაც, როგორც ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმა (სპეციალური კანონის 4.1. მუხლი), ასევე ზოგადად სპეციალური კანონი არეგულირებს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე თავდაპირველად იყო ქ.გ–ვი, შემდეგ ფ.ბ–ი, მოგვიანებით კი - ს.ო–ძე, რომლისაგანაც შეიძინა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება. გასათვალისწინებელია, რომ ხელწერილში მოგვიანებით არის ჩამატებული მისამართი და სასამართლოსთვის უცნობია არამხოლოდ მისი ჩასწორების დრო და სხვა გარემოებები, არამედ თვალშისაცემია, რომ ჩასწორებული მისამართის ხელწერა არ ჰგავს ხელწერილზე არსებულ ნაწერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ მიიჩნია დადებულად, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ., სუსგ. Nას-628-2021, 26.02.2022წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში არსებითია, არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).
9. სარჩელის საგანია დადებულად იქნეს ცნობილი ამჟამად მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სადავო საცხოვრებელ სადგომზე ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხისათვის უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონის 1.1 მუხლი). სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულსამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, სპეციალურმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები (შდრ. სუსგ №ას-1193-1138-2013, 31.03.2015წ; №ას-1303-2018, 07.03.2019წ.).
10. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას.
11. სარჩელის საგანია საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვება ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და კომპენსაციის გადახდის საფუძველზე. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით.
12. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: ა) მოსარჩელე 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში უნდა ფლობდეს საცხოვრებელ სადგომს; ბ) სადგომის ფლობას მოსარჩელე უნდა ახორციელებდეს მასსა (ან მის უფლებრივ წინამორბედსა) და მესაკუთრეს (ან მის უფლებრივ წინამორბედს) შორის სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე, ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით ყველა პირობას და ჰქონდეს მხოლოდ ე.წ. ფორმის ნაკლი (ნოტარიული დამოწმება) (შდრ. სუსგ-ებები: Nას-104-2019, 27.12.2019წ., პუნ. 8,9; Nას-478-2021, 16.12.2022 წ., პუნ. 22). მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას სპეციალური კანონის 4.1 მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების არარსებობა განაპირობებს. არ დგინდება არც მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის უწყვეტად ფლობის ფაქტი და არც თავად ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.
13. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ ზ.ნ–ი, რომელმაც ხელწერილის თანახმად „ბინა გაყიდა“, არასდროს ყოფილა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე. ხელწერილი ვერ აკმაყოფილებს ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. მოსარჩელის მამა - მ.წ–ი სადავო მისამართზე რეგისტრირებული არ ყოფილა, თავად მოსარჩელე კი რეგისტრირებული იყო მხოლოდ 14.07.2006 წლიდან 01.04.2011 წლამდე და მისი რეგისტრაციიდან მოხსნა მოხდა მოპასუხის 23.03.2011 წლის განცხადების საფუძველზე.
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.წ–ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია