Facebook Twitter

საქმე №ას-474-2025 30 აპრილი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.დ–ძის (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დასაქმებული) სარჩელი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდგომ – მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. კასატორმა მიიჩნია, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლება იყო უკანონო. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ დამსაქმებელი იმყოფებოდა ფინანსურად რთულ მდგომარებაში, რაც განაპირობებდა დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის აუცილებლობას. რეალურად მოპასუხე დაწესებულების ბიუჯეტი კი არ შემცირებულა, არამედ არ გაზრდილა. მოპასუხეს საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია საშტატო განრიგი, რათა სასამართლოს შეეფასებინა, ორგანიზაციაში დარჩა თუ არა სხვა მსგავსი ფუნქციების მქონე პოზიცია და ემსჯელა, მის დასაკავებლად დასაქმებულთაგან რომელი პირი ფლობდა შესაბამის უნარ-ჩვევებს. მოპასუხე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობის გაუქმების წინაპირობა. გადაწყვეტილება შტატების ოპტიმიზაციის შესახებ მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა - მოპასუხე დაწესებულების დირექტორთა საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭოს ნაცვლად. საბჭო დაეყრდნო ადმინისტრაციის უფროსის მიერ შედგენილ ინფორმაციას, თუმცა სასამართლოს არ შეუფასებია, რამდენად სარწმუნოა ამ დოკუმენტის შინაარსი. ადმინისტრაციის უფროსს მოსარჩელისაგან რაიმე ინფორმაცია არ მოუძიებია და არც დოკუმენტები გამოუთხოვია. მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის პროცესში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

6. 2013 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში ჯერ შენობა-ნაგებობის მომსახურებისა და სატრანსპორტო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 2022 წლის 30 დეკემბერს.

7. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 3000 ლარს.

8. მოპასუხის 2024 წლის 26 თებერვლის ბრძანებით იგი 2024 წლის 1 მარტიდან გათავისუფლდა ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე ბრძანებით, დასაქმებულის სასარგებლოდ გაიცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

9. გათავისუფლების თაობაზე ბრძანებას საფუძვლად დაედო დირექტორთა საბჭოს 2024 წლის 8 იანვრის სხდომის ოქმი. მოპასუხე დაწესებულების დირექტორთა საბჭოს მითითებული სხდომის ოქმით განსაზღვრული იყო შემდეგი დღის წესრიგი: 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესთან დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, გასატარებელი ღონისძიებები; 2. დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, ბიუჯეტის შემცირების პირობებში, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა, როგორც საეთერო ბადის, ასევე ადამიანური, ადმინისტრაციული და ტექნიკური რესურსების ოპტიმიზირების მიმართულებით.

10. ოქმში განხილულია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსების საკითხები და აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ, ახალ შენობაში გადასვლის გამო, კაპიტალური ხარჯების გაზრდამ, ასევე, მეორე მხრივ, საბიუჯეტო დაფინანსების შემცირებამ (არ გაზრდამ) წარმოშვა ყოველთვიური ფინანსური ხარჯების დაზოგვის აუცილებლობა, რის გამოც, დირექტორთა საბჭოს 2023 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა კადრების ოპტიმიზირების შესახებ გადაწყვეტილებები.

11. ამავე ოქმის თანახმად, საბჭოს წარედგინა რამდენიმე პოზიციის გაუქმების საკითხი, კერძოდ: ახალი და მიმდინარე ამბები - აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში მოქმედებს ორი პოზიცია - მეტყველების კონსულტანტი და გამომსახველობითი სტილის არტხელმძღვანელი. ორივე როლის არსებობა ორგანიზაციის წარმატებით მუშაობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპისთვის ამ პოზიციათა არსებობის კრიტიკული საჭიროება არ იკვეთება; ფინანსები და ადმინისტრაცია - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა წამოჭრა საკითხი ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის და უფროსი სპეციალისტის სამუშაო როლების შესახებ. მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი კურირებს სარემონტო სამუშაოებს, ხოლო უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე - ვენტილაციის ჯგუფს და ამ ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მოსაზრებით, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ვენტილაციის ჯგუფს ჰყავს უშუალო ხელმძღვანელი მთავარი მექანიკოსის პოზიციის სახით, ხოლო სარემონტო სამუშაოები ახალ ინფრასტრუქტურაში გადასვლიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში არ მიმდინარეობს /არ იგეგმება (ასევე, სარემონტო ჯგუფს ჰყავს მენეჯერი), განხილულ იქნა აღნიშნული პოზიციების გაუქმების საკითხი.

12. ასევე, ოქმში მითითებულია, რომ, გარდა ჩამოთვლილი სტრუქტურული ერთეულებისა თუ პოზიციებისა, საბჭომ იმსჯელა ასევე სხვა ჯგუფებსა თუ პოზიციებზე, სადაც, ეკონომიკური მდგომარეობისა და სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, განსახილველია პოზიციების გაუქმება, რაოდენობის შემცირება ან ანაზღაურების შემცირება.

13. დირექტორთა საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საბჭომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: გაუქმდეს პოზიციები: 1. ახალი და მიმდინარე ამბების მეტყველების კონსულტანტი; 2. ახალი და მიმდინარე ამბების გამომსახველობითი სტილის არტხელმძღვანელი; 3. ახალი და მიმდინარე ამბების მკვლევარი; 4. ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი; 5. ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი.

14. მოპასუხე ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის №569 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 2023 წელთან შედარებით შემცირებულია 2 385 953 ლარით.

15. 2023 წლის 3 ივლისს განხორციელებული ცვლილებების (რომელიც რადიოსა და აჭარის ტელევიზიის დაფინანსების წესს ეხებოდა) გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცდა მოპასუხის რადიოსა და აჭარის ტელევიზიის 2024 წლის წლიური ბიუჯეტი, რომელთა ჯამიც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 1 901 044 ლარით.

16. ასევე, ძირეულად შეიცვალა მოპასუხის საქმიანობის ფინანსური პარამეტრები, რის გამოც აუცილებელი გახდა მაუწყებლის ბორდისათვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელება და, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, მოპასუხე დაწესებულების 2024 წლის ბიუჯეტი, საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული რედაქციის მიხედვით, დაგეგმილ ბიუჯეტთან შედარებით შემცირდა 7 654 147 ლარით, 2025 წლის ბიუჯეტი - 17 603 433 ლარით, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტი - 37 292 940 ლარით.

17. მოცემულ საქმეზე კასატორმა მიიჩნია, რომ მის მიერ მოპასუხე ორგანიზაციაში დაკავებული თანამდებობის გაუქმებისა და სამუშაოდან მისი გათავისუფლების ობიექტური საფუძვლების არსებობა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ე.წ „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).

22. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რათა მიჩნეულ იქნეს მართლზომიერად, კერძოდ: შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი გამოყენების მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებელის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 37.1-ე (დავის წარმოშობის მომენტისათვის 47-ე მუხლი) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტით, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ №ას-115-111-2016, 8 აპრილი, 2016 წელი). იმისათვის, რომ შეფასდეს ორგანიზაციული ცვლილებები ობიექტურობის თვალსაზრისით, მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, დამსაქმებელი ვალდებულია, წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში (იხ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9 მარტი, 2018 წელი).

25. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ მოქმედი სშკ-ის 37.1-ე (დავის წარმოშობის მომენტისათვის 47-ე მუხლი) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს.

26. რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს. დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისას, სშკ-ის 37-ე მუხლის (დავის წარმოშობის მომენტისათვის 47-ე მუხლი) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც კი, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან (იხ. სუსგ №ას-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი).

27. სხვა სამოქალაქო საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის, რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-1334-2021, 02 მარტი, 2022 წელი).

28. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მოპასუხე დაწესებულების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რამაც გამოიწვია კადრების ოპტიმიზაციის აუცილებლობა.

29. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორის არგუმენტები, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა მოპასუხე დაწესებულებაში ფუნქციურად მსგავსი თანამდებობის დატოვების მართებულობა, რა მიზნითაც მოპასუხეს უნდა წარმოედგინა შეცვლილი საშტატო განრიგი.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დეტალურად შეისწავლა კონკრეტული პოზიციების, მათ შორის, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის არსებობის საჭიროება.

31. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოპასუხე ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა შეისწავლა ადმინისტრაციაში არსებული სხვადასხვა პოზიციის ფუნქციური დატვირთვა. შეფასდა თითოეული თანამდებობის საჭიროება, როგორებიცაა ვენტილაციის ჯგუფი, მისი ხელმძღვანელი მთავარი მექანიკოსი, სარემონტო ჯგუფის მენეჯერი.

32. მოსარჩელის, როგორც ადმინისტრაციის სპეციალისტის ფუნქციებში შედიოდა საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების შესრულება, მათზე კონტროლი და აღნიშნულთან დაკავშირებულ შესყიდვებში მონაწილეობა.

33. უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე გეგმავდა ახალ შენობაში გადასვლას, სადაც სარემონტო სამუშაოების შესრულებას არ აპირებდა. ამასთან, სამშენებლო სამუშაოებსა და რემონტს გააჩნდა საგარანტიო ვადა, რომლის დროსაც სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შემსრულებელმა ვალდებულება იკისრა, უზრუნველეყო სათანადო სამუშაოების ჩატარება რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.

34. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, იმ პირობებში, რომ შენარჩუნდა სარემონტო ჯგუფის მენეჯერის პოზიცია, მოპასუხემ, განხორციელებული ცვლილების შედეგად, სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის დასაქმება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია.

35. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მოპასუხემ რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძვლის არსებობა სარწმუნოდ დაასაბუთა, კერძოდ, კასატორის მითითების მიუხედავად, საქმის მასალებით დადგინდა მოპასუხის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა, რასაც მოჰყვა რიგი თანამდებობების გაუქმება.

36. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მოპასუხე დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკას, ისე მოსარჩელის თანამდებობრივ ფუნქციებს და მიიჩნევს, რომ სადავო პოზიციის გაუქმების საჭიროებაზე მოპასუხემ ამომწურავად მიუთითა.

37. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო პალატა არასწორად დაეყრდნო მოპასუხე ორგანიზაციის ადამიანური რესურსების სამსახურის მიერ მოძიებულ ინფორმაციას, ვინაიდან მოსარჩელისაგან რაიმე სახის ინფორმაცია ან დოკუმენტი სამსახურს არ გაუთხოვია.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციის მხრიდან ამავე სამსახურის სტრუქტურული ერთეულისა თუ კონკრეტული თანამდებობის საჭიროებაზე მსჯელობა შესაძლოა აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული მუშაკისაგან რაიმე ინფორმაციის მიღებას არ მოითხოვდეს. მითითებულ პროცესში დამსაქმებელმა იხელმძღვანელა მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციებისა და მოსარჩელისათვის დავალებული სამუშაოს მოცულობის შეფასებით.

39. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ვერც იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელემ მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე დაწესებულების დირექტორთა საბჭო არაუფლებამოსილად მიიჩნია. დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხე მხარე სადავო გადაწყვეტილებას სრულად ეთანხმება და მხარს უჭერს. აქვე ნიშანდობილივია, რომ აღნიშნული დოკუმენტი განაპირობებს მოსარჩელისა და მასში დასახელებული რამდენიმე პირის მიერ დაკავებულ თანამდებობათა სადავო ოპტიმიზაციის პროცესის დასასრულს.

40. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

41. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

43. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.დ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ი.დ–ძეს (პ/№.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2025 წლის 27 თებერვლის №3382 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა