საქმე №ას-697-2021 26 დეკემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.კ.რ...“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.11.2017 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) სარჩელი შპს „ს.კ.რ...“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“, „მენარდე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 300 000 ლარის უკან დაბრუნებაზე.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 09.02.2012 წელს მოსარჩელეს (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02-35/2 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის კუთვნილ მეორე არხზე მოსარჩელის მიერ საეთერო დროის შესყიდვა და ამ შესყიდული დროის ფარგლებში მოპასუხის საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების განთავსება მოსარჩელის მითითებით. ხელშეკრულება მოქმედებდა 09.05.2012 წლამდე.
3.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 300 000 ლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველი ავანსის სახით გადაურიცხავდა მიმწოდებელს სახელშეკრულებო ღირებულებას. ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შემდეგ შემსყიდველს წარედგინებოდა დაზუსტებული ღირებულება, გაწეული მომსახურების შესაბამისად. ამავე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულების მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად წარდგენილი უნდა ყოფილიყო მედიაგეგმა და/ან სხვა შესაბამისი საბუთები. მომსახურების დასრულებისას, მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და გამოწერილიყო ანგარიშ-ფაქტურა კანონით დადგენილ ვადებში.
3.3. ხელშეკრულების მე-6 მუხლით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდებოდა მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტით, რის საფუძველზეც მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
3.4. ხელშეკრულების 13.1 მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარე წააწყდებოდა რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელთა გამო ფერხდებოდა ხელშეკრულებების პირობების შესრულება, მას დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისთვის შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის გამომწვევი მიზეზის შესახებ. შეტყობინების მხარეს 10 დღის ვადაში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისთვის თავისი გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
3.5. უდავოა, რომ 300 000 ლარი შემსყიდველმა გადაურიცხა მიმწოდებელს.
3.6. ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მიმწოდებელს უფლება ჰქონდა ეწარმოებინა ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი. ხელშეკრულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მხარე რომლის მიერ არასრულად და/ან არაჯეროვნად იქნა შესრულებული სახელშეკრულებო ვალდებულება, ვალდებული იყო მეორე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ის ოდენობით.
3.7. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის 21.08.2013 წლის N35/08 ანგარიშით (01.01.2012 წელი - 31.12.2012 წელი) ხელშეკრულების მიხედვით შესყიდვის საგანი და მისი ღირებულება არ არის დეტალურად განსაზღვრული, შესაბამისად, ვერ დგინდება ხელშეკრულების ღირებულების გაანგარიშების საფუძველი. ამავე ანგარიშის თანახმად, მედიაგეგმასა და ხელშეკრულების პირობებს შორის არის შემდეგი შეუსაბამობები, კერძოდ: თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი მედიაგეგმის მიხედვით, რამდენიმე პროგრამა ეთერში გასულია ხელშეკრულების გაფორმებამდე.
3.8. მოსარჩელის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, ხელშეკრულებას თან არ ახლავს რაიმე დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მოსარჩელის მიერ შეძენილი საეთერო დროის ოდენობა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების შერჩევის ფაქტი, ასევე - რაიმე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა სახელშეკრულებო ღირებულების გაანგარიშება (შეძენელი საეთერო დრო ფულად ფორმაში გამოხატული). ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი და არც რაიმე სხვა დოკუმენტია გამოცემული, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა ხელმომწერის უფლებამოსილება.
3.9. 10.05.2012 წელს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ერთის მხრივ, მოსარჩელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ე.ჭ–ძეს და მეორეს მხრივ, მოპასუხის გენერალურ დირექტორს, გ.გ–ძეს შორის. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა შემდეგზე: მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა №02-35/2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო შემსყიდველი ადასტურებს, რომ მან სრულყოფილად მიიღო მიმწოდებლისგან №02-35/2 (09.02.2012) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 300 000 ლარის ღირებულების ოდენობით. მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, მედიაგეგმა მოპასუხემ გადასცა მოსარჩელეს, რომლის შესაბამისადაც, გადაცემების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 300 000 ლარი.
3.10. სააპელაციო საამართლოს განმარტებით, იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე ხელშეკრულების ფარგლებში საეთერო დროს შემსყიდველის მითითების გარეშე იყენებდა და არ ანთავსებდა საგანმანათლებლო და შემეცნებით გადაცემებს, მოსარჩელეს არ წარუდგენია. სასამართლოს მითითებით, 10.05.2012 წლის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა №02-35/2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო შემსყიდველი ადასტურებს, რომ მან სრულყოფილად მიიღო მიმწოდებლისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 300 000 ლარის ოდენობით. ამავე აქტით მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. ამრიგად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც დაერთო მედიაგეგმა და მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სამუშაოს შესრულება, მოცულობა და ღირებულება. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია მსჯელობა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირების არაუფლებამოსილების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, თუ მოსარჩელე მხარე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებას უკავშირებდა სამუშაოების შესრულებას და აღნიშნული პირობას არსებითად მიიჩნევდა, ის ხელშეკრულებით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია და დამოწმებულია სამინისტროს ბეჭდით, რითაც დადასტურებულია სამუშაოების შესრულება და მისი ღირებულება.
3.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მსჯელობა, რომ ვინაიდან რამდენიმე გადაცემა ეთერში გასულია ხელშეკრულების გაფორმებამდე, გადახდილი 300 000 ლარის ღირებულების ფარგლებში აღნიშნული გადაცემები არ უნდა მოიაზრებოდეს. სასამართლოს განმარტებით, როგორც მოპასუხე მიუთითებს, აღნიშნული გადაცემების („დღის დაიჯესტი“ და „პოპ არტი“) თარიღები იმიტომ სცილდება ხელშეკრულების თარიღს, რომ მოპასუხე მოქმედებდა ზიპირსიტყვიერი შეთანხმებით, ხელშეკრულების 9 თებერვალს დადება გამოწვეული იყო მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების და ადმინისტრაციისათვის საჭირო პროცედურების დაგვიანების გამო, შესაბამისად, ხელშეკრულების თანხა მოიცავდა აღნიშნულ გადაცემებსაც. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, არ მიუთითებია არც იმ გარემოებაზე, რომ სადავო გადაცემები მხარეთა შორის არსებული სხვა ხელშეკრულების ფარგლებში გადიოდა და ისინი 09.02.2012 წლის ხელშეკრულებაზე შედგენილი მედიაგეგმის ფარგლებში არ უნდა განხილულიყო.
3.12. მოსარჩელეს არ მიუმართავს ხელშეკრულების 13.1 მუხლით გათვალისწინებული საშუალებისთვის და ხელშეკრულების შესრულების შეფერხების თაობაზე რაიმე სახის პრეტენზია წერილობით არ დაუფიქსირებია.
3.13. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის და შიდა უადიტის დასკვნები მიუთითებს კონკრეტულ შეუსაბამობებზე, თუმცა აუდიტის დასკვნით არ დადგენილა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არასრულად ან/და არაჯეროვნად სრულდებოდა.
3.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლები და სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, სწორად არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანალოგიური სახელშეკრულებო ურთიერთობა საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასებულია ნარდობის ხელშეკრულებად, ვალდებულების დარღვევის რეგლამენტაციის სამართლებრივ საფუძვლად კი მიჩნეულია სსკ-ის 642-645-ე მუხლები (სუსგ №ას-1899-2018, 16.05.2019წ.). შესაბამისად, მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევისას შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება, ხოლო შემდგომ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა (სსკ-ის მუხლი 394) შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად (სუსგ №ას-1218-2023, 10.01.2024 წ., პ.97.).
9. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სუსგ Nას-1899-2018, 16.05.2019წ.). სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს.
10. კასატორის პრეტენზიით, მენარდემ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რაც მას გადახდილი საზღაურის უკან სრულად დაბრუნების უფლებას წარმოუშობს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მენარდის მიერ სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღების თაობაზე.
11. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
12. პალატა მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს შესრულების მიღების ხელშეკრულებით დადგენილ პროცედურაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულების მომსახურების გაწევისთვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დასადასტურებლად წარდგენილი უნდა იყოს მედიაგეგმა და/ან სხვა შესაბამისი საბუთები. მომსახურების დასრულებისას, მხარეებს შორის უნდა შედგეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და გამოწერილ იქნეს ანგარიშ-ფაქტურა კანონით დადგენილ ვადებში. მე-6 მუხლით, შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტით, რის საფუძველზეც მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ 10.05.2012 წელს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი მასზე, რომ მიმწოდებელმა სრულყოფილად შეასრულა №02-35/2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ამავე აქტით, შემსყიდველი ადასტურებს, რომ მან სრულყოფილად მიიღო მიმწოდებლისგან №02-35/2 (09.02.2012) ხელშეკრულებით გათვალისწინებული 300 000 ლარის ღირებულების მომსახურება. მიღება-ჩაბარების აქტში აღინიშნა, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. შესაბამისად, არ არსებობს შემკვეთის მიერ გადახდილი თანხის არც ხელშეკრულებიდან გასვლის და არც მისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძვლით დაკმაყოფილების წინაპირობა.
13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილი პირი, მიღება-ჩაბარების აქტი დამოწმებულია სამინისტროს ბეჭდით და ხელს აწერს მოსარჩელის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა (შდრ. სუსგ Nას-1899-2018, 16.05.2019წ., პ.39).
14. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოს დასკვნა მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისა და შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით მიღების თაობაზე. ამდენად, სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია