Facebook Twitter

საქმე №ა-1267-შ-34-2025 30 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.ფ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.რ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ქორწინება ა.ფ–ვასა და ტ.რ–ს შორის გაუქმდა.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 24 თებერვლიდან და გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

3. 2025 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შუამდგომლობა წარმოადგინა ა.ფ–ვამ, რომელშიც მიუთითა, რომ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა მხარეს განემარტა, რომ ესაჭიროებოდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება.

4. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით, 2009 წლის 18 დეკემბერს ნიბორგის/დანია მმაჩის ბიუროში 2046 სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ქორწინება ა.ფ–ვასა და ტ.რ–ს შორის გაუქმდა.

9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 24 თებერვლიდან და გერმანიის ტერიტორიაზე აღსრულებულია.

10. საქართველოს მოქალაქე ა.ფ–ვამ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ფ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება (№17 F 7488/14), რომლითაც ქორწინება ა.ფ–ვასა და ტ.რ–ს შორის გაუქმდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა