Facebook Twitter

საქმე №ას-274-2025 30 აპრილი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ჩ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ნ.ჩ–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივის ავტორი) საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რომლითაც სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

8. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება მხარეს გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 18 ნოემბერს ჩაჰბარდა (იხ. ფოსტის უკუგზავნილი, ს.ფ. 89), შესაბამისად, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 19 ნოემბერს დაიწყო და 2024 წლის 2 დეკემბერს ამოიწურა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2024 წლის 12 დეკემბერს წარადგინა.

10. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მას გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა არა 2024 წლის 18 ნოემბერს როგორც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, არამედ იმავე წლის 2 დეკემბერს, რისი გათვალისწინებითაც, მისი მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ვადის დაცვით და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.

11. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი, მითითებული მსჯელობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის და ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული ფოსტის უკუგზავნილს, რომლის თანახმადაც გზავნილის ჩაბარების თარიღი - 2024 წლის 18 ნოემბერია. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 12 დეკემბერს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

15. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ.: №ას-1226-2019, 23.12.2019წ.; №ას-464-464-2018, 05.07.2018წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონი დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჩ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა