Facebook Twitter

საქმე №ას-465-2025 30 აპრილი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „დ.ჯ–იას“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა; შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 21 300 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

5. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, მისთვის არ იყო ცნობილი სასამართლო სხდომის შესახებ. ამასთან, ავადმყოფობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე ან წარედგინა სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

9. საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნა 2024 წლის 30 ოქტომბერს, რაც სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 თებერვალს, 13:00 საათზე გადაიდო, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეცნობა სასამართლო უწყებით. საქმეში წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება მ.ბ–მა ჩაიბარა.

11. 2025 წლის 19 თებერვალს, 13:00 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.

12. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო, სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის უცნობი იყო. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ავადმყოფობას.

14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მოწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება (იხ.: სუსგ №ას-501-2021, 30.07.2021წ.).

15. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კი, დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

16. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.; №ას-429-2024, 22.05.2024წ.; №ას-330-2024, 25.04.2024წ.).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

18. აღსანიშნავია, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM).

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

20. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.; №ას-455-2024, 14.06.2024წ.).

21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ამასთან, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ.: სუსგ №ას-6-2023, 4.05.2023წ.).

22. როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე იმ საფუძვლით ედავება, რომ წარმომადგენელი, რომელიც აწარმოებდა საქმეს, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და მისთვის უცნობი იყო სასამართლოს სხდომის დღის შესახებ. ამასთან, ავადმყოფობის გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოცხადებულიყო სხდომაზე ან სხდომის გადადება მოეთხოვა.

23. პალატის მითითებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლო უწყება მოპასუხეს გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე და ორგანიზაციის თანამშრომელს ჩაჰბარდა, შესაბამისად, უწყება ორგანიზაციისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარებულად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო უწყების ჩაბარება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.

24. საგულისხმოა, რომ მხარეს წარმოადგენს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლის ინფორმირება სასამართლო სხდომის თაობაზე განხორციელდა, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს არ ევალდებოდა კონკრეტული წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარება.

25. საკასაციო პალატის მითითებით, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულება – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც სავსებით გონივრული ვადა (3.5 თვე) ჰქონდა პროცესისათვის მოსამზადებლად, რაც, უპირველესად, გულისხმობს წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფას ან, უკიდურეს შემთხვევაში, დროულად სასამართლოსათვის შეტყობინებას მხარის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზით შეუძლებლობის შესახებ, რაც მას არ განუხორციელებია.

26. პალატა განმარტავს, რომ სახელმიწფო ორგანიზაციამ ისე უნდა უზრუნველყოს საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის ავადმყოფობამ არ შეაფერხოს მისი ფუნქციონირება. მოპასუხეს თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკის მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წინაშე დააყენოს იგი. პალატა მიუთითებს, რომ იმ წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, რომელიც საქმეს აწარმოებდა, მოპასუხისავის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ჰქონდა უზრუნველყო სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება (საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ ჰყავდა სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის განმახორციელებელი სხვა პირი. ამასთან, წარმომადგენელმა სასამართლო სხდომის წინა დღეს მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, ანუ მას ავადმყოფობა სულ მცირე 2024 წლის 18 თებერვალს დაეწყო, რისი გათვალისწინებითაც, წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ მოპასუხისათვის სასამართლო სხდომამდე ცნობილი უნდა ყოფილიყო). ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული მტკიცების ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია. აღნიშნული გარემოებები კი მისი კერძო საჩივრის საფუძვლიანობას გამორიცხავს.

27. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის შეუძლოდ ყოფნას, პალატა მიუთითებს, რომ მისი სასამართლო სხდომის დღეს ავადმყოფობის ფაქტის დადგენა ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა