Facebook Twitter

¹ბს-1072-1025(კ-07) 13 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. ვ.-ა, ა. ბ.-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ბრძანების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 მაისს დ. ვ.-მ და ა. ბ.-მ სარჩელი აღძრეს ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის 1996 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმის საფუძველზე განახორციელეს სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლი “...-სა” და პიონერთა ბანაკ “...-ს” პრივატიზება. ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, 2007 წლის 13 აპრილის ¹1-3/23 ბრძანებით არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა ცნობილი ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, რაც იყო აშკარად უკანონო.

მოსარჩელეთა განმარტებით, ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენში მითითებული იყო, რომ ზემოაღნიშნული ობიექტის პრივატიზება განხორციელდა პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნების გარეშე, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ინფორმაცია ამ ობიექტების შესახებ გამოქვეყნებული იყო პრესაში. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტისა და მე-60 მუხლის მეორე ნაწილის გამოყენება.

მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ მათ მიერ პრივატიზებული ობიექტები იყო 1996 წლის 6 ივნისს დაფუძნებულ მესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ¹1-3/23 ბრძანება მიღებული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ამ ბრძანებაში არაფერი იყო აღნიშნული იმის შესახებ, თუ რა უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს, მაშინ, როცა შენობები, რომელთა პრივატიზებაც მოსარჩელეებმა მოახდინეს, ფაქტობრივად არ არსებობდა, რადგან ისინი იქ მცხოვრებმა დევნილებმა დაშალეს და წაიღეს.

მოსარჩელეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ შეცილების უფლების წარმოშობის თარიღად 2007 წლის 13 აპრილი მიუთითა, მაშინ, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შეცილების უფლება წარმოიშვებოდა შეცილების საფუძვლის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეებს ჩაჰბარდათ 2007 წლის 2 მაისს. ამდენად, ვადის დინება დაიწყო 2007 წლის 2 მაისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 19 აპრილის ¹1-3/23 ბრძანების გაუქმება.

ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს ადმინისტრაციული სარჩელი დ. ვ.-სა და ა. ბ.-ს მიმართ, 1996 წლის 23 ივლისის ¹1-521, ¹1-526 ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების ბათილად ცნობის, ა. ბ.-სა და დ. ვ.-ზე გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გაუქმების შესახებ ცნობილ იქნა დასაშვებად; სარჩელის განხილვა შეჩერდა ამ სარჩელის განხილვამდე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ვ.-სა და ა. ბ.-ს სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ, 2007 წლის 13 აპრილის ¹1-3/23 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის 1996 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმის საფუძველზე მოსარჩელეებმა – დ. ვ.-მ და ა. ბ.-მ პრივატიზაციის წესით შეიძინეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლი ,,...” და პიონერთა ბანაკი ,,...”; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებით არარად იქნა ცნობილი ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი; ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში აღინიშნა, რომ ზემოხსენებული ობიექტების – დასასვენებელი სახლის ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზება მოხდა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნების გარეშე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლებოდა არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საკონკურსო კომისიის ზემოხსენებული სხდომის ოქმის გამოცემას მოჰყვა მისი შესრულება, ანუ სადავო ობიექტების პრივატიზება, ხოლო ამ შესრულებას შემდგომში _ გარკვეულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ითვლებოდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ¹1-3/23 ბრძანება, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა ცნობილი ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის 1996 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლის ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზების შესახებ.

საქალაქო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უკვე ბათილად ცნობილი საკონკურსო კომისიის 1996 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმის გამომცემი ორგანო იყო მოპასუხე ორგანიზაცია (სამართალმემკვიდრეობის წესით), რომელმაც 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებით არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნო სადავო ოქმი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ¹1-3/23 ბრძანება, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა ცნობილი ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლის ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზების შესახებ, იყო კანონიერი და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ვ.-მ და ა. ბ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ.-სა და ა. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 1996 წლის 6 ივნისს შეიქმნა მესაკუთრეთა ამხანაგობა; ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, გ. ფ.-ს (ქ. ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს უფროსი) ქმედება სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლის ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზებასთან დაკავშირებით, დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება გ. ფ.-ს მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა განაჩენით დადგენილ იქნა, რომ ამ ობიექტების გასხვისება მოხდა პრესაში გამოქვეყნების გარეშე; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებით, არარად იქნა ცნობილი ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის 1996 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმი სოფელ ანაკლიაში მდებარე პიონერთა ბანაკ “...-სა” და დასასვენებელი სახლის “....-ს” პრივატიზების შესახებ. ამ ბრძანების საფუძველი იყო 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენი, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი და მეორე ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ იქნა 1996 წლის 24 მაისის ¹18 გაზეთ “...-ის” ასლი, რომელიც ადასტურებდა, რომ სადავო ობიექტების პრივატიზების შესახებ პრესაში გამოქვეყნებული იყო. მოპასუხემ არარად ცნო 1996 წლის 28 ივნისის ზემოაღნიშნული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა, საქმეში ასევე არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების მოწმობები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აპელანტების განმარტებაზე იმის შესახებ, რომ სადავო ობიექტები შეისყიდა ამხანაგობის 27 წევრმა, რომლებზეც გაფორმდა ეს ობიექტები. ა. ბ.-ს მიერ შესყიდული ობიექტი გასხვისებული იყო ამხანაგობის სხვა წევრზე _ ე. თ.-ზე.

სააპელაციო სასამართლომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად. იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუქტის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლო აუქმებდა გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი ჰქონდა ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, უნდა გამოეთხოვა ზემოაღნიშნული მასალები და ემსჯელა ა. ბ.-ს სათანადო მოსარჩელით შეცვლის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის საფუძველზე, აგრეთვე, უნდა გადაეწყვიტა საკითხი მოცემულ საქმეში შესაბამისი ამხანაგობის სხვა წევრების ჩართვის შესახებ, თუკი სადავო ობიექტები აღრიცხული იყო მათ სახელზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად დაუდო ამ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისად არის დასაბუთებული. მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად ცნობის შესახებ ბრძანება, მაგრამ ამ ბრძანების გაუქმების საფუძვლად მას არ მიუთითებია რომელიმე კონკრეტულ ნორმაზე, რომელიც დაადასტურებდა 2007 წლის 13 აპრილის ბრძანების უკანონობას. ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც მხარე ითხოვდა ამ ბრძანების გაუქმებას, იყო ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენში მითითებული ფაქტი, დასასვენებელი სახლის ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზებისას პრესაში შესაბამისი ინფორმაციის არარსებობის შესახებ, ამასთან, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან პრესაში ინფორმაცია რეალურად არსებობდა. დასახელებული გარემოება სამართლებრივად არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებას, ვინაიდან აღნიშნული ბრძანების საფუძველია ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენი და სანამ აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაშია, სამართლებრივად რაიმეს შეცვლა 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებასთან მიმართებაში შეუძლებელია. სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მხოლოდ 2007 წლის 13 აპრილის ბრძანების კანონიერებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული აქტის ბათილობისათვის ზემოხსენებული საფუძველი პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ მიუთითებია. სასამართლომ დავის საგნიდან გამომდინარე, შეისწავლა სამმართველოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2007 წლის 13 აპრილის ¹1-3/23 ბრძანება, სათანადოდ დაასაბუთა მისი კანონიერება და აღნიშნა, რომ არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს თავისი მსჯელობა სწორედ ამ კუთხით უნდა წარემართა, გაერკვია, რამდენად სწორი შეფასება მისცა სასამართლომ აქტის კანონიერებას, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განასხვავებს უკანონო და კანონიერ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად, ბათილია მისი სამართლებრივი შედეგებიც. თუ სასამართლო ვერ დაადგენს უშუალოდ აქტის შეფასებისას მის უკანონობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა შეუძლებელია. სხვა დასაბუთება გადაწყვეტილების მიღებისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს არ სჭირდებოდა და არც მოსარჩელე მხარეს აქვს სხვა რაიმე მოთხოვნა დაყენებული.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვაზე, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის შედეგს და სასამართლოს მიერ ამ დოკუმენტების, როგორც მტკიცებულებების შესწავლა, 2007 წლის 13 აპრილის ბრძანების ბათილობისათვის სავალდებულო არ არის. 1996 წლის 28 ივნისის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობა თავისთავად იწვევს მისგან გამომდინარე შედეგების გაუქმებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ბათილ და არარად ცნობილ ნორმატიულ აქტებზე მოქმედებს იგივე წესები, როგორც ზოგადად, უკანონო აქტების მიმართ და ამდენად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის ხელახლა განხილვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული, ვინაიდან აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისათვის და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი ემსახურება მხოლოდ დროის გაჭიანურებას და პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ საქმის დაბრუნებით შეუძლებელია კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის თაობაზე რაიმე სხვა შედეგის მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 24 იანვრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა 2008 წლის 13 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ.-სა და ა. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ განჩინებას საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სააპელაციო სასამართლომ, დაააბრუნა რა საქმე ხელახლა განსახილველად პირველ ინსტანციაში, განმარტა, რომ სასამართლოს, საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, უნდა გამოეთხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მასალები და ემსჯელა ა. ბ.-ს სათანადო მოსარჩელით შეცვლის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის საფუძველზე, აგრეთვე, უნდა გადაეწყვიტა საკითხი მოცემულ საქმეში შესაბამისი ამხანაგობის სხვა წევრების ჩართვის შესახებ, თუკი სადავო ობიექტები აღრიცხული იყო მათ სახელზე.

საკასაციო სასამართლო, ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ფოთის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს დ. ვ.-მ და ა. ბ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ბრძანების გაუქმება. აღნიშნული ბრძანებით არარად იქნა ცნობილი 1996 წლის 28 ივნისის ქ. ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, სოფელ ანაკლიაში მდებარე პიონერთა ბანაკ “...-სა” და სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლის _ “...-ის” პრივატიზების შესახებ. საგულისხმოა, რომ ხსენებულ ბრძანებაში მყიდველებად დასახელებულნი არიან _ დ. ვ.-ა და ა. ბ.-ა.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 აპრილის ბრძანების გაუქმების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ხობის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, გ. ფ.-ს (ქ. ზუგდიდის ქონების მართვის სამმართველოს უფროსი) ქმედება სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლის ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზებასთან დაკავშირებით, როგორც ერთიანი დანაშაული, დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება გ. ფ.-ს მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; ხობის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლის _ ,,...-სა” და პიონერთა ბანაკ ,,...-ს” პრივატიზება მოხდა პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნების გარეშე (ტ. I, ს.ფ. 10-16).

საქმის მასალებით კი ამის საწინააღმდეგოდ დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ იქნა 1996 წლის 24 მაისის ¹18 გაზეთი “...-ის” ასლი, რომელშიც გამოქვეყნებულია სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოს განცხადება კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკურსზე გამოტანილია სოფელ ანაკლიაში მდებარე დასასვენებელი სახლი ,,...” და პიონერთა ბანაკი ,,...” (ტ. I, ს.ფ.34-35).

საქმეში წარმოდგენილია მესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის დამფუძნებელი კრების 1996 წლის 6 ივნისის ¹1 ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ამხანაგობა ჩამოყალიბდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში მდებარე ბავშვთა დასასვებელ სახლ “...-ს” საკონკურსო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 1996 წლის 28 ივნისის ზემოაღნიშნული საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი, რომელიც მოპასუხემ ცნო არარად, საქმის მასალებში არ მოიპოვება, საქმეში ასევე არაა წარმოდგენილი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, საკუთრების მოწმობები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მოსარჩელეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. შესაბამისად, არაა დადგენილი სათანადო მოსარჩელის საკითხი.

საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა შეამოწმოს წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების (1996 წლის 24 მაისის ¹18 გაზეთი “...”) ნამდვილობა, რადგან იგი ასლის სახითაა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.